Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოკლეს ვიტალი?


„რამ მიიყვანა სიკვდილამდე ჩემი შვილი? სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობამ იმ სხვადასხვა ფაშისტური დაჯგუფებებისადმი, რომლებიც ქადაგებენ სიძულვილის იდეოლოგიას. თუკი ახლავე არ დავიწყებთ მათთან ბრძოლას, მსხვერპლი გაიზრდება და დადგება დრო, როცა მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ თავად ჩვენ არაფერი ვიღონეთ იმისათვის, რომ არ მოეკლათ ჩვენი შვილები იმ ქალაქის ქუჩებში, რომლებიც მათ ასე უყვარდათ. ახლა ძალიან მიჭირს წერა, მაგრამ გადავწყვიტე დავიწყო ბრძოლა და მგონია, რომ ყველა ოჯახი, ყველა დედა გამიგებს და გვერდში დამიდგება. ჩვენ შვილები გვყავს. ვინ იქნება შემდეგი?“ - ეს წერილი ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა მარინა ალანაკიანმა, 30 სექტემბერს მოკლული ვიტალი საფაროვის დედამ.

25 წლის ვიტალის ოჯახის წევრები და მათი უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ 30 სექტემბრის გამთენიისას დიუმას ქუჩაზე მეგობრებთან ერთად ბარში მყოფი ვიტალი სიძულვილის ნიადაგზე მოკლეს. მათი თქმით, სავარაუდოდ, მკვლელობა განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს.

პოლიციამ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ორი პირი მალევე დააკავა. ერთის მიმართ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე დაკავებულს კი ბრალდება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი ვიტალი საფაროვის ახლო მეგობარი იყო. ის დარწმუნებულია, რომ ვიტალი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი გახდა. აგიტ მირზოევი რადიო თავისუფლებას უამბობს ვიტალი საფაროვის შესახებ, რომელიც მათ ორგანიზაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდებისთვის ტოლერანტობის ბანაკების ორგანიზების პროექტში. ვიტალი ახალგაზრდებს ტოლერანტობას, ერთმანეთის გრძნობებისა და ღირსების პატივისცემას ასწავლიდა. აგიტის თქმით, ვიტალი იყო პატიოსანი, კანონმორჩილი მოქალაქე, რომელიც შეეწირა იმას, რის წინააღმდეგაც იბრძოდა:

„თავად ვაწარმოეთ თვითმხილველების გამოკითხვა და, მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არსებობს საფუძველი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს. აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა. პირველი, ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და მეორე, იყო სიძულვილით მოტივირებული, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის დამამძიმებელი გარემოება“.

ვიტალის ოჯახის წევრებისა და მეგობრების ეჭვებს ამძაფრებს თვითმხილველთა მონათხრობი, თუ რა გახდა 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საბაბი. როგორც აგიტ მირზოევი უყვება რადიო თავისუფლებას, ვიტალი დიუმას ქუჩაზე, ბარში, იმყოფებოდა ორ მეგობართან ერთად, რომლებსაც რუსულ ენაზე ელაპარაკებოდა. იქვე მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მას შენიშვნა მისცა: „რატომ ლაპარაკობ რუსულად? თუ ქართველი ხარ, ქართულად უნდა ილაპარაკო და ტრადიციებს სცე პატივიო. ვიტალიმ უპასუხა, რომ მისი გადასაწყვეტი იყო, რა ენაზე ილაპარაკებდა. ამის შემდეგ სამმა ახალგაზრდამ ვიტალი გაიყვანა გარეთ და ბლაგვი საგნითა და დანით სასტიკად გაუსწორდნენ“.

იქცეოდნენ საშინლად აგრესიულად, იძახდნენ, რომ იყვნენ ნეონაცისტები...

როგორც ვიტალის ოჯახის წევრები სამართლებრივი ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“, აცხადებენ, მათ გაარკვიეს, რომ მკვლელობის მოწმეებს ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ შეუტყობინებიათ საინფორმაციო ცენტრ 112-ისა და კრიმინალური პოლიციისათვის დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი მსგავსი ძალადობის შემთხვევები, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. ამას ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დიუმას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბარის ყოფილი თანამშრომელი, სესილი. ის ამბობს, რომ მას პირადად არაერთხელ გამოუძახებია სამართალდამცავები:

„როგორც კი მკვლელობა მოხდა, პოლიციამ დამირეკა. დაკავებულების სახელებისა და გვარების გადამოწმება უნდოდათ. შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში ვეხვეწებოდით პოლიციას, რომ რაიმე ეღონათ ამ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ დღეს დაკავებული ახალგაზრდები შარშან, აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, მოდიოდნენ ამ ქუჩაზე, იