Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რის ფასად იცავს რუსეთი ყირიმის ხიდს?


ქერჩის (ყირიმის) ხიდი და მფრინავი რაკეტა. საილუსტრაციო კოლაჟი
ქერჩის (ყირიმის) ხიდი და მფრინავი რაკეტა. საილუსტრაციო კოლაჟი

უახლესი გამანადგურებლები, ძველი და ახალი თვითმფრინავ-შვეულმფრენები, ბონური ღობურები ზღვის ზედაპირზე, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-300, С-400, Панцирь-С ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულზე... - რუსეთი ყირიმის ხიდის დასაცავად უდიდეს ძალისხმევას სწევს, თუმცა...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო მეხუთე თაობის უახლესი ავიაგამანადგურებლების გამოყენება ქერჩის (ყირიმის) ხიდის დასაცავად.

რა თვითმფრინავებზეა საუბარი და როგორ არის ორგანიზებული ყირიმის „ნომერ პირველი ობიექტის“ დაცვა?

ქერჩის სრუტეში რუსული გემებისა და კატარღების სიმცირის გამო, რაც გამოწვეულია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებებით, რუსეთის არმიამ დაიწყო ხიდის დაცვის აქტიური გაძლიერება თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით. ამის შესახებ ვრცლად ილაპარაკა ტელეარხ „პრიამოის“ პირდაპირ ეთერში უკრაინის თავდაცვის ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელმა დმიტრო პლეტენჩუკმა, რომლის თქმითაც, ხიდის დაცვაში რუსეთს ჩართული ჰყავს იშვიათი ტიპის თვითმფრინავიც კი.

დმიტრო პლეტენჩუკი.
დმიტრო პლეტენჩუკი.

„ფაქტობრივად წარმოდგენილია ყველა საშუალება, რომელიც გააჩნია რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო-საჰაერო ფლოტს. ეს არის Су-ს რამდენიმე მოდელი, დაწყებული Су-24-დან და დამთავრებული უახლესი Су-35-ით. მეტიც, ჰაერში დავაფიქსირეთ ძალიან იშვიათი "მხეცი", რომელზეც თვითონ რუსები ამბობენ, რომ "მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია", - თქვა დმიტრო პლეტენჩუკმა.

Су-35-ზე უფრო ახალი და თანამედროვე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სტელსის ტექნოლოგიის ერთადერთი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-57-ია - ეს არის რუსული საავიაციო ინდუსტრიის მიერ წარმოებული ბოლო გამანადგურებელი, რომელიც რუსეთის არმიამ მიიღო შეიარაღებაში.

რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35
რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35

V თაობის იშვიათი წარმომადგენელი

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში Су-57 გამანადგურებლებს იყენებს“, - ამის შესახებ ბრიტანულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში განაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ითქვა, რომ ეს თვითმფრინავები მინიმუმ 2022 წლის ივნისიდან გამოიყენებოდა. როგორც ჩანს, დაკარგვის შიშის გამო, Су-57-ების მისია შემოიფარგლებოდა მხოლოდ შორი დისტანციის „ჰაერი-ჰაერი“ ან „ჰაერი-ხმელეთი“ რაკეტების გაშვებით.

მაშინ ბრიტანელებმა გამოაქვეყნეს ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის ავიაბაზაზე გადაღებული თვითმფრინავების სატელიტური სურათები. ახტუბინსკი Су-57-ების მუდმივი ბაზირების ერთადერთ ადგილად მიიჩნევა. ბრიტანული დაზვერვის დასკვნით, რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, პრიორიტეტად მიიჩნევდა მოიერიშე თვითმფრინავების არგამოყენებას, რათა თავიდან აეცილებინა ტექნოლოგიების გაჟონვისა და რეპუტაციის დაზიანების რისკი.

Су-57 - რუსული ავიაგამანადგურებელი
Су-57 - რუსული ავიაგამანადგურებელი

მოგვიანებით რუსულმა მედიამ დაადასტურა 2022 წლის ზაფხულიდან ოთხი Су-57-ის გამოყენება. ითქვა ისიც, რომ ეს იყო სტელსის ტექნოლოგიისა და მოწინავე ავიონიკის მქონე თანამედროვე ზებგერითი გამანადგურებლები.

ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა შეიარაღებაში მიიღო პირველი Су-57, 2020 წლის ბოლოს გავრცელდა.

თუმცა რუსული წყაროების მიხედვითაც კი, ასეთი თვითმფრინავების რაოდენობა არ აღემატებოდა 15 ერთეულს. შედარებისთვის, შეერთებული შტატების განკარგულებაშია მეხუთე თაობის 195 ორძრავიანი გამანადგურებელი - F-22 Raptor.

F-22 Raptor - ამერიკული ავიაგამანადგურებელი
F-22 Raptor - ამერიკული ავიაგამანადგურებელი

2022 წლის 28 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამანადგურებლების კიდევ ერთი პარტია მიიღო.

2023 წლის ნოემბერში რუსეთის გაერთიანებულმა საავიაციო კორპორაციამ გამოაცხადა, რომ Су-57-ების ახალ პარტიას რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები მიიღებდა 2024 წლის დადგომამდე. თუმცა, ხელშეკრულების შესრულების შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

საერთო ჯამში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააფორმეს ხელშეკრულება 76 ერთეულ Су-57 თვითმფრინავზე, რომლებიც აეწყობა ამურის კომსომოლსკის საავიაციო ქარხანაში. რუსული მედიის ცნობით, 2024 წლის ბოლომდე დაგეგმილია 22 გამანადგურებლის მიწოდება, დანარჩენი 54-ისა კი - 2025-2028 წლებში.

"ღარიბების უჩინარი თვითმფრინავი"

რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, Су-57 გამანადგურებელი შექმნილია საჰაერო სამიზნეების განადგურების მიზნით შორ და ახლო დისტანციურ ბრძოლებში. მას ასევე შეუძლია იერიშის მიტანა ხმელეთსა და წყლის ზედაპირზე მდებარე სამიზნეებზე, შეუძლია მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადალახვა და საჰაერო სივრცის მონიტორინგი ბაზირების ადგილიდან საკმაოდ შორ მანძილზე.

თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ სავარაუდო მახასიათებლები: ფრთებს შორის მანძილითა და სიგრძის მიხედვით, Су-57 უფრო დიდია, ვიდრე F-22, მაგრამ მცირეა - ვიდრე Су-27. წონის მიხედვით, Су-57 მძიმე გამანადგურებლების კლასს მიეკუთვნება. უპილოტო რეჟიმში მისი მართვა შეუძლია როგორც ხელოვნურ ინტელექტს, ასევე ოპერატორს ბაზიდან დიდ მანძილზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოცდილია თუ არა ეს შესაძლებლობა პრაქტიკაში.

უჩინარობა და დაბალი ხილვადობა (სტელსის ტექნოლოგია) მეხუთე თაობის გამანადგურებლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. Су-57-ის ხილვადობის შემცირება რადიოდიაპაზონში უზრუნველყოფილია როგორც ფორმის, პლანერის კონსტრუქციაში გამოყენებული რადიოტალღების ამრეკლავი და მშთანთქავი მასალების, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.

ავიაგამანადგურებელი აღჭურვილია 30 მმ-იანი 9-A1-4071K ავიაქვემეხით, ასევე „ჰაერი-ჰაერი“ და „ჰაერი-ხმელეთი“ რაკეტებით, მათ შორის, ჰიპერბგერითი რაკეტებითაც. მას ასევე შეუძლია მართვადი ავიაბომბების გამოყენება.

Су-57-ის მაქსიმალური სიჩქარე (სიმაღლეზე) 2600 კმ/სთ-ია, პრაქტიკული სიშორე - 4300 კმ (გარე საწვავის ავზებით - 5500 კმ), სიმაღლის პრაქტიკული ჭერი - 20 000 მ, ჰაერში ყოფნის დრო - 5,8 სთ-მდე.

დასავლელი სამხედრო ექსპერტები ნაკლები აღფრთოვანებით საუბრობენ რუსულ ავიაგამანადგურებელზე. ანალიტიკოსმა მაიკლ კოფმანმა Business Insider-თან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ დაბალი ხილვადობით Су-57 სჯობია მეოთხე თაობის გამანადგურებლებს, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი ჩამორჩება F-22 და F-35 გამანადგურებლებს როგორც „უჩინარობის“ ხარისხით, ასევე ღირებულებით. ექსპერტმა Су-57-ს უწოდა „ღარიბთა (სტელსი) უჩინარი თვითმფრინავი“ და თქვა, რომ არ მიაჩნია Су-57 ამერიკული მოდელების პირდაპირ კონკურენტად.

უცხოელმა ექსპერტებმა 2022 წელს აღნიშნეს, რომ Су-57 აღჭურვილი იქნებოდა АЛ-41Ф1 ძრავით, რომელიც გამოიყენება Су-35С-ში. ითქვა, რომ მოძველებული ძრავა შეზღუდავდა ფრენის ტექნიკურ შესაძლებლობებს და უარყოფითად იმოქმედებდა თვითმფრინავის უჩინარობაზე. რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალურად Су-57-ისთვის იქმნებოდა ახალი ძრავა, თუმცა იქვე ისიც ითქვა, რომ მისი მასობრივი წარმოება 2027 წელს დაიწყებოდა.

იცავენ ხიდს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან

გამოცემა LIGA.net-ისთვის მიცემულ კომენტარში დმიტრო პლეტენჩუკმა თქვა, რომ „Су“ სერიის თვითმფრინავების გარდა რუსები ასევე იყენებენ „МиГ“-ებს. გარდა ამისა, რუსებს ხიდების დაცვაში ჩართული ჰყავთ „ექსპლუატაციაში მყოფი ლამის ყველა მოდელის ვერტმფრენი“:

„საუბარია მრავალფუნქციურ Ми-8-ებზე, ქვეითთა დამხმარე Ми-24-ებზე, მრავალფუნქციურ Ка-27-ებსა და სხვა მფრინავ საშუალებებზე“.

Be-12 თვითმფრინავი ევპატორიის საავიაციო სარემონტო ქარხანაში. ყირიმი, საარქივო ფოტო
Be-12 თვითმფრინავი ევპატორიის საავიაციო სარემონტო ქარხანაში. ყირიმი, საარქივო ფოტო

სხვა ყველაფერთან ერთად რუსები ასევე იყენებენ Ан-26 სატრანსპორტო თვითმფრინავებსა და Бе-12 თვითმფრინავ-ამფიბიებს, რომელთა ჩამოწერასაც აპირებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ საჭიროების გამო მოქმედების ვადა გაუხანგრძლივა.

ქერჩის (ყირიმის) ხიდის მისადგომებთან, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტი ასევე წარმოდგენილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით: С-300, С-400 და Панцирь-С, რომლებიც განლაგებულია როგორც ქერჩის ნახევარკუნძულზე, ასევე რუსეთში, ტამანის ნახევარკუნძულზე.

გარდა ამისა, სრუტის ორივე მხარეს განთავსებულია სარადარო სადგურები რადიოელექტრონული ბრძოლის წარმოებისა და საჰაერო სამიზნეების აღმომჩენად.

С-400 კომპლექსები. ევპატორია, ყირიმი, საარქივო ფოტო
С-400 კომპლექსები. ევპატორია, ყირიმი, საარქივო ფოტო

„ადრე ქერჩის სრუტეში 10-14 კატარღა და გემი პატრულირებდა, ახლა კი მათი რაოდენობა ნულამდეა დაყვანილი, ამიტომ რუსი სამხედროები ქერჩის ხიდთან იყენებენ ბონურ ღობურებსა და ბარჟებს“, - თქვა დმიტრო პლეტენჩუკმა, რომლის თქმითაც, რუსები იძულებული არიან გააძლიერონ უსაფრთხოების პასიური ზომები, რომელთა ნაწილია ბარჟების და ბონური ღობურების განლაგება.

შავი ზღვის მხრიდან ქერჩის (ყირიმის) ხიდთან ბონური ღობურების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Telegram-არხმა „ყირიმის ქარმა“, რომლის ცნობით, ხიდთან უკვე დაყენებულია ათამდე ბარჟა, თითოეული სექციის სიგრძე კი 90-100 მეტრია.

Telegram-არხი ასევე იტყობინება, რომ ქერჩის სრუტეში ყოველდღიურად რამდენიმე სამხედრო კატარღა მორიგეობს.

სამხედრო ექსპერტმა დმიტრი სნეგირევმა საინფორმაციო სააგენტო „უნიანთან“ საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ რუსეთის მიერ უკანონოდ აშენებულ ქერჩის (ყირიმის) ხიდს მას შემდეგ, რაც განადგურდება ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. სნეგირევმა აღნიშნა, რომ ნატოს კლასიფიკაციის მიხედვით, უკრაინელი სამხედროების მიერ ნახევარკუნძულზე განხორციელებული აქტივობები სხვა არაფერია, თუ არა „ნახევარკუნძულის დეოკუპაციის პირველი ეტაპი“.

კერძოდ, საუბარია ყირიმში რუსეთის ფედერაციის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის, ასევე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ბაზების განადგურებაზე.

ექსპერტის თქმით, მას შემდეგ, რაც ნახევარკუნძულზე რუსული საჰაერო თავდაცვა განადგურდება, სამიზნეში მოექცევა ძირითადი ლოკაციები - ქერჩისა (ყირიმის) და ჩონგარის ხიდები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG