სუს-ის ლოგიკა: ბელარუსი = დასავლეთის ქვეყნებს
თუ „მოსულა” თანამშრომლობა აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან, მაშინ რატომ არ მოსულა ჩვენს ბელარუს კოლეგებთან? - დაახლოებით ასე განმარტავს სუს-ი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამიერიდან ლუკაშენკას უშიშროებასთან ინფორმაციას უფრო აქტიურად მიმოცვლის.
საბუთი 2016 წელს მომზადდა, თუმცა 5 წლის დაგვიანებით, 2021 წლის 12 აგვისტოს შევიდა ძალაში. შეთანხმების თანახმად, უწყებები ერთმანეთს დაეხმარებიან, „ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან” ბრძოლაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორივე მხარეს შეუძლია, უარი თქვას თანამშრომლობაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა მოტივებით.
ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პოლიტიკოსები, აქტივისტები და უფლებადამცველები აღაშფოთა იმან, რომ საქართველომ თანამშრომლობის ხელი ლუკაშენკას რეჟიმს გაუწოდა. ავტორიტარმა ლიდერმა შეიძლება ამით ისარგებლოს და გამოგონილი ბრალდებებით აზარალოს ისინი, ვინც მის რეპრესიებს აქ გამოექცა.
უსაფრთხოდ, საქართველოში
„რომ მოვიდნენ, გაგვჩხრიკეს და 15 ადამიანი წაიყვანეს. დირექტორი, იურისტები და პოლიტიკური ჟურნალისტები. იქამდე დარჩენა მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ სანამ მეც დამაპატიმრებენ, უნდა გავქცეულიყავი”, - ჰყვება საქართველოში ჩამოსული ბელარუსი ჟურნალისტი.
მისი გამოგონილი სახელია გლები. იგი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოცემაში, tut.by-ში მუშაობდა. 2020 წლის აგვისტოში, კოლეგებთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარ დარღვევებს აშუქებდა. 2021 წლის 18 მაისს მათი ვებგვერდი ხელისუფლებამ დაბლოკა, 13 აგვისტოს სასამართლომ ისინი „ექსტრემისტებად” შერაცხა.
გლების თქმით, სამშობლოდან იმიტომაც გამოიქცა, რომ აღარ სურს რეჟიმს გადასახადები უხადოს, ან სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოების პროდუქცია შეიძინოს.
„რეპრესიების ფონზე, ეს ბევრმა გადაწყვიტა. წარმოიდგინეთ - მაღაზიაში მიდიხარ და ხვდები, რომ რაც უფრო მეტს დახარჯავ, მით უფრო მეტ თანხას მიიღებენ სპეცსამსახურები და შსს. ფაქტობრივად, დარბევების სპონსორი ხდები”.
სხვებმა საქართველოს სიმშვიდისთვის ჩამოაკითხეს.
„ქუჩაში რომ მივდივარ, ირგვლივ აღარ ვიხედები და არ მგონია, რომ ახლა მანქანა გამიჩერებს და შიგნით ჩამტენიან”, - ნადია საქართველოში უფრო მშვიდად კია, მაგრამ ნამდვილ სახელს ისიც მალავს. „დაწერე, რომ შუახნის ჩაფსკვნილი მამაკაცი ვარ”, - ამბობს სიცილით.
ჰყვება, რომ ბელარუსში ბევრ მის კოლეგას და თანამებრძოლს აღარ დაედგომება - „ვიცი, რომ ძალიან ბევრი ბელარუსი საქართველოში ჩამოდის. განსაკუთრებით ისინი, ვის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული”.
“იქ ყველას დაერივნენ”
ამისთვის სერიოზული საბაბი საჭირო აღარცაა. უბრალოდ ლუკაშენკას კრიტიკა ნიშნავს იმას, რომ ციხეში იოლად მოხვდები, - ერთხმად აცხადებენ ბელარუსი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები.
ლუკაშენკა მათ ადრეც არ სწყალობდა, მაგრამ რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის წყალგამყოფი 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული (და ასიათასობით მოქალაქის აზრით, ტოტალურად გაყალბებული) არჩევნები გახდა. ქვეყნის უახლეს ისტორიაში არნახული სიდიდის საპროტესტო ტალღას, რეჟიმმა ასევე არნახული სისასტიკით უპასუხა.
მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, შემდეგ კი 15 დღით აპატიმრებდნენ. ზოგს უფრო მკაცრად ექცეოდნენ და სამშობლოს ღალატისთვის ასამართლებდნენ. ეს კი უკვე 15-წლიან პატიმრობას ნიშნავს. ცოტა ხანში ქუჩაში გამოსულები აღარ იკმარეს და მიადგნენ მათაც, ვინც დაკავებულებს ეხმარებოდა.
ჟურნალისტები ამბობენ - პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების წამება ბელარუსში ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მხოლოდ არჩევნებიდან ერთ თვეში, გაერომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის 450-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა. დოიჩე ველეს ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, სამართალდამცველებს უკვე 1800-ზე მეტმა ადამიანმა უჩივლა. გამოძიება არც ერთ საქმეზე არ დაწყებულა.
მაგრამ რეჟიმი ერჩის არა მხოლოდ მათ, ვინც პრობლემებს უქმნის. სამიზნეში ხვდებიან სამოქალაქო და საქველმოქმედო ორგანიზაციებიც.
„იქ ყველას დაერივნენ. 100-ზე მეტ ორგანიზაციას მიადგნენ. წარმოიდგინე - სრულიად უწყინარ ორგანიზაციებში შევიდნენ, აი, მაგალითად, ობოლ ბავშვებს ან ეტლით მოსარგებლეებს რომ ეხმარებიან. რა ბედი ეწევათ ახლა მათ ბენეფიციარებს, კიდევ ცალკე პრობლემაა”, - ამბობს ნადია.
ლუკაშენკა გადასწვდა მათაც, ვინც ბელარუსიდან გამოაღწია. ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ბელარუსის საზღვართან ეკიპაჟს შეატყობინეს, რომ ბორტზე შესაძლოა ბომბი ყოფილიყო. თვითმფრინავი აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. დაშვებისთანავე, რამან პრატასევიჩი და მისი შეყვარებული დააპატიმრეს. ევროკავშირის ქვეყნებმა ბელარუსს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს და ლუკაშენკასა და მის გარემოცვას სანქციები დაუწესეს.
საქართველომ იგივე არ გააკეთა. ფრენები მინსკსა და თბილისს შორის გრძლდება, რამაც სხვათა შორის ბევრ ბელარუს დისიდენტს მისცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო.
თანამშრომლობა პოლიტიკური დევნისთვის
რატომ იცდიდა ბელარუსის ხელისუფლება ამდენ ხანს? რატომ გაააქტიურეს დოკუმენტი მაინცდამაინც ახლა, როდესაც საქართველოს სულ უფრო მეტი პოლიტიკური ემიგრანტი აფარებს თავს?
საქართველოში ჩამოსულ კიდევ ერთ ჟურნალისტს, ალექსეი კარპეკას ხელშეკრულებასთან ბევრი კითხვა აქვს და ის პასუხები, რომელიც თავში უტრიალებს, სასიამოვნო როდია.
საბუთში ექსტრადიციის შესახებ ვერაფერი ამოიკითხა, მაგრამ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეჟიმს ეს არც სჭირდება.
„მოუსვენრად ვარ, იმის გათვალისწინებით, თუ რა მარტივად ანიჭებენ ჩვენთან ექსტრემისტისა და ტერორისტის სტატუსს. მათთან ინფორმაციის მიმოცვლამაც შეიძლება გვაზარალოს. ნებისმიერი რამ ჩვენ წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ”, - ამბობს იგი.
საქმის აღსაძვრელად შეიძლება ბანკის ამონაწერიც კი იკმარონ. ალექსეი კარპეკას კარგად ახსოვს - მსგავსი შეთანხმება ბელარუსმა პოლიტიკური რეპრესიებისთვის უკვე გამოიყენა. 2011 წელს უშიშროებამ ლიტვიდან გამოითხოვა ინფორმაცია უფლებადამცველის ალეს ბელიაცკის ფინანსური ოპერაციების შესახებ. მასზე დაყრდნობით იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ლიტვის ხელისუფლებამ ბელარუსის ქმედებებს სამარცხვინო უწოდა და შეთანხმება გაყინა.
ნადია დარწმუნებულია, რომ მინსკი აუცილებლად მოსთხოვს სუს-ს პოლიტემიგრანტების თვალთვალს. თუ უკვე არ მოსთხოვა. ყველაზე მეტად ხელშეკრულებაში „სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის” ხსენება აშინებს. სწორედ ამ ბრალდებით ასამართლებენ საპროტესტო აქციებში მონაწილე ბევრ ადამიანს. ეს იგივე „სამშობლოს ღალატია”, ანუ 15-წლიანი პატიმრობა.
***
რამდენიმე დღის წინ ბელარუსის ოპოზიციის დევნილმა ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ თქვა, რომ მზადაა ოფიციალურ თბილისთან პოლიტემიგრანტების უსაფრთხოებაზე სალაპარაკოდ. რას უპასუხებს საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივას, ან უპასუხებს კი საერთოდ?