Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

65-სართულიანი ცათამბჯენები თბილისის ცენტრში - მისცემენ თუ არა ივანიშვილის „ქართუს“ მშენებლობის უფლებას?


პროექტის კომპიუტერული რენდერი: მრავალსართულიანი კომპლექსი
პროექტის კომპიუტერული რენდერი: მრავალსართულიანი კომპლექსი

65-სართულიანი ცათამბჯენების, სავაჭრო ცენტრების მშენებლობის დამკვეთი ფონდ “ქართუს” კომპანიაა - "შპს კოსტავა 69". პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ბაზაში 30 დეკემბერს დარეგისტრირდა. მშენებელი განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებას ითხოვს, რაც საწყისი ეტაპია ნებართვის მოპოვების გზაზე. 

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო კვანძთან, გმირთა მოედანთან იგეგმება. სივრცის მასშტაბი 33 500 კვ.მ-ია.

პროექტის მიხედვით, ყოფილი ფაბრიკის აგურის ფასადი შენარჩუნდება, თუმცა ამაღლდება სხვენის სართული, რომელიც პრაქტიკულ ფუნქციას შეიძენს.

პროექტის ნაწილია მიწისზედა და მიწისქვეშა ორსართულიანი სავაჭრო სივრცეები. ანუ მთელ კომპლექსს, ცათამბჯენებსა და სხვა სივრცეებს რამდენიმე დანიშნულება ექნებათ - საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე-ადმინისტრაციული, კვების; იქნება საყოფაცხოვრებო და სარეკრეაციო ზონები. ტერიტორიაზე 1000 ავტომანქანაზე გათვლილი სადგომის მშენებლობაც იგეგმება.

ავტორები თავიდანვე მიუთითებენ საფრთხეზეც - მშენებლობისას სამშენებლო ინვენტარით დატვირთული მანქანების მოძრაობამ შესაძლოა სატრანსპორტო ნაკადები შეაფერხოს. ისინი უთითებენ იმასაც, რომ კომპლექსის ახალი შენობის ასაშენებლად, საჭიროა, ტერიტორიაზე “სარეკრეაციო ზონა 2” “საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2”-ით შეიცვალოს.

პროექტის კომპიუტერული რენდერი
პროექტის კომპიუტერული რენდერი

დაგეგმილი კომპლექსი „ლაგუნას“ საცურაო აუზის ჩათვლით, ჯამურად 44 255 კვ.მ-ია, თუმცა პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ლაგუნას“ ნაგებობასთან მიმართებით, ამ ეტაპზე, პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სამუშაოებს, რის მიზეზსაც ასე განმარტავენ:

“ყოფილი საცურაო აუზის “ლაგუნა ვერეს” სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე”.

მულტიფუნქციური კომპლექსი ფონდ “ქართუს” საკუთრებაში არსებულმა კომპანია შპს “კოსტავა 69“-მ შპს "ჰაუსარტ ლუქსს"დაუკვეთა. “კოსტავა 69”-ის დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია. 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით კახა კობიაშვილს მმართველი პარტიისთვის, ჯამურად, 200 000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის კი 30 000 ლარი აქვს შეწირული.

რას ამბობს თბილისის მერია?

დაგეგმილ პროექტსა და “ლაგუნა ვერეს” ბედზე საუბრისას ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ იგი ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება”. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროექტის მხოლოდ გეგმა არსებობს.

„საზოგადოებისთვის ნათელი რომ იყოს, მინდა ხაზი გავუსვა, ჯერ არის გეგმარებითი დავალება წარმოდგენილი. თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს. აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია განვითარდება ისე, რომ არსებული სივრცე არ დაინგრეს. ახლის და ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა ისიც, რომ “ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის - “ქართუ ფონდის” გადაწყვეტილებით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

ვინ და რატომ აკრიტიკებს პროექტს?

“ლაგუნას” მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობას გამოეხმაურა ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“. მათი თქმით, პროექტი შეუსაბამოა სივრცისთვის და “უფრო მეტიც, ალბათ თბილისში ძნელად მოიძებნება ადგილი, რომელიც შესაძლოა ამ მასშტაბისა და სიმაღლის მშენებლობისთვის შესაბამისი იყოს”.

… გმირთა მოედნის გარშემო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა არქიტექტურული იერსახე და ურბანული სტრუქტურა. თუმცა პროექტით გათვალისწინებული მოცულობა კრიტიკულ ზიანს მიაყენებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განშლას და ისტორიული დაცვის არეალს”, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

პროცედურის მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების შემდეგ, თუკი მშენებელმა თანხმობა მიიღო, პროექტს საკრებულოს სხდომაზე განიხილივენ. ამას უნდა მოჰყვეს განაშენიანების გეგმა და ისიც თბილისის მერიამ უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ, პროექტი ისევ საკრებულოს დაუბრუნდება. შემდეგი ეტაპი არქიტექტურული პროექტია და ბოლო სტადიაა - მშენებლობის ნებართვა.

ოპოზიციონერი ირაკლი აბესაძე, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა კომპლექსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ პროცესი, რომელიც ბევრისთვის წლები იწელება, “ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ზოგჯერ რამდენიმე დღეშიც კი დასრულებულა:

“თეორიულად, შეიძლება უარი მიიღოს კომპანიამ, ან ძირეულად შეიცვალოს და ისე განხორციელდეს, მაგრამ ივანიშვილის მმართველობის სტილმა მიგვაჩვია, რომ მისი ახირება სრულდება შენიშვნების გარეშე და უსიტყვოდ. რეალურად, არანაირი მოლოდინი, რომ ეს თეორიული ვარიანტები გამართლდეს, მე არ მაქვს.

აქ მნიშვნელოვანია თავად ივანიშვილს დამოკიდებულება, რა სურს მას? არ აინტერესებს თბილისელების ინტერესი, არ აინტერესებს თბილისში ცხოვრების დონე და ხარისხი, ის გაუსაძლისი პრობლემები, რომელსაც შექმნის. მას აინტერესებს ერთადერთი - ფონდმა "ქართუმ" მიიღოს ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი”.

აბესაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებად ჩაეთვლებოდა “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის აღდგენა, თუმცა “ასეულობით მილიონობით ლარის პროექტს ახორციელებს და აქაც დემონსტრაციულად უარს ამბობს "ლაგუნა ვერეს" აღდგენაზე”:

“აქ პირდაპირი პარალელი შეიძლება გავავლოთ იპოდრომის ტერიტორიასთან... სინამდვილეში, იპოდრომის ეკონომიკურად ნულოვანი ღირებულების ნაწილი შემოგვეტენა და დარჩენილი ნაწილი, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს და შეიძლება, შემოსავალი მოიტანოს, დაიტოვა. იგივეა "ლაგუნა ვერეს" შემთხვევაში, საცურაო აუზი, რომელშიც ბიზნესინტერესს ვერ ხედავს, თქვა, ამას გაჩუქებთ და "ბლექ სი არენასავით", მერე ხარჯები, ბოდიში და, შეიტენეთ. ის ნაწილი, სადაც მე შემიძლია, ასეულობით მილიონი ლარის მოგება მივიღო, მივიღებ ამ მოგებას. ეს არის საჩუქრის არსი”, - ამბობს აბესაძე.

ქალაქს არ ვარგებთ, ქალაქს ვირგებთ

ხელოვნებათმცოდნე, კულტურის სპეციალისტი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ წლებია საზოგადოება ელოდა, რომ “ლაგუნა” აღდგებოდა. მან “უპასუხისმგებლობა” უწოდა იმას, რომ ფონდი “ქართუ” “ლაგუნას” მუნიციპალიტეტს გადასცემს.

“პროექტში ისინი აღიარებენ, რომ “ლაგუნა” ისე დაალპეს, ლამის აღდგენას აღარ ექვემდებარება, ამ ამორტიზებულ ნაგებობას უბრუნებს უკან და ამ ტვირთს ჰკიდებს ქალაქს. მან ჩაიბარა მოქმედი “ლაგუნა” და მიიყვანა ამ მდგომარეობაში. თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან უნდა აღადგინოს და შემდეგ დაუბრუნოს ქალაქს”.

რაც შეეხება ფაბრიკის შენობას, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, “იგი ერთი წერტილი იქნება, ამ დიდი კომპლექსისა”. ცირა ელისაშვილი პროექტს ერთიანობაში ასე აფასებს:

  • “ყველაზე რთულ სატრანსპორტო კვანძთან, გმირთა მოედანთან ამ მასშტაბის კომპლექსი სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს;
  • შენობის სილუეტი, უაპელაციო ჩარევა ისტორიულ გარემოში - აქეთ გვაქვს ცირკი, იქით ფიქრის გორა, სანაპიროზე, “სათივესთან” მიმდებარედ, სადაც ფაბრიკის შენობა დგას, არ უნდა აძლევდეს არქიტექტორებს იმის საშუალებას, რომ ასეთი ჩახერგილი შენობა გაუბედონ ქალაქს;
  • მიუღებელია პროექტის მასშტაბი. ეს არის განუზომლად დიდი მასშტაბი, "სითის" ტიპის ახალი ქალაქებისთვისაც კი, რომელიც ისტორიული ნაწილის მიღმა შენდება ხოლმე. მაგალითად, “ბილტმორის” შენობა სიმაღლეში არის 137 მეტრი, ეს კი არის ორჯერ დიდი;
  • არქიტექტურული ღირებულება. არქიტექტურული თვალსაზრისით, ესაა მდარე ხარისხის, უბრალოდ არქიტექტურის ფაკულტეტის პირველკურსელებთან უნდა შეიტანო ეს რენდერები და ანახო, როგორ არ უნდა აპროექტონ არქიტექტორებმა გარემოში. თვითონ რენდერი გვეუბნება ერთ რამეს - უსაზღვროდ დიდი უფლება აქვს დამკვეთს და უსაზღვროდ არაპროფესიონალურად, ფულის გადახდის ხარჯზე ამას ასრულებს არქიტექტორი…”.

ცირა ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის მშენებლობებს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, “როდესაც ქალაქს ვირგებთ საკუთარი კაპიტალისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. ქალაქს კი არ ვარგებთ, არამედ, ქალაქს ვირგებთ”.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG