73 წლის ამირანს*, ომის ვეტერანსა და ძალოვანი უწყების ყოფილ თანამშრომელს, პენსია, 660 ლარი, ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხება. დარწმუნებული იყო, რომ იანვრიდან, პენსიას, ნაცვლად 660 ლარისა, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, 1000 ლარამდე აიღებდა. ამ ფულის იმედად გეგმავდა თებერვლიდან პერიოდული სამუშაოც აღარ აეღო, თუმცა, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“:
„ჩემმა მეგობრებმა და ყოფილმა კოლეგებმაც დამირეკეს, აინტერესებთ, რა ხდება. ყველა ველოდით, რომ ჩვენი პენსია იანვრიდან გაიზრდებოდა, მაგრამ ბანკომატებთან მისულები დავრჩით ყურებჩამოყრილები. თუ იანვრიდან არ აპირებდნენ პენსიის მომატებას, მაშინ ზუსტი ინფორმაცია უნდა გაევრცელებინათ და ფუჭი მოლოდინი არ გაეჩინათ ჩვენთვის“.
სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები, ომის ვეტერანები, ფეისბუკზე ერთმანეთს ეკითხებიან, ვინ რამხელა პენსია აიღო იანვარში.
„11 იანვარს ჩამერიცხა პენსია არაფერი არ მომმატებია, 560+100. 41-წლიანი სტაჟი, პოლკოვნიკი“;
„არ მომატებულა, ვნახე ახლა, მაგრამ წუწუნი არ მიყვარს, ცხელ ხაზზეც ჩემი ნაყიდი ტყვიებით მივდიოდი. არა უშავს. ალბათ თვის ბოლოდან იქნება“;
„მიიღებენ კანონს და გაიზრდება საპენსიო თანხა. ზოგს გაუხდება 400, 500, 600, 700, 800, 900 და 1000 ლარი. ესაა ზედა ზღვარი. ამის ზევით ვერ მიიღებს ვერც გენერალი და ვერც უფროსი ოფიცერი“,
„საპენსიოში რომ ვიკითხე, მითხრეს, ჯერ არავითარ გაზრდაზე ინფორმაცია არ მიგვიღია, დაელოდეთ მაისის თვესო“.
"მე რამდენადაც ვიცი, იანვარში ვიღებთ დეკემბრის თვის პენსიას. შესაბამისად, მომატებას გავიგებთ თებერვალში, როდესაც იანვრის პენსია დაირიცხება. მე ჯერ არ ამიღია, 15-ში უნდა დამერიცხოს, მარა რატომღაც ესე ველოდები".
რატომ ელოდნენ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას იანვრიდან?
2023 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას თქვა, რომ 2024 წელს ძალოვანი უწყებების თანამშრომელების პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდებოდა:
„...ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები ანუ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 560 ლარი იყო პენსიის მაქსიმალური ზღვარი და 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, ეტაპობრივად, ყოველ წელს, გვინდა, შემოსავლის მიხედვით, გაიზარდოს“.
პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია თარიღი, 2024 წლის რომელი თვიდან გაიზრდებოდა ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსია - იქნებოდა ეს იანვარი, ივლისი თუ, მაგალითად, სექტემბერი.
იმის გამო, რომ ასაკობრივი პენსია წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც იანვრიდან გაიზარდა, ძალოვანი უწყებების ყოფილმა თანამშრომლებმაც ჩათვალეს, რომ პრემიერ-მინისტრი დაპირების გაცემისას სწორედ 2024 წლის იანვარს გულისხმობდა:
„ჩემმა ცოლმა იანვრის დასაწყისში 20 ლარით გაზრდილი პენსია აიღო. ალბათ ამიტომაც გვქონდა მოლოდინი მეც და ჩემს ყოფილ კოლეგებსაც, რომ იანვარში უკვე გაზრდილი პენსია დაგვერიცხებოდა“, - მეუბნება ამირანი.
საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის გამოიყო 7 829,2 მლნ ლარი.
ეს თანხა შეიცავს 2024 წლიდან პენსიის ზრდისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს.
2024 წლის იანვრიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარი გახდა.
70 წლამდე მოქალაქეების პენსია გაიზარდა 20 ლარით, 315 ლარამდე.
ამ დოკუმენტის თანახმადვე, სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების ზედა ზღვარი 560 ლარის ნაცვლად, 1000 ლარი გახდება. სწორედ ეს ჩანაწერი მოიცავს ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთათვის პენსიის ზრდის დაპირებას. თუმცა, მანამდე პარლამენტს მთავრობის კანონპროექტი აქვს დასამტკიცებელი.
გაიზრდება? და თუ კი, როდის?
სოციალური მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიების მატების შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი. რა ეტაპზეა კანონპროექტის განხილვა არ იციან.
კანონპროექტი რომ ნამდვილად პარლამენტშია და ახლა ის ჯერ ბიუროზე წარდგენას, შემდეგ საკომიტეტო განხილვებსა და მოსმენებს ელის, ამას გვიდასტურებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე:
„როგორც კი კანონპროექტი გაივლის პროცედურებს ბიუროსთან და ბიურო ჩათვლის, რომ მზად არის განხილვებისთვის, დიდი ალბათობით, კომიტეტებს პირველივე ბიუროს სხდომაზე დაგვეწერება. სავარაუდოდ, უკვე თებერვლის პირველ რიცხვებში“.
პაატა კვიჟინაძე ვარაუდობს, რომ გაზრდილ პენსიას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები გაზაფხულზე, აპრილიდან ან მაისიდან მიიღებენ.
ცვლილებები კი უნდა შევიდეს კანონში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. კანონი 2005 წელსაა მიღებული, რომლის მეშვიდე მუხლშიც წერია, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
„18 წლის განმავლობაში კანონი ასე მოქმედებდა. 2024 წლიდან, ეს ზღვარი აიწევა 1000 ლარამდე. გარდა ზღვრის აწევისა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, იცვლება დაანგარიშების პირობები და ესეც აისახება პენსიის ზრდის მაჩვენებელზე“, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, შარშან 22 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა კომპენსაციებსა და აკადემიურ სტიპენდიებს. მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოების, სამოქალაქო ავიაციის, სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლები, ომის ვეტერანები და მარჩენალდაკარგულები.
*სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით.