რადიო თავისუფლებამ წაიკითხა მოსამართლის გადაწყვეტილება საქმეზე “სამხარაძე რამიშვილის წინააღმდეგ” და ხსნის, რატომ და როგორ დაირღვა 2016 წელს შრომის კოდექსი, სექსუალური შევიწროების ნიადაგზე.
რას დავობდა თათია სამხარაძე სასამართლოში?
სამსახურში დისკრიმინაციას, რაც გამოიხატა სექსუალურ შევიწროებაში. თათია სამხარაძე და მისი დაცვა სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ თათიას მისი უშუალო ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი “სისტემურად” ავიწროებდა სექსუალურად, რის გამოც მან განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა, დაკარგა სამსახური და სჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარება.
სამხარაძის ადვოკატები აღწერდნენ სექსუალური შევიწროების კონკრეტულ ფორმას quid pro quo - “მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ”.
თათია სამხარაძე ამბობდა, რომ მისი უფროსი სექსუალური კავშირის დამყარების შემთხვევაში, მას პრივილიგიებს ჰპირდებოდა.
რა სამსახურებრივ პოზიციაზე იყვნენ თათია სამხარაძე და შალვა რამიშვილი?
თათია სამხარაძე ტელეკომპანია “იმედის” კონტრაქტორ კომპანია შპს “ზენიტში” მსახიობად მუშაობდა, შალვა რამიშვილი კი ამავე კომპანიაში სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
რა უნდა შეეფასებინა სასამართლოს?
სასამართლოს ორი რამ უნდა შეეფასებინა:
- ჩაიდინა თუ არა დისკრიმინაცია შალვა რამიშვილმა თანამშრომელი ქალის მიმართ?
- და თუ კი, როგორ უნდა აენაზღაურებინა შალვა რამიშვილს ქალისთვის მიყენებული ზიანი?
რა დაადგინა სასამართლომ?
2018 წლის 3 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თათია სამხარაძის სარჩელი და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მისთვის 2000 ლარის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილებაში წერია, რომ მოსამართლე თეა ბერაიამ დაადგინა:
- კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი აფასებდა მსახიობებს და განსაზღვრავდა მათ, და მათ შორის, თათია სამხარაძის დასაქმების საკითხს;
- შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძეს სქესობრივი კავშირი შესთავაზა კარიერულ წინსვლაში დახმარების სანაცვლოდ, რაც დადასტურდა თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილის საუბრის ჩანაწერითა და კომპანიის დირექტორის ჩვენებით;
- შალვა რამიშვილის “უხამსი შეთავაზების” შემდეგ, თათია სამხარაძემ 2016 წლის 30 მარტს სამსახური დატოვა.
გაასაჩივრა შალვა რამიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება?
გაასაჩივრა. თუმცა 2018 წლის 12 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა და სრულად გაიზიარა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მეორედ დადგინდა შალვა რამიშვილის მიერ თათია სამხარაძის სექსუალური შევიწროება. რამიშვილს ეს საქმე უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
როგორ ხსნის სასამართლოს გადაწყვეტილებას შალვა რამიშვილი?
შალვა რამიშვილი ამტკიცებს, რომ ის არასდროს ყოფილა გასამართლებული ქალზე სექსუალური ძალადობისთვის. მისი პოზიცია ჩანს POS TV-ის განცხადებაში, სადაც წერია, რომ ტელეკომპანიის დირექტორს 7 წლის წინ 2000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დამსაქმებლის ვალდებულებების დარღვევისთვის დააკისრა და ეს დავა შრომის კოდექსიდან გადაცდომას ეხებოდა და არა ძალადობას.
როგორ აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას თათია სამხარაძის დაცვა?
ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ერთ-ერთი დამფუძნებლის და თათია სამხარაძის უფლებადამცველის, ანა აბაშიძის თქმით, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურება ცხადი ხდება, როდესაც პასუხობ კითხვას, როგორ დაარღვია ხელმძღვანელმა დასაქმებული ქალის შრომითი უფლებები.
“კითხვაზე, იყო თუ არა სექსუალური შევიწროება? ამაზე ორივე ინსტანციის სასამართლომ უპასუხა “დიახ”, შალვა რამიშვილმა გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, მან სექსის სანაცვლოდ, მოთხოვნილი გარკვეული საკითხების წარდგენით, შეავიწროვა მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალი, რომელსაც, საბოლოოდ, სამსახურიდან წასვლა მოუწია. სასამართლომ ეს შეაფასა სექსუალური შინაარსის შევიწროებად, რომელსაც ჰქვია სექსუალური შინაარსით დისკრიმინაცია, იგივე გაიმეორა აპელაციის მოსამართლემაც”, - ამბობს ანა აბაშიძე, რომელიც თათია სამხარაძის უფლებებს, იურისტ ანა არგანაშვილთან ერთად სააპელაციო სასამართლოში იცავდა.
რატომ იყო ეს საქმე მნიშვნელოვანი სხვებისთვისაც?
თათია სამხარაძე იყო პირველი ქალი საქართველოში, ვინც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საჯაროდ განაცხადა და სამართლიანობის აღდგენა სასამართლოს სთხოვა.
ამ საქმის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა შეცვალა ოთხი კანონი: შრომის კოდექსი, სახალხო დამცველის შესახებ კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
2019 წლის 3 მაისიდან „სექსუალური შევიწროება“ ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა.
კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. დარღვევა 300-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.