Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პირველი ტერორისტი ჟურნალისტი ისტორიაში”


რამან პრატასევიჩი მინსკში, სასამართლო განხილვაზე. 2017 წლის 10 აპრილი
რამან პრატასევიჩი მინსკში, სასამართლო განხილვაზე. 2017 წლის 10 აპრილი

“პირველი ტერორისტი ჟურნალისტი ისტორიაში” - ამ სიტყვებს 26 წლის ბელარუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის, ტვიტერის პროფილზე ამოიკითხავთ.

კოლეგები ამბობენ, რომ ეს სარკასტული პასუხია მისთვის წაყენებულ ბრალდებებზე - ბელარუსის უშიშროების სამსახური პრატასევიჩს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

"სახელმწიფო ტერორიზმი"

ჟურნალისტი, აქამდე არნახული ოპერაციის შედეგად, 23 მაისს დააპატიმრეს, როდესაც იგი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის ეკიპაჟმა მინსკიდან შეტყობინება მიიღო, ბორტზე შესაძლოა ბომბი იყოსო. მინსკის აეროპორტამდე თვითმფრინავი ავიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაშვების შემდეგ ნაღმი ვერ იპოვეს, სამაგიეროდ, დააკავეს რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია შაპეგა.

რომან პროტასევიჩის ტვიტერის პროფილი
რომან პროტასევიჩის ტვიტერის პროფილი

სად იმყოფება დღეს, ზუსტად არავინ იცის - უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვიასნა” იტყობინება, რომ ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების შენობაშია გადაყვანილი და დაკავების დროიდან ადვოკატი მასთან მხოლოდ ერთხელ შეუშვეს.

1 ივნისს ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, მათი მტკიცებით, პრატასევიჩის დაკითხვის ვიდეონაწყვეტი. “უბრალოდ, გამიჩალიჩეს, - ამბობს ჟურნალისტი. - ეს არსად მითქვამს, მაგრამ როგორც კი ვთქვი, ეგრევე მინსკში აღმოვჩნდი”.

მართალია, ნაწყვეტიდან გაუგებარია, ვის, ან რას გულისხმობს იგი, მაგრამ ციტატა სწრაფად გავრცელდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და რუსულ მედიასაშუალებებში. "დასავლეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის" და "არეულობის მოწყობის" გარდა, ისინი პრატასევიჩს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაშიც სდებენ ბრალს.

პარალელურად, დასავლელმა დიპლომატებმა მინსკის ქმედებას “სახელმწიფო ტერორიზმი” უწოდეს და მოუწოდეს ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაანთავისუფლოს პრატასევიჩი. ლუკაშენკას მოწინააღმდეგები დარწმუნებულები არიან - ჟურნალისტი დააკავეს იმიტომ, რომ იგი რეჟიმს პრობლემებს უქმნიდა.

თან - ჟურნალისტი, თან - სამოქალაქო აქტივისტი

2019 წლის 9 აგვისტოს ბელარუსის ცესკომ გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა. მისი მოწინააღმდეგეები მასობრივ დარღვევებზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და, სინამდვილეში, ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვიატლიანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა. ათასობით მომიტინგე ქუჩებში გამოვიდა, რა დროსაც მთელ ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა.

მაგრამ აპლიკაცია ტელეგრამი მაინც მუშაობდა. ტელეგრამის არხი NEXTA, რომლის რედაქტორიც პრატასევიჩი იყო, ასიათასობით ბელარუსისთვის ერთადერთი სანდო წყარო გახდა იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში სინამდვილეში.

სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში მხოლოდ დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევების გაშუქება საკმარისი აღარ იყო. არხი აქვეყნებდა რჩევებს, თუ როგორ უნდა დაეცვათ ადამიანებს თავი სპეცდანიშნულების რაზმისგან, ბოლოს კი ღიად მოუწოდებდა მოქალაქეებს გამოსულიყვნენ გარეთ და დაესრულებინათ რეჟიმი.

საპროტესტო აქცია მინსკში. 2020 წლის 10 აგვისტო
საპროტესტო აქცია მინსკში. 2020 წლის 10 აგვისტო

პროტესტის მეთერთმეტე დღეს BBC-ს ჟურნალისტმა ჰკითხა: “თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ადამიანები გაგყავთ ქუჩაში, სადაც ხვდებათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი?”

პრატასევიჩმა უპასუხა: “რაღაც მხრივ, ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც ხდება. შეუძლოდ ვარ, როდესაც ვხედავ კადრებს, სადაც ადამიანებს სხეულები დახვრეტილი აქვთ და კიდურები - სანახევროდ მოგლეჯილი. ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც ჩვენთან ქვეყნდება, მხოლოდ იმ კუთხით, რამდენად დააახლოებს ეს ადამიანებს გამარჯვებასა და დიქტატურის დასრულებასთან”.

რუსული გამოცემა “მედუზას” ჟურნალისტი ნატაშა კონდრაშოვა, რომელთან ერთადაც პრატასევიჩი ნახევარწლიან სტაჟირებას გადიოდა რადიო თავისუფლებაში, გვეუბნება, რომ “მან შექმნა უკანასკნელი ინსტანცია, სადაც ადამიანებს შეეძლოთ საკუთარ პრობლემებზე ესაუბრათ”. კონდრაშოვა დარწმუნებულია, რომ პრატასევიჩი სწორედ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს.

“გამოუსწორებელ იდეალისტი”

პრატასევიჩი ლუკაშენკას რეჟიმს პრობლემებს, დიდი ხანია, უქმნის. 2011 წლის 6 ივლისს მინსკში დაბადებული და გაზრდილი 16 წლის ბიჭი ე. წ. “მდუმარე პროტესტებში” მონაწილეობისთვის დააკავეს. ათასობით ბელარუსთან ერთად რამანი ფასების ზრდასა და მოსახლეობის გაღარიბებას აპროტესტებდა. ამის გამო სახელმწიფო ლიცეუმიდან გარიცხეს.

რომან პროტასევიჩი საპროტესტო აქციაზე. 2012 წლის 25 მარტი
რომან პროტასევიჩი საპროტესტო აქციაზე. 2012 წლის 25 მარტი

2017 წელს ხელისუფლებამ არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზებაში დასდო ბრალი, თუმცა სასამართლომ მაშინ ის გაამართლა. ცოტა ხანში იგი გარიცხეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც. პრატასევიჩი მაშინ აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

ჟურნალისტად ყოფნა უსაფრთხო არაა. ადამიანებისთვის სიმართლის თქმა სწორედაც რომ სახიფათოა, რადგან შემდეგ შეიძლება დაგაპატიმრონ. მაგრამ როდესაც ადამიანები იტანჯებიან სამსახურის გარეშე, როდესაც მათ აქვთ ცოტა ფული და ეშინიათ ქუჩაში შეკრების, რა უნდა ქნა ამ დროს? მხოლოდ ის ვიცი, რომ დანებების დრო არ არის. - ეს ფრაგმენტია მის მიერ 2017 წელს რადიო თავისუფლებისთვის დაწერილი ესედან.

“სულ რაღაცის კეთება უნდოდა, მოძრაობაში იყო. წამოხტებოდა ხოლმე, ახალ ამბავს კითხულობდა, და აღშფოთებული გაიძახოდა, ლუკაშენკამ ესა და ეს ქნაო”, - ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი გლებ ჟავორონკოვი, რადიო თავისუფლების კიდევ ერთი ყოფილი სტაჟიორი.

კითხვაზე “როგორი იყო პრატასევიჩი”, ის გვიპასუხებს: “გამოუსწორებელი იდეალისტი”.

პროპაგანდის სამიზნე

2019 წლის ბოლოს პოლონეთში წავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

რამან პრატასევიჩი ვარშავაში. 2020 წლის 22 იანვარი
რამან პრატასევიჩი ვარშავაში. 2020 წლის 22 იანვარი

2020 წლის ნოემბერში ბელარუსის უშიშროების კომიტეტმა მას ტერორიზმსა და არეულობების ორგანიზებაში დასდო ბრალი. პრატასევიჩის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი პროპაგანდა ამუშავდა.

ლუკაშენკას რეჟიმის მიერ კონტროლირებადი გაზეთი “ბელარუს სეგოდნია” წერდა, რომ იგი ბოევიკია, უკრაინაში იბრძოდა და უკრაინულ “ნეონაცისტურ დაჯგუფებებთან” აქვს კავშირი.

პრატასევიჩის დაპატიმრების შემდეგ ამ ბრალდებებმა რუსულ სახელმწიფო არხებზეც გაიჟღერა (თუმცა მათ არაფერი აქვთ საერთო პრატასევიჩის დაკავებასთან). სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა რამდენიმე ფოტო, სადაც, სავარაუდოდ, პრატასევიჩი სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი და იარაღი უკავია.

თავად ჟურნალისტის თქმით, 2014 წელს მართლაც იმყოფებოდა უკრაინაში, თუმცა არა საომრად, არამედ საბრძოლო მოქმედებების გასაშუქებლად.

“მას შემდეგ, რაც უკრაინის ომიდან დავბრუნდი, მივხვდი, რომ აუცილებლად წავალ სხვა სამხედრო კონფლიქტების გასაშუქებლადაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანებს უნდა დავანახოთ ის, რაც არასდროს არ უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა პრატასევიჩმა 2020 წელს.

რაც შეეხება ტერორიზმის ბრალდებას, “ადამიანები მოდიან ჩემთან, ხელს მართმევენ და მეუბნებიან, გამარჯობა, ტერორისტოო”, - ამბობდა ის. მისი კოლეგები აცხადებენ, რომ პრატასევიჩი ამაზე ძალიან ხალისობდა და ამიტომაც საკუთარ თავს ტერორისტი ჟურნალისტი შეარქვა.

2021 წლის დასაწყისში პრატასევიჩმა დატოვა NEXTA და ვილნიუსში გადაბარგდა. ის განაგრძნობდა ჟურნალისტად მუშაობას და ლუკაშენკას რეჟიმის კრიტიკას.

BBC-ს ინფორმაციით, 23 მაისს, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, პრატასევიჩმა შენიშნა კაცი, რომელიც უთვალთვალებდა.

ამ შეტყობინებებს პრატასევიჩი ათენის აერპორტიდან წერდა.
ამ შეტყობინებებს პრატასევიჩი ათენის აერპორტიდან წერდა.

"ლოლ, აეროპორტში ვიღაც “თანამშრომელი" მითვალთვალებდა.

ეგ კი არა, ეცადა ჩემი საბუთები კამერაზე გადაეღო.

მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი. ყველა ვარიანტში, უცნაური ამბავია.

საღადაო ისიცაა, რომ საბუთების შემოწმების რიგში ჩემს მერე იყო და უბრალოდ გატრიალდა და წავიდა. თვითონ გეიტს შიგნით.

კიდევ რატომღაც ცდილობდა, ტელეფონით ფარულად გადაეღო ჩემი საბუთები, როდესაც ელექტრონულ ფორმებს ვხსნიდი.

ჰო და კიდევ, ჩემთვის ვიდექი ჩუმად, და რუსულად რაღაც სულელური კითხვა დამისვა. შუა ხნის ტიპი იყო, გამხდარი, ოდნავ მელოტი.

მხოლოდ მაისური ეცვა, ნაჭრის ღია შარვალი და… თან პატარა ტყავის ჩემოდანი ჰქონდა" - წერდა პრატასევიჩი ათენის აეროპორტიდან.

პრატასევიჩის "აღიარებითი ჩვენებები". ამ კადრების ნახვის შემდეგ, პრატასევიჩის მშობლებმა განაცხადეს, რომ მას ცხვირი აქვს გატეხილი
პრატასევიჩის "აღიარებითი ჩვენებები". ამ კადრების ნახვის შემდეგ, პრატასევიჩის მშობლებმა განაცხადეს, რომ მას ცხვირი აქვს გატეხილი
“თვითმფრინავის გატაცების” შემდეგ ევროპულმა ავიაკომპანიებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეწყვიტეს, ევროპელი დიპლომატები კი მინსკს ახალ სანქციებს უმზადებენ. დაკავებიდან ცოტა ხანში პროსახელისუფლებო არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ნაცემი და ნაწამები პრატასევიჩი “ბრალს” აღიარებს.

ნატაშა კონდრაშოვა და გლებ ჟავორონკოვი ამბობენ, რომ ვიდეოს ზუსტად ისევე დაეჯერება, როგორც მინსკის ოფიციალურ ვერსიას.

“დარწმუნებული ვარ, აწამეს. მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ ამ ვიდეოში მაინც ძალიან ბუნებრივი იყო. სერიოზულად რამეს როცა მიყვებოდა, ზუსტად ასე მელაპარაკობდა” - თქვა გლებ ჟავორონკოვმა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG