Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს აქვს ღია ეკონომიკა" - ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტის აშენებაზე


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნბის" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნბის" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ქვეყანას დაეხმარება ისტორიული ფუნქციის შესრულებაში - ევროპისა და აზიის დაკავშირებაში. ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე ირაკლი კობახიძეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს.

"საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას და აზიას, ჩვენ გვაქვს სატრანზიტო პოტენციალი. რაც უფრო მეტად იქნება გამოყენებული, მით უკეთესი საქართველოსთვის, ევროპისთვის და აზიისთვის. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ უკეთ შეასრულოს ისტორიული ფუნქცია - ევროპისა და აზიის დაკავშირება ეკონომიკური თვალსაზრისით", - თქვა მან.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჟურნალისტებმა გაამახვილეს ყურადღება, არის ის, ჩაიდება თუ არა ჩინური ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში.

"ვნახოთ, როგორ წარიმართება კონსულტაციები... მე გირჩევთ, არ შეხვიდეთ ამ სიღრმეში, რასაც აკეთებენ ნაციონალები იმისთვის, რომ დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები - აწარმოებენ რაღაც სპეკულაციებს ჩინეთის თემის გარშემო. არაფერი სასპეკულაციო სინამდვილეში აქ არ არის. ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს ყველა პარტნიორთან გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების რეჟიმში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული", - განაცხადა კობახიძემ და ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ღია ეკონომიკა.

მისივე თქმით, "ამერიკა შეიძლება, ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს".

"როცა საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს, ზრუნვა გამოხატული უნდა იყოს ინვესტიციით... თავის დროზე, როცა ეს პროექტი ხაზარაძის კონსორციუმს ებარა, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ცენტი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა. შესაბამისად, ზრუნვა არ ჩანდა, სამწუხაროდ. ჩანდა პირიქით, რომ კონკრეტული ინტერესი არ არსებობდა ამ პროექტის მიმართ, რაც ახსნადი შეიძლება იყოს - შეიძლება, ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ამ პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში ინვესტიცია, ალბათ, ჩაიდებოდა, ხომ?!" - თქვა მან.

ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტისას, 29 ივლისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად აღიქვამს, მეორე კი - დასავლელი პარტნიორების „დაშანტაჟების“ მცდელობად.

XS
SM
MD
LG