Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის „უცხოეთის აგენტი“ რუსეთში


რუსეთის დუმა
რუსეთის დუმა

ამ კვირაში რუსეთში გაიზარდა „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი. რუსეთის მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა, მაგალითად, „მემორიალი“, რომელიც 1987 წლიდან იკვლევს საბჭოთა ტოტალიტარიზმს და რუსეთში წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიეკუთვნება.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაამატა არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთგვარ „შავ სიას“. „უცხოეთის აგენტების“ უკვე 11- წევრიან სიაში მოხვედრილი „მემორიალი“ (ალბათ, ყველაზე ცნობილი ამ ორგანიზაციებს შორის) სიაში მის „იძულებით ჩართვაზე“ საუბრობს და შიშობს, რომ საქმიანობის შეზღუდვა მოელის.

„დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ორგანიზაცია, მათ შორის ისინიც, რომლებიც აქამდე შეიყვანეს სიაში მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ხელს უწყობენ მოქალაქეთა უფლებების დაცვას“, - ვკითხულობთ მემორიალის განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრომ 21 ივლისს უცხოეთის აგენტებს დაამატა ორგანიზაციები „აგორა“, „საზოგადოებრივი ვერდიქტი“, „იურიკსი“, „ეკოზაშჩიტა“ და ზემოხსენებული „მემორიალი“ და ეს გააკეთა 2013 წელს მიღებული კანონის შესაბამისად. სადავო კანონი „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს ორგანიზაციებს, თუ ისინი საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონი გასაჩივრებული აქვთ, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო მაინც ზრდის სიას.

„ორგანიზაციები ახლა ათჯერ აწონ-დაწონიან, სანამ რამეს გამოაქვეყნებენ. ამ სიაში შეყვანა მნიშვნელოვნად ზღუდავს ორგანიზაციის საქმიანობას, სწორედ საჯაროობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჩვენი რადიოს რუსულენოვან სამსახურთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატმა, ფურკატ ტიშაევმა.

კანონით, ყოველ საჯარო განცხადებას (წერილობითსაც და ზეპირსაც) უნდა ახლდეს განმარტება, რომ განცხადების ავტორი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც „ასრულებს უცხოეთის აგენტის ფუნქციებს“.

„ისე კი არ არის, რომ საჯაროდ გამოსვლა არ შეუძლიათ! უბრალოდ, ყოველი საჯარო გამოსვლისას ვალდებული არიან აღნიშნონ: „მე ვარ „უცხოეთის აგენტი“ ორგანიზაციის წარმომადგენელი“, - ამბობს ადვოკატი კირილ კარატაევი.

ჩვენი რადიო „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდა, მაგრამ მათ უარი თქვეს კომენტარზე, რადგან ჯერ არ დაუსრულებიათ მუშაობა თავიანთი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის ახალ წესებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე ევალებათ, მთავრობას წელიწადში ორჯერ ჩააბარონ ანგარიში თავიანთი საქმიანობისა და ხელმძღვანელების შესახებ, წელიწადში ოთხჯერ წარუდგინონ დოკუმენტები ფინანსურ და სხვა სახის დახმარებაზე, რომელსაც უცხოეთიდან იღებენ. თავის მხრივ, მთავრობა მათ ყოველ წელს ჩაუტარებს აუდიტს.

ადვოკატ კირილ კარატაევის განმარტებით, კანონი მძიმე ტვირთია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. მისი მრავალრიცხოვანი მოთხოვნების შესრულებას დიდი შრომა და ფინანსური რესურსები სჭირდება. შეუსრულებლობა კი ჯარიმას მოასწავებს.

„რასაკვირველია, ხალხი დარჩება და შეეცდება გააგრძელოს თავისი საქმის კეთება, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება შექმნილ პირობებში. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოახდენენ ლიკვიდაციას ან ახალი ფორმით რეგისტრაციას, ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება და ძალიან ართულებს ძირითადი საქმის კეთებას - დახმარების გაწევას სხვებისათვის, ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთათვის“, -განმარტავს ადვოკატი კირილ კარატაევი.

22 ივლისს, ანუ ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხუთი ორგანიზაცია დაამატა „უცხოეთის აგენტების“ სიას, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დიდი ადგილი დაუთმო ქვეყნისთვის სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე საუბარს: „რასაკვირველია, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს აქტიური პოზიცია, რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე, შეჰქონდეს თავისი წვლილი რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პროფილაქტიკაში. სწორედ სამოქალაქო საზოგადოებისაგან მოველით ქმედით დახმარებას სახელმწიფო მართვის სისტემის სრულყოფაში ნაციონალური პოლიტიკის სფეროში და, რაც მთავარია, ახალგაზრდების აღზრდაში პატრიოტიზმისა და სამშობლოს ბედზე პასუხისმგებლობის სულისკვეთებით“.

XS
SM
MD
LG