Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 ზარი პოლიციაში: როგორ ვერ დაიცვა საქართველომ 25 წლის ქალის სიცოცხლე


ფოტოილუსტრაცია: სახელმწიფომ 25 წლის ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა
ფოტოილუსტრაცია: სახელმწიფომ 25 წლის ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა

ეს არის ამბავი ახალგაზრდა ქალზე, მცირეწლოვანი შვილით, რომელმაც ვერ გაუძლო მუდმივ ძალადობას ოჯახში და თავი მოიკლა. წლების განმავლობაში ქალმა არაერთხელ მიმართა პოლიციას. სტრასბურგის სასამართლომ არასათანადო რეაგირებისთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

ეს საქმე წარმოაჩენს ფემიციდის წინააღმდეგ საქართველოს მიდგომის სისტემურ ჩავარდნას.

25 წლის ქალი, რომლის სახელსა და გვარს რადიო თავისუფლება სპეციალურად არ ასახელებს, თბილისში დაიბადა. 2012 წელს, როდესაც შეყვარებულთან ერთად გადადის საცხოვრებლად, მხოლოდ 19 წლისაა. მათ ურთიერთობას მუდმივად არღვევს კამათი და ძალადობა - კაცი აზარტულ თამაშებს ეტანება, ბევრს სვამს და თავს ვერ აღწევს ფინანსურ პრობლემებს.

16 ზარი პოლიციაში

ამ ოჯახიდან 112-ში პირველად 2013 წლის 6 თებერვალს რეკავენ. ოპერატორი იღებს შეტყობინებას, რომ ოჯახში ძალადობაა. ადგილზე მისული პოლიცია დაწერს, რომ ეს ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი იყო - კაცმა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მასზე მუდმივად ძალადობს ფსიქოლოგიურად. პირველსავე მისვლაზე პოლიციამ კაცი შემაკავებელი ორდერით შეზღუდა, მას მსხვერპლთან ფიზიკური მიახლოება აეკრძალა.

7 მაისი, 2013 – ქალი რეკავს 112-ში და ამბობს, რომ მეუღლემ სცემა და არ აძლევდა ბავშვის წაყვანის უფლებას. ადგილზე მისული პოლიციის ცნობით, მეუღლეებს ამ მომენტისთვის ერთმანეთთან პრეტენზია უკვე აღარ ჰქონდათ.

12 ივნისი, 2013 – ქალი 112-ს ატყობინებს, რომ მეუღლესთან აქვს კონფლიქტი, თუმცა რეკავს განმეორებით და ამბობს, რომ პრობლემა მოგვარდა და აღარ უნდა დახმარება.

28 სექტემბერი, 2013 – ქალის გამოძახების საფუძველზე ადგილზე მისული პოლიცია ამბობს, რომ მეუღლეებს ჰქონდათ უთანხმოება, თუმცა კაცი უკვე წასულია სახლიდან. ქალმა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი თქვა.

3 ოქტომბერი, 2013 – ქალი პოლიციაში რეკავს და ატყობინებს მეუღლესთან კონფლიქტის შესახებ, თუმცა მოგვიანებით აუქმებს გამოძახებას და ამბობს, რომ აღარ სჭირდება დახმარება.

4 ოქტომბერი, 2013 – პოლიცია აკავებს კაცს დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ამას წინ უსწრებს მეუღლეებს შორის კონფლიქტი.

10 ნოემბერი, 2013 – გამოძახების ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს კარს არავინ უღებს. ქალი პოლიციას ტელეფონში უხსნის, რომ ყოფილი მეუღლე აწუხებდა, მაგრამ უკვე წავიდა და დახმარება აღარ სჭირდება.

8 დეკემბერი, 2013 – ქალი ჯერ იძახებს პოლიციას, შემდეგ კი აუქმებს გამოძახებას.

18 დეკემბერი, 2013 – ქალი პოლიციას ეუბნება, რომ მის სახლში, მისი ნების წინააღმდეგ ნასვამი მეუღლე მივიდა და პოლიციის დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე მისულ პოლიციას კაცი უკვე წასული დახვდა.

21 აპრილი, 2014 - იმავე მისამართზე პოლიციას კაცი ნასვამი ხვდება, მათი მისვლის შემდეგ ის მეუღლის სახლიდან მიდის.

05 ივლისი, 2014 – ქალი ამბობს, რომ მეუღლემ სცემა. პოლიციამ კაცი დააკავა, ის მცირე ოდენობით ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. კიდევ ერთელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

06 დეკემბერი, 2014 – ქალი ამბობს, რომ კამათი აქვს კაცთან, თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. საპატრულო ეკიპაჟი ქალს უხსნის, რომ განქორწინების შესახებ უნდა მიმართონ სასამართლოს. ქალი მიდის ბინიდან.

16 იანვარი, 2015 – პოლიციას ადგილზე ხვდება ოჯახური კონფლიქტი. კაცი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ისევ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. პოლიციამ დაადგინა, რომ შელაპარაკება დაიწყო საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რა დროსაც კაცმა ქალს ერთხელ, მსუბუქად გაარტყა ხელი სახეში.

ქალის თქმით, ქმარს მისთვის სხვა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ზოგადად, არ აყენებს შეურაცხყოფას, არ ძალადობს. მეუღლესთან პრეტენზია არ აქვს. გამოძიება წყდება.

21 ნოემბერი, 2015 – მეუღლეებს შორის იყო სიტყვიერი უთანხმოება. ისევ ზარი 112-ში.

15 ოქტომბერი, 2016 – ქალს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი აქვს. პოლიციაში რეკავს.

16 ოქტომბერი, 2016 – ქალი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე კარზე უბრახუნებდა და დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს კაცი ადგილზე აღარ დახვდა.

19 თებერვალი, 2017 – ღამის 2:13 საათზე 112-ში შედის ზარი. მოქალაქე იტყობინება მეზობელი ქალის თვითმკვლელობის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციას ქალი სააბაზანო ოთახში ჩამომხრჩვალი დახვდა.

ამავე დღეს დაიწყო გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

მეორე დღეს, დაკითხვისას კაცმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ქალი მის სახლში 18 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე მივიდა. მათ იკამათეს, ქალმა რაღაც ნივთი ესროლა, საპასუხოდ კაცმა სახეში გაარტყა. კაცი დასაძინებლად წავიდა. შუაღამისას გაეღვიძა, სააბაზანოში შევიდა და დაინახა ქალი კისერზე შემოხვეული თოკით, გარდაცვლილი.

ექსპერტიზის თანახმად, ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მსხვერპლი სისტემური ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამან გადააწყვეტინა სიცოცხლე სუიციდით დაემთავრებინა. მოძალადეს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ქალზე ძალადობის წინა ისტორია არარელევანტური იყო და კაცს სასჯელი ერთ წლამდე შეუმცირა.

მსხვერპლის ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ კაცის ქმედების უკან დისკრიმინაციული მოტივი არ გამოკვეთა.

სახელმწიფოს უმოქმედობა

გარდაცვლილის დედამ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ მისი შვილის სიცოცხლე სამართალდამცველებმა ვერ დაიცვეს, რადგან ოჯახში ძალადობის განმეორებით ცნობებს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

დედამ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების წინააღმდეგ 2018 წელს. საქმე ამ დრომდე მიმდინარეობს და არანაირი შედეგი არ დამდგარა.

პოლიცია ამტკიცებდა, რომ ქალის მიმართ ძალადობის ინციდენტები არ იყო განსაკუთრებით ძალადობრივი. მათი თქმით, ქალს უთხრეს, რომ მაგალითად, არსებობდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი.

პარალელურად, გარდაცვლილის დედამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება იმ ტანჯვისთვის, რომელიც მან გამოიარა შვილის სიკვდილით. ამაზე პასუხისმგებლობას ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას აკისრებდა. დედის მტკიცებით, სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის შედეგი იყო ის, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარაა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ძალადობის ერთ-ერთ ეპიზოდზე დაწყებული გამოძიება იყო „უაღრესად ზედაპირული“ და სამართალდამცველებმა არ გაატარეს ადეკვატური ღონისძიებები, რომელიც მსხვერპლს დაიცავდა.

ამ ვიდეოში მოუსმენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, შოთა გეწაძის ინტერვიუს, რომელმაც შსს-ს და პროკურატურას გარდაცვლილის დედისთვის 50 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ინტერვიუ შოთა გეწაძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00

სიცოცხლის უფლება, რომელიც საქართველომ ვერ დაიცვა

გარდაცვლილის დედამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაში ევროსასამართლო დეტალურად აღწერს, რა შეცდომები დაუშვა საქართველომ.

სასამართლოს მითითებით, იკვეთება სამართალდამცველების დაუდევრობა. როცა მათ შეწყვიტეს ოჯახში ძალადობაზე გამოძიება, ეს გასცილდა უბრალო შეცდომის ფარგლებს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საქმის აღძვრიდან თითქმის ხუთი წელია გასული, გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ლოგიკურად, 2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე არცერთი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა.

გამოძიების გაჭიანურება, სასამართლოს მტკიცებით, არის მანიშნებელი, რომ პოლიციამ ნამდვილად არასათანადოდ იმუშავა და დაარღვია ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები.

სასამართლო შეშფოთებით აღნიშნავს, რომ გამოძიებამ არ დაადგინა პოლიციელების პასუხისმგებლობა, არასათანადო რეაგირებისთვის გენდერული ძალადობის მრავალ ინციდენტზე, რომლებიც წინ უძღვოდა ქალის სიკვდილს. მაშინაც კი, როცა ეს პასუხისმგებლობა დაადგინეს და აღიარეს ადგილობრივმა სასამართლოებმა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა იშვიათად არის ერთჯერადი ინციდენტი; ის, როგორც წესი, მოიცავს ხშირ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და მატერიალურ შეურაცხყოფას. ამიტომ, ევროსასამართლო აკრიტიკებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც ვერ დაინახა კავშირი ქალის მიმართ წლების განმავლობაში ძალადობასა და მის სიკვდილს შორის.

ევროსასამართლო აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი სიტუაციის გამო, საკანონმდებლო ბაზამ უნდა მისცეს უფლებამოსილება ხელისუფლებას, გამოიძიონ ოჯახში ძალადობის შემთხვევები საკუთარი ინიციატივით. თუ მსხვერპლი უარს ამბობს გამოძიების დაწყებაზე ან მოითხოვს მის შეწყვეტას, ხელისუფლებამ ეს არ უნდა გაითვალისწინოს.

სტრასბურგის სასამართლო აკრიტიკებს საქართველოს პროკურატურას, რომელმაც არ ჩაატარა ადეკვატური გამოძიება მსხვერპლი ქალის მიმართ ძალადობის ინციდენტზე. ამან ხელი შეუწყო კაცის მხრიდან ქალზე განმეორებით ძალადობას.

სასამართლოს მტკიცებით, ქართველი სამართალდამცველები ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ მსხვერპლი ქალი შემდგომი ძალადობის რეალური საფრთხისგან.

ევროსასამართლოს ცნობით, საქმის მასალებში არაფერია იმის შესახებ, რომ 16 ზარის მიუხედავად თბილისის პოლიცია ცდილობდა გაეანალიზებინა კაცის ქცევა და განესაზღვრა მისი მომავალი ქმედება. ამის ნაცვლად, პოლიციამ უბრალოდ ამჯობინა დასკვნა, რომ ერთი გაწნილი სილა არ იყო საკმარისად სერიოზული, რომ ოჯახში ძალადობად ჩათვლილიყო.

სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

მსხვერპლის დედისთვის მორალური ზიანის სახით საქართველოს 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG