Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოუგო ნინიმ სასამართლო დავა განათლების სამინისტროს


ნინი მაისურაძე
ნინი მაისურაძე

ეტლით მოსარგებლე, თელაველმა ნინი მაისურაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სასამართლოს კოლეგიამ სამინისტროს მხრიდან შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

2017 წელს, როცა ნინი თელავის მე-9 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სწავლობდა, შენობის რეაბილიტაციის დაწყების გამო, მოსწავლეები დროებით გადაიყვანეს სკოლიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში მდებარე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. განათლების სამინისტროს და სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის დაიქირავეს ორი მიკროავტობუსი, თუმცა, იმის გამო, რომ ისინი ადაპტირებული არ იყო, ნინიმ სკოლაში სიარული ვეღარ შეძლო. მანამდე ის სახლიდან 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარე სკოლაში დედას უპრობლემოდ დაჰყავდა.

ნინის დედა ნინო მაისურაძე, რომელსაც უნივერსიტეტის შენობამდე შვილის ტრანსპორტირების შესაძლებლობა არ ჰქონდა, იძულებული გახდა დათანხმებოდა ბავშვის ჩართვას შინ სწავლის პროგრამაში, თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ ეს ნინისთვის სკოლიდან გარიყვის და მეგობრების გარეშე დარჩენის ტოლფასი იყო:

„სკოლამ გვითხრა, ერთადერთი ალტერნატივა ის არის, რომ შინ სწავლების პროგრამა შემოგთავაზოთო. რომ დავფიქრდი, მთლად ისე დარჩენას, შინ სწავლა სჯობდა და დავთანხმდი, თუმცა, არც სკოლას და არც მე ნინისთვის არ გვიკითხავს, იყო თუ არა თანახმა... თავიდან ჩვენთან მოდიოდა ორი პედაგოგი, თუმცა ერთი მალევე დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. მეორე პედაგოგმა კიდევ თვე-ნახევარი იარა, კვირაში ორი დღე და მას შემდეგ ჩვენთან აღარავინ მოსულა“.

„როცა სახლში მარტო ვსწავლობდი, დიდად ვერაფერს ვიგებდი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინი მაისურაძემ:

„როცა კლასში მიმდინარეობდა სწავლა, იქ სხვა ბავშვებიც იყვნენ და თუ რამეს ვერ ვიგებდით, ერთმანეთს ვუზიარებდით ცოდნას, შეკითხვებსაც ერთად ვსვამდით. ასე მარტივი იყო გაკვეთილების სწავლა... კიდევ ერთი მომენტი ის იყო, რომ მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ ჩვენი კლასი უნდა დაშლილიყო და ბავშვების ნაწილი პარალელურ კლასთან გაერთიანებულიყო. ანუ, ბოლო წელი მქონდა, რომ მეგობრებთან და თანაკლასელებთან ერთად მესწავლა... ჩემთვის ესეც მტკივნეული იყო“.

ნინის დედამ გადაწყვიტა, სამართლებრივი ბრძოლა დაეწყო იმის გასარკვევად, მოხდა თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია. ოჯახმა პირველი სარჩელი თელავის რაიონულ სასამართლოში შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დახმარებით. ნინი სასამართლოში თითქმის ყველა სხდომას დაესწრო და ამტკიცებდა, რომ განათლების სამინისტროს და სკოლას, როგორც სახელმწიფო უწყებებს, თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულება ჰქონდათ. თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე გვეუბნება, რომ შინ სწავლების პროგრამაში ნინის ჩართვა უკანონო იყო, რადგან ის გამოიყენება, როცა მოსწავლე სკოლაში ვერ დადის ჯანმრთელობის პრობლემის გამო:

ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე

„ნინის ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ის არის შშმ პირი, რომელიც უბრალოდ, გადაადგილდება ეტლით. თელავის სასამართლომ თქვა, რომ სკოლა და სამინისტრო არ იყვნენ ვალდებული ბავშვისთვის გამოეყოთ ტრანსპორტი, მით უმეტეს, ადაპტირებული... წარმოუდგენლად დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო განმარტებები ჰქონდა მოსამართლეს“.

თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება ნინიმ და მისი უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ანა აბაშიძის ინფორმაციით, ნინის პოზიცია სრულად გაიზიარა კოლეგიამ სამი მოსამართლის: მარიამ ცისკაძის, შოთა გეწაძისა და ინგა კვაჭანტირაძის შემადგენლობით და დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა:

„მოსწავლე დაიჩაგრა იმის გამო, რომ განათლების სამინისტრომ ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვის დროს არ გაითვალისწინა შშმ მოსწავლის ინტერესები და არ გამოაცხადა ტენდერი მისაწვდომ ტრანსპორტზე. ამის გამო ბავშვი იძულებული გახდა სასკოლო ცხოვრებას ჩამოცილებულიყო. ერთი წელი გაატარა სახლში, მეგობრებისგან იზოლირებულ მდგომარეობაში და ეს იყო ჩაგვრა, რომელიც დაეფუძნა შეზღუდულ შესაძლებლობას“.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განათლების სამინისტროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფინანსური ვალდებულება დააკისრა. საკომპენსაციო თანხას ოჯახი არ ასახელებს. როგორც ანა აბაშიძე ამბობს: „ნინის გაცდენილ დროს, ზიანს და მეგობრებთან ურთიერთობის პრაქტიკულად აკრძალვას ვეღარავინ აუნაზღაურებს, თუმცა სამინისტროს ამისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს. აქ მთავარი არის ორი რამ - ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო მათ გვერდით იქნება, და მეორე - ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია არა მხოლოდ სკოლის მოსწავლე შშმ ბავშვებისთვის, არამედ ყველა სტუდენტისთვის, რომელსაც შესაძლოა, იგივე პრობლემა შეექმნას უნივერსიტეტში“.

რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უთხრეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში არ გაასაჩივრებენ.

„როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო, მე უკვე მე-12 კლასი დამთავრებული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლასთან შეხება აღარ მქონდა, სასამართლო დავის გაგრძელებაზე უარი არ ვთქვი. სურვილი მქონდა სიმართლე დამედგინა და მინდოდა სხვებისთვისაც მაგალითი მიმეცა, რომ თუ იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, იცოდნენ, როგორ მოიქცნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინი მაისურაძემ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG