საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩინეთისა და საქართველოს უმაღლესი პირების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აჩენს შეკითხვებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო-პოლიტიკურ კურსთან თავსებადობაზე.
რა შუაშია პარლამენტი?
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, „განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს“ და „კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას“.
არ იძებნება არცერთი საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელშიც პარლამენტარები განიხილავენ და მხარს უჭერენ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
- ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დონის ურთიერთობებზე არაფერია ნათქვამი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ რეზოლუციაში „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ“.
- დოკუმენტის მე-9 მუხლში მითითებულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ისრაელის სახელმწიფოსთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იაპონიასთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკური, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას“.
- ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გეგმები არც 2019-2022 წლების მთავრობის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშია ასახული [2023 წელს დოკუმენტი არ განახლებულა]. ეს სტრატეგია, თავის მხრივ - კვლავ პარლამენტის მიერ განსაზღვრულ სტრატეგიულ მიმართულებებს შეესაბამება და განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და პრიორიტეტებს.
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, ფაქტის წინაშე დააყენა, მაგრამ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ერთმანეთის მიყოლებით დაუჭირეს მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ქვეყანას დაეხმარება ისტორიული ფუნქციის შესრულებაში - იყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი. „ქართული ოცნება“ დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე საუბრობს.
- ოფიციალური მონაცემებით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ [31 წელი], ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 400-ჯერ გაიზარდა და 2022 წელს 1.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
- ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთა სამეულში.
„უკაცრავად, მაგრამ ეს ორგანო - პარლამენტი - რისთვის არსებობს საერთოდ?!" - იკითხა 28 ივლისს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა, როცა მოულოდნელად გაიგო ახალი ამბავი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ამ გადაწყვეტილებას ის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან შეუთავსებლად მიიჩნევს.
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ დეპუტატების ჯგუფი აპირებს ინტერპელაციის ბერკეტის გამოყენებას და შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მთავრობის წარმომადგენლის პარლამენტში დაბარებას. ეს, სავარაუდოდ, სექტემბერში მოხდება.
„მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იყო სრული სიურპრიზი პარლამენტისთვის, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა არაფორმალური სტილით იგეგმება - სტრატეგიის განსაზღვრა ხდება არა პარლამენტში, არამედ - ირაკლი ღარიბაშვილის ვიწრო წრეში“, - გვეუბნება დეპუტატი.
28 ივლისს, აქუბარდიამ შეკითხვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს - რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის განაცხადი, „ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების“ შესახებ და ცვლის თუ არა ეს მოცემულობა საგარეო პოლიტიკის [უკვე ვადაგასულ] სტრატეგიაში ასახულ მიმართულებებს?
დეპუტატი დაინტერესდა ასევე - როდის განახლდება ვადაგასული დოკუმენტი. ამბობს, რომ პასუხი ჯერ არ მიუღია.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მსჯელობა პარლამენტში უნდა გამართულიყო.
„მთავრობა, რომელიც პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული, უნდა მოქმედებდეს იმ ჩარჩოში, რომელსაც მას პარლამენტი უწესებს. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის...
ამ ვითარებაში, როდესაც [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსის საკითხია გადასაწყვეტი, როდესაც ჩინეთი ერთ-ერთ საფრთხედ არის გამოცხადებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს და ასეთ საკითხებზე სამსჯელოდ არის პარლამენტი“, - ამბობს კოტე ჩოკორაია.
ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას საქართველოს ფასეულობებთან შეუთავსებლად თვლის შეერთებული შტატები.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას“ და განცხადება, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, „საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო“.
„როგორც შევნიშნე [ამ დოკუმენტში - რ.თ.], საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული - ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
ექსპერტები თუ ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასიმეტრიულია და უპირატესად ჩინეთის ინტერესებზეა ორიენტირებული.
ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი სარისკოა დასავლეთთან ურთიერთობებისთვისაც.
მთავრობის მიერ გადადგმულ, მოულოდნელ ნაბიჯში „პარლამენტის ფუნქციების მიტაცებასა“ და იგნორირებას ხედავს „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.
მისი შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო წინასწარი ფართო კონსულტაციების გამართვა ევროკავშირსა და აშშ-სთან, რადგან უკვე ხელმოწერილ დოკუმენტებს „პასუხისმგებლობით“ შესრულება სჭირდება.
„აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვაქვს, რაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე უფრო მაღალი დონეა - ინტეგრაციის გარკვეული დონეა... და შენ მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან [ჩინეთთან], რომლის გზასაც ისინი მცდარად მიიჩნევენ, ახლა ამყარებ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილი. ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სუვერენული გადაწყვეტულებები ნიშნავს „რაც გინდა, ის გააკეთო“.
„რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ეს "რაც გინდა" შესაბამისობაში უნდა იყოს უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებებთან... ხელშეკრულებებს პატივი უნდა სცე, ეს ხელშეკრულებებიც შენი სუვერენიტეტის ნაწილია“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.