კარანტინი და კომენდანტის საათი 21:00 – 06:00 გრძელდება. ამ პერიოდში ქუჩაში მოძრაობა იკრძალება, მათ შორის, ყველანაირი ტიპის ტრანსპორტით.
ბანკებისა და სასურსათო მაღაზიების ნაწილი მუშაობას საღამოს 8 საათზე ასრულებს. დაწესებულებების კლიენტებისთვის დაკეტვის შემდეგ პერსონალს ობიექტის დასახურად დამატებითი დრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები უფრო გვიან ტოვებენ შენობას. ამ დროს კი ქალაქში არ დადის არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩერებულია ტაქსები, აკრძალულია კერძო მანქანებით მოძრაობა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს აღნიშნა, რომ თანამშრომლების ტრანსპორტირება დამსაქმებლების პასუხისმგებლობაა. მიკროავტობუსით ან ავტობუსით - ტრანსპორტით, რომელზეც არ ვრცელდება 3-კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირებაზე თანხმობა კი მუნიციპალიტეტებიდან უნდა აიღონ.
თუმცა, მალევე „ფეისბუკში“ დასაქმებულთა უკმაყოფილო პოზიციები გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“ გახდა.
რადიო თავისუფლებასთან „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა კოშაძე ამბობს, რომ თანამშრომელთა ტრანსპორტირების საკითხი ეტაპობრივად და შეძლებისდაგვარად სწრაფად მოგვარდება: „უბრალოდ, 300-მდე სუპერმარკეტი გვაქვს და ათასობით თანამშრომელია“.
მაგრამ რა ხდება ახლა, სანამ ეს საკითხი სრულად მოგვარებული არ არის?
„ჯერჯერობით, ნაწილს თავისით უწევს სახლამდე გადაადგილება. რამდენიმე ფილიალი კარანტინის პირველ დღეს არც გაიხსნა. თუმცა შექმნილი ვითარების გამო და იმიტომ, რომ ვიღაცას სამსახურში დააგვიანდა ან ვერ მივიდა, არცერთი თანამშრომელი სამსახურიდან არ დაგვითხოვია. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ“, - ამბობს ანა კოშაძე.
სხვადასხვა მსხვილი კომპანიის ათობით თანამშრომელმა დახმარებისთვის უკვე მიმართა „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას“.
"შეზღუდვის საპირისპირო გარანტიები უნდა შეექმნა სახელმწიფოს".რაისა ლიპარტელიანი
„სუპერმარკეტების, სააფთიაქო ქსელების არაერთი შემთხვევა გვქონდა, პატარა კომპანიებზე აღარ ვსაუბრობ. უმეტესად არ უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, არიან ისეთებიც, ვინც ამ საკითხზე ადრევე დაიწყო ზრუნვა, მაგრამ ძირითადად პრობლემაა. ზოგს კილომეტრების გავლა მოუწია, რომ სახლამდე მისულიყო. სანამ მხოლოდ საგანგებო რეჟიმი იყო, რამდენიმე თანამშრომელი თანხმდებოდა და ერთი ტაქსით მიდიოდნენ. ახლა, რაც მანქანაში მყოფი ხალხის რაოდენობა შემცირდა, კიდევ უფრო გართულდა საკითხი, რადგან მიზერული ხელფასების პირობებში ტაქსის გამოძახება კიდევ უფრო ხარჯიანი და უმეტესად შეუძლებელი გახდა“, - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.
როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, პრობლემა შეექმნათ „თიბისი ბანკის“ ატენის ქუჩაზე მომუშავე ფილიალის თანამშრომლებსაც, - იმის გამო, რომ საღამოს რვა საათამდე მუშაობდნენ, ფილიალის დაკეტვას კი გარკვეული პროცედურები და დრო სჭირდებოდა, კომენდანტის საათის მოახლოების გამო ტაქსი არ მივიდა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მათ 31 მარტს ღამის გათენება ფილიალში მოუწიათ.
რადიო თავისუფლებას „თიბისიში“ ფაქტი არ დაადასტურეს. თანამშრომელთა გადაყვანასთან დაკავშირებით კი განაცხადეს, რომ კარანტინის გამოცხადებისთანავე თანამშრომელთა ტრანსპორტირება ხდება ბანკის მანქანებითა და პარტნიორი სატრანსპორტო კომპანიების მეშვეობით. 1 აპრილიდან კი ყველა ფილიალი მხოლოდ საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.
რა სამართლებრივი ბერკეტი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს?
„სამართლებრივი ბერკეტი ამ სიტუაციაში არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, არსად არ არის დამავალდებულებელი ან თუნდაც რეკომენდაციის სახით გაცემული დოკუმენტი, რომ თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილება დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს. დავალდებულება უნდა ეყრდნობოდეს რაიმე კანონს, ასეთი კი არაფერი არ არის“, - ამბობს რაისა ლიპატელიანი.
მისი ხედვით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწერა ინსტრუქციები, ვინ სად და როგორ უნდა იმუშაოს, საჭირო იყო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხის გააზრებაც, ინსტრუქცია კი ან უკვე არსებულ დოკუმენტში უნდა შესულიყო, ან მთავრობას ზოგადი რეკომენდაცია გამოეცა.
„შეზღუდვის საპირისპირო გარანტიები უნდა შეექმნა სახელმწიფოს“, - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
ამ მოცემულობით, მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მანქანით მივა თანამშრომელი სახლში თუ ფეხით მოუწევს გადაადგილება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც მოუწოდებს სახელმწიფოს, საგანგებო მდგომარეობის ვადით, საქართველოში დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს დაავალოს დასაქმებულთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა.