Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ, თელავის მერია საახალწლო განათებებს აღარ იყიდის


თელავი
თელავი

კახეთის ქალაქებში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქუჩების მოსართავად წინა წლებში ნაყიდ დეკორაციებს და განათებებს ამონტაჟებენ.

თელავში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ქალაქის მერიაში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ წელს დამატებით 60 ათასი ლარის ღირებულების ახალი დეკორაციების შეძენას გეგმავდნენ.

ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ თელავის მერიის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, დაწესებული აკრძალვებისა და „კომენდანტის საათის“ პირობებში ამ რაოდენობის თანხა საახალწლო მოსართავების შესაძენად არ უნდა დაიხარჯოს.

თელავი
თელავი

სამოქალაქო აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ წელს ქალაქის ქუჩები მხოლოდ ძველი დეკორაციებით უნდა მოირთოს და 60 ათასი ლარი იმ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ, რომლებსაც საკვებისა და მედიკამენტების შეძენის საშუალება არ აქვთ:

„თელავში სოციალური ქსელებით თითქმის ყოველდღე წერენ ადამიანები, რომ არ აქვთ წამლისა და საკვების ფული. რა დროს 60 ათასი ლარის განათებაა, როცა ხალხს ელემენტარული რამ არ აქვს. თუ რამეს აპირებთ, გამოიყენეთ ძველი განათებები. თურმე თელავის მერიამ ფსიქოანალიზის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარე განათებები ეყიდათ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს თვითმმართველობის რეალურ სახეს“.

მასალაზე მუშაობის დროს რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ თელავის მერიამ გამოცხადებული ტენდერი გააუქმა და ქალაქში მხოლოდ გასულ წლებში ნაყიდ დეკორაციებს დაამონტაჟებენ. თელავში დადგამენ ორი წლის წინ ნაყიდ ნაძვის ხეს, რომლის შესაძენად 42 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, საბოლოოდ 16 ათასი გადაიხადეს. თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალი განათებების ყიდვა იმიტომ დაგეგმეს, რომ გასულ წელს ვანდალებმა ბევრი დეკორაცია გაანადგურეს და მისი შევსება სურდათ. მერის მოადგილის თქმით, საახალწლო ღონისძიებები წელს არ იქნება, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც, ქუჩების მორთვა, იმისთვის, რომ საზოგადოება სრულმა დეპრესიამ არ მოიცვას:

„ტენდერის შეჩერება ირიბად საზოგადოების წუხილსაც უკავშირდება. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საზოგადოების განწყობას, თუმცა მე არ ვეთანხმები ღვარძლის იმ ნიაღვარს, რომელიც წამოვიდა. ცხოვრება არ ჩერდება და მიდის, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირგვლივ არიან ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთაც ახალი წლის მოსვლა უხარიათ. ცოტა სხვანაირადაც უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოება არ მოიცვას აბსოლუტურმა დეპრესიამ“.

ჩვენ ფიქრია ყუშიტაშვილს ვკითხეთ, რას მოხმარდება ის 60 ათასი ლარი, რომელიც გაუქმებული ტენდერის შედეგად გამოთავისუფლდა, და პასუხად მივიღეთ:

„ეს თანხა, ალბათ, გადანაწილდება სხვა საჭიროებებზე. მე ახლა ამაზე პასუხი ზუსტად არ მაქვს“.

საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს კახეთის სხვა ქალაქებშიც, თუმცა არცერთ მუნიციპალიტეტში ხალხმრავალი გასართობი ღონისძიებები არ იგეგმება. გურჯაანში კულტურის სამსახურის უფროსის, ვალერი შოშიაშვილის, განცხადებით, წელს ბიუჯეტიდან მიზერული თანხები დაიხარჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ნაძვის ხე დაიდგას და ქუჩებში დეკორაციები დამონტაჟდეს.

საახალწლო ღონისძიებებისთვის კახეთში თანხები ყოველ წელს იხარჯებოდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 2018 წელს, საერთო ჯამში, რეგიონში 300 000 ლარზე მეტი, 2019 წელს კი 200 ათას ლარამდე დაიხარჯა. ღონისძიებები, რომლებიც ქალაქებში იმართებოდა, 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე პერიოდს მოიცავდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG