Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Insider-ის მთავარი რედაქტორი რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწამლულების, საწამლავებისა და დაკარგული ანალიზების შესახებ


ნატალი არნო, ელენა კოსტიუჩენკო, ირინა ბაბლოიანი - ილუსტრირებული ფოტო
ნატალი არნო, ელენა კოსტიუჩენკო, ირინა ბაბლოიანი - ილუსტრირებული ფოტო

"ბოლომდე არ შეჭამა კერძი და ცოცხალი გადარჩა" - The Insider-ის მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვ საუბრობს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის მსხერპლთა, საწამლავებისა და დაკარგული ანალიზების შესახებ.

The Insider-ში გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ 2022 წლის ოქტომბერში, მიუნხენში, მოწამლეს "ნოვაია გაზეტას" და "მედუზას" ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო, ხოლო თბილისში - "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი, ირინა ბაბლოიანი. 2023 წლის მაისში მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა ფონდ "სვობოდნაია როსიას" უფროსს, ნატალია არნოს.

გამოძიებაში არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი: გერმანიის პოლიცია ერეოდა ბერლინის კლინიკის, Charite-ს ექიმების მუშაობაში, რის შემდეგაც რუსი პაციენტების ანალიზების დასკვნები იკარგებოდა.

გამოძიების დეტალები "ნასტოიაშჩეე ვრემიამ" The Insider-ის მთავარ რედაქტორთან, რომან დობროხოტოვთან ერთად განიხილა.

The Insider-ის მთავარ რედაქტორი რომან დობროხოტოვი
The Insider-ის მთავარ რედაქტორი რომან დობროხოტოვი

- თვითონ გოგონები ამბობენ, რომ არ იციან, რატომ შეიძლება მოეწამლათ. თქვენ გაქვთ რაიმე ჰიპოთეზა, რატომ მაინცდამაინც ისინი?

- სამიდან ორ შემთხვევაში საერთოდ არანაირი შეკითხვა არ მაქვს. ნატალია არნოსთან დაკავშირებით ჩემთვის ყველაფერი სავსებით ცხადია: ორგანიზაცია Free Russia Foundation-ი იყო და არის ძალიან შესამჩნევი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.

ისინი ატარებენ საკუთარ გამოძიებებს, რომელთა საფუძველზე იქმნება სანქციების სიები პუტინის ახლობლების წინააღმდეგ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია კრემლისთვის.

როცა 2014 წელს ნემცოვი და კარა-მურზა კრემლის წინააღმდეგ სანქციების მთავარი მებრძოლები გახდნენ, ერთი წლის შემდეგ ნემცოვი მოკლეს, ხოლო კარა-მურზა "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

ანუ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა ხელისუფლებისთვის. და რადგან ნატალია ბოლო ხანს ძირითადად ამერიკაში ცხოვრობდა, და როგორც ვხვდები, აშშ-ში, როგორც მინიმუმ, ძალიან აქტიურად არ ავლენენ თავს რუსული სპეცსამსახურები, ჯერჯერობით ფრთხილობენ, მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია ევროპაში მოქმედება. ისინი ელოდებოდნენ იმ მომენტს, როცა არნო ევროპაში იქნებოდა.

და სხვათა შორის, დიდი ალბათობით, ეს უკვე მეორე მოწამვლა იყო, იმიტომ რომ მას ძალიან უცნაური სიმპტომები ჰქონდა იქამდეც, ერთი წლით ადრე, ვილნიუსში. და იმის მსგავსი, რაც სხვა გოგონებს ჰქონდათ. შესაძლოა, პირველ შემთხვევაში სხვა საწამლავი გამოიყენეს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ეს იყო ნერვული აგენტი. და არ არის გამორიცხული, რომ "ნოვიჩოკი" იყო.

- სტატიის სათაურია: „უკვე არა"ნოვიჩოკი" ("Уже не "Новичок"). ორ შემთხვევაში, როგორც თქვენ ამბობთ, "ნოვიჩოკი" არ იყო. ეს რაღაც უფრო სუსტი საწამლავია, თუ უბრალოდ არასაკმარისი იყო?

- აქ საქმე დოზირებაა, რა თქმა უნდა. ყველა ეს შხამი, რომელზეც გვაქვს ეჭვი, დიდი დოზით სასიკვდილოა. საკითხავი ისაა, მათ განგებ შეარჩიეს ეს დოზირება, რომ შემთხვევა სასიკვდილო არ ყოფილიყო, თუ უბრალოდ ვერ გათვალეს? კოსტიუჩენკოს შემთხვევაში მათ სავარაუდოდ, არ გაუმართლათ.

თუ ეს მოწამვლა რესტორანში მოხდა, რაც დიდი ალბათობით, ასეც იყო, მაშინ მან უბრალოდ ბოლომდე არ შეჭამა თავისი კერძი, რომლის გემოც არ მოეწონა.

ალბათ გემო არ მოეწონა, იმიტომ რომ მაგალითად, დიქლორეთანს, რაზეც ჩვენ გვაქვს ეჭვი, აქვს გარკვეული სუნი და გემო, ანუ, მას შეუძლია კერძს გემო გაუფუჭოს, თუნდაც მისი მცირე რაოდენობით გამოყენებისას. შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ დარჩა ცოცხალი, რომ მთელი ულუფა არ უჭამია.

ვფიქრობ, კოსტიუჩენკოს შემთხვევაში, ეს შესაძლებელია, მკვლელობის მცდელობა ყოფილიყო, რადგან ჩვენ ვიცით, რომ იქამდე ცოტა ხნით ადრე, იგი სრულიად სხვადასხვა წყარომ გააფრთხილა იმის შესახებ, რომ უკრაინაში მის მოკვლას აპირებდნენ.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეს მისი უკრაინიდან გაგდების და დაშინების მცდელობა იყო, მაგრამ არ ჰგავს ამას. იმის გამო, ჩვენ ცოტა მეტი ვიცით იმასთან შედარებით, რაც გამოქვეყნდა, რადგან წყაროების უსაფრთხოებისთვის ყველაფრის გამჟღავნება არ შეგვიძლია.

მაგრამ ჩვენი დასკვნა ასეთია, რომ მას სწორედ უკრაინაში უპირებდნენ მოკვლას, ეს არ იყო დაშინების მცდელობა. შესაბამისად, თუ მის მოკვლას ერთ შემთხვევაში ცდილობდნენ, ლოგიკურია, რომ მოწამვლაც მოკვლისკენ იყო მიმართული, მაგრამ უბრალოდ არ გამოვიდა.

ბაბლოიანის შემთხვევაში, ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ხელთ არ გვაქვს სამედიცინო ანალიზები. ირინას არ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ის მოეწამლათ და დროზე არ მიმართა ექიმებს. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ბევრად უფრო რთულია მსჯელობა, მაგრამ სიმპტომები ძალიან, ძალიან ჰგავს ელენა კოსტიუჩენკოს სიმპტომებს.

- რომან, და ვინ დგას ამის უკან? ეს რაღაც დაჯგუფებებია ევროპაში თუ პირობითად, ვიღაც "საგასტროლოდ" შემოსულები არიან?

- დიდი ალბათობით, "საგასტროლოდ" შემოსულები. ეს ასეა მოწყობილი: ყველა ქვეყანაში არსებობს აგენტურა, რომელიც ამ დანაშაულების ორგანიზებაში ეხმარება იმ აგენტებს, რომლებიც მოსკოვიდან ჩამოდიან.

როგორც წესი, ადგილებზე არის ხალხი. ხანდახან მათ განგებ არ იყენებენ, რომ "არ დაიწვან", ხანდახან ისინი, როგორც ბერლინის მკვლელობის შემთხვევაში იყო, ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაში, მაგალითად, ამზადებენ თავდასხმას.

