Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფეხსაცმელებიც იყო, დღიურიც, პატარა ჩანთაც“ - როგორ შეგროვდა სტიქიის ზონაში მტკიცებულებები


შოვის სიახლოვეს ნაპოვნი მაისური. პოვნის დრო 12 აგვისტო, 14:47 წუთი
შოვის სიახლოვეს ნაპოვნი მაისური. პოვნის დრო 12 აგვისტო, 14:47 წუთი

შოვში, სტიქიის ზონაში ნამყოფი მოხალისეები ჰყვებიან, რომ შოვში ნაპოვნ ნივთებს, არა გამომძიებლები, არამედ მაშველები აგროვებდნენ. როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმის მასალები ამ მონათხრობს ადასტურებს - გამოძიება არ იყო დაინტერესებული შემთხვევის ადგილის შესწავლით და ადგილზე მტკიცებულებების მოპოვებით.

„ძალიან ბევრი ადამიანი პოულობდა იქ ნივთებს, რასაც რაღაცის თქმა შეეძლო. ფეხსაცმელები იყო, დღიურიც იყო უახლესი ჩანაწერებით, ჩანთა იყო ტანსაცმლით, პატარა ჩანთა. ერთხელ მანქანის ნაწილები იპოვეს, ისეთ მომენტში, რომ იქ არავინ იყო [მოქალაქეების გარდა]”, - უყვება სტიქიის შემდგომ შოვზე საუბრისას რადიო თავისუფლებას აკაკი სპანდერაშვილი.

ის რაჭაში 4 აგვისტოს ავიდა დაკარგული მეგობრების ამბის გასაგებად და მათი მშობლების გასამხნევებლად. შოვში აკაკის სამი მეგობარი დაიღუპა. დავით ბერიაშვილი, სოფი და გიორგი ყარალაშვილები შოვის კოტეჯებში ერთად ისვენებდნენ - მათი ცხედრების მოსაძებნად მაშველებს რამდენიმე დღე დასჭირდათ.

აკაკი და მისი მეგობრები რაჭაში 4 აგვისტოს სწორედ იმ მიზნით წავიდნენ, რომ მათი დაკარგული მეგობრების მშობლები მარტო არ ყოფილიყვნენ იმ დროის განმავლობაში, სანამ შვილების ამბავს გაიგებდნენ. 4 აგვისტოსაც და შემდეგ დღეებშიც სტიქიის ზონაში შესვლა დაკარგულების ოჯახის წევრებისთვისაც კი აკრძალული იყო - ბოლო წერტილი, სადაც მისვლა შეიძლებოდა, გლოლიდან შოვისკენ მიმავალ გზაზე მდგარი წითელი ჯვრის კარავი იყო. აქ დატოვა აკაკიმ მეგობრების მშობლები 5 აგვისტოს და შეიპარა იმ ადგილის სანახავად, სადაც მისი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ.

„ზემოდან რომ გადავხედეთ და დავინახეთ რაც ხდებოდა, მივხვდით… აღარაფრის იმედი აღარ უნდა გვქონოდა. მანამდე ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ტყეში ასულიყვნენ, [კოტეჯებში] არ ყოფილიყვნენ იმ მომენტში. ისეთი დიდი ტყე არ იყო, რომ იქ შესულიყვნენ და დაკარგულიყვნენ. აღმართიც იმხელა იყო, რომ მაქსიმუმ 100-200 მეტრზე ასულიყვნენ და იქ დარჩებოდნენ, არსად აღარ წავიდოდნენ და იქ უკვე მაშველებიც იპოვიდნენ”, - გვიყვება აკაკი.

აკაკი სპანდერაშვილს რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი შოვის სიახლოვეს პირველად 5 აგვისტოს შეხვდა.
აკაკი სპანდერაშვილს რადიო თავისუფლების გადამღები ჯგუფი შოვის სიახლოვეს პირველად 5 აგვისტოს შეხვდა.

აკაკიმ და მისმა მეგობრებმა იმის დასადგენად, სად შეიძლება ყოფილიყვნენ ღვარცოფის მოვარდნისას მისი მეგობრები, მათი სოციალური მედიის ანგარიშები და ელექტრონული მიმოწერა შეისწავლეს. გეოლოკაცია აჩვენებდა, რომ სტიქიის მომენტში გიორგი გლოლაში უნდა ყოფილიყო. სწორედ გლოლის სიახლოვეს იპოვეს მაშველებმა მოგვიანებით მისი მანქანა. ღვარცოფული მასით დაფარულ ჭალაში აკაკიმ 5 აგვისტოს რამდენიმე საათი გაატარა იმ იმედით, რომ კოტეჯების სიახლოვეს მეგობრების კვალს იპოვიდა.

„მეგობარმა დამირეკა, ზემოთ ვიპოვეთ რაღაცები, მანქანის ნაწილები, მანდ ვინმეს უთხარი სამაშველოს, აქ არავინ არის, რომ ვუთხრათო. მე აქ პირველი ვინც შემხვდა, პოლიციელი, იმას რომ ვუთხარი, იმან გამიშვა თავის უფროსთან. უფროსს რომ ვუთხარი, იმან მომიშორა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ჯარისკაცებს უთხარიო. ჯარისკაცებთან მივედი, იმათ სამაშველოსთან გამიშვეს. ყველა გვიშორებდა თავიდან და ერთმანეთთან საერთოდ არ ქონდათ კოორდინაცია”, - ჰყვება აკაკი.

მოქალაქე სტიქიის ზონაში ნაპოვნ დაზიანებულ მანქანასთან. 6 აგვისტო, 2023 წელი
მოქალაქე სტიქიის ზონაში ნაპოვნ დაზიანებულ მანქანასთან. 6 აგვისტო, 2023 წელი

საუბარში აკაკი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ სტიქიის ეპიცენტრში მეორე დღეს სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. ყველა, ვინც აკაკის მსგავსად შოვში საკუთარი ინიციატივით და იქ დაკარგულების და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად მიდიოდა, სტიქიის ადგილზე შემოვლითი გზებით, ფარულად შედიოდა. სახელმწიფო შოვში ღვარცოფის მოვარდნის პირველივე დღიდან ამტკიცებს, რომ ყველაფერი საკმარისი ჰქონდა ვითარების სამართავად და არც სხვა ქვეყნებიდან შვეულმფრენების და მაშველების დახმარება და არც საკუთარი მოქალაქეებისგან მოხალისეობრივი სამუშაო არ სჭირდებოდა.

„ეგ კი არ შეცვლიდა იმას, რომ მეორე დღეს ვინმეს ცოცხალს იპოვიდნენ, მაგრამ ცხედრებს მაინც იპოვიდნენ მალე. კოტეჯებთან სულ 6 ადამიანი მუშაობდა, 6 ჩვეულებრივი მოხალისე არჭობდა ჯოხებს ტალახში იმის დასადგენად, ქვემოთ რა იყო. ეს ჩარჭობილი ჯოხებიც ალაგ-ალაგ იყო.

რომ გაიხედავდი, 2-3 კილომეტრში სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. ძირითადად ხალხი იყვნენ კიდეებზე გადანაწილებული, სადაც რაღაც ნივთებს პოულობდნენ, მაგრამ შუაში, კოტეჯებთან, სადაც წესით უნდა ყოფილიყვნენ ჩამარხულები, იქ ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობდა და ალბათ ამიტომაც გაიწელა ასე ცხედრების პოვნა. იმასაც ვერავინ იტყვის, რომ მოხალისეების ჩართვა არ იყო საჭირო, რამდენიმე ადამიანი ჩვეულებრივმა ადამიანებმა იპოვეს.

რო გავიგე, რომ გიორგის მანქანა გლოლასთან იპოვეს, ჩავედი ქვემოთ და ამ გზაზე რომ მივდიოდი, იქ არავინ არ იყო. მარტო დავდიოდი და ვეძებდი ტალახში”, - ამბობს აკაკი.

მისი გარდაცვლილი მეგობარი, დავით ბერიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაშველებმა იპოვეს. დავითი 8 აგვისტოს დაკრძალეს. დღეს დავითის დედა სახელმწიფოს სთხოვს, გააფართოოს გამოძიების კვალიფიკაცია და ისიც იკვლიოს, მიატოვა თუ არა სახელმწიფომ მოქალაქეები განსაცდელში. მოგვიანებით იპოვეს მაშველებმა აკაკის კიდევ ორი მეგობრის, და-ძმა, სოფი და გიორგი ყარალაშვილების ცხედრები. ისინი 12 აგვისტოს დაკრძალეს.

აკაკის მეგობრის დავით ბერიაშვილის ამოცნობა გაამარტივა პირადობის დამადასტურებელმა მოწმობამ, რომელიც მის ჯიბეში აღმოჩნდა, სამ კვირაზე მეტი ხნის ძებნის შედეგად ნაპოვნი ზაზა მესხის ცხედარი კი იმ ბეჭდით ამოიცნეს, რომელსაც შიდა მხარეს მისი მეუღლის სახელი ეწერა. განსაკუთრებით დაზიანებული სხეულების ვინაობის დასადგენად ტარდებოდა დნმ-ის ტესტებიც.

შოვი სტიქიის შემდეგ. 4 აგვისტო, 2023 წელი
შოვი სტიქიის შემდეგ. 4 აგვისტო, 2023 წელი

აკაკი სპანდერაშვილი ერთადერთი მოხალისე არ არის, ვინც სტიქიის ზონაში ჩავიდა, 12-13 აგვისტოს მდინარის ნაპირებზე ადამიანების კვალის პოვნას ცდილობდა ერეკლე დიდებაშვილიც. სტიქიის ზონაში გადაღებული ფოტოები მან google photo-ს პლატფორმაზე ატვირთა.

„შოვიდან მივუყვები მდინარეს, შეიძლება რაღაც ვიპოვო, ფოტოაპარატით ვათვალიერებ. ახლა ვარ გლოლას და შოვს შორის”, - ამბობს ერეკლე 12 აგვისტოს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში.

იმ ფოტოალბომში, რომელიც სტიქიის ზონას ასახავს, ჩანს, რომ ორი დღის განმავლობაში მან იპოვა შარვალი, ქურთუკი, რამდენიმე განადგურებული მანქანა და კიდევ სხვა მანქანების ნაწილები, სათხილამურო ფეხსაცმელი, მაისური, სკამის კარკასი. ერეკლე ნივთებს, რომლებსაც პოულობდა, ზუსტი გეოლოკაციის მითითებით, ტვირთავდა ინტერნეტში და ასევე მათ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა მაშველებსაც.

ერეკლეს მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს მანქანის ფრაგმენტი, რომელზეც ჯერ კიდეც არის შერჩენილი იესო ქრისტეს შელახული ხატი. ავტომობილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მტკიცებულება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მასში სტიქიის მომენტში ადამიანები იმყოფებოდნენ.
ერეკლეს მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს მანქანის ფრაგმენტი, რომელზეც ჯერ კიდეც არის შერჩენილი იესო ქრისტეს შელახული ხატი. ავტომობილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მტკიცებულება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მასში სტიქიის მომენტში ადამიანები იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი ბოლო, რაც ერეკლემ უკვე ონის სიახლოვეს იპოვა, სპორტული ფეხსაცმელია. ის ისე დაბრუნდა რაჭიდან თბილისში, რომ არ იცის, ან ვის ეკუთვნოდა მის მიერ ნაპოვნი ნივთები, ან რა ბედი ეწიათ მათ.

ნივთებს, რომლებსაც უბედური შემთხვევის ადგილას პოულობენ, ბევრის თქმა შეუძლიათ მომხდარის ან მათი მფლობელების შესახებ. ეს ნივთები, რომლებიც შეიძლება მტკიცებულებები იყოს, ძვირფასია გარდაცვლილების ოჯახებისთვისაც. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომელიც დავით ბერიაშვილის დედის ინტერესებს იცავს, ჯერ კიდევ 16 აგვისტოს აცხადებდა, რომ შოვში გადაღებულ კადრებში არსად ჩანდა ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობა, რომლებსაც შემთხვევის ადგილი უნდა შეესწავლათ და ნივთმტკიცებები აღენუსხათ.

ერეკლეს მიერ 13 აგვისტოს ნაპოვნი შარვალი სტიქიის ზონაში. პოვნის დრო 17:13
ერეკლეს მიერ 13 აგვისტოს ნაპოვნი შარვალი სტიქიის ზონაში. პოვნის დრო 17:13

„მაშველმა არ იცის, როგორ დაიცვას ნივთმტკიცება“, - ამბობდა მაშინ ანა თავხელიძე, ორგანიზაცია PHR-ის იურისტი.

მოხალისეები, ვინც სტიქიის ზონაში იყვნენ სხვადასხვა დროს, ერთნაირ ისტორიებს ჰყვებიან, - რომ ნაპოვნი ნივთები მაშველების ხელში ხვდებოდა. ანა თავხელიძე დღესაც უდასტურებს რადიო თავისუფლებას, რომ საქმის მასალებისთვის მტკიცებულებებად დართული ნივთების თითქმის სრული უმრავლესობა გამოძიებამ არა ექსპერტ-კრიმინალისტების და გამომძიებლების მუშაობის შედეგად, არამედ მაშველების დახმარებით მოიპოვა.

„მაშველები აცხადებდნენ პოლიციაში, რომ აი, ნივთები ვიპოვეთ, მიდიოდნენ გამოკითხვაზე და მერე ხდებოდა ამ ნივთების ერთდროულად ამოღება. ასეთი მასალები შეგხვდა ჩვენ საქმეში, რომ მაშველებისგან ხდებოდა ნაპოვნი ნივთების მტკიცებულებებად აღება და არა მოხალისეებისგან, ვინც უშუალოდ იპოვა ისინი. წესით, სამართლიანი და სწორი იქნებოდა, იქვე მისულიყო გამომძიებელი, სადაც იპოვეს, იქ მომხდარიყო დალუქვა და მპოვნელის გამოკითხვა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა თავხელიძე.

თუმცა, ანა თავხელიძე ამბობს, ამ საქმის მთავარი პრობლემა კიდევ სხვა რამეშია: გამოძიებას არ აქვს სათანადოდ შესწავლილი და ილუსტრირებული გარდაცვლილების ცხედრები და მათი პოვნის ადგილები.

XS
SM
MD
LG