"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ამ დრომდე 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შემოწირულებების სახით, დამატებით 1 მილიონი დოლარი ისესხა "ქართუ ბანკისგან." ინფორმაციას ფულადი შემოსავლების, ვალდებულებებისა და ხარჯების შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატები პერიოდულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აწვდიან, წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით.
უახლესი დეკლარაცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა აუდიტის სამსახურს მიაწოდა, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი კი 1 ოქტომბერს არის აღებული.
ამავე დეკლარაციის მიხედვით შემოსული თანხის დიდი ნაწილი სარეკლამო ხარჯებს ხმარდება (1 890 744 ლარი), საარჩევნო შტაბში დასაქმებული პირების ხელფასზე საანგარიშო პერიოდში 19 625 ლარი დაიხარჯა. 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საარჩევნო შტაბში დეკლარაციის თანახმად 10 ადამიანი იყო დასაქმებული. შტაბის თანამშრომელთა შორის ყველაზე მაღალი ხელფასი 3750 ლარი შტაბის უფროსისთვისაა განკუთვნილი, სხვა თანამშრომელთა უმეტესობის ხელფასი კი 1 875 ლარს შეადგენს.
სალომე ზურაბიშვილის აუდიტის სამსახურში წარდგენილი ორი დეკლარაციის მიხედვით, მკვეთრად არის გაზრდილი "პროკრედიტ ბანკში" გახსნილ მის პირად ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა.
17 აგვისტოს გახსნილ ანგარიშზე საწყის ეტაპზე 58 748 ლარი და 5 000 დოლარი იყო, 2 ოქტომბრისთვის ეს თანხა 256 108, 96-მდე გაიზარდა, დოლარში გახსნილ ანგარიშს კი მხოლოდ 261 $ მოაკლდა. სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე თანხების ბრუნვის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მის ანგარიშზე 2 087 283,55 ლარის შემოსავალი და 1 889 923, 43 ლარის გასავალი ფიქსირდება.
თავად საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პერიოდში საკუთარ თავს რამდენიმე ათეული ათასი ლარი შესწირა.
საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს, შესაბამისად, თუკი სალომე ზურაბიშვილი ამ შედეგს მიაღწევს, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, შესაძლებელია, რამდენიმე დღის წინ აღებულ ვალს ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით დაფარავს.