რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (დუმა) აპირებს „უკანონოდ და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ" გამოაცხადოს უკრაინისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის გადაცემა, რომელიც, რუსული პროპაგანდის ძალისხმევით, მითების, გამონაგონისა და ორაზროვნების ბურუსშია გახვეული.
1954 წელს ყირიმის გადაცემა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისათვის სპონტანურად არ მომხდარა, მით უმეტეს, ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა ერთი ექსცენტრიკული ადამიანის „ხუშტურის“ შედეგი, როგორც ამას რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს ხოლმე. ფაქტები სულ სხვა რამეზე, პრაგმატულ ეკონომიკურ გათვლასა და მიზანშეწონილობაზე მიუთითებენ. ტერიტორიის გადაცემის პროცედურა გაგრძელდა 1954 წლის იანვრიდან 1954 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე. შესაბამისად, ამ საკითხით თითქმის ექვსი თვის განმავლობაში იყო დაკავებული სსრკ-ის მაშინდელი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანცია: გამოიცემოდა შესაბამისი დადგენილებები და კანონები; სათანადო ცვლილებები შედიოდა რუსეთისა და უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუციებში და ა.შ.
ხრუშჩოვის ვოლუნტარიზმი?
ყველაზე გავრცელებული მითის თანახმად, ყირიმის გადაცემა ნიკიტა ხრუშჩოვის ერთპიროვნული, როგორც საბჭოთა კავშირში იტყოდნენ, ვოლუნტარისტული გადაწყვეტილების შედეგია, თუმცა, როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, 1954 წლის იანვარში, როცა სტალინის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ნიკიტა ხრუშჩოვს ჯერ არ ჰქონდა მოპოვებული ერთპიროვნული ძალაუფლება. ამ დროისთვის ნიკიტა ხრუშჩოვი კომპარტიას ხელმძღვანელობდა მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში (1953 წლის 7 სექტემბრიდან). ერთპიროვნულ მმართველობას დაიწყებს მხოლოდ 1957 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებას ჩამოაშორებს მთავარ კონკურენტებს - "სტალინური გვარდიის" მძიმეწონოსნებს, პრემიერ-მინისტრად კი კიდევ უფრო გვიან, 1958 წელს დაინიშნება. შესაბამისად, 1953 წლის შემოდგომაზე, როდესაც ყირიმის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდა და 1954 წლის იანვარში, როდესაც დაიწყო ნახევარკუნძულის გადაცემის პროცესი, ხრუშჩოვს არ ჰქონდა შესაძლებლობა მოქცეულიყო ისე, როგორც მას მოესურვებოდა. ჯერ კიდევ არსებობდა კოლექტიური ხელმძღვანელობა.
უკრაინელი ისტორიკოსის ანდრეი ივანეცის თქმით, 1964 წელს ხრუშჩოვი ხელისუფლებას ჩამოაშორეს „ვოლუნტარიზმისთვის“, მაგრამ რატომღაც მისთვის წაყენებულ ბრალდებაში არ ფიგურირებდა „ყირიმის უკრაინისთვის ვოლუნტარისტული გადაცემა“:
„ამგვარი ინტერპრეტაცია, როგორც უკრაინაზე ზეწოლის ინსტრუმენტი, გაჩნდა 1980-1990-იანი წლების მიჯნაზე, როცა საბჭოთა კავშირში დაიწყო სუვერენიზაციის პროცესი. სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად მოსკოვი ეძებდა ინსტრუმენტებს უკრაინის თავის ორბიტაზე დასატოვებლად. კერძოდ, გავრცელდა მითი, რომ სწორედ ხრუშჩოვმა გადასცა ყირიმი უკრაინას და ეს სიმთვრალით მოუვიდა. არადა, 1954 წლის დასაწყისში ხრუშჩოვი ჯერ კიდევ არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, როგორიც ის 1950-იანი წლების ბოლოს გახდა. მით უმეტეს, ის არ იყო სტალინის მსგავსი ერთპიროვნული ლიდერი. სსრკ-ის პარტიულ და სახელმწიფო ისტებლიშმენტში ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდებოდა. იყვნენ ძალიან ძლიერი ფიგურები, მათ შორის გიორგი მალენკოვი“.
სამართლებრივ-პროცედურული დეტალები
საბჭოთა კავშირი გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო სპეციფიკური სახელმწიფო ძალაუფლების ორი კონტურით: რეალური ძალაუფლება თავმოყრილი იყო კომუნისტურ პარტიაში, სახელმწიფო ინსტიტუტები კი იმყოფებოდნენ მასთან დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. გიორგი მალენკოვი იყო სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ანუ ხელმძღვანელობდა აღმასრულებელ ხელისუფლებას და იყო პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრიც. სწორედ ის უძღვებოდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას 1954 წლის 25 იანვარს, რომელზეც განიხილეს ყირიმის რსფსრ-დან (რუსეთიდან) უკრაინის სსრ-ში გადაცემის საკითხი. მხოლოდ პარტიის (პოლიტიკური) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩაერთნენ საკითხში სამთავრობო სტრუქტურები. საბჭოთა რუსეთის მინისტრთა საბჭომ 1954 წლის 5 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისათვის გადაცემის წინადადებით მიემართა რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის. ამასთან, გამოყენებული იქნა სწორედ ის ფორმულირებები, რომლებიც ჩამოაყალიბა პარტიის ხელმძღვანელობამ: ტერიტორიული სიახლოვე, ყირიმის რეგიონის მჭიდრო ეკონომიკური, სამეურნეო და კულტურული კავშირები საბჭოთა უკრაინასთან და ა.შ. რუსეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო შესაბამისი მიმართვა რუსეთის უმაღლესი საბჭოსადმი. კიევში კი განაცხადეს, რომ წინააღმდეგი არ იქნებიან მიიღონ ყირიმი უკრაინის სსრ-ში და, რომ ეს იქნება „რუსი ხალხის დიდი ნდობის გამოვლინება უკრაინელი ხალხის მიმართ“. როდესაც საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა უკრაინის მხრიდან გაკეთდა მიმართვები საბჭოთა კავშირის (სსრკ-ს) ხელმძღვანელობისადმი, ეს საკითხი განიხილა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, რომლის სხდომას უძღვებოდა არა ხრუშჩოვი, არამედ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მაშინდელი თავმჯდომარე კლიმენტ ვოროშილოვი, რომელიც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირის მეთაური იყო.
უკრაინელი ისტორიკოსების თქმით, ხშირად რუსული პროპაგანდა ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს ყირიმი უკრაინას გადაეცა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, რაც ასევე არ არის სიმართლე. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა რუსეთისა და უკრაინის მიმართვებისთვის. მხოლოდ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა საუბარი ყირიმის გადაცემის არასრულ, ხარვეზიან პროცედურაზე. ის, რომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, კიდევ ერთი მითია, რომელიც შეიქმნა სსრკ-ის დაშლის პერიოდში და, რომელსაც შემდგომში ხშირად იყენებდა რუსული პროპაგანდა.
1954 წლის 26 აპრილს სსრკ-ის უმაღლესმა საბჭომ, ყველა პროცედურის დაცვით, მიიღო შესაბამისი კანონი, ნახევარკუნძულის გადაცემის საბოლოო იურიდიული რეგისტრაცია კი მოხდა ივნისში, როცა რსფსრ-ის უზენაესმა საბჭომ რუსეთის კონსტიტუციიდან ამოიღო ყირიმი, ხოლო 1954 წლის 17 ივნისს სათანადო ცვლილებები განხორციელდა უკრაინის სსრ-ს კონსტიტუციაში.
„ამრიგად, სამართლებრივი პროცედურა აბსოლუტურად შეესაბამებოდა იმდროინდელ პრაქტიკას და სამართლებრივ ნორმებს“, - ამბობს ანდრეი ივანეცი რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბარში.
ეკონომიკური მიზანშეწონილობა და შეცდომების გასწორება
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის იდეა ჯერ კიდევ სტალინის გარდაცვალებამდე გაჩნდა, რადგან მეორე მსოფლიო ომმა და სტალინის არაადამიანურმა პოლიტიკამ ყირიმი ძალიან დააზარალა: თუ 1939 წელს ყირიმში 1,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 1944 წლის შემოდგომისთვის ნახევარკუნძული მხოლოდ 400 ათას მოსახლეს ითვლიდა.
ყირიმის უკრაინისათვის გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს 1953 წლის მარტში გარდაცვლილი სტალინის შეცდომების გამოსწორების პირველ მცდელობად. სტალინმა ხომ 10 წლით ადრე, 1944 წელს, ნახევარკუნძულიდან თითქმის მთელი ადგილობრივი მოსახლეობა გადაასახლა: მაისში - ყირიმელი თათრები, ივნისში - სომხები, ბერძნები, ბულგარელები და ჩეხები. დაცლილ, გაუკაცრიელებულ მიწებზე კი რსფსრ-ის მკვიდრთა ჩასახლება დაიწყო.
ისტორიკოს სტანისლავ ცალიკის თქმით, „ხალხების მამა“ აპირებდა ყირიმის საბოლოოდ გარუსებას, მას სურდა დაესრულებინა ეკატერინე II-ის მიერ XVIII საუკუნის ბოლოს დაწყებული საქმე, როდესაც რუსეთმა გაანადგურა ყირიმის სახანო და ნახევარკუნძული თავის წიაღში „მიიღო“.
„სტალინის მიერ ჩასახლებულმა რუსებმა, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ განსხვავებულ კლიმატს (ისინი ძირითადად ვოლგიდან, რსფსრ-ის ჩრდილოეთ რეგიონებიდან იყვნენ) და მიწათმოქმედების განსხვავებულ კულტურას, ვერ შეძლეს მეურნეობის წარმატებით გაძღოლა. ყირიმში შეიქმნა კატასტროფული ვითარება, რომელიც სასწრაფო გამოსწორებას მოითხოვდა. ოფიციალურად სტალინის დანაშაულების დაგმობა ჯერ შეუძლებელი იყო, ეს მოგვიანებით გაკეთდება პარტიის XX ყრილობაზე. დეპორტირებული ხალხების უკან დაბრუნება ჯერ კიდევ არ ჯდებოდა საბჭოთა ტრადიციებში. შესაბამისად, გამოსავლის სახით მოიძებნა ყირიმის უკრაინისათვის გადაცემა და უკრაინის მდიდარი რესურსებით ნახევარკუნძულის ეკონომიკური საკითხების მოგვარება“, - ამბობს სტანისლავ ცალიკი.
ყირიმის ნახევარკუნძულს მძიმე კვალი დააჩნია მეორე მსოფლიო ომმაც. ინფრასტრუქტურა ნანგრევებად იყო ქცეული, რადგან საშინელი ბრძოლები გაიმართა სევასტოპოლისა და ქერჩისთვის. შესაბამისად, ყირიმის აღსადგენად საჭირო იყო ძალიან სერიოზული ეკონომიკური და სოციალური გადაწყვეტილებები, რომელთაგან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ყირიმის არხის მშენებლობას უკავშირდებოდა. 1950 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აეშენებინა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და უზარმაზარი წყალსაცავი, რომლითაც მნიშვნელოვანწილად გადაიჭრებოდა ყირიმის წყლით უზრუნველყოფის პრობლემა.
ანდრეი ივანეცის თქმით, კახოვკის ჰესის მშენებლობის ხელმძღვანელობა სიმფეროპოლში იყო დისლოცირებული, საკუთრივ მშენებლობა კი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მასში უკრაინული ორგანიზაციები და საწარმოები იყვნენ ჩართული.
„საჭირო იყო გზების აშენება და ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა. ყოველივე ამის გათვალისწინებით ძალიან მოსახერხებელი იყო ყირიმის შეყვანა დნეპრისპირეთის ეკონომიკურ რაიონში და კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირება დონბასთან, ერთი სიტყვით, ყირიმის უკრაინის სსრ-ში ინტეგრირება. სხვათა შორის, 1920 წლის ნოემბერში, როდესაც ბოლშევიკებმა აიღეს ყირიმი, თავდაპირველად ნახევარკუნძული მათაც დაუქვემდებარეს სახალხო მეურნეობის სრულიად უკრაინულ საბჭოს და მხოლოდ 1920 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას საბჭოთა უკრაინასა და რუსეთს შორის, სადაც პრეამბულაში ნათქვამია, რომ ხელს აწერს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყირიმი ხელახლა დაექვემდებარა რუსეთის შესაბამის სამეურნეო უწყებას“, - ამბობს ანდრეი ივანეცი, რომლის თქმითაც, ომის, ნაცისტური და კომუნისტური ტოტალიტარული სისტემებისგან დაქცეულ, გაღატაკებულ ყირიმში თითქმის სრულად იყო განადგურებული სოციალური ინფრასტრუქტურა:
„სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ანგარიშის მიხედვით, 1954 წლის დასაწყისში ყირიმში მოსავლიანობა გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სხვა რეგიონებში. ათი წლის განმავლობაში ბაღების, ვენახებისა და თამბაქოს პლანტაციების ფართობები ომამდელ დონესაც კი ვერ გაუთანაბრდა. საჭირო იყო განსაკუთრებული ძალისხმევა ყირიმის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ყირიმი უკრაინას გადაეცა: ნახევარკუნძულის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ეფექტიანად უნდა გადაჭრილიყო ტერიტორიულად და ეკონომიკურად უკეთ დაკავშირებული უკრაინის მეშვეობით“.
მთვრალი და გულუხვი ხრუშჩოვი
რუსული პროპაგანდის არსენალშია ასევე „მითი მთვრალი ხრუშჩოვის შესახებ“, რომ თითქოს უკრაინისათვის ყირიმის გადაცემის „ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება“ ხრუშჩოვმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მიიღო. მაგრამ ასევე არსებობს „მეცნიერული“ ჰიპოთეზებიც. ერთ-ერთის მიხედვით, ყირიმი კიევს გადაეცა იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად „დაემაგრებინათ“ უკრაინა მოსკოვის ორბიტაზე უცხო-ეთნიკური ანკლავის დახმარებით. უკრაინელები ხომ ყირიმში უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ერთი მხრივ, გაიზრდებოდა უკრაინის ტერიტორია, მეორე მხრივ კი, ეს ტერიტორია ცენტრისადმი უფრო ლოიალური გახდებოდა.
თუმცა ისტორიკოსები მიუთითებენ ალექსეი აჯუბეის (საბჭოურ ეპოქაში უმთავრესი კომუნისტური გაზეთების მთავარი რედაქტორი და ნიკიტა ხრუშჩოვის ქალიშვილის ქმარი) მემუარებზე, რომლის მიხედვითაც, როდესაც ხრუშჩოვმა საკუთარი თვალით ნახა ყირიმში გლეხების საშინელი ყოფა და სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობა, პირადად გადაფრინდა კიევში და პირადად დაარწმუნა საბჭოთა უკრაინის ხელმძღვანელობა, დაეხმარებოდნენ ნახევარკუნძულს განვითარებასა და ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევაში. ხრუშჩოვმა, რომელსაც სტალინის დროს უკრაინის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობა ეკავა, კარგად იცოდა რესპუბლიკის შესაძლებლობები.
კიდევ ერთი მითი - უკრაინისათვის ნახევარკუნძულის გადაცემა საჩუქრად პერეასლავის რადის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით (რასაც თითქოსდა უნდა განემტკიცებინა უკრაინისა და რუსეთის მეგობრობა) - ეს მითიც წლების შემდეგ შეიქმნა და, როგორც სტანისლავ ცალიკი შენიშნავს, ვერც ის უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მისი თქმით, საუბარი იყო საკმაოდ პრაგმატულ საკითხებზე და გადაწყვეტილების მიმღები პირები ხელმძღვანელობდნენ „უკრაინისადმი ყირიმის რეგიონის ტერიტორიული მიზიდულობის, ყირიმის რეგიონსა და უკრაინის სსრ-ს შორის მჭიდრო ეკონომიკური, სამეურნეო და კულტურული კავშირების გათვალისწინებით“.
რატომ არ ჩატარდა რეფერენდუმი?
ყირიმის უკრაინისათვის გადაცემის სამართლებრივი პროცედურები თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გაიწელა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სათანადო აგიტაცია წარმოებდა როგორც უკრაინაში, ასევე ყირიმში, სადაც გაზეთებში გამოჩნდა მასალები უკრაინის შესახებ, უკრაინის წვლილზე ყირიმის აღდგენაში, კავშირებზე ყირიმისა და უკრაინის საწარმოებს შორის, რა აღჭურვილობას მიიღებდნენ უკრაინიდან და ა.შ. უკრაინის გაზეთებშიც გამოჩნდა ყირიმის შესახებ ინფორმაცია.
„ხალხი სხვადასხვანაირად რეაგირებდა, - ამბობს ანდრეი ივანეცი, - რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც ცვლილებები ხდება, ხალხს აინტერესებს, რა მოხდება შემდეგ. არქივებში შემორჩენილია იმდროინდელი ფარული ცნობები ხალხში არსებული განწყობების შესახებ. სიმფეროპოლის და ყირიმის სხვა ქალაქების მცხოვრებლებს აინტერესებდათ: ხომ არ გადაიყვანდნენ სკოლებს უკრაინულზე? ყირიმის რუსულ თეატრს აინტერესებდა, რუსეთში გადაიყვანენ თუ სიმფეროპოლში დატოვებდნენ (თეატრი დღემდე მუშაობს ყირიმში). რა თქმა უნდა, იყო კითხვები სოციალური პირობების შესახებ: როგორ იქნებოდა სურსათის მიწოდების საქმე? შესაბამისად, პრესაში მიმდინარეობდა კამპანია, რომელიც განმარტავდა, როგორ განვითარდებოდა ყირიმი, რომ არ იქნებოდა ტოტალური უკრაინიზაცია და ა.შ. სხვათა შორის, ერთ-ერთ ცნობაში წერია, რომ ვიღაც ახალგაზრდას შეუნიშნავს: ჩვენ რატომ არ დაგვეკითხნენო? ამ ფაქტზე, რომ არ გამართულა რეფერენდუმი, ასევე აგებულია პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკური მითოლოგია. ძალიან ხშირად, რუსი პროპაგანდისტები ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობენ უკრაინის წინააღმდეგ პრეტენზიის გამოთქმას“.
როგორც იურისტები ამბობენ, სსრკ-ში ტერიტორიული საკითხები რეფერენდუმის გზით არ წყდებოდა. მაგალითად გამოდგება იგივე უკრაინა, რომლის შახტისა და ტაგანროგის ოლქები 1925 წელს გადაეცა საბჭოთა რუსეთს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე. არც საბჭოთა უკრაინასა და არც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, საზღვრების შეცვლისას, სახალხო რეფერენდუმი არ გამართულა. შესაბამისად, სპეციალისტების შეფასებით, ეს არგუმენტი, რომელიც არ ჯდება მეოცე საუკუნის 50-იანი წლების სსრკ-ის კანონმდებლობის პრაქტიკასა და მოთხოვნებში, თითიდან გამოწოვილია.