ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ახალი მფლობელი და დირექტორი ჰყავს. ამ ცვლილებების განხორციელებას 18 ივლისს სულ რაღაც ხუთნახევარი საათი დასჭირდა. მოვლენების ათვლის წერტილი კი გახდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის დროით 12 საათზე გახდა ცნობილი. კერძოდ, „ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა, რომ:
- დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
- ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოს სასამართლოს არც ერთ ინსტანციაში;
- 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
- ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
- აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;
12:30 საათი - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი: “რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნა დამოკიდებულია არა სახელმწიფოზე, არამედ ტელეკომპანიის მესაკუთრეზე, კერძოდ ქიბარ ხალვაშზე.
13:00 საათი, ქიბარ ხალვაშის განცხადება: „დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო“, - ასე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში, რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე. ქიბარ ხალვაშის თანახმად:
- ნიკა გვარამია აღარ დარჩება არხის გენერალურ დირექტორად, არც ჟურნალისტად;
- ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია;
- ქიბარ ხალვაში არ აპირებს შეეხოს არხის სარედაქციო პოლიტიკას;
- გარანტირებული იქნება გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება;
- არ ჩაერევა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში;
- უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა;
- მზად არის გაითვალისწინოს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესები.
13:20 საათი, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადება:
- ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ტელეკომპანია;
- კატეგორიულად ვთვლით, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული „რუსთავი 2 „ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.
13:30 საათი, ნიკა გვარამიას ბრიფინგი: ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შოკისმომგვრელად ცუდ გადაწყვეტილებად შეაფასა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ტელეკომპანია საკუთარი ინტერესების დაცვას ევროსასამართლოს დიდ პალატაში გააგრძელებს: კერძოდ, ნიკა გვარამიას თანახმად,
- დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა;
- ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ გადაწყვეტილება სრულიად შეიცვალოს;
- გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულად დაშლას;
- კომპანიის წართმევა, ვიდრე არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა, ჩაითვლება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობად და რუსთავი 2-ში დამფუძნებლების შეცვლა იქნება უკანონო;
- კონტრაქტი, რომელიც აქვს ნიკა გვარამიას, არ არის დამოკიდებული დამფუძნებლების შეცვლაზე და მოიცავს დაცვის უმაღლეს გარანტიებს;
- თანამდებობას დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვენ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები
13:56 საათი - ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს ოფიციალური განცხადებით მიმართა და შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.
15:17 საათი - ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში აისახა.
რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს "პანორამაზეა" გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.
15:55 საათი - ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შესახებ. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამიას გადაყენებასა და მის ნაცვლად პაატა სალიას დანიშვნას.
მანამდე შედგა „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელშიც პრაქტიკულად მხოლოდ ქიბარ ხალვაში მონაწილეობდა, როგორც ერთობლივად კომპანიის 100%-ის მფლობელი.
რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს "პანორამაზეა" გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს. შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმზე ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა.
პარტნიორთა კრების დღის წესრიგის თანახმად, გადაწყდა, რომ:
- შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა ნიკა გვარამია;
- შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად დაინიშნა პაატა სალია.
17:20 საათი - ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცვლილება საჯარო რეესტრში აისახა. ამავე დოკუმენტით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამია ადვოკატ პაატა სალიათი ჩაანაცვლა.
20: 00 საათი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პოსტის გადასაბარებლად ტელევიზიაში მივიდა. დირექტორის მისაღებში პაატა სალიას ნიკა გვარამიამ კოლაბორაციონისტი უწოდა და უთხრა, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებდა. „მდივანსაც ვთხოვ, რომ ყავა არ გაგიკეთოთ. ახლა ვისაც გინდათ შეხვდი, მაგრამ ამ კაბინეტში ვერ შეგიშვებთ, ჯერჯერობით ჩემი პირადი სივრცეა“, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის ახალ დირექტორ პაატა სალიას, რომელიც ტელევიზიაში მენეჯმენტთან შესახვედრად მივიდა.
ნიკა გვარამიასთან შეუმდგარი საუბრის შემდეგ, პაატა სალიამ გადაინაცვლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის „ნიუსრუმში.“არხის თანამშრომლები მას დახვდნენ მოთხოვნებით, შეინარჩუნოს „რუსთავი2“-ის ყველა ის სახე, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას და უზრუნველყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა. პაატა სალიამ „რუსთავი 2“ - ში 18 ივლისს დაახლოებით საათნახევარი დაჰყო. ტელევიზიაში მისვლას იგი 19 ივლისს დილიდან გეგმავს.