გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუბა მარუაშვილი აცხადებს, რომ FAO-მ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, ასევე, სურსათის შეწირულობის საკითხების მოკვლევა საქართველოში ოთხი წლის წინ დაიწყო - მაშინ გაჩნდა იდეაც, რომ აქაც ამუშავებულიყო სისტემა - ე.წ. სურსათის ბანკი, სადაც მოგროვდებოდა ორგანიზებულად შეწირული საკვები პროდუქტი.
რა არის სურსათის ბანკი და როგორ უნდა იმუშაოს მან საქართველოში?
სურსათის ბანკი ორგანიზებული იურიდიული პირია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიდის, მას მიენიჭება სურსათის ბიზნესოპერატორის სტატუსი, რომელიც ორგანიზებას უწევს სურსათის შეწირულობას და მის გადანაწილებას იმ მოსახლეობაზე, ვისაც სურსათის მიღების სურვილი ექნება. ეს ორგანიზებული სისტემაა, რომელიც გულისხმობს შეწირული სურსათის ორგანიზებას და დახლზე განთავსებას. მისივე პასუხისმგებლობაა ამ სურსათის უვნებლობაც.
ვისთვის იქნება განკუთვნილი შეწირული საკვები?
ძირითადად მოსახლების იმ ნაწილისთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა დაწესებული შეზღუდვა არ იარსებებს - ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეცოდინება, სად მდებარეობს სურსათის ბანკი, შეეძლება შეწირული სურსათის მიღება.
პროცესში ერთვება კერძო სექტორი, ხოლო მათ წასახალისებლად ახალ კანონში ფისკალური შეღავათები ჩაიდება.
როგორი სურსათი იქნება სურსათის ბანკში?
საუბარია დაბალი რისკის შემცველობის მქონე სასურსათო პროდუქტზე. იგულისხმება: ბურღულეული, მშრალი პროდუქცია, ხილი, ბოსტნეული და არა ისეთი პროდუქცია, რომელიც სურსათის უვნებლობის მხრივ შედარებით მაღალ საფრთხეს შეიცავს - ხორცი, რძის პროდუქტები და ა.შ. თუმცა სათანადო ინფრასტრუტურის და გამართული სისტემის შემთხვევაში, სურსათის ბანკში შესაძლოა იყოს ასეთი პროდუქციაც.
შეწირული სურსათი ვადაგასული ხომ არ იქნება?
არა. სურსათის ბანკში უნდა მოხვდეს მხოლოდ უვნებელი და არა ნარჩენად გადაქცეული სურსათი. ეს უნდა იყოს სურსათი, რომლის პირველი ვადის გასვლამდე დარჩენილი შეიძლება იყოს ცოტა დრო, ან ჰქონდეს მცირედი დაზიანება შეფუთვაზე. ასეთ პროდუქციას კერძო სექტორი კი არ გადაყრის, არამედ შეწირულობაში გადასცემს სურსათის ბანკს.
ორი ვადა რაღას ნიშნავს?
პროდუქციის უმრავლესობას აქვს ორი ვადა. პირველი: უმჯობესია გამოყენებული იქნეს, პირობითად, 1 ოქტომბრამდე და მეორე: „უვნებელია 10 ოქტომბრამდე“. ჯუბა მარუაშვილის განცხადებით, ხშირად ისე ხდება, რომ პირველი ვადის გასვლის შემდეგ პროდუქციას დახლიდან იღებენ და ანადგურებენ მას. თუმც კი მეორე ვადამდე პროდუქცია უვნებლად ითვლება.
როგორ მუშაობს სურსათის ბანკი უცხოეთში?
როგორც კვლევამ აჩვენა, საკმაოდ წარმატებულად. მათ შორის, სურსათის ბანკის ფრანგული, ბელგიური, იტალიური მოდელები.
საფრანგეთმა 2016 წლის თებერვალში მიიღო კანონი სურსათის ნარჩენებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ნიშნავდა, რომ სუპერმარკეტებს ეკრძალებოდათ გაუყიდველი საკვები პროდუქტების განადგურება და იძულებულნი გახდნენ შეეწირათ იგი.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში საკვების ერთი-მესამედი არამიზნობრივად იხარჯება - საუბარია ვადის გასვლასთან მიახლოებულ ან დეფექტიან პროდუქტზე, რომელიც გაყიდვაში აღარ ჩაეშვება.
FAO-ში ამბობენ, რომ უკვე არსებობს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში საპილოტო სურსათის ბანკების ასამოქმედებლად.
სურსათის დონაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „სურსათის ბანკის“ შექმნას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.
პროექტს სამი მხარე ეყოლება:
- რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები;
- საქველმოქმედო ორგანიზაციები;
- სახელმწიფო.
რეგიონში საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი კანონმდებლობა ამოქმედდება.