Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეძებდა მთელი აფხაზეთი არარსებულ დივერსანტებს


საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი
საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი

8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან, შეამჩნიეს კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი დივერსიული ჯგუფი, რომელიც სოხუმისკენ მიიწევდა და, რატომღაც, ისედაც ნანგრევებად ქცეულ აეროპორტში ინფრასტრუქტურის განადგურებას გეგმავდა.

დივერსიული ჯგუფის აღმოჩენის ოპერაციაში დე ფაქტო რესპუბლიკის ლამის ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი ჩაერთო. რამდენიმესაათიანი გულმოდგინე ძებნის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დივერსიული ჯგუფის მოქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.

უფრო ადრე, უკან დაიხია ტელეგრამარხმა „სოლოვიოვ. Live“-მაც - ყალბი ინფორმაციის პირველწყარომ, რომელმაც მალევე წაშალა თავის პლატფორმაზე გამოქვეყნებული სენსაციური ახალი ამბავი.

ვნებათაღელვის დაცხრომის შემდეგ, სოხუმსა და თბილისში ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა?

კვადროკოპტერი და შეიარაღებული ნიღბიანები

ყველაფერი დაიწყო რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის Telegram-არხის, სენსაციური პოსტით, საქართველოდან აფხაზეთში შევიდა 50-მდე ადამიანისგან შემდგარი დივერსიული ჯგუფიო.

სოლოვიოვი კრემლის პროპაგანდისტად არის მიჩნეული, მის ტელეგრამ არხს მილიონ სამასიათასზე მეტი გამომწერი ყავს.

სოლოვიოვის წყაროს თანახმად, დივერსანტები აპირებდნენ სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობას.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს შეიარაღებული პირების ძებნა გულრიფშის რაიონში.

ძებნის ოპერაციის შესახებ პირველი კომენტარი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა გააკეთა.

მან განმარტა, რომ ადგილობრივმა მონადირეებმა გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან შენიშნეს 7 შეიარაღებული პირი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ უცხოური იარაღით, სავარაუდოდ, M-4 ავტომატებით [აშშ-ს წარმოების ავტომატური შაშხანა, რომელიც საქართველოს აქვს შეიარაღებაში]; ეცვათ შავი ფორმები; ეკეთათ ნიღბები, ჩაფხუტები და კარგად იყვნენ ეკიპირებული.

კიუტის მიერ გადმოცემული მონადირეების აღწერით, ამ ადამიანებს ასევე ჰქონდათ კვადროკოპტერი, რომელიც დაფრინავდა მიმდებარე ტერიტორიის თავზე.

„ვინ და საიდან არიან - ჩვენ ამას ვარკვევთ, სოხუმთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია", - განაცხადა რობერტ კიუტმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების ძალები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დივერსანტებს. ოპერაციაში ჩართული იყვნენ ქვეითთა დანაყოფები და ავიაცია. ოპერაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დე ფაქტო ვიცე- პრეზიდენტი ბადრა გუნბა, მონაწილეობდნენ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბესლან ცვიჟბა და დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ აჰიბა. სამძებრო მოქმედებების ადგილზე მივიდნენ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა და დე ფაქტპ პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე თემურ შერგელია.

დღის ბოლოს აფხაზურმა მედიამ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა, რომ „ინფორმაცია დივერსანტების აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ გადამოწმებულია და ამ დროისთვის არ დასტურდებაო“.

წისქვილიც კი არ გვიმუშავებს იქ - რა აეროპორტი?!

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ სოხუმელი ჟურნალისტის, ვიტალი შარიას ცნობით, დივერსიული ჯგუფის გამოჩენის შესახებ გავცელებულმა ინფორმაციამ აფხაზურ საზოგადოებაში ირონიის, პანიკისა და დაბნეულობის აფეთქება გამოიწვია.

შარიას მოჰყავს რამდენიმე ტიპურ კომენტარი სოციალური ქსელებიდან:

  • „გულრიფშის რაიონიდან ვართ. თვალი ვერ მოგვიხუჭავს ბავშვებთან ერთად. შეშინებულები ვართ. რა გეხუმრებათ? უბედურებაც კი აღარ გვაერთიანებს. ამაზრზენია ყოველივე ამის ყურება და კითხვა".
  • „აეროპორტში მისვლა უნდათ, რომ დივერსია მოაწყონ. რისთვის? აეროპორტი ხომ ისედაც არ ფუნქციონირებს. ცოტა ხნის წინ მინდოდა აეროპორტის მიდამოებში წისქვილის პოვნა. დიდხანს ვეძებე, ბევრი ვიწვალე, ადგილობრივებიც ბლომად შევაწუხე და ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვე, მაგრამ რად გინდა - არ მუშაობდა. წისქვილიც კი არ გვიმუშავებს იქ - რა აეროპორტი?!”
  • „წარმოგიდგენიათ, სამხედროებმა და მესაზღვრეებმა კი არ შეამჩნიეს, არამედ მონადირეებმა... რა მოხდებოდა, მთაში რომ არ ენახათ?
  • „ერთი რამ არ მესმის. 50 ადამიანი როგორ შემოვიდა ასე ღრმად. ამ დროს ჩვენები ბუზებს იჭერდნენ?"
  • „შევხედავ ერთი, როგორ და ვის იპოვიან. სოლოვიოვმა თავის ტელეგრამარხზე რაღაც მოთხარა საკუთარი მიზნებისთვის, ჩვენები კი ვიღაცის მოსაძებნად გაცვივდნენ... სამაგიეროდ ახლა ჩვენ არ გვძინავს“.
  • „ჯერ ითქვა, 7 კაციო, მაგრამ მერე ვიღაცას მოუნდა 50. დაიწყო და აღარ დასრულდა“.

ვიტალი შარია ერთ-ერთმა აფხაზურ ტელეგრამარხსაც ციტირებს, რომელმაც საეჭვოდ მიიჩნია როგორც დივერსანტთა ცვალებადი რაოდენობა, ასევე მიზანი:

„ჯგუფის წევრთა რაოდენობა უფროსობისთვის ანგარიშების ჩაბარების პარალელურად იზრდებოდა 7-დან 50-მდე. მოკლედ, „გაფუჭებული ტელეფონის“ამბავი გამოვიდა. დილისთვის ალბათ უკვე დივერსანტთა ბატალიონი იქნება. თურმე დივერსანტებს მთაში გზის საპოვნელად კვადროკოპტერი სჭირდებათ, რადგან GPS-ტრეკერი შინ დარჩენიათ. აეროპორტისკენ მიიწევენო - მართალია, ალბათ უნდათ დაეხმარონ ინვესტორს ძველი შენობების დანგრევასა და რისკების გამო აეროპორტის ღირებულების გაზრდაში“.

საინტერესო ვერსია წამოაყენა აფხაზმა პოლიტიკოსმა და სამოქალაქო აქტივისტმა ასლან კობახიამ:

„ჩემმა მეგობარმა, რომელსაც დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, თქვა, ხანდახან მონადირეები სხვა მონადირეებს ხედავენ, მაგრამ ვითარებას აზვიადებენ. დღეს კი ისედაც ძნელია მონადირეთა ჯგუფები გაარჩიო დივერსიული ჯგუფებისგან. მონადირეების უნიფორმა და იარაღი არაფრით არ ჩამოუვარდება სამხედროებისას, ისინი ასევე დიდი ხანია იყენებენ ისეთ საფრენ მოწყობილობებს, როგორებიცაა კვადროკოპტერები. საჭიროა გარკვეული დრო იმის გასაგებად, თუ რა მოხდა”.

ასლან კობახია
ასლან კობახია

აფხაზეთში ბევრმა არც ის დაიჯერა, რომ მონადირეთა ერთ ჯგუფს მონადირეთა მეორე ჯგუფი დივერსანტებში აერია:

„რაში სჭირდებათ მთაში მონადირეებს ნიღბები და ჩაფხუტები? იქნებ ისინი airsoft თამაშის მონაწილეები იყვნენ?”

აფხაზეთში ბევრი დააბნია სოხუმის არარსებული, უფრო ზუსტად, გაპარტახებული აეროპორტის ხსენებამ. ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა იკითხა: „საიდან მოვიდა სოხუმის აეროპორტის თემა? სოლოვიოვს მონადირეებმა უთხრეს თუ თვითონ დივერსანტებმა? შეგვიძლია ვივარაუდოთ: უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ალბათ თქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და სოხუმის აეროპორტში აფეთქებას მოაწყობენ. ის ალბათ წლების შემდეგ ამოქმედებულ აეროპორტს გულისხმობდა, მაგრამ ეს როდის იქნება, კაცმა არ იცის...“

„ეხო კავკაზასთან“ საუბარში ბლოგერმა ასტამურ კაკალიამ ყველაზე სარწმუნო ვერსიად airsoft-ით [თამაში, რომელიც მონაწილეები ერთმანეთს პლასტიკის ტყვიებს ესვრიან] გატაცებული ადამიანების ვარჯიში მიიჩნია. მისი დაკვირვებით, დივერსანტების საქართველოდან შეგზავნის ამბავს დამაჯერებლობა აკლდა იმის გამო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ სჩადის იმას, რასაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება აკეთებდა.

„მოქმედი ხელისუფლება სულ სხვა კურსით მიდის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ რამეზე წასულიყვნენ. მაგრამ არის მუქარები უკრაინიდან - მოვალთ და ამას ვიზამთ და ა.შ. მაგრამ არ მგონია, რომ ისინი, არათუ აფხაზეთში, საქართველოში შეძლებენ შესვლას. ეს არც ისე მარტივია, როგორც, ალბათ, მათ ჰგონიათ“.

ასტამურ კაკალია
ასტამურ კაკალია

საიდან მოიტანა სოლოვიოვმა დივერსანტები?

აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი jam-news-ისთვის დაწერილ სტატიაში ამბობს, რომ თეორიულად, აფხაზეთში მხოლოდ ორი ადამიანია, რომლებთანაც სოლოვიოვი საკმარისად ახლოსაა, რომ მათგან ასეთი ინფორმაცია მოიპოვოს: პრეზიდენტი ასლან ბჟანია და საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. მაგრამ ხაშიგისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დასჭირდათ მათ ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

„კრემლს არ სჭირდება გამოგონილი დივერსანტების თამაში. დიახ, მოსკოვს ბევრი პრეტენზია აქვს აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ ყველაფერს დაჰპირდა – რუსებს აფხაზეთში ბინების ყიდვის უფლებას, ადგილობრივ ენერგეტიკულ სექტორში რუსული ბიზნესის შეშვებას და ა.შ. – მაგრამ არც ერთი ეს დაპირება ჯერ არ შესრულებულა. მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი, არ მგონია, რომ თავად კრემლმა დაგეგმა და წამოიწყო ყალბი დივერსანტების შესახებ თამაში“, - ამბობს აფხაზი ჟურნალისტი.

ინალ ხაშიგი
ინალ ხაშიგი

კონფლიქტოლოგი და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ვარაუდობს, რომ ყალბი ინფორმაციის პირველწყარო რუსეთის უშიშროების სამსახურია:

„შესაძლოა რაღაც პროვოკაციის წამოწყება უნდოდათ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის პასუხად, რაღაც დაძაბულობის შესაქმნელად. სოლოვიოვს გააჟღერებინეს ეს. აფხაზეთში მართლა ეშინიათ დივერსიული ჯგუფების შესვლის. დამაჯერებელია ზოგადად ასეთი ინფორმაცია. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეშინდა, მაგრამ იმდენად აბსურდული იყო პირველივე შეტყობინება, რომ ბევრი მიხვდა, რომ ფეიკთან ჰქონდა საქმე“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო ყველა ნერვებზეა და, შესაბამისად, იოლია ამგვარი პროვოკაციული განცხადებებით დიდი ხანძრის გაჩენა. ზაქარეიშვილი ასევე საუბრობს აფხაზების შიშზე, რომელიც გააჩინა ყარაბაღის მოვლენებმა:

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„აფხაზები ასე ფიქრობენ: საქართველოს ხელისუფლება ანგარიშს უწევს რუსეთს, მაგრამ არ აპირებს აფხაზეთის დათმობას. ეს შიშები გაიზარდა ყარაბაღის მოვლენების შემდეგ. არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა შეიძლება აფხაზეთი დაუთმოს საქართველოს. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, რასაც ისინი ხედავენ, შეიძლება გადაიდნოს აფხაზეთის დათმობაში. ამიტომ შიშები გაიზარდა. 50 დივერსანტი - ჯდება ამ ლოგიკაში. აჰა, დაიწყო რუსეთის მიერ საქართველოსათვის აფხაზეთისათვის გადაცემა?! ეს 50 კაცი, თუ კარგად მომზადებულია და მათი მოქმედება რუსეთთანაა შეთანხმებული, სახუმარო ძალა არ იქნებოდა. ამიტომ ასეთმა ფეიკებმა შეიძლება გააღვივოს გარკვეული განწყობები", - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG