Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ (არ) მუშაობს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – აგიხსნით მარტივად


„მე ნამყოფი ვარ აფხაზეთში. ვნახე სახლები ჩამსხვრეული ფანჯრებით, რომლებიც თქვენ [ქართველებმა] ჩაამსხვრიეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს რუსმა ტურისტმა, რომელიც ბათუმში სოჭიდან წამოსულ კრუიზს შემოჰყვა.

ეს ქალი, შესაძლოა, საქართველოში სისხლის სამართლის დამნაშავეა, თუ ის მართლაც იყო აფხაზეთში 2008 წლის შემდეგ.

ქართული კანონი კრძალავს ოკუპირებულ რეგიონში შესვლას რუსეთის ტერიტორიიდან. თუმცა რუსი ტურისტი, მდიდრული კრუიზის სხვა 850 მგზავრთან ერთად, ისე გაბრუნდა რუსეთში, რომ მისი შესაძლო დანაშაულით პოლიცია არ დაინტერესებულა.

ჩნდება ეჭვი, რომ უცხოელები, რომლებიც ჩადიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე თავისუფლად ჩადიან დანარჩენ საქართველოში. და არ ჩანს, რომ ხელისუფლება ზედმიწევნით აღასრულებს საკუთარ კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

რას გულისხმობს კანონი?

2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, თბილისმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

კანონი ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აძლევს. აფხაზეთში - სამეგრელოდან, ცხინვალში კი - შიდა ქართლიდან. გამონაკლისია მხოლოდ „განსაკუთრებული შემთხვევები“ - როცა ვიზიტი „ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

კანონი, ასევე, ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვას, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას, ფულად გადარიცხვებს.

მისი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.

რამდენი ადამიანი დაისაჯა?

ყოველ წელს, აფხაზეთსა და საქართველოს რუსეთის ჯამში მილიონზე მეტი მოქალაქე სტუმრობს. ისინი არიან ტურისტების უმრავლესობა.

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღეს რომ რუსები შემოდიან ლეგიტიმურად ლარსიდან, მათი დიდი ნაწილი ნამყოფია აფხაზეთში, ოღონდ სხვა პასპორტით. ან ძველით, ან მეორით“, - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ თბილისი იშვიათად სჯის ადამიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის. 2022 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა 45 ადამიანის მიმართ დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის 2016-2022 წლებში არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ მიუღია. 5 საქმიდან, სასამართლომ მხოლოდ ერთ ბრალდებულს მიუსაჯა 2-წლიანი პატიმრობა. დანარჩენ შემთხვევებში კი გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ წლების განმავლობაში 10 საქმეზე ყველა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ათივეს 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა.

მსჯავრდადებულები არიან არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან, არამედ პაკისტანიდან, იემენიდან, შვედეთიდან.

იყო შემთხვევა, როცა მესაზღვრეებმა რუსეთის მოქალაქე, დუმის დეპუტატი, რომელიც 2015 წელს ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, საზღვრიდან გააბრუნეს.

იგორ მარტინოვი ჰყვებოდა, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში 2017 წლის 7 აგვისტოს ათი დღით ჩამოვიდა. შემდეგ სომხეთში გაემგზავრა. იქიდან კი კვლავ საქართველოში დაბრუნების დროს ქვეყანაში აღარ შეუშვეს. მარტინოვი სომხეთში გააბრუნეს.

როგორც პროკურატურიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრს უთხრეს, 2011 წლამდე დაწყებული დევნის შესახებ სტატისტიკას უწყება არ აწარმოებდა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ 2012 წლამდე, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდოდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის ბევრს სჯიდნენ და თანაც მკაცრად.

„ორსული ქალებიც კი დააპატიმრეს. იყო სომეხი ბიჭი, რომელიც სოჭში ცხოვრობდა და მიდიოდა მშობლებთან სომხეთში. საერთოდ არ იცოდა, რომ გვქონდა ასეთი კანონი. როგორც უფლებადამცველი, ვამბობდი, რომ ეს არასამართლიანია“, - ამბობს ზაქარეიშვილი და ამატებს, რომ დღეს მინიმუმამდეა დასული ამ მუხლით ადამიანების გასამართლება.

ნების არარსებობა თუ ობიექტური მიზეზები?

საქართველოს ხელისუფლება, ხშირად, ამტკიცებს, რომ ქვეყანაში შემოსულების პასპორტებში დარღვევა უბრალოდ არ ჩანს.

რუსეთის მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც წესი, რუსეთის შიდა პასპორტებით შედიან და არა საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტით. ზოგს ორი პასპორტიც აქვს. ერთს საქართველოს საზღვარზე იყენებს, მეორეს - ოკუპირებულ რეგიონებში. ასევე, აფხაზი და ოსი მესაზღვრეები, რუსულ პასპორტებში შტამპებს არ არტყამენ. თუმცა ესეც შემთხვევაზეა დამოკიდებული.

თეორიულად, ქართველ მესაზღვრეებს შეუძლიათ მოიძიონ დამადასტურებელი მასალა სოციალურ ქსელებსა და მედიაში, დარღვეული აქვს თუ არა ტურისტს საქართველოს კანონი და ნამყოფია თუ არა აფხაზეთში. ეს შედარებით ადვილია ოფიციალური და საჯარო პირების შემთხვევაში, თუმცა მილიონობით რიგითი მოქალაქის მონაცემების გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ჩემი გამოცდილებით, 90%-ს ვერ გავიგებთ ვერანაირად. თუ არ არსებობს ერთი 500-600-კაციანი სამსახური, რომელიც ამის გამოვლენაზე მუშაობს, ვთქვათ, ფეისბუკზე საკვანძო სიტყვებით - აფხაზეთი, ტურიზმი…“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და ამატებს: „გამოიჭერ მხოლოდ მას, ვინც შემთხვევით ხელში მოგხვდება“.

თუმცა არც ხელისუფლების პოლიტიკური ნება ჩანს, აღასრულოს კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს დისკომფორტს შეუქმნის ან, მეტიც, დასჯის.

„ვფიქრობ, უფრო ხისტი პოზიცია უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პოლიტიკას ეს ნაკლებად შეესაბამება“, ამბობს კოალიციის „დევნილთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი და ამატებს: „ძირითადად ვინც იქ დადის, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, ეს არიან რუსი სამხედროები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ცხინვალში დამსვენებლები ნაკლებად ჩადიან. ეს თუ არ შეზღუდე, როგორც სახელმწიფოს, აბა, რა ფუნქცია გაქვს მეტი?“

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG