Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით შეგვიძლია ვისარგებლოთ სახლიდან გაუსვლელად


დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის ცენტრმა მათ, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნდა ან Covid19 ვირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციისკენ არაერთხელ მოუწოდა. 16 მარტს საქართველოს მთავრობამ სახლში დარჩენის რეკომენდაციაც გასცა. ჩაიკეტა საქართველოს საზღვარი. 18 მარტიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში იკრძალება სამარშრუტო ტაქსით მგზავრების გადაყვანაც.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანია. ამასთან, გვყავს არაერთი მოქალაქე, რომელმაც, საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, თვითიზოლაციას მიმართა. სასწავლო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების დიდი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

თვითიზოლაციაში მყოფთათვის და, უბრალოდ, პრევენციის მიზნით სახლში დარჩენილებისთვის დისტანციური სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. რამდენიმე დღის წინ შეიქმნა მოხალისეობრივი პლატფორმაც Prevencia.ge, რომელზეც კომპანიები თვითონაც ამატებენ საკუთარ დისტანციურ სერვისებს.

რით შეგიძლიათ ისარგებლოთ სახლიდან გაუსვლელად? - რამდენიმე რეკომენდაცია:

მიტანის სერვისები

“ვოლტისა” და “გლოვოს” მიტანის სერვისით არაფრით გამორჩეულ დღეებშიც ხშირად სარგებლობენ, თუმცა თვითიზოლაციის პერიოდში სახლში მიტანის სერვისებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

შექმნილი მდგომარეობის გამო გაჩნდა ახალი სერვისებიც: მაგალითად, “ვოლტმა” დაამატა უკონტაქტო მიტანის ფუნქცია, ანუ შესაძლებელია შეკვეთამდე მონიშნო “უკონტაქტო მიტანა” და კურიერი შეკვეთას კართან დატოვებს. “გლოვომ” კი შეკვეთის ჩაბარებისას ხელმოწერის ფუნქცია დროებით გააუქმა. უკონტაქტო მიტანის სერვისი დაამატა Soplidan.ge-მაც.

სამედიცინო სერვისები

პრევენციის მიზნით ექიმთან კონსულტაციებზე მოთხოვნა მეტისმეტად გაზრდილია, თუმცა, როგორც პროფესიონალები გვირჩევენ, მნიშვნელოვანია თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს, მათ შორის, განსაკუთრებით, საავადმყოფოში რიგში დგომას. რეკომენდაციების შესაბამისად, რამდენიმე კლინიკამ და სადაზღვევო კომპანიამ უკვე დანერგა დისტანციური კონსულტაციების სერვისი. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მუდმივ რეჟიმში მუშაობს დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზიც: 116 001. შეგიძლიათ ასევე დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც: 15 05

ვირტუალური ტურები

ფიზიკური შეზღუდვები, რა თქმა უნდა, შეეხო სამუზეუმო ტურებსაც, თუმცა ახლა შეგიძლიათ მუზეუმები ვირტუალურად დაათვალიეროთ.

მაგალითად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვირტუალურად ვნახოთ:

ქვის ხანის საქართველო:

XVIII-XX საუკუნის ქართული კოსტიუმები და იარაღები:

საბჭოთა ოკუპაციის გამოფენა და სხვა.

თვითიზოლაციისას ვირტუალურად შეგიძლიათ არა მარტო ქართულ მუზეუმებს ეწვიოთ, არამედ “გუგლის ხელოვნებისა და კულტურის” (Google Arts & Culture) პლატფორმის დახმარებით ვირტუალურად დაათვალიეროთ ვან გოგის მუზეუმი, სინტრას სასახლე პორტუგალიაში, ასევე მოინახულოთ არაერთი ადგილი, რომლებიც, როგორც წესი, ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო ვიზიტორების გარეშე დარჩნენ. მუზეუმების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ.

ონლაინსწავლება და შემეცნება

სასწავლო პროცესი ონლაინპლატფორმების დახმარებით ქართულმა სკოლებმა და უნივერსიტეტებმა უკვე დაიწყეს.

თუმცა, თუ აქტიური მოსწავლე ან სტუდენტი არ ხართ და თვითიზოლაციისას დამატებითი ცოდნის მიღებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ coursera.org-ზე უამრავი საინტერესო კურსი იპოვოთ და სწავლის ბოლოს სერტიფიკატიც აიღოთ.

ონლაინწიგნების რესურსი 1 თვით გახსნა საქართველოში ელქტრონული წიგნების ყველაზე დიდმა მაღაზია „საბამაც“.

აქვე გირჩევთ რამდენიმე საინტერესო ჩანაწერს რადიო თავისუფლების პოდკასტებიდან:

ბევრ საინტერესო ტექსტს წაიკითხავთ რადიო თავისუფლების რუბრიკა "წიგნებში (გა)დარჩენილ ქალაქშიც".

XS
SM
MD
LG