Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მამას ღია მწვანე პულოვერი ჩამოვუტანე“ - პენსიონერები ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში


- „მე ასე მახსოვს, პანდემია რო დაიწყო, პენსიის ჩარიცხვის თარიღები მაშინ გადაანაწილეს და იმის მერე რიგები აღარ დგას ხოლმე, ეგრე არაა?“

- „ეგრეა, კი. ჰა, ჰა, სამი-ოთხი კაცი იდგეს. მე ბანკში მაქვს საქმე და აქ იმიტომ მოვედი, თორე ისე, სახლთან არის ბანკომატი და იქიდან გამომაქვს ხოლმე“, - მპასუხობს 70 წლამდე ქალი და აგრძელებს:

- „სესხის გამოტანა მინდა. გამათბობელი გაფუჭდა. იმ დღეს ხელოსანი მოვიყვანე, თითქოს შეაკეთა, მაგრამ, თუ საშუალება გაქვს, გამოცვალე, მთლად უსაფრთხო არ არისო“.

ვაჟაზე, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალთან, კანტიკუნტად ჩანან პენსიის ასაღებად მისული ხანდაზმულები. ამასობაში ისწავლეს, როგორ გამოიტანონ ბანკომატებიდან პენსია და აღარ სჭირდებათ ბანკში მისვლა და რიგში დგომა პენსიის, სამი ასეული ლარის ასაღებად.

სამი ასეული ლარი, მაინც ხმამაღალი ნათქვამია - თითქმის ყოველ მეორე პენსიონერს სესხი აქვს აღებული, ანუ, ბანკის მევალეა და თან საკმაოდ მაღალ პროცენტში.

საპენსიო სესხის განაკვეთი 2017 წლამდე 100%-მდეც კი ადიოდა. მერე თანდათან შემცირდა და დღეს 26%-ია.

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 808 ათასი პენსიონერია აღრიცხული და მათგან 354 397 ათასი სესხს იღებს.

რაში მეყოფოდა ჩემი პენსია?

ლია 68 წლისაა. პენსია სრულად ერთადერთხელ აიღო, რვა წლის წინ, 60 წლის რომ გახდა და პირველი პენსია, 160 ლარი მიიღო. პენსიის ასაღებად ბანკში მისულს, მაშინვე შესთავაზეს სესხის აღება: „თუ გსურთ, მომდევნო თვის პენსიაც შეგიძლიათ გაიტანოთო, მაგრამ მაშინ არ მჭირდებოდა და უარი ვუთხარი“, - მიყვება ლია.

თუმცა, ლია, მომდევნო თვეს, ბანკში პენსიასთან ერთად სესხის ასაღებადაც დაბრუნდა: „მაცივარი გაფუჭდა. თან ზაფხული იყო. უმაცივროდ ვერ ვიქნებოდით. ამიტომ ვიფიქრე, ვისესხებ-მეთქი ბანკისგან. ის იყო და ის, მას მერე აღარ ამიღია სრული პენსია“.

პირველ სესხს ლიამ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი დაამატა. მომდევნო წლებში კიდევ ერთი. ყოველ სესხს გადაუდებელი აუცილებლობის გამო ვიღებდიო. ბოლო სესხი ბანკისგან 2023 წლის შემოდგომაზე გამოიტანა:

ლია, 68 წლის
ლია, 68 წლის

„ახლა შეიძლება თქვათ, ეს დამატებითი ვალი მაინც არ აგეღოთო, მაგრამ უნდა ამეღო. ნათესავი გარდაიცვალა. ძალიან ახლობელი. ფული უნდა დაგვედო. იმ მომენტში, ნამდვილად არ მქონდა ხელზე თანხა და იძულებული გავხდი, ისევ ბანკიდან გამომეტანა ფული - 300 ლარამდე“.

თუკი ლია ისევ არ დაიმატებს ბანკის სესხს, ვალი, რომელიც ახლა 1900 ლარს შეადგენს, 2027 წლამდე უნდა დაფაროს: „ჩემი სრული პენსია 295 ლარია. თუმცა, ხელზე მხოლოდ 220 ლარს ვიღებ. დანარჩენი სესხში მიდის“.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაწილობრივ აკრძალა პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება. ბანკებს აეკრძალათ სესხის იმ პენსიონერებისთვის შეთავაზება, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსია ან/და სოციალური შემწეობაა. მათი განმარტებით, ცვლილებების მიზანია „მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან“.

ლიამ ეს ამბავი ჩვენგან გაიგო: „ანუ, რო დამჭირდეს, სესხს აღარ მომცემენ?“ - მეკითხება: „თუ მარტო რეკლამაზეა ლაპარაკი, კი ბატონო, ნუ იქნება რეკლამა. მაგრამ ხანდახან პენსიონერი ისეთ გამოუვალ სიტუაციაშია იმ კონკრეტულ მომენტში, რომ მხოლოდ ამ სესხში შეიძლება იყოს ხსნა“.

პენსიონერია ლიას ქმარიც. ქრონიკული, გულსისხლძარღვთა დაავადებით, რომელსაც ყოველთვიურად 120 ლარის მედიკამენტი სჭირდება. ბანკის ვალი აქვს მასაც: „შვილები გვყავს, ისინიც გვეხმარებიან, მაგრამ ყველაფერზე შვილებს ხო ვერ შეაწუხებ?“, - მეუბნება ლია, რომელსაც ვთხოვ, მითხრას, როგორ გაიტანდა თავს თვიდან თვემდე 220 ლარით, შვილები რომ არ ეხმარებოდნენ:

„როგორ? მე რომ ჩემი ქმრის მსგავსად ქრონიკული დაავადება მქონდეს და თვეში 120 ლარის წამალი მჭირდებოდეს, იმ 220 ლარიდან, 120 ლარი წამლებში წავიდოდა. დამრჩებოდა 100 ლარი. რას ვიყიდიდი 100 ლარად? პურს, შაქარს, მაკარონს, ზეთს ვიყიდიდი, ჩაის. რა თქმა უნდა, ვერც ხორცის ყიდვის უფლებას მივცემდი თავს, ვერც ყველის, ვერც ხილის. პლიუს ამას, კომუნალურები. როგორ ვიქნებოდი და სულს ძლივს გავატანდი ალბათ ორი კვირა“.

პენსია საქართველოში - 2012-2023 წლები

2023 წელს საქართველოში პენსიონერთა 71% ქალია, 29% კაცი. ეს დიდი სხვაობა ორი მნიშვნელოვანი გარემოებითაა განპირობებული - ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკში გადიან, კაცები - 65-ის. კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 67.5 წელია, ქალების - 75.4.

2012 წელს საქართველოში პენსია 125 ლარი იყო, წელს, 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარია, 70 წელს ზემოთ პირებისთვის კი - 365. თუ პენსიონერი მთაში ცხოვრობს, მისი პენსია რამდენიმე ათეული ლარით მეტია.

ლამარა აბჟანდაძის პეტიცია - გაგვიორმაგეთ პენსია

ბლოგერმა, ლამარა აბჟანდაძემ სექტემბერში პეტიცია დაწერა და მთავრობასა და პარლამენტს პენსიის გაორმაგება მოსთხოვა. პეტიციას 5735 ადამიანი აწერს ხელს.

პენსიონერი და ბლოგერი, 92 წლის ლამარა აბჟანდაძე
პენსიონერი და ბლოგერი, 92 წლის ლამარა აბჟანდაძე

ლამარა აბჟანდაძე დიდუბეში ცხოვრობს. მისი აივნის ქვეშ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი დიდი ურნა დგას.

„ვუყურებ ხოლმე ურნაში გადაკიდებულ მოხუცებს, გადაყრილ ტანსაცმელს და საჭმლის ნარჩენებს ეძებენ. რატომ უნდა ქექავდეს ნაგვის ბუნკერს პენსიონერი საკუთარ ქვეყანაში? პეტიციაც ამიტომ დავწერე, იქნებ შერცხვეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ასეთ მათხოვრულ პენსიაზე რომ ცხოვრობენ მათ ქვეყანაში ადამიანები. დღეს ისეთი ფასებია, არც გაორმაგებული პენსია გეყოფა, მაგრამ პირველ ეტაპზე მაინც, ამით თუ დაგვაკმაყოფილებენ, ესეც მადლი იქნება, ცოტა სულს მოითქვამენ პენსიონერები“, - მეუბნება ლამარა აბჟანდაძე.

ლამარა 92 წლისაა და ამიტომ მისი პენსია დღეს 365 ლარია. ოჯახთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. არც საპენსიო სესხი აქვს, ანუ, კუთვნილ პენსიას სრულად იღებს. რომ არა ოჯახი, პენსია მედიკამენტებშიც არ ეყოფოდა:

„ამ თანხით ჩემი წნევის წამლებსაც კი ვერ ვიყიდი. მოხუცებულობაში რომ შედიხარ, მხოლოდ ერთი წამალი აღარ გყოფნის. და მხოლოდ წამლები ხომ არ არის ჩვენი ცხოვრება? მოხუცებულს ნორმალური კვება სჭირდება. საჭმლის გარდა სხვა რამეც ხომ გინდა? მე რომ მარტო ვცხოვრობდე, კომუნალურების გადახდაც მომიწევდა. ვიცნობ პენსიონერებს, რომლებიც ზამთარში სიცივეში სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ შუქის ფული, გაზის ფული დაზოგონ“.

ქართველი პენსიონერი ამერიკაში

65 წლის თინა ჩოხელმა, ქმართან და უმცროს შვილთან ერთად ამერიკაში თითქმის 11 წელი იცხოვრა. 15 წლის წინ ოჯახმა „მწვანე ბარათის“ პროგრამაში გაიმარჯვა, ასე მიიღო ვიზა ამერიკაში საცხოვრებლად და 2008 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.

საქართველოში 2019 წელს დაბრუნდნენ. თინა დღეს თბილისში ცხოვრობს, თუმცა ამერიკის მოქალაქეა. ამერიკის მოქალაქე იყო მისი ქმარიც.

თინა ჩოხელმა ამერიკაში ლეგალურად რვა წელი იმუშავა. კიდევ ორი წლის სამუშაო სტაჟი რომ ჰქონოდა, „ამერიკულ პენსიას“ (სულ მცირე, $800 თვეში) აქაც აიღებდა. ხანდახან ახლაც ფიქრობს ხოლმე, იქნებ ისევ დაბრუნეს ორი წლით სამუშაოდ ამერიკაში, მაგრამ მარტო წასვლა ვეღარ გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ თინას ქმარი გარდაეცვალა:

„რამდენჯერმე რომ ვთქვი, იქნებ წავიდე-მეთქი, შვილებმა უარი მითხრეს. მამა რომ ცოცხალი იყოს და ერთად მიდიოდეთ, კიდევ არა უშავსო, მაგრამ მარტოს აღარ მიშვებენ“, - მეუბნება თინა.

თინას ქმარი საპენსიო ასაკის ამერიკის შეერთებულ შტატებში გახდა. რაკი მას ოფიციალურ სამსახურში არ უმუშავია, როგორც კი საპენსიო ასაკმა მოუწია, სოციალურმა სამსახურმა პენსია დაუნიშნა და ბინა მისცა:

თინა და მისი ქმარი, რეზო, ამერიკაში, მაიამი.
თინა და მისი ქმარი, რეზო, ამერიკაში, მაიამი.

„ჩემი ქმრის შემოსავალი არ იბეგრებოდა და, შესაბამისად, ის ვერც იმ პენსიას მიიღებდა, რომელიც სტაჟის მიხედვით ინიშნება. ამიტომ მას სოციალურმა სამსახურმა დაუნიშნა პენსია, 800 დოლარი. უფასოდ მოგვცეს ოროთახიანი ბინა, ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ საფერნიში. ამის გარდა, ყოველთვიურად, ბარათზე, Food Stamps, გვერიცხებოდა 400 დოლარი, რითიც ნებისმიერ მაღაზიაში შეგვეძლო საკვები პროდუქტის შეძენა. დღესაც რომ ჩავიდე ამერიკაში, მივიდე სოციალურ სამსახურში და განვაცხადო, რომ ვარ პენსიონერი და არ ვმუშაობ, მაშინვე ამიყვანენ აღრიცხვაზე, მომცემენ საცხოვრებელს და დამინიშნავენ პენსიას 800 დოლარს, მომცემენ სამედიცინო დაზღვევას“.

როგორც თინა ჰყვება, დიდი სამუშაო სტაჟისა და მაღალი ხელფასის პირობებში, ამერიკელების პენსია რამდენიმე ათას დოლარსაც კი შეადგენს:

„მათთვის, რა თქმა უნდა, სრულიად უცხოა ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოში აქვთ პენსიონერებს. რამდენ ადამიანს ვიცნობთ, რომლებმაც მთელი ცხოვრება იშრომეს და დღეს, საკუთარი პენსიით, ნორმალური საკვების ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ. გული მიკვდება ხოლმე, ქუჩაში ჩამომდგარ მოხუცებს რომ ვხედავ, ზოგი ლიმონს ყიდის, ზოგი იძულებულია მოწყალება ითხოვოს“.

რატომ არ ჩანან ჩვენთან „ფერადი მოხუცები“?

პედიატრი ქეთი ლობჟანიძე წლებია პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. დამღლელი და რთული სამუშაო დღის შემდეგ, ხშირად გადის პარიზის ქუჩებში და, როგორც თვითონ ამბობს, „პაპარაცობანას თამაშობს“. ვის უღებს? ხანდაზმულებს - ზოგი რომ კაფეში ზის ჭიქა ღვინით ხელში, ზოგი მეგობრებთან ერთად სეირნობს, ზოგს სპორტ-დარბაზში აგვიანდება, ზოგი კი ფერად-ფერად ტანსაცმელს ირგებს პატარ-პატარა პარიზულ მაღაზიებში.

ქეთი ლობჟანიძე
ქეთი ლობჟანიძე

„აქ ასეთი ადამიანების საბადოა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საბჭოთა მენტალიტეტით გავიზარდეთ და მოხუცები მხოლოდ ცხოვრებისგან დაღლილი, ავადმყოფი, სახლში გამოკეტილი ადამიანები გვგონია. აქ პენსიონერები ახალ ცხოვრებას იწყებენ“, - მეუბნება ქეთი, რომლისთვისაც საფრანგეთში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებზე დაკვირვება ჰობად იქცა:

„წარმოიდგინეთ ჩემი გაოგნება, როცა პირველად შევესწარი ერთ-ერთი ბრენდის "ბუტიკში", როგორ არჩევდა 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ტანსაცმელს. ქმარი იქვე იჯდა და ცოლი ირგებდა ვარდისფერ შარვალსა და პიჯაკს და თან ქმარს ეკითხებოდა, ეს ჯობია თუ ის კაბა, წეღან რომ მეცვაო. მაშინ ვერაფრით წარმომედგინა ასეთი რამ. თან რომ გავიაზრე, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა საზოგადოების დიდ ნაწილს საქართველოში ამ სცენის მიმართ - უიმე, რაღა დროს ამათი პრანჭვა და გრეხაა“.

ფრანგი წყვილი პარიზში
ფრანგი წყვილი პარიზში

ქეთი ექიმია და კარგად იცის, რა სჭირდება ხანდაზმულ ადამიანს იმისთვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივოს ცხოვრების წლები:

„სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვები. აქ პენსიონერები სისტემატურად იღებენ ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, თევზს, რძის ნაწარმს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. დადიან სავარჯიშო დარბაზებში. თუ დარბაზში სიარული არ უნდათ, მაშინ აუცილებლად სეირნობენ და არ აქვს მნიშვნელობა ამინდს. იციან, რომ მოძრაობა მათთვის მთავარია. მთავარია მათთვის სოციალიზაციაც. ამიტომ, ძალიან ხშირად ნახავთ აქ კაფეებში ჩამომსხდარ ხანდაზმულ ადამიანებს“, - მეუბნება ის და პარალელს ავლებს საქართველოში მცხოვრებ პენსიონერებთან:

„მათთვის პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი მიუღწეველი ფუფუნებაა. რომელ სიამოვნებაზე უნდა იფიქრონ, როცა პენსიას ვერ აწვდენენ წამალსაც კი. ასაკში ყველას სჭირდება წამალი, განსაკუთრებით, თუკი საქმე ქრონიკულ დაავადებებს ეხება. საქართველოში ბევრი მედიკამენტი ანაზღაურებადი არ არის. წამალს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული საკვების ფულიც კი“.

ქალი პარიზის ერთ-ერთ კაფეში
ქალი პარიზის ერთ-ერთ კაფეში

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქეთიმ პარიზის ქუჩებში ხანდაზმული ადამიანების გადაღება და მათი ფოტოების სოციალურ ქსელში გაზიარება დაიწყო, მისი თქმით, ეს იყო მცდელობა, ცოტათი მაინც შეეცვალა საქართველოში პოსტსაბჭოთა რეტროგრადული მენტალიტეტი:

„კიდევ უფრო დამთრგუნველია, თავად ასაკოვანი ადამიანების დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. ისინი ნორმად თვლიან, რომ საკუთარი ცხოვრება ბოლომდე უნდა შესწირონ ჯერ შვილებს, შემდეგ შვილიშვილებს. ძალიან ცუდი სიტყვაა, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ადამიანები არიან გამოყენებულები. ამ ადამიანებზე არ ზრუნავს სახელმწიფო, სათანადოდ ვერ ზრუნავენ მათზე ოჯახის წევრები“.

ასე ცდილობდა ქეთი მამის შეცვლასაც, რომელიც ორი წლის წინ კოვიდით გარდაიცვალა:

„პირველად რომ ჩამოვუტანე პარიზიდან ღია მწვანე პულოვერი, მორიდებით მკითხა, შეიძლება, რომ ჩემს ასაკში ასეთი ფერი ჩავიცვაო? მერე მიეჩვია და კიდევ უფრო ღია ფერის ტანსაცმელი ჩამომქონდა და ძალიან თავმომწონედ ეცვა ხოლმე. მამასთანაც და დედასთანაც სულ მქონდა კამათი, გასულიყვნენ სახლიდან, წასულიყვნენ მეგობრებთან, მაგრამ ის მენტალიტეტი, რომ მოხუცი სახლში უნდა იჯდეს და არავინ შეაწუხოს, მაინც ვერ დაძლიეს“.

გუჯა ლობჟანიძე, ქეთი ლობჟანიძის მამა, 2019 წელი, ბათუმი
გუჯა ლობჟანიძე, ქეთი ლობჟანიძის მამა, 2019 წელი, ბათუმი

ქეთიმ იცის, რომ არა ის და მისი ძმა, მშობლები, რომლებმაც წლები შესწირეს საქმეს, საკუთარი პენსიით საჭირო მედიკამენტების შეძენასაც კი ვერ შეძლებდნენ:

„დედა წლების განმავლობაში, ერთ-ერთ დიდ საწარმოში, ჯერ დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ მთავარი ბუღალტერი. მამა მთავარი ინჟინერი იყო. ისინი წლები მუშაობდნენ საპასუხისმგებლო სამსახურებში, შრომობდნენ თავდაუზოგავად, მაგრამ მათი პენსია გაუტოლეს იმ ადამიანების პენსიას, რომლებსაც ერთი დღეც კი არ უმუშავიათ“.

ქეთი ამბობს, რომ არ ეშინია არც სიბერის და არც პენსიაში გასვლის. ამის მიზეზს კი ასაკიანი კოლეგები აძლევენ:

„მშვიდად ვარ, რომ ვუყურებ ჩემს კოლეგებს, რომლებიც მალე პენსიაში გადიან. ამ ადამიანებისთვის რომ მოგასმენინათ, როგორ გეგმავენ ცხოვრებას პენსიაზე გასვლის შემდეგ. აქ პენსიაც ღირსეული აქვთ და, რაც მთავარია, თითქმის ვერ ნახავთ პენსიონერს, რომელსაც დანაზოგი არ აქვს. ასე რომ, მათ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ როცა მოისურვებენ, კაფეშიც ჩამოსხდნენ ჭიქა ღვინოსა და ყავაზე და სალონებშიც იარონ თავის მოსაწესრიგებლად“.

2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, პენსიონერებს და სოციალური დახმარების ამღებ პირებს ბანკისგან ნასესხები აქვთ 401 331 743 ლარი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ბანკის მევალე პენსიონერები ამბობენ, რომ მათ სესხი გადაუდებელი აუცილებლობის გამო აიღეს.​

XS
SM
MD
LG