საქართველოს ტელე-მედიაბაზარზე „გაზპრომ-მედიას“ შვილობილი კომპანია, თანამგზავრული ტელევიზია „ნტვ პლუსი“, „ნტვ პლუს ჯორჯიას“ სახელწოდებით, მაუწყებლობას იწყებს. „გაზპრომ- მედიის“ მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის თანახმად, „ნტვ პლუსი“ პირველი რუსული ციფრულ-თანამგზავრული ტელეოპერატორია, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ მაუწყებლობას საკუთარი ბრენდით განახორციელებს. „გაზპრომ-მედიაში“ არ მალავენ, რომ რუსული თანამგზავრული ტელევიზია საქართველოში საქმიანობის დაწყებას სოციალურ მისიად განიხილავს და მას მხოლოდ ბიზნესს არ უკავშირებს. რუსული საინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების შესაძლო გაზრდა კი საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის შემადგენლად აღიქმება. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილმა უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე -„არა ‘გაზპრომ-მედიის’ შვილობილ ‘ნტვ-პლუსს“.
„იქიდან გამომდინარე, რომ „ნტვ პლუსის“ მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ჰიბრიდული ომი არათუ განელდა, არამედ ახალ, საშიშ ეტაპზეა გადასული; ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე აღნიშნულია სუს-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში; ასევე იმის გამო, რომ „გაზპრომი“ შეტანილია აშშ-ის მიერ სანქციადადებული კომპანიების სიაში, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, გაითვალისწინონ ახალი რეალობები და გამოწვევები და გაუუქმონ რეგისტრაცია „ნტვ პლუსს“, როგორც კომპანიას, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია პეტიციაში.
ჩვენს კანონმდებლობაში - პირველ რიგში, ოკუპაციის შესახებ კანონში - არის ომის პროპაგანდის აკრძალვა და ასე შემდეგ. ანუ ანალიზი უნდა გაკეთდეს, არსებობს არაერთი კვლევა, მონიტორინგიც უნდა ჩატარდეს რამდენად ემუქრება ჩვენს რეალურ ღირებულებებს საფრთხე...მამუკა ანდღულაზე
„ნტვ პლუსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ განცხადებაში კი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ დიომინმა განმარტა, რომ „გეოგრაფიული ექსპანსია“ კომპანიის სტრატეგიულ ამოცანებში შედის. საქართველო თავისთავად პერსპექტიული ბაზარია, თუმცა მნიშვნელოვანია სოციალური მისიაც. მიხეილ დიომინი არ გამორიცხავს, რომ „ნტვ პლუსმა“ ციფრულ-თანამგზავრული მაუწყებლობა საქართველოს შემდეგ დსთ-ს ქვეყნებშიც დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახელმწიფო კომპანიის მედიაბაზარზე შემოსვლა საფრთხილო და სენსიტიური საკითხია, გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ფორმით ჩარევა მაინც მიუღებლად მიაჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერს, მამუკა ანდღულაძეს. იგი ამბობს, რომ პანიკური გარემოს შექმნაც მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს, თუმცა საჭიროა სიფხიზლე და დაკვირვება, ამოსავალი წერტილი კი უნდა იყოს ის, თუ რამდენად იქნება ტელემაუწყებელი რუსეთის პროპაგანდისტული მიზნების განმახორციელებელი და ხომ არ შეუწყობს ხელს საქართველოში რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციას:
“ჩვენს კანონმდებლობაში - პირველ რიგში, ოკუპაციის შესახებ კანონში - არის ომის პროპაგანდის აკრძალვა და ასე შემდეგ. ანუ ანალიზი უნდა გაკეთდეს, არსებობს არაერთი კვლევა, მონიტორინგიც უნდა ჩატარდეს რამდენად ემუქრება ჩვენს რეალურ ღირებულებებს საფრთხე, ხდება თუ არა ოკუპაციის ლეგიტიმაცია და სახელმწიფომ არსებული საკანონმდებლო რესურსი უნდა გამოიყენოს“.
მამუკა ანდღულაძე აქვე ამბობს, რომ საქართველოს ისედაც პოლარიზებულ მედიაბაზარზე დამატებითი დესტრუქციული ძალა შემოდის და განსაკუთრებული ყურადღება საფრთხეების თავიდან აცილების მიმართულებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ევალება.
კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის მიერ ცალკეული მედიასაშუალებებისათვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „ნტვ პლუსმა“ საქართველოში ავტორიზაცია 2016 წლის სექტემბერში გაიარა, ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად პროცედურები კი ჯერ დასრულებული არ არის. კერძოდ, მხოლოდ ავტორიზაციის საფუძველზე კომპანიას საქმიანობის დაწყება არ შეუძლია და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია აქვს გასავლელი. რეგისტრაციის გარეშე მას ავტორიზაციაც შეუჩერდება.
საინტერესოა ბიზნესმოდელი და დეტალები, როგორ აპირებს ოპერირებას, მაგრამ მე მაინც ძალიან მეეჭვება, რომ ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვეს მაგათ ამ შეთავაზებას თეფშებზე, იმიტომ რომ გადაჯერებულია ქართული ბაზარი ამ თეფშებით...უჩა სეთური
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლის პროცედურული ეტაპები ჯერ ბოლომდე გავლილი არ აქვს, „გაზპრომ-მედია“უკვე საქართველოში სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს - კერძოდ, ცნობილია, რომ მისი ადგილობრივი პარტნიორი იქნება „მედიაჯგუფი“, რომლის დირექტორი, დავით ნაკაშიძე, „გაზპრომ-მედიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსულ ტელეპროდუქციასა და რუსულ არხებზე მზარდი მოთხოვნაა და შეთავაზებაც ბევრ ქართველ მაყურებელს დააინტერესებს. „ნტვ პლუს ჯორჯია“, წინასწარი ინფორმაციით, თავიდან მაყურებელს არხების ორ პაკეტს შესთავაზებს. მათგან მცირე პაკეტში რუსული და უცხოური წარმოების 50-მდე სატელევიზიო არხი შევა, მეორე პაკეტი კი 90-ზე მეტ არხს გააერთიანებს. კომპანიის მიერ შეთავაზებულ არხებში 12 საინფორმაციო იქნება, 14 - შემეცნებითი, 22 - გასართობი, 27 - კინო და ასე შემდეგ. „ნტვ პლუს ჯორჯიას“ მიერ ქართველი მაყურებლისთვის შეთავაზებულ არხებს შორის 20-ზე მეტი უშუალოდ „გაზპრომ-მედიის“ პროდუქტი იქნება. მომხმარებლებს ქართული არხების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ. საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე წლის ბოლომდე კომპანია 30 000 აბონენტის მიზიდვას აპირებს.
ტელე-საკომუნიკაციო სფეროს ექსპერტი უჩა სეთური, ამ შეთავაზებების მიუხედავად, რუსული კომპანიის ქართულ ბაზარზე განვითარების პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებს:
რას ვუზამთ მაშინ ქართულენოვან მედიას, რომელიც ფარულად იგივეს აკეთებს?! აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი აკეთებდნენ, ცხადია, ჩვენს საქმეს და სახელმწიფოს ჰქონდეს სწორი პოლიტიკა ამ საფრთხეებთან მიმართებაში...თამარ კინწურაშვილი
“საინტერესოა ბიზნესმოდელი და დეტალები, როგორ აპირებს ოპერირებას, მაგრამ მე მაინც ძალიან მეეჭვება, რომ ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვეს მაგათ ამ შეთავაზებას თეფშებზე, იმიტომ რომ გადაჯერებულია ქართული ბაზარი ამ თეფშებით. ძალიან ბევრი თეფშია ბაზარზე და ამდენი აბონენტი არ არის. ჩემი ინფორმაციით, მთლიანობაში, 250 000-ია. აქედან ლეგალურია მაგთისატისა და გლობალის თეფშები.“
„მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი კი ამბობს, რომ რუსეთის ხელში ინფორმაცია რომ იარაღია და პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილია, მოცემულობაა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურადაც. თუმცა, შექმნილი ვითარების მიუხედავად, ინფორმაციის არხების შეზღუდვას გამოსავლად არც იგი მიიჩნევს:
“რას ვუზამთ მაშინ ქართულენოვან მედიას, რომელიც ფარულად იგივეს აკეთებს?! აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი აკეთებდნენ, ცხადია, ჩვენს საქმეს და სახელმწიფოს ჰქონდეს სწორი პოლიტიკა ამ საფრთხეებთან მიმართებაში და მყისიერად რეაგირებდეს, ვთქვათ, იმ გამოწვევაზე, თუნდაც, სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით, რომელიც არსებობს“.
საფრთხეებზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირების საკითხი, მათ შორის ჰიბრიდული ომის პირობებში, აქტუალობას არ კარგავს და ამაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშშიც, რომელიც პარლამენტში განსახილველადაა შესული. აქ აღნიშნულია, რომ საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის ფორმებს შორისაა პროპაგანდისტული მედიაკამპანიებისა და დეზინფორმაციის კომპონენტების გამოყენებაც. აღნიშნულია ისიც, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტული თემები საზოგადოებისათვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდების მიზნით მუშავდება.