Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუტინული სამუშაო - OSCE/ODIHR-ის შეხვედრა პარლამენტარებთან


OSCE/ODIHR-ის დელეგაცია ორი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს საპარლამენტო ფრაქციებთან, ჯგუფებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებთან. დახურულ კარს მიღმა განხილული ძირითადი საკითხები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და ამ მხრივ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პერსპექტივას უკავშირდებოდა.

ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ამჟამად ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის შეფასებებს ელოდება. ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძირითადი ნაწილის შეფასებები.

განრიგის თანახმად, OSCE/ODIHR-ის წარმომადგენლებს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრები უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ფრაქციის სახელით მათ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე შეხვდა. ამ ეტაპზე პარლამენტში უმრავლესობა (76 დეპუტატი) აღარ არსებობს, მას შემდეგ, რაც „ხალხის ძალაში“ გასაერთიანებლად, „ქართული ოცნება“ 9 დეპუტატმა დატოვა.

„საუბარი გვქონდა, კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, წინა არჩევნებზე. მომოვიხილეთ ვითარება, რომელიც შექმნილი იყო როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალური არჩევნების გარშემო და ასევე ვისაუბრეთ სამომავლო ცვლილებებზე, რეფორმაზე, რომელიც ხორციელდება მათ შორის - 12 პუნქტის ფარგლებში და დეტალებიც გავაცანით ჩვენს მეგობრებს ეუთო/ოდირიდან. საუბარი გვქონდა, მათ შორის - ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, იმ 19 რეკომენდაციაზე, რომელსაც მიჰყვება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, OSCE/ODIHR-ის დელეგაცია, სავარაუდოდ, ორ კვირაში ისევ ჩამოვა საქართველოში; ხოლო დეკემბერში გამოქვეყნდება მათი შეფასებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მომზადებულ და პირველი მოსმენით დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, პირველი მოსმენით, პარლამენტმა 5 ოქტომბერს, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას ცვლილებების დაჩქარებულად შეფასების თხოვნით 10 ოქტომბერს მიმართა.

საარჩევნო კოდექსში ერთი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით:
2024 წლიდან არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება „ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებში/საარჩევნო უბნებში“ (ამომრჩევლის სულ მცირე 70%);
ფართოვდება საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის (ე.წ. გადათვლის) შემთხვევათა ჩამონათვალი და მაგალითად: კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-6-ე დღეს საარჩევნო ოლქის კომისიის სხდომაზე შემთხვევით შეირჩევა 5 საარჩევნო უბანი; გაიხსნება ამ საუბნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დაითვლება ბიულეტენები;
სავალდებულო ხდება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე ამომრჩევლის მარკირება;
ცვლილებები შედის საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესში; მათთვის და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დგინდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა და მოეთხოვებათ სერტიფიკატები (ჩამოთვლილია ასევე გამონაკლისი შემთხვევები); სერტიფიცირების დებულებას დადგენილებით ამტკიცებს ცესკო.
4000 ლარამდე იზრდება ჯარიმა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე; 3 წლამდე განისაზღვრება პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა და სხვა.

პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის ინიციატორად ოფიციალურად მითითებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ხოლო ავტორად - "ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების (საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად) მომზადების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი".

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ სამუშაო ფორმატში მონაწილეობდნენ პარტიის "საქართველოსთვის" დეპუტატები; თუმცა მათ კანონპროექტს პირველი მოსმენისას მხარი არ დაუჭირეს და ტექსტის მიმართაც არაერთი შენიშვნა აქვთ. როგორც ანა ბუჩუკური გვეუბნება, OSCE/ODIHR-ის წარმომადგენლები მათ შეფასებებს ინტერესით უსმენდნენ და წერილობითაც მიეწოდებათ.

ტექსტის თანახმად, მაგალითად, პარტია "საქართველოსთვის", ზოგადად მიესალმება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სერტიფიცირებას, მაგრამ, ამ პროცესის სანდო ინსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევის გარეშე, ხედავს საფრთხეს, რომ სერტიფიკატების მინიჭება შერჩევითად მოხდეს და საუბნო საარჩევნო კომისიები მხოლოდ "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურმა კანდიდატებმა შეავსონ.

გარდა ამისა, ბუჩუკურის თქმით, 2 ნოემბერს, შეხვედრაზე განიხილეს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებიც.

"ჩვენი გუნდის მხრიდან დაისვა საკითხი - თუ როგორ ხელოვნურად ცვლის "ქართული ოცნება" მუნიციპალიტეტის არჩევნების შედეგებს - მოსყიდვით, გადაბირებით თუ ხელოვნური საკანონმდებლო ცვლილებებით. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩარევებზე სენაკში, ბათუმში", - გვეუბნება დეპუტატი ანა ბუჩუკური.

ალბერტ იონსონმა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამჟამად, დელეგაციის წევრები თბილისში რუტინულ სამუშაოს ასრულებდნენ. პოლიტიკურ პარტიებთან და ცესკოში გამართულ შეხვედრებზე, მისი განმარტებით, განიხილებოდა არჩევნების შემდგომ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და მხარეები ცვლიდნენ მოსაზრებებს.

OSCE/ODIHR-ის დელეგაციის წევრებს "მოქალაქეების" ორი დეპუტატის სახელით, 2 ნოემბერს, მარტო შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი.

„არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანებით და ეს, რეალურად, არჩევნების დღის მიმართ არსებულ კითხვებს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ განმეორდება ის პრობლემები, რაც აქამდე იყო. საუბარია ხმების მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და ასე შემდეგ. მისიის წევრებთან აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ“, - უთხრა იოსელიანმა ჟურნალისტებს 2 ნოემბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ODIHR-ის წარმომადგენლები ოპოზიციის იმ ნაწილსაც შეხვდნენ, რომელიც არ მონაწილეობდა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ ფორმატში. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციასთან შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ODIHR-ის რეკომენდაციებს ზუსტად ასახავს არა "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული, არამედ ოპოზიციის მიერ ცალკე მომზადებული კანონპროექტი.

"ამაზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ და რა კუთხით შეიძლება "ქართულ ოცნებაზე", მათ შორის - ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული", - ამბობს დეკანოიძე.

11 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტს. ამ პროექტის ავტორებად დასახელებული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით უსუფაშვილი, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე და თამარ ჩარკვიანი.

ოპოზიციის ნაწილის სახელით მომზადებული ეს პროექტი, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის მხოლოდ ერთი ვადით არჩევის შესაძლებლობას ითვალისწინებს და ასევე, უქმდება წესი, რომლის თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის უფლებამოსილების ვადა ახალი კანდიდატურების არჩევამდე ხანგრძლივდება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა საკანონმდებლო საფუძველი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ერთი და იმავე პირის დატოვებისა „უვადოდ, მოვალეობის შემსრულებლად აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე და ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა“.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების საბოლოო - მესამე მოსმენით დამტკიცებას პარლამენტი 13 დეკემბერს გეგმავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG