Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: რამდენად გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო და დახურული საზღვრები?


კარანტინი რუმინეთში
კარანტინი რუმინეთში

შეზღუდვები, შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქება, ფინანსური დახმარების პაკეტები: კრიზისის დროს მთავრობები საჯარო და კერძო ცხოვრების ყველა ასპექტს განაგებენ. საერთაშორისო პრესაში იწერება იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს დიდი, ძლიერი სახელმწიფო უპირატესობას კრიზისულ პერიოდებში და უნდა სვამდნენ თუ არა მოქალაქეები და ბიზნესები უფრო მეტ შეკითხვას. ევროპის პრესაში ბევრი განსხვავებული რამ იწერება დახურული საზღვრების გახსნის პერსპექტივაზეც.

საფრანგეთში გამომავალი მემარცხენე ორიენტაციის Le Monde-ი 1 მაისს აქვეყნებს საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტის, ჟან-შარლ ფრომენის, სტატიას, რომელშიც ექსპერტი ამტკიცებს, რომ სუსტი სახელმწიფო ყველაზე დიდი საფრთხეა თავისუფლებისთვის: „თავისუფლების შეზღუდვა აღარ წარმოადგენს ნიშანს ავტორიტარული სახელმწიფოსი, რომელიც ცდილობს ყველა და ყველაფერი თავის კონტროლს დაუქვემდებაროს. პირიქით, ესაა დასუსტებული სახელმწიფოს ბეჭედი - სახელმწიფოსი, რომელიც, უბრალოდ, ცდილობს შეზღუდოს თავისი სიმყიფით გამოწვეული სახიფათო ზიანი. მოდით, ნუ ჩავყვებით დებატებს თავისუფლებების შესახებ. დღეს საფრთხეს წარმოადგენს არა დიქტატურა, არამედ სახელმწიფო, რომელიც იმდენად მოშლილია წლების განმავლობაში გაგრძელებული უგულებელყოფით, რომ თითქმის არ ძალუძს მოქმედება. და სწორედ ამგვარი მოწყვლადი სახელმწიფო წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ჩვენი თავისუფლებებისთვის“.

კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების საჭიროებაზე წერს შვეიცარიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Tages-Anzeiger-ი 28 აპრილს: „პანდემიის შეკავების პროცესში წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ და ყველამ უნდა მივიღოთ ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, თუკი ეს გამართლებული და პროპორციულია. ... მაგრამ შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ მძიმე შეზღუდვებს თითქმის არ განიხილავენ არც დემოკრატიულ შვეიცარიაში და შემაშფოთებელია იმის ხილვაც, თუ რაოდენ მარტივად დაუშვებს უმრავლესობა კიდევ უფრო ფართო მასშტაბით შეზღუდვების შემოღებას. მერყევ დროებაში, ცხადია, განსხვავებული წესები მოქმედებს. ხალხი ავლენს სრულ ნდობას თავიანთი მთავრობების მიმართ და ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად იზრდება ამ ლიდერების პოპულარობის რეიტინგი. შვეიცარიაშიც კი ხალხს უხარია, როცა ძლიერი ლიდერები ხელში სკიპტრას იღებენ, რადგან ამის შემდეგ ყველას შეუძლია მშვიდად გამოიკეტოს შინ მოწყობილ ოფისებში“.

ნეოლიბერალური კონცეფცია ჩავარდა, კორონავირუსის კრიზისმა დაამტკიცა ძლიერი სახელმწიფოს საჭიროებაო, წერს ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პამელა რენდი-ვაგნერი, ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Die Presse-ში 30 აპრილს: „მხარდამჭერი, დამცველი სახელმწიფოსკენ მოწოდებები უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის, როცა კრიზისის ბოლოში გავდივართ - მათ შორის იმ პარტიებისგან, რომლებიც წარსულში ხშირად ახდენდნენ ამ იდეის დისკრედიტაციას. ... კორონის კრიზისმა გვაჩვენა, რომ ნეოლიბერალური კონცეფცია ჩავარდა. ავსტრიაში ძლიერი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კარგი სისტემა შენარჩუნდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობების წყალობით. ... სახელმწიფო იმ ნაკლოვანებების კომპენსაციას ახდენს, რომლებიც თავისუფალი ბაზრით ფორმირებულ საზოგადოებაში ჩნდება. ამდენად, ეფექტიანი, გამძლე სახელმწიფო ყოველთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა არამხოლოდ კრიზისის პერიოდში“.

გერმანიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Der Tagesspiegel-ი გამოდის საზღვრების ნაადრევად გახსნის საწინააღმდეგო გაფრთხილებით: „თუკი, მაგალითად, ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელი დაიკლებს საზღვრის ორივე მხარეს განთავსებულ ... რეგიონებში, საზღვრის გახსნა იმ ადგილებში ყველასათვის შესაძლებელი უნდა იყოს. იგივე ეხება საზღვართშორის ტურიზმს, რომლის აღდგენაც, მაგალითად, ავსტრიას ახლო მომავალში სურს გერმანიიდან და ჩეხეთიდან სტუმრების მიღებით, მაგრამ ამის სერიოზულ განხილვას, ალბათ, თვეები გვაშორებს“.

ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის The Guardian-ი კი 26 აპრილის ნომერში წერს, ყველა სახელმწიფო საზღვრის განურჩეველი დახურვა სიკეთეზე მეტ ზიანს მოიტანსო: „ქვეყნებსა და ქალაქებში, ისევე როგორც საერთაშორისოდ, გადაადგილების დროებით შეზღუდვას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს აუცილებელ ნაწილად კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ წამყვანი მეცნიერების მხრიდან ყველაზე ხშირად მოდის მესიჯი, რომ ეს უნდა ემყარებოდეს ტესტირებას და კონტაქტების ძიებას, ვირუსის გავრცელებისთვის თვალის მიდევნებას და არა ერთიან, ზოგად ვარაუდებს უცხოელებისა და სხვა აუტსაიდერების შესახებ. თუკი სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვას შემოგვთავაზებენ დაცვის უფრო გონივრული ფორმების ჩანაცვლებად, ყველა წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

XS
SM
MD
LG