„რუსებო! რუსებო!“ - ამ სიტყვას სკანდირებენ დემონსტრანტები, რომლებიც თბილისში პარლამენტის წინ აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის მომზადებულ „აგენტების შესახებ კანონს“, სხვა სიტყვებით, „რუსულ კანონს“, რომელიც რუსეთის „უცხოელი აგენტების“ კანონის მსგავსია და მიმართულია იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას.
„რუსებო!“ – იულია ვიშნევეცკაიას ფილმის სათაურში გამოტანილი ეს სიტყვა მიემართება როგორც პოლიციელებს, რომლებიც არბევენ საპროტესტო აქციებს, ასევე ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულს უწოდებს.
თუმცა, ამ სიტყვას - „რუსებო"-ს - საკუთარ თავზე იღებს ბევრი რუსი ემიგრანტი, რომელიც თავს აფარებს საქართველოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ესენი არიან დევნილი პოლიტიკური აქტივისტები, მობილიზაციას გამოქცეულები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან პუტინის პოლიტიკას. საქართველოში მათ მიმართ ფრთხილი და ხშირად აშკარად უარყოფითი დამოკიდებულებაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსეთიდან არიან.
„ქართველები მაგარი ხალხია, ნეტავ ასე იყოს რუსეთშიც, მაგრამ ასევე ვგრძნობ, რომ ცოტათი სხვა მხარეს ვირიყები. ყვირიან „რუსებო! რუსებო!“ - ეს ხომ ფაქტობრივად მე ვარ“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი ემიგრანტი.
კამათი ქართველ აქტივისტსა და რუს ემიგრანტს შორის
იულია ვიშნევეცკაიას დოკუმენტური ფილმი იწყება ქართველი აქტივისტი ქალისა და რუსი ემიგრანტი მამაკაცის დიალოგით, უფრო ზუსტად, კამათით. ადგილობრივი აქტივისტი ლაპარაკობს რუსი ემიგრანტების მოზღვავებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე.
„ქუჩაში მივდივარ, ვხედავ ჩემკენ რუსი მოდის. რა ვიცი, იქნებ ხვალ რუსული ფორმა გადაიცვას და მესროლოს. მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ფული არ ჰქონდათ, გამოიქცნენ და აქ რაღაც სამსახურის შოვნა შეძლეს. მაგრამ ისინი, ვისაც ფული აქვთ და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლოთ წასვლა, რატომ ჩამოვიდნენ აქ? ხინკალს ჭამენ, სულ ამაზე ლაპარაკობენ, ფეისბუკზე აქვეყნებენ ფოტოებს, როგორ „გულაობენ“. გაუგებარია, მათ რატომ დატოვეს რუსეთი. უბრალოდ კომპანიისთვის“.
პასუხად თბილისში მცხოვრები რუსი ემიგრანტი ამბობს, რომ „უბრალოდ ისე“ სახლს არავინ დატოვებდა და, რომ რუსეთში დარჩენის ფასი, სულ ცოტა, ციხეში ჩასმა იქნებოდა, ციხეში, სადაც ადამიანებს შვაბრებით აუპატიურებენ.
„ასეთი პერსპექტივა არ შეგაშინებდათ?“ - ეკითხება იგი ქართველ აქტივისტ ქალს, რომლის თქმითაც, მას ყველაფერი შესანიშნავად ესმის:
„ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, საყვარელი აგარაკები და ა.შ. მაგრამ ეს საერთოდ არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას. მე არსად არ გავიქცეოდი. იქნებ ჩემი შვილი გამეშვა, რომ მობილიზაცია არ შეხებოდა, თვითონ კი დავრჩებოდი და ბრძოლას გავაგრძელებდი.
აი, ნავალნის არ შეეშინდა, დაბრუნდა და სწორადაც მოიქცა, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მერე მოხდა. დაბრუნების შემდეგ დავიწყე მისი პატივისცემა, იცოდა, რომ ციხეში ჩასვამდნენ და მოკლავდნენ, მაგრამ მაინც დაბრუნდა. მე არავის მოვუწოდებ, რომ დაბრუნდეს და ციხეში მოკვდეს, მაგრამ ის ადამიანი სწორად მოიქცა. ამან სრულიად გაამართლა ჩემს თვალში“.
თბილისში მცხოვრები რუსი ემიგრანტი კი ამბობს, რომ მისთვის ცოცხალი ადამიანი უფრო ღირებულია, ვიდრე სიმბოლური.
„დიახ, უფრო ძვირფასია, ვიდრე მკვდარი, რომელსაც რაღაცის გაკეთება სურდა, - ამბობს ის, - არ ვარ მზად, ჩემი სიცოცხლით გადავიხადო... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მაცოფებს ეს. როცა იცი, რომ არის პუტინი, რომელიც შენზე ათჯერ ძლიერია, რომელსაც შეუძლია დაგმართოს ყველაფერი; როცა ადამიანები, რომლებსაც პატივს სცემ, რომლებსაც კარგად იცნობ, ციხეში იხოცებიან - შენ კი მოდიხარ [საქართველოში], და გეუბნებიან: ”რაღაც ცუდად ირჯებით, ჩვენ გვინდა, რომ გაიმარჯვოთ, მაგრამ თქვენ რაღაც არც ისე კარგად გინდათ”. უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება სერიოზულად თქვა ეს. ძალიან მწყინს, როცა ამას მეუბნებიან“.
„თქვენმა ქვეყანამ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინა“, - ეუბნება ქალი.
„მე არ ვაგებ პასუხს ჩემს ქვეყანაზე“, - უპასუხებს რუსი ემიგრანტი.
„სამაგიეროდ ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენს ქვეყანაზე, ამაშია განსხვავება, - ამბობს ქართველი აქტივისტი, - რა გეწყინა? 300 წელია ამის გაკეთების უფლებას აძლევთ თქვენ ყველანი, ბევრნი ხართ, ჩვენ კი ცოტანი ვართ. თქვენ 300 წელია უფლებას აძლევთ თქვენს ქვეყანას, რომ ოკუპაცია მოახდინოს. შენ ახლა ყველას მაგივრად ლაპარაკობ.
ჩვენი ხელისუფლება ნეხვია და ჩვენც 12 წელია ნეხვში ვსხედვართ და ვებრძვით მას. გული ჩემზე კი არა, შენს რუსებზე უნდა მოგივიდეს. მე არ გებრძვი შენ, მე ვებრძვი როგორც ჩვენს, ასევე თქვენს რეჟიმს. ყველაფერი წაგვართვეს. წამართვეს ის ადგილი, სადაც ბავშვობიდან მოყოლებული სულ ჩავდიოდი. ვტიროდი, ვიდექი და ვტიროდი, რადგან იქ რუსები იდგნენ ავტომატებით. ეს არის ჩემი ცხოვრება, ასე ვცხოვრობთ მრავალი წელია“.
„ჩვენც ყველაფერი წაგვართვეს, შეგიძლიათ გაიგოთ?“ - კითხულობს რუსი ემიგრანტი.
„არა, არ შემიძლია, - უპასუხებს ქართველი აქტივისტი, - თქვენთვის არაფერი წაურთმევიათ. გამართეთ საპროტესტო აქცია, როცა 2008 წელს დაგვბომბეს და საქართველოს ტერიტორიები მიიტაცეს? ეს სახლი ზანზარებდა, რადგან აქვე, მახლობლად ბომბი ჩამოაგდეს. შემდეგ სამი თვე მაღლა ცაში ვუყურებდი, თვითმფრინავი ხომ არ მოფრინავდა. საშინელება იყო. ამიტომ, მშვენივრად მესმის უკრაინელების. ჩვენ გავიმარჯვებთ“.
რუს ემიგრანტს არ სჯერა დიდ და ბოროტ რუსეთზე გამარჯვების. „სიკეთის რწმენა ფუფუნებაა, - ამბობს ის, - რომლის უფლება გარკვეულ მომენტამდე შეგიძლია მისცე საკუთარ თავს. ჩვენ უკვე მივედით იქამდე, როცა, სამწუხაროდ, ამის ფუფუნება აღარ გვაქვს“.
მონოლოგები
იულია ვიშნევეცკაიას ფილმის "რუსებო" კიდევ ერთი გმირი როსტოვიდან გამოქცეული საშუალო ასაკის ქალია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და ბინების დალაგებით ირჩენს თავს.
„არ მაშფოთებს, როცა ისინი ყვირიან, რუსული კანონიო... სიტყვა „რუსმა“ შეიძინა ნეგატიური ელფერი, ეს, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ ასეთი დროა“, - ამბობს ქალი, რომელიც არ უჩივის საქმის ნაკლებობას:
„ფაქტობრივად, ჩვენ გასტარბაიტერები ვართ. მოსწონთ რუსი დამლაგებლები, მშენებლები და ა.შ. ანუ ადამიანები, რომელთა სამუშაოს ხარისხი ძალიან მაღალია. თუ კარგად ალაგებ, არ გექნება პრობლემა შეკვეთებთან დაკავშირებით. მე უფრო მეტს გამოვიმუშავებ, ვიდრე მაგალითად რომელიმე მასწავლებელი... მითხრეს, რომ აქ პენსია 400 ლარია. ერთ კვირაში შემიძლია ამდენი გამოვიმუშაო. ჩემი ერთი მეწყვილე ქართველი მასწავლებელია. შეთავსებით მუშაობს ჩემთან ერთად. ამბობს, რომ ამ საქმით უფრო მეტს შოულობს, ვიდრე მასწავლებლობით“.
ემიგრანტი ქალი ამბობს, რომ რუსეთში აუდიტორად მუშაობდა, ვიდრე პოლიტიკური აქტივიზმის გამო მტრების სიაში არ შეიტანეს:
„ФСБ-ს ხალხი საგანგებოდ დადიოდა ორგანიზაციებში და მეც ამის შემდეგ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ბოლო საქმე, ბოლო წვეთი იყო, როცა მუსიკოსი მოკლეს როსტოვის სპეცმიმღებში. დაიჭირეს იმისთვის, რომ ანტისაომარ ფურცლებს აკრავდა. სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ამბობდა, მომკლავენ და ჩემს სხეულს ვერავინ იპოვისო. სასამართლოში მიყვანამდე ელექტროშოკერით აწამეს. ადვოკატმა რომ მიაკითხა, უკვე მკვდარი იყო. თავი ჰქონდა მთლიანად გალურჯებული. მკერდზე ჰქონდა წარწერა: „დაურეკეთ დედაჩემსა და ჩემს დას“. და ტელეფონის ნომერი.
მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს, დილით ჩემთან და ადვოკატთან მოვიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად ფე-ეს-ბეს ხალხი შავი ნიღბებით, იარაღით... ჩაატარეს ჩხრეკა და წასვლისას მითხრეს, იმედია მეტჯერ არ გნახავთო. მაშინვე მოვაგროვე საცვლები, მაისურები, ჯინსები და დავტოვე რუსეთი. თავიდან ჰოსტელში ვცხოვრობდი, ფული გამოლევაზე მქონდა. დამეწყო პანიკა, სახლში პენსიონერი დედა დავტოვე. ერთმა ბიჭმა, რომელიც სახლებს ალაგებდა, წამიყვანა და ერთ დღეში, რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ ავიღე თანხა, რომლითაც შეიძლებოდა ცხოვრება და არსებობა“.
ფილმის კიდევ ერთი გმირი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ასევე თბილისში ცხოვრობს და დურგლობით ირჩენს თავს:
„ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ნიჟნი ნოვგოროდში გავატარე, ბოლო 10 წელი ვცხოვრობდი პეტერბურგში. ვიყავი დურგალი, ზეინკალი, ვაშენებდი გემებს და ვაკეთებდი ყველანაირ რემონტს. ვმონაწილეობდი ანარქისტულ, ანტიფაშისტურ, ეკოლოგიურ მოძრაობებში. შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტპატიმრების დახმარებაში გადაიზარდა. ბოლო წვეთი იყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ საზღვრები ჩაიკეტებოდა - მივხვდი, რომ სანამ შესაძლებელი იყო, უნდა წავსულიყავი რუსეთიდან. იმედი მქონდა, რომ რეჟიმი ამდენს ვერ გაუძლებდა, იქნებოდა მასობრივი გაფიცვები და ა.შ. მაგრამ ბრაწი“.
რუსი ემიგრანტი თავის ვრცელ მონოლოგში ამბობს, რომ საქართველოში სერიოზული უმუშევრობაა, შემოსავლებიც ბევრად დაბალია, ვიდრე რუსეთში.
„IT სპეციალისტი ამოიჩრის იღლიაში ლეპტოპს, ფულს კრიპტოვალუტაში გადაიტანს და სულ ეს არის, მე კი სახელოსნო მჭირდება, დაზგები, - ამბობს რუსი ემიგრანტი, - პატარა ბიჭი აღარ ვარ, თუ მთელი ცხოვრება ჩარხავ და ბურღავ, წელში გაწყდები. უკან დაბრუნებაც შეუძლებელია. თუკი ასეთი არჩევანი გააკეთე, გინდა-არ გინდა, ბოლომდე უნდა მიაწვე“.
სამუშაოსა და ანაზღაურებისგან განსხვავებით, როგორც რუსი პოლიტიკური ემიგრანტი ამბობს, თავისუფლების, ბუნების, ისტორიისა და ადამიანის უფლებების სიყვარულის თვალსაზრისით მისთვის საქართველოში ყველაფერი მისაღებია. თუმცა იქვე შენიშნავს „ფაუსტიდან“ ციტატის მოშველიებით, რომ მას აღიქვამენ უცხო ძალად, რომ იგი არის „ნაწილი იმ დიად ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის“.
„ქართველებს აქვთ განცდა, რომ მათ მახლობლადაა ძალიან გავლენიანი ძალა, რომელსაც აქვს დიდი წონა და, რომელიც მათ მიმართ მტრულადაა განწყობილი. შესაბამისად, შენ შეიძლება იყო აღქმული ამ საფრთხის ნაწილად. ეს განცდა არსებობს, ნამდვილად არსებობს, მათ შორის ძალიან მეგობრულად განწყობილ ადამიანებშიც კი. მყავს ადგილობრივი მეგობრები, რომლებიც ნორმალურად მექცევიან, მეუბნებიან, შენში არ არის იმპერიულობაო. მაგრამ ესაა ქვეყანა, რომელიც რუსეთის აგრესიას განიცდის დამოუკიდებლობის დაწყებიდან და ეს გარემოება არსებითად არასოდეს შეწყვეტილა - ხან მინავლდებოდა, ხანაც გაღვივდებოდა. შეუძლებელია გქონდეს მოლოდინი, რომ ასეთ ქვეყანაში მთლიანად გაითქვიფები საზოგადოებაში. ბიჭების ნაწილი აქ აპირებს დარჩენას, მე კი არ მგონია ეს განსაკუთრებით შესაძლებელი იყოს“, - ამბობს ფილმის გმირი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უბნის მაღაზიაში ყიდულობს რძეს, რამდენიმე ქართულ სიტყვას ეუბნება გამყიდველ ქალს და შემდეგ განმარტავს:
„თუ თვალში შეგასხეს წიწაკის სპრეი, რძე გიშველის. რძე ახდენს მომწამვლელი ნივთიერების ეფექტის შემცირებას, როგორც მაალოქსი დამწვრობისას, კარგია თვალების გამოსარეცხად“.
შემდეგ გადის რუსთაველზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. გვიან ღამემდე რჩება იქ მომიტინგეებთან და ამბობს:
„თუნდაც ამ ქვეყნისადმი მადლიერების გამო, რომ გვიტანენ უკვე ორი წელია, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ხალხის გამოსვლებს თავისუფლებისთვის. საერთოდ, ანარქისტებს აქვთ ასეთი პრინციპი: ყოველთვის ჩაგრულების მხარეს და მჩაგვრელთა წინააღმდეგ. არცერთ ქვეყანას არ ვუსურვებ ისეთსავე ბედს, როგორიც რუსეთს აქვს, რომ ისეთივე იდიოტური რეჟიმი დამყარდეს აქ - ეს აბსოლუტურად არავის სჭირდება, არც ქართველებს და არც ჩვენ“.
საუბრის დროს ფონად შემოდის რიტმული შეძახილი: „არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!“, რომელსაც ხმას აყოლებს ფილმის გმირიც, მაგრამ მალევე შეძახილს „არა რუსულ კანონს!“ ცვლის უფრო ხმამაღალი შეძახილი: „რუ-სე-ბო! რუ-სე-ბო!“, რაზეც ფილმის გმირს სევდიანად ეღიმება, თუმცა აგრძელებს საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიგებში დგომას.
ფორუმი