იქ ცხადი იყო, რომ ბერლინში იყო ხალხი, რომლებიც თავიდანვე ეხმარებოდნენ და ამზადებდნენ ამას. კრასიკოვი კი მხოლოდ ჩავიდა უკვე მომზადებულზე და უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. იმიტომ რომ მისთვის მსხვერპლს უკვე მიაკვლიეს. მისთვის ველოსიპედი უკვე გამზადებული იყო.

ხანდახან, მე ვფიქრობ, არ არის აუცილებელი რაღაც ადგილობრივ აგენტურას მიმართო. იმიტომ რომ ემელიან გებრევის შემთხვევაში, იქ სამი ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ როტაციის მეთოდით. ანუ, დაახლოებით ერთი კვირა უთვალთვალებდნენ, შემდეგ კი მომდევნო ჯგუფი ნადირობდა.

ასე რომ, სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მაგრამ ცხადია, რომ სავარაუდოდ, ეს ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია. მათ მსხვერპლისთვის უნდა მიეგნოთ.

დიდი ალბათობით, აქ შესაძლოა ყოფილიყო კიდევ ვიღაც ხალხი, ჰაკერები, რომლებიც მოიპოვებენ წვდომას მაგალითად, მიმოწერაზე და აქედან გამომდინარე, შეიტყობდნენ მსხვერპლის გეგმებს, ნახავდნენ, მაგალითად, ნაყიდ ბილეთებს.

ეს ძალიან დიდი სისტემაა. აი, მაგალითად, "გე-ერ-უს" (ГРУ - რუსეთის თავდაცვის უწყების საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველო) ინსტრუმენტების მთელი ნაკრები აქვს: ჰყავთ ჰაკერები, ჰყავთ ასევე მომწამვლელები, აქვთ თავიანთ კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ეხმარებიან ამ ნივთიერებების შემუშავებაში.

- რატომ იკარგება მათი ანალიზები, ვინც შეიძლებოდა მოეწამლათ? ეს ძალიან უცნაურია ევროპისთვის, სადაც ბიუროკრატია ყველაფერზე მაღლაა და თითოეული ქაღალდი აღნუსხულია.

- დიახ, მე ვთვლი, რომ ეს აღმაშფოთებელია. და ამავე დროს გასაკვირი აღარ არის, რადგან ასეთი რამ პირველად არ ხდება. დაიკარგა ემილიან გებრევის ანალიზები VERIFIN-ში, ფინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, სადაც ისინი უბრალოდ დაკარგეს. ასევე გაქრა ვლადიმირ კარა-მურზას მომწამვლელი ნივთიერების შესახებ მონაცემები. მას არაფერი უთხრეს და როცა სასამართლომ მოითხოვა დოკუმენტების გასაჯაროებაა, გამოქვეყნდა ყველაფერი, გარდა ნივთიერების დასახელებისა.

გერმანიაშიც დაიკარგა მონაცემები. ანუ აშკარაა, რომ გერმანიის სურვილი იყო არ გახმაურებულიყო ინფორმაცია, რადგან, ჩანს ასე თვლიდნენ საჭიროდ გამოძიების ინტერესებისთვის.

ანუ, ისინი ნიმუშებს იღებდნენ, იკვლევდნენ და ექიმებს სთხოვდნენ, არაფერი გაეთქვათ. ექიმები ამბობდნენ, რომ მათ ანალიზები არ აქვთ, თითქოს ისინი დაიკარგა. ჩვენ ჩვენი წყაროებისგან ვიცით, რომ ლაბორატორიული ანალიზები ჩატარდა, სულ მცირე კოსტიუჩენკრს და ბაბლოიანის შემთხვევაში და კოსტიუჩენკოს ნიმუშებში ნახეს რაღაც მაჩვენებელი, რომელიც ძალიან იყო აწეული ნორმასთან შედარებით, მაგრამ არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ერთსახოვანი დასკვნა გამოეტანათ, რომ სწორედ ეს ნივთიერება იყო მოწამვლის მიზეზი.

მივიდნენ შედეგამდე, რამაც ისინი ააღელვა, მაგრამ არ მისცა მათ შესაძლებლობა, საბოლოო დასკვნა გამოეტანათ, წყარო ამას გვაცნობებს. მან მოწამვლიდან რამდენიმე კვირის მერე ჩააბარა სისხლი.

რა შხამიც უნდა ყოფილიყო, თუნდაც დიქლორეთანი, მისი ძალიან მცირე რაოდენობა სისხლში დარჩებოდა. ამ ნივთიერების მეტაბოლიტი შეიძლებოდა ყოფილიყო და შეიძლებოდა მისი დაფიქსირება. პრინციპში, ორი კვირა ეს ის ვადაა, რომლის შემდეგ ძალიან ცოტა ნივთიერების მიგნება შეიძლება.

- თქვენ სტატიაში წერთ, რომ არ აქვეყნებთ გამოძიების მასალებს მანამდე, სანამ დადგენილი არ არიან დამნაშავეები, მაგრამ გადაწყვიტეთ ეს მონაცემები გამოგექვეყნებინათ, რათა რუსეთიდან წასული აქტივისტები და ჟურნალისტები გაგეფრთხილებინათ ამგვარი საფრთხის შესახებ. როგორ აფასებთ ამ საფრთხეს?

- საფრთხე საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამაზე დაგვეწერა და გამოგვექვეყნებინა ინფორმაცია მანამ, სანამ კუდით დავიჭერდეთ ამ „გერეუშნიკებსა“ და „ეფესბეშნიკებს" შორის რომელიმეს, ვინც მოწამვლით არის დაკავებული.

რუსეთიდან წასული ჟურნალისტების, მკვლევრების, აქტივისტების, არაკომერციული ორგანიზაციების სანქციების მომხრე წევრების უმეტესობას ჰქონდა განცდა, რომ ისინი მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ არიან, როცა ევროპის რომელიმე ქალაქის ცენტრში ხვდებიან ვინმეს და იქ სასტუმროში ცხოვრობენ. მათ ასეთი განცდა ჰქონდათ: რომ „ჩვენ ხომ არ ვართ სკრიპალის მსგავსი ჯაშუშები, ჩვენ არ ვმუშაობთ სამხედრო ობიექტებზე, არ ვაწვდით იარაღს უკრაინას, როგორც გებრევი, ანუ ჩვენ ვერ ვიქნებით კრემლის მნიშვნელოვანი სამიზნეები“. ახლა ცხადი გახდა, რომ არა, ისინი შეიძლება გახდნენ სამიზნე.

ეს ნიშნავს, რომ საჭიროა საკუთარ გრაფიკზე ფიქრი, რომ ის არ იყოს გარეშე მოთვალთვალისთვის წინასწარ განსაზღვრული. მე, ცხადია, მათზე ვლაპარაკობ, ვისაც აქვს საფუძველი საკუთარი უსაფრთხოების გამო შეშფოთებული იყოს.

გასაგებია, რომ ჩვეულებრივ ჟურნალისტებს ასე ცხოვრება არ შეუძლიათ, რომ მაგალითად, არ ჰქონდეთ ჩვევად ერთსა და იმავე დროს სავარჯიშოდ წასვლა. ასე იზრუნონ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბევრს არ შეუძლია. მაგრამ ნავალნის გუნდის ლიდერებს მართებთ ამაზე ფიქრი, ასევე მათ, ვინც სანქციებს ემხრობა. იმავე ნატალია არნოს კოლეგებმაც უნდა იფიქრონ ამაზე. ჩვენ ჩვენი სტატიით უბრალოდ გამოვედით მოწოდებით, ხალხმა ამას ყურადღება მიაქციოს.

XS
SM
MD
LG