„08:42 - ისევ გრძელდება სასამართლო პროცესი. ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადავსულვართ“, - იმ დროს, როცა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ სასამართლო სხდომიდან ეს ტექსტი დაწერა, ფეისბუკზე სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავების განმხილველი სხდომის მეთექვსმეტე საათი იწურებოდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების შუამდგომლობების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით და დიმიტრი გვრიტიშვილისა და გოჩა დიდავას მონაწილეობით, 6 ნოემბრის 15:30-ზე დაწყებული პროცესი არ შეწყვიტა.
სააპელაციო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები განიხილეს. ორგანიზაციებმა საჩივრები ცალ-ცალკე დაწერეს, თუმცა სააპელაციომ 26 საქმე გააერთიანა, აქედან 12 საიამ მოამზადა. არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა. საჩივრები მოიცავს ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლებზე ზეწოლის, მოსყიდვის, საარჩევნო უბანზე აგიტაციის, თავისუფალ ნებაზე ზეწოლის საქმეებსაც.
შვიდი ნოემბრის დილის 10 საათია, სასამართლოში სიტყვით სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ დამკვირვებელი, თამთა კახიძე გამოდის. საჩივრებს ოლქების მიხედვით მიჰყვებიან. საჩივრის შინაარსს ჯერ ავტორები ჰყვებიან, მოპასუხე მხარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არიან.
სასამართლო დარბაზში ყველა ღამენათევია, მხარეებიც, მოსამართლეებიც, სასამართლოს დაცვაც. ნაწილს ეძინება, ამთქნარებენ მოსამართლეებიც - განხილვის დაწყებიდან 19 საათია გასული.
პროცესს აკვირდებიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
საგარეჯოს ოლქის წევრმა სასამართლოში თაბახზე ამობეჭდილი ფოტო მიიტანა, სადაც, მისი მტკიცებით, ასახულია დამკვირვებელი, რომელიც რეგისტრატორის უკან დგას და ფოტოს იღებს.
ამით ცესკოს იმის ჩვენება უნდა, რომ მტკიცება, თითქოს დამკვირვებლებს რეგისტრატორის უკან დგომა არ შეეძლოთ, ტყუილია.
„სამი პირადობა რომ ჯიბეში აღმოაჩნდა მოქალაქეს, ამაზე რას იტყვით?“ - იკითხა „ჩემი ხმის“ იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.
„ხმა მისცა სამი პირადობით? ჯიბეში რა ედო, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ...“, - ამ პასუხით სრულდება საგარეჯოს ოლქში დაწერილი საჩივრების განხილვა.
უკვე განიხილეს სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ახმეტაში, თელავში, ქარელში, ხაშურში, კასპში, ახალციხეში, ბორჯომში, ახალქალაქში, ადიგენში, მცხეთაში, დუშეთში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში დაწერილი საჩივრები. საჩივრები ჯერ საოლქო კომისიებში განიხილება, შემდეგ რეგიონულ სასამართლოებში და სააპელაციო ინსტანციაში ამ ეტაპების გავლის შემდეგ ხვდება.
ჯერი მცხეთის ოლქზეა, საჩივრებს მოსამართლეებს ისევ „ჩემი ხმა“ წარუდგენს. დავობენ იმაზე, რომ დამკვირვებელს უფლებები შეუზღუდეს, არ მუშაობდა ფარანი, რომელიც მარკირებას დაადასტურებდა, ერთგან კონვერტში ორი ბიულეტენი აღმოაჩინეს.
მცხეთის ერთ-ერთ უბანზე, იურისტ მარიამ კაპანაძის თქმით, შუადღის ორ საათამდე მარკირების გაფუჭებული ფარნებით მუშაობდნენ.
„ამას გარდა, მცხეთის მეშვიდე უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი დავით ხიზანიშვილი რამდენიმეჯერ დაბრუნდა უბანზე და გაძევების შემდეგ საშუალება მიეცა, ამავე უბანზე მარკირების გარეშე მიეცა ხმა. „ჩემი ხმის“ დამკვირვებელმა უბნის გარეთ შეადგინა საჩივარი, შევიდა უბანზე და დახვდა ისევ ხიზანიშვილი, უბნის თავმჯდომარემ ხანდაზმულობის მოტივით არ ჩაიბარა „ჩემი ხმის“ საჩივარი.
ამავე უბანზე მათ შორის ხიზანიშვილის მხრიდან დაფიქსირდა აგიტაცია, უბანში შესვლამდე ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, ვისთვის მიეცათ ხმა და გამოსვლისას ეკითხებოდნენ - ვის მისცეს“, - თქვა პროცესზე იურისტმა მარიამ კაპანაძემ.
მცხეთის საოლქო კომისიის წევრი, ნათია წიტაური დამკვირვებლების საჩივრებში აღწერილი დარღვევების გაბათილებას ცდილობს. მისი აზრით, დამკვირვებლები ვერცერთ დარღვევას ვერ ამტკიცებენ და ოლქში არც საჩივრები დაუწერიათ.
„მოსამართლეებო, გეტყვით, რომ ყველა უბანზე არის ოლქის წარმომადგენლების ნომრები, შეეძლოთ დაერეკათ და ეცნობებინათ, თქვენ (დამკვირვებლებს - რ.თ.) არცერთი ასეთი მტკიცებულება არ წარმოგიდგენიათ. ყველა უბანზე რეაგირებას ვახდენდით შემოსული შეტყობინებების მიხედვით. ასევე არ გვქონია შემთხვევა, რომ კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლის საჩივარი არ ჩაიბარა“, - ამბობს ნათია წიტაური.
სხვაზე მეტი დრო ეთმობა ირმა სუბელიანზე მსჯელობას. ის მცხეთის ოლქის 33-ე უბნის წევრია და იმის გამო, რომ კომისიის მდივანი საარჩევნო დღეს ადგილზე ვერ გამოცხადდა, მდივნის მოვალეობას ასრულებდა.
„ჩემი ხმა“ ჰყვება, რომ ირმა სუბელიანს თან ჰქონდა ამომრჩეველთა სია და უბანზე მისულებს აღრიცხავდა კიდეც.
„ამ სიებს გვერდით ეწერა რაღაც კოდები, მაშინ ვერ გავიგეთ რა იყო, შემდეგ „ტვ პირველზე“ გამოძიება გავიდა ე.წ. ქოლცენტრებზე და ვნახეთ ანალოგიური სიები, მაშინ მივხვდით, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო“, - ჰყვება თამთა კახიძე.
მცხეთის საოლქო კომისიის წარმომადგენელი, ნათია წიტაური ამბობს, რომ ჰკითხეს ირმა სუბელიანს, რა სიას ამოწმებდა, რაზეც მან უპასუხა, რომ არანაირი სია არ ჰქონდა, უბრალოდ მდივნის ფუნქცია მოულოდნელად მიანიჭეს, რის გამოც ნერვიულობდა და პროცედურებს იმეორებდა.
სასამართლოში 15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
„გთხოვთ, მიგვითითოთ მხოლოდ სადავო მტკიცებულებებზე და მიგვითითოთ რა გარემოებას ადასტურებს ის, მოკლედ, ახსნა-განმარტებების გარეშე, გთხოვთ“, - მიმართა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მომჩივნებს.
სიტყვა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ითხოვა. მან ყურადღება იმ მტკიცებულებებზე გაამახვილა, რომლებიც, მისი შეფასებით. 2024 წლის არჩევნებზე ფარულობის დარღვევას ადასტურებდა.
„ცესკოს სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე, სადაც ხმის მიცემას ასწავლიდნენ, ბიულეტენის უკან დატოვებულია კვალი. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივწერეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ არჩევნების დღეს ბიულეტენი შეიცვლებოდა და ფარულობა დაცული იქნებოდა“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
მის სარჩელს მტკიცებულებად დართული აქვს ტელეკომპანია „ფორმულისა“ და რადიო თავისუფლების ვიდეოებიც, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესია ასახული და ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანს გაფერადებული წრის ადგილმდებარეობა. ორივე ვიდეო არჩევნებამდეა გადაღებული. ამით იურისტი ცდილობს აჩვენოს, რომ ცესკო ფარულობის დარღვევაზე ინფორმაციას არჩევნების დღემდე ფლობდა.
საიას არგუმენტია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ფარულობის დაცვა არჩევნების დღეს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.
ნონა ქურდოვანიძემ მოითხოვა, საქმეს მტკიცებულებად არ დაურთონ ხმის ფარულობის შემოწმების ექსპერიმენტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გუშინ ჩატარდა.
სააპელაციოს კოლეგიამ უარი თქვა, მტკიცებულებად მიეღო თეთრიწყაროს სასამართლოში, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ ჩატარებული იმავე ექსპერიმენტის შედეგი და თავად სცადა ხმის მიცემის პროცედურის რეკონსტრუირება სასამართლოში. ხუჭუასგან განსხვავებით, სააპელაციო კოლეგიამ ხმის ფარულობის დარღვევა ვერ დაინახა.
„ამ ექსპერიმენტში ცესკოს ექსპერტები მონაწილეობდნენ, ისინი, რომლებიც მთელი წელი ასწავლიდნენ, როგორ უნდა გამოეყენებინა ამომრჩეველს კონვერტი და ბიულეტენი და როგორ შეეცურებინა აპარატში. სასამართლოში ექსპერიმენტისას, ეს ადამიანები რიგით სტატისტიკურ ადამიანებად გამოიყენეს. ამიტომ აქ ჩაწერილი ვიდეო ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად. ამას გარდა, მოსამართლე (დიმიტრი გვრიტიშვილი) აცურებდა ბიულეტენს და ყველამ დაინახა, რომ შეცურების დროს უკან ჩანდა გაფერადებული წრე, სწორედ ეს უნდა დაერთოს მტკიცებულებად და არა ექსპერიმენტი, რომელშიც ცესკოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა“, - ამბობდა ნონა ქურდოვანიძე.
ამავე სხდომაზე განიხილეს საარჩევნო კომისიის მოთხოვნა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. საია ითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგები, რომლებშიც ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული წესით წარიმართა, ვინაიდან დაირღვა ხმის ფარულობა - ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩევლების მიერ გაფერადებული წრეები, ხოლო არსებული ინფრასტრუქტურა ამის დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა. 5 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ნონა ქურდოვანიძეს მიაჩნია, რომ მხოლოდ თეთრიწყაროში ჩატარებული ექსპერიმენტი უძლებს კრიტიკას, რადგან მასში მონაწილეობას დარბაზში მყოფები სპონტანურად იღებდნენ.
„თეთრიწყაროს სხდომის ოქმში ისმის მოსამართლის კითხვა: ხომ ყველამ დაინახეთ გაფერადებული წრე? ყველა თავს უქნევს და ეს არ უნდა ჩანაცვლდეს ახლით“, - თქვა ქურდოვანიძემ, რასაც მოსამართლე გვრიტიშვილის რეპლიკა მოჰყვა:
„თქვენ თქვით - თავს უქნევენ, ამ საქმეში ვიდეომტკიცებულებით ეს წარმოდგენილი არ არის და თავის ქნევას ვერ წავიკითხავთ“.
ცესკოს საჩივარში თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი პოლიტიკური მოსაზრებები, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა, გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.
ცესკოს იურისტმა დღეს პროცესზე დააზუსტა, რომ საქმეს მტკიცებულებად პოსტვ-ზე გამოქვეყნებული „ქარდი“ ახლავს, იმის დასასაბუთებლად, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტური ვერ იქნებოდა.
„მოსამართლის აცილების საფუძველი არსებობს, მტკიცებულებად დავურთეთ საქმეს, მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც პოსტვ-ზე ვნახეთ, ახლაც არის პოსტი (გულისხმობს პოსტს, სადაც ვლადიმერ ხუჭუას ცოლს „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენიებენ.) ამის მერე გავიგეთ, მოვიპოვეთ მტკიცებულება. მანამდე ვერ იქნებოდა ცნობილი, წინასწარ არ ვიცოდით და ამის შემდეგ მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანეთ“, - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.
მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, 13:00 საათზე სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა და მხარეებს მოცდა სთხოვა.
სასამართლო ვალდებულიცაა იჩქაროს, რადგან საარჩევნო დავებზე განხილვის ვადა შეზღუდულია და 48 საათს შეადგენს. ვადები ყველა დათვლით უკვე დარღვეულია. საჩივრები სააპელაციოში 3 და 5 ნოემბერს შევიდა.
სასამართლოს შენობაში მხარეები გადაწყვეტილებას ორი საათის განმავლობაში ელოდნენ.
„ვინმეს რომ ეთქვა, 23 საათი პროცესზე იჯდებოდიო, არ დავუჯერებდი“, - ამბობს „ჩემი ხმის“ იურისტი მარიამ კაპანაძე, რომელსაც სხვებიც ეთანხმებიან და იცინიან: „პროცესზე ხვრინვის ხმაც კი გავიგონეთო“.
გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში პროცესის 23-ე საათი იწურებოდა. სააპელაციო სასამართლომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების არცერთი, ცესკოს კი ყველა საჩივარი დააკმაყოფილა.
- საარჩევნო კომისია მოითხოვდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ;
- არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მოითხოვდა უბნების ნაწილში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი - ყველა ელექტრონული უბნის შედეგების გაბათილებას, რადგან, ორგანიზაციის შეფასებით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ გაუკვირვებია.
„ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები. 2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება რომ არ იყო დაცული, ამომრჩევლის ბრალია. ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა“, - უთხრა ნონა ქურდოვანიძემ რადიო თავისუფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. არც ამ კოლეგიამ დააკმაყოფილა ხმის ფარულობის შესახებ დაწერილი საჩივრები.
„ნათლად, ყველა მხარემ დაინახა ის, რომ ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოთავსდა ელექტრონულ მთვლელ აპარატში ისე, რომ არანაირი მონიშვნა ხილვადი არ იყო. ის შესაძლებლობა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა ამომრჩეველს, და ვგულისხმობ ჩარჩო-კონვერტს, უზრუნველყოფდა ფარულობის პრინციპის დაცვას. არანაირი წინასწარ განსაზღვრული მკაცრი მოთხოვნა, თუ როგორ უნდა დაიკავოს ამომრჩეველმა ჩარჩო-კონვერტი, არ არსებობს“, - თქვა ცესკოს იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
საარჩევნო დავების დროს სააპელაციო სასამართლო უკანასკნელი ინსტანციაა. უზენაესი სასამართლო ამ ტიპის საქმეებს არ განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ მეორე ინსტანციის სამმა მოსამართლემ, რომელთაგან ერთს, დიმიტრი გვრიტიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. კლანის წევრად მოიხსენიებენ, ცესკოს მიერ გამოცხადებულ სადავო შედეგებს წერტილი დაუსვა.
ფორუმი