რუსეთში 230-ს გადააჭარბა პოლიტპატიმრების რიცხვმა, რასაც თან სდევს სულ უფრო მეტი კანონის მიღება „ყოველდღიური ცხოვრების ქმედებათა კრიმინალიზაციის“ მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, სახელწოდებით „კრემლის პოლიტპატიმრები: მოწინააღმდეგეთა დევნა პოლიტიკური გეგმის შესასრულებლად“.
ანგარიში 29 აპრილს გამოაქვეყნა ვაშინგტონში დაფუძნებულმა საადვოკატო კომპანია Perseus Strategies-მა, რომელსაც დახმარება გაუწია რუსეთის წამყვანმა უფლებადმცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“.
ვინ არის დარტყმის ქვეშ
ანგარიშის თანახმად, დაპატიმრების საფრთხე, პირველ რიგში, ემუქრებათ მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. საფრთხეში არიან აგრეთვე უკრაინელი აქტივისტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ თემი. რუსეთში მოქმედებს კანონები, რომლებიც ხელისუფლებას აძლევს ნებისმიერი ადამიანის დაკავებისა და დაპატიმრების შესაძლებლობას, აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.
რისთვის შეიძლება დაისაჯო
ანგარიშში ჩამოთვლილია 2012 წლიდან მიღებული და შეცვლილი კანონები სისხლის სამართლის კოდექსიდან და ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსიდან. მათ საფუძველზე ისჯება:
- საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა საჯარო მასობრივი თავყრილობით;
- ცილისწამება;
- სახელმწიფო საიდუმლოს უკანონოდ მიღება;
- მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა;
- მცირეწლოვანებში „არატრადიციული“ სექსუალური ურთიერთობის პროპაგირება;
- საჯარო მოწოდება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ;
- მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ს ქმედებათა შესახებ არასწორი ინფორმაციის განზრახ გავრცელება;
- რუსეთის სამხედრო დიდების სიმბოლოთა საჯაროდ შეურაცხყოფა და სხვ.
„უცხოეთის აგენტები“ და „არასასურველი ორგანიზაციები“
ანგარიშში ყურადღება მახვილდება ორ კანონზე. 2012 წელს მიღებული კანონი რუსეთის ორგანიზაციებს ავალებს „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებას იუსტიციის სამინისტროში, თუ უცხოეთიდან აქვთ მიღებული დაფინანსება და ჩართული არიან „პოლიტიკურ საქმიანობაში“.
2015 წელს კი მიიღეს კანონი, რომელიც გენერალურ პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას ორგანიზაცია „არასასურველად“ გამოაცხადოს და აკრძალოს მისი საქმიანობა, თუ ჩათვლის, რომ ის საფრთხეს უქმნის „რუსეთის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და კონსტიტუციურ სისტემას“.
ორი სახე 230-ზე მეტი პოლიტპატიმრიდან
დღეს რუსეთში ყველაზე „სტაჟიან“ პოლიტპატიმრად მიჩნეულია ალექსეი პიჩუგინი, რომელიც 2003 წელს დააკავეს და მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. უფლებადამცველები მკაცრად აკრიტიკებენ ამ სასამართლო პროცესს. პიჩუგინი ხელმძღვანელობდა რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის, კომპანია „იუკოსის“ უშიშროების სამსახურს.
უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ტერაქტების მზადებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. მისი მხარდამჭერები ბრალდებას „აბსურდულსა“ და „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ.