მაგრამ გამოთქმული ეჭვები ექიმების შემოწირულებებთან დაკავშირებით თავად ექიმებისთვის შეურაცხმყოფელია. ექიმები არიან ერთ-ერთი დამოუკიდებელი კატეგორია, ვინც მხარს მიჭერს...სალომე ზურაბიშვილი
„დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, დამოუკიდებელია ბანკი "ქართუც". თუმცა მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე დასაფარი თანხაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა რუსთავის დრამატულ თეატრში ამომრჩევლებთან, ძირითადად, მერიის თანამშრომლებთან, „ქართული ოცნების“ ადგილობრივ წევრებთან, მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ.ზურაბიშვილმა იგულისხმა საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი , თუკი არჩევნებში ხმების 10 %-ს ან მეტს დააგროვებს, მილიონ ლარს მიიღებს ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისათვის გაწეული ხარჯების დასაფარად.
პრეზიდენტობის კანდიდატმა დარწმუნებით განაცხადა, რომ არჩევნებს მოიგებს.
სალომე ზურაბიშვილმა დასძინა, რომ ექიმების მიერ მის საარჩევნო ფონდში თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით აუდიტმა საქმის შესწავლა დაიწყო ეჭვების გამო, რაც სრულიად ნორმალურია.
„მაგრამ გამოთქმული ეჭვები ექიმების შემოწირულებებთან დაკავშირებით თავად ექიმებისთვის შეურაცხმყოფელია. ექიმები არიან ერთ-ერთი დამოუკიდებელი კატეგორია, ვინც მხარს მიჭერს. ჩემთვის ღირებულია“, თქვა ზურაბიშვილმა, რომლის წინააღმდეგ თეატრის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა. ისინი შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ და მერიის თანამშრომლებმა არ მისცეს.
“ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით, საერთო ჯამში, 1 056 000 ლარი შემოწირულება მიიღო. შემომწირველთა შორის ინგოროყვასა და ღუდუშაურის კლინიკების ექიმებიც არიან.