Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სამასამდე დაკარგული ადამიანია” - რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე?


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 3 სექტემბერს ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გაიხსენა პერიოდი, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდოდა და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.

„იყო პოლიტპატიმრები, იყო რეიდები, იყო ადამიანების გატაცებები, იყო ღამღამობით ქონების დათმობა და ჩუქება სახელმწიფოზე, იყო ადამიანების წამება, იყო დაკარგული ადამიანები, სამასამდე დაკარგული ადამიანია, რომელიც არ იციან დღეს ოჯახებმა, სად არიან. რა იყო ამას ნუ დავუბრუნდებით, ეს საზოგადოებამ შეაფასა“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში.

რადიო თავისუფლებამ არჩილ თალაკვაძეს მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტება სთხოვა და პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა იგი, როდესაც წინა ხელისუფლების დროს დაკარგულ 300-მდე ადამიანზე საუბრობდა.

ამ შეკითხვაზე მან გვიპასუხა:

„ომბუდსმენის ანგარიშებში, ასევე საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებებში, სადაც ასევე მიმდინარეობს თითქმის 2 ათას დაზარალებულთან დაკავშირებით ერთობლივი გამოძიება, ასევე სხვა წყაროები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, ქვეყანაში მომხდარ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით, ნათლად ჩანს, თუ რა მასშტაბებს ატარებდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და დარღვევები. მხოლოდ ეს არის საკმარისი, რომ ვნახოთ, თუ რამდენი გამოძიება არის დაწყებული დაზარალებულებზე. როგორც გითხარით 2 ათასამდე დაზარალებულის ერთობლივი საქმეც კი არსებობს და მხოლოდ ესეც არის საკმარისი. რომ ვნახოთ გარდაცვალების სტატისტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად ეწირებოდა ამ გარემოს, ამ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, დღეს ეს აღარ არის აქტუალური“.

რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ერთ-ერთ წყაროდ სახალხო ანგარიშები დაასახელა იმავე კითხვით მივმართეთ ყოფილ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს.

იგი ტყუილს უწოდებს წინა ხელისუფლების პირობებში 300-მდე დაკარგული ადამიანის შესახებ ინფორმაციას. „ეს რიცხვი გაზვიადებული კი არა ტყუილია", - ამბობს უჩა ნანუაშვილი, რომელიც სახალხო დამცველის პოსტის დაკავებამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს" ხელმძღვანელობდა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხს საგანგებოდ იკვლევდა და დასძენს: “ორი გაუჩინარების საქმე იყო იმ წლებში ეს არის ცინდელიანის და ქარდავას საქმეები”.

საქართველოს შსს-მ 2014 წელს გახსნილად გამოაცხადა 6 წლით (2008 წელს) ადრე სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმე.

2010 წელს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იმჟამინდელი იურისტი ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, პაატა ქარდავას, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის კაპიტანის, გაუჩინარებაზე. ის 2008 წლის 27 აგვისტოს დაიკარგა. მისი მანქანა ხობის გზაზე ნახეს გაჩერებული, თავად პაატა ქარდავა კი მას შემდეგ არც მკვდარი გამოჩენილა და არც ცოცხალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემებს შეიცავს, არ ჩანს, რამდენი ადამიანი შეიძლება გაუჩინარებულიყო ან დროებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებულიყო პოლიტიკური ან ხელისუფლების მხრიდან სხვა სახის მოქმედებების გამო. მაგალითისთვის შსს-ს სტატისტიკით, 2018 წელს 210 ადამიანი დაიკარგა. აქედან 122 ადამიანი ცოცხალი იპოვეს, 18 - გარდაცვლილი, ხოლო 70 - კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაციას, გამოთხოვის შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში გასცემენ.

გენერალური პროკურატურიდან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ პასუხი, რა მონაცემებს შეიძლება ეყრდნობოდეს პარლამენტის თავმჯდომარე მსგავსი განცხადების გაკეთებისას.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უწოდებს დეზინფორმაციის გავრცელების სახით „პოლიტიკური ბრძოლის უნამუსო ფორმას“:

რომან გოცირიძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:55 0:00

„ძალიან დიდი სისულელეა... ვინ არ ამბობს, რომ იმ პერიოდში შეცდომები არ იყო და დანაშაულიც, მაგრამ როდესაც ამ დანაშაულს უკვე ასტრონომიულ მასშტაბში გადაიყვან ეს უკვე ნიშნავს პოლიტიკური ბრძოლის უნამუსო ფორმას დეზინფორმაციის სახით“, - ამბობს რომან გოცირიძე.

რადიო თავისუფლებამ “ქართული ოცნების” კიდევ ორ პარლამენტარს ჰკითხა, თუ რა შეიძლება ეგულისხმა არჩილ თალაკვაძეს, როდესაც იგი ჟურნალისტს 300-მდე დაკარგულ ადამიანზე ესაუბრებოდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს: „მე შეიძლება ვერ დაგიდასტუროთ ზუსტი ციფრი, მაგრამ რამდენიმე ასეულ ადამიანზეა საუბარი, რომელიც არის უგზო-უკვლოდ დაკარგული ამ ქვეყნიდან. იმდენი უბედურება დაატრიალეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ამ ქვეყანაში, ცალკე მკვლელობები, ცალკე წამებები, ცალკე ქონების წართმევები, ადამიანების დაკარგვა...“

მამუკა მდინარაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

თამარ ხულორდავამ კი გვიპასუხა: “ალბათ, ის [არჩილ თალაკვაძე] საუბრობდა ზოგადად იმ სავალალო მდგომარეობაზე, რაც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მართლა იყო ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში, ამ რაოდენობაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი, არც კომენტარი მინახავს. რადგან არჩილმა თქვა, მე მჯერა, რომ ის ასე არ იტყოდა ამას, ციფრებით რომ არ ჰქონოდა გამყარებული”.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG