პრემიერის ჰობი
რუსეთის ახალ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს საქმით მოუწევს დაამტკიცოს, როგორი პოლიტიკოსი, ეკონომისტი, მენეჯერი და ფინანსისტია და უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ნაკლები დრო დარჩება თავისი ჰობისთვის. როგორც რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ იტყობინება, მიშუსტინი კომპოზიტორობით არის გატაცებული და მან რუსეთში პოპულარული მომღერლის, ქართული წარმოშობის გრიგორი ლეპსისთვის ორი სიმღერა დაწერა. გამოცემა ამ ინფორმაციას ავრცელებს მიშუსტინის გარემოცვის წყაროზე დაყრდნობით.
რუსეთის საავტორო საზოგადოების რეესტრში მითითებულია, რომ პირი ამ გვარით და სახელით, მიხაილ ვლადიმირის ძე მიშუსტინი, არის სიმღერების „Зола“-ს და „Настоящая женщина“-ს ავტორი.
„ვედომოსტის“ რესპონდენტი ამტკიცებს, რომ პრემიერის და იმ პირის დაბადების თარიღი, რომელიც რეესტრშია მითითებული, ასევე ემთხვევა. ლეპსის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ პრემიერი სიმღერების ავტორია და აცხადებენ, რომ ის მხოლოდ მოგვარეა მიშუსტინის. ტელეარხ „პოდიომთან“ საუბარში გრიგორი ლეპსმა, იმავე გრიგორი ლეფსვერიძემ, თქვა, რომ არავითარი კავშირი არა აქვს მიშუსტინს მუსიკასთან და ჭორები უწოდა გავრცელებულ ცნობას.
მაგრამ, ლეპსის სიმღერების თანაავტორმა, მწერალმა და პოეტმა ალექსანდრ ვულიხმა დაადასტურა, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა დაწერა მუსიკა „Зола-სა“ და „Настоящая женщина“-სთვის. მისი თქმით, მუსიკის შექმნა მიშუსტინის ჰობია, რომელზეც ის არ ლაპარაკობს.
იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის ახალი პრემიერი მართლაც არის მუსიკის ავტორი, გამოცემა „ვედომოსტიმ“ მიაგნო 2012 წლის დოკუმენტს. მასში რუსეთის „Сбербанк“-ის ხელმძღვანელი, გერმან გრეფი, დაბადების 46-ე წელს ულოცავს მიშუსტინს. გრეფი მიხაილ მიშუსტინს მოიხსენიებს კომპოზიტორად, რომელიც „შესანიშნავ მუსიკას ქმნის“ და აცხადებს, რომ მისი ზოგიერთი სიმღერა ჰიტად გადაიქცა.
„ვედომოსტის“ თანახმად, მიშუსტინი, ამასთან, თურმე ერთობა, ყოველ შემთხვევაში აქამდე ერთობოდა, რუსული შაირების - „ჩასტუშკების“, მოკლე სიმღერებისა და სატირული ლექსების წერითაც.
პრემიერის პოსტი
პრეზიდენტ პუტინის მიერ პრემიერ-მინისტრად 15 იანვარს წარდგენილი 53 წლის მიხაილ მიშუსტინი 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის საგადასახადო სამსახურს.
მიშუსტინს ვერ უწოდებ საჯარო პოლიტიკოსს, თავის შეხედულებებს ის ნაკლებად ამჟღავნებს. სამაგიეროდ, რუსეთის ახალი პრემიერი ცნობილია იმით, რომ დავალებებს განსაკუთრებული ეფექტიანობით ასრულებს.
15 იანვარს გადადგა ფედერალური მთავრობა პრემიერ-მინისტრ მედვედევის ხელმძღვანელობით.
მთავრობის გადადგომას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიმართვა ფედერალური კრებისადმი, რომელსაც გააცნო სახელისუფლებო სისტემის შეცვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა.
ინიციატივა რადიკალურად შეცვლის სახელმწიფოს მმართველობის სისტემას რუსეთში. 15 იანვარს ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, კონსტიტუციით განისაზღვროს სახელმწიფო საბჭოს სტატუსი, სახელმწიფო სათათბიროს კი მიენიჭოს უფლება, დაამტკიცოს არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, არამედ მინისტრებიც. გარდა ამისა, კონსტიტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტად არ შეიძლება ერთი პირის არჩევა ზედიზედ ორზე მეტი ვადით. პუტინის რედაქციით, კონსტიტუციიდან ამოვარდება სიტყვა „ზედიზედ“. თუ, რა თქმა უნდა, ხალხი არ იქნება წინააღმდეგი, შენიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
რუსეთის სათათბირო, ცხადია, არ შეწინააღმდეგებია პრეზიდენტს და 16 იანვარს მიშუსტინი მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცა. ახალ პრემიერს მიიჩნევენ ყოფილი პრემიერის ანტიპოდად. რუსი მიმომხილველების თქმით, დმიტრი მედვედევი გამოირჩეოდა ბუნდოვანი, ცხოვრებისგან მოწყვეტილი თეორიებით, რომლებსაც არ მოჰყვებოდა არავითარი საქმე. მიშუსტინს ვერ უწოდებ საჯარო პოლიტიკოსს, თავის შეხედულებებს ის ნაკლებად ამჟღავნებს. სამაგიეროდ, რუსეთის ახალი პრემიერი ცნობილია იმით, რომ დავალებებს განსაკუთრებული ეფექტიანობით ასრულებს. წარმატებულად მიიჩნევა მისი საქმიანობა საგადასახადო სამსახურში, სადაც მან შეძლო არა მხოლოდ რადიკალურად შეეცვალა გადასახადების აკრეფის ეფექტიანობა, არამედ შექმნა სისტემა, რომელსაც არ გამოეპარება არც ერთი კომერციული ქმედება ქვეყანაში.
და, ამასთან, მისი უწყება რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წინწასული სამსახურია დიგიტალიზაციის მხრივ. ამას ნაწილობრივ იმითაც ხსნიან, რომ მიშუსტინმა 90-იან წლებში პროფესიული საქმიანობა დაიწყო საერთაშორისო საკომპიუტერო კლუბში. და შემდგომაც ამ საქმემ მიიყვანა ის „ახალგაზრდა რეფორმატორების“ გზით სერგეი კირიენკოს მთავრობაში.
მიშუსტინი არაა უცხო სამეცნიერო წრეებშიც. მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა პრეზიდენტთან არსებულ რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემიაში და იყო ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი. რუსეთის ახალი პრემიერი ერთხანს ჩართული იყო საინვესტიციო ბიზნესში და ბოლოს, 2010 წელს, ჯერ კიდევ კუდრინის დროს, მთავრობაში დაბრუნდა საგადასახადო სამსახურის უფროსად.
შეძლებს თუ არა ასპროცენტიანი ტექნოკრატი, დასახული ნებისმიერი ამოცანის შემსრულებელი პირი, იმ ამოცანის შესრულებასაც, რომელზეც მისი წინამორბედი 2007 წლიდან ლაპარაკობს, ანუ სახელმწიფო პროექტების განხორციელებას და ქვეყნის მოდერნიზებაში გარღვევას, გამოჩნდება. ისევე, როგორც ის, რამდენად მიანიჭებენ მას უფლებამოსილებას, განახორციელოს ეს იდეები.
პრემიერის ცოლი
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიშუსტინის დანიშვნას ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნისა და მის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდისაგან“ მოჰყვა მოწოდება, რომ „დაუყოვნებლივ“ გამოამზეუროს იმის დეტალები, თუ როგორ მოახერხა მიშუსტინის ცოლმა ასობით მილიონი რუბლის მოგროვება, რაც თავის დეკლარაციაში აქვს აღნიშნული. დეკლარაციის თანახმად, ბოლო 9 წელიწადში მან 800 მილიონი რუბლი, დაახლოებით, 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. როგორც ნავალნი წერს, ვლადლენა მიშუსტინას სახელზე არ არის გაფორმებული არც ერთი მოქმედი იურიდიული პირი, ანუ კომპანია. მის შესახებ ვერაფერს იპოვით ინტერნეტში, რაც ნავალნის აფიქრებინებს, რომ ძნელი იქნებოდა ასეთი თანხის გამომუშავება კანონიერი გზებით.
ვლადლენა ქმარზე ათი წლით უმცროსია, 1976 წელსაა დაბადებული. დეკლარაციის თანახმად, 2012-2018 წლებში მან გამოიმუშავა ქმარზე ოთხჯერ მეტი თანხა. ღია წყაროების თანახმად, ის 2008 წელს რეგისტრაციაში გატარდა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე. მოგვიანებით მისი მთავარი საქმიანობა იყო „საცეკვაო მოედნები, დისკოთეკები და ცეკვის სკოლები“. როგორც ჟურნალისტი ანასტასია გორშკოვა წერს, 2012 წელს ამ ბიზნესს მან თავი დაანება. ჟურნალისტის მონაცემებით, 2002 წლიდან ის იყო საერთაშორისო საკომპიუტერო კლუბის აქციების 50 პროცენტის მფლობელი. ეს ის კლუბია, სადაც თავის დროზე მუშაობდა მისი ქმარი. ჟურნალისტის აზრით, ამ საქმიანობასაც არ შეეძლო მოეტანა მიშუსტინასთვის დიდი შემოსავალი.
2016 წელს, Forbes-ის თანახმად, მიშუსტინის ცოლი რუსეთის მოხელეთა წარმატებული ცოლების სიაში მეცხრე ადგილზე იყო (2014 წლის მონაცემებით). მაგრამ, ჟურნალს არ მოჰყავს დასტური იმისა, მართლა მუშაობდა თუ არა ვლადლენა მიშუსტინა UFG-ის საინვესტიციო ფონდში, რომლის პრეზიდენტი იყო რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი 2010 წლამდე, სახელმწიფო სამსახურში გადასვლამდე. არ არის ცნობილი, ისევ საქმიანობს თუ არა მიშუსტინა დღეს ამ ფონდში.
პრემიერის შვილები, ქონება, "ტრენდული" გატაცებები
„ტრანსპარენსი ინტერნეშენელის“ რუსეთის განყოფილების დირექტორის მოადგილე, ილია შუმანოვი, ლაპარაკობს ერთ ფაქტზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ შვილს, ალექსანდრს ეხება: ის შვეიცარიაში ელიტურ „Institut Le Rosey-ში“ სწავლობს, სასწავლებელში, რომელიც დაამთავრეს ირანის შაჰმა, სხვადასხვა ტახტის მემკვიდრეებმა და ევროპის ელიტამ.
გამოცემა „პროექტი“ წერს მიშუსტინის უძრავ ქონებაზე და იმაზე, თუ როგორ გადააფორმა მან მოსკოვის გარეუბანში საკუთარი სახლი თავის ვაჟებზე, რომელთა სახელები იმალება დასახელება „რუსეთის ფედერაციის“ უკან. ეს პირადი ინფორმაციის დაცვა ანტიკორუფციული გამოძიების დროს გვხვდება ხოლმე, ამბობს ილია შუმანოვი, რომელიც მიშუსტინის ჰოკეისთან და რელიგიასთან კავშირსაც იხსენებს, როგორც პოლიტიკურ ტრენდს რუსეთში - ჰოკეი ხომ პუტინის გატაცებაცაა. შუმანოვი ამბობს, რომ ჩანს, ახალ პრემიერს კარგი კავშირები აქვს ძალოვან სტრუქტურებთან, მაგრამ, მისი ვარაუდით, მიშუსტინი საკმაოდ სუსტი, ტექნიკური ფიგურაა გარდამავალ პერიოდში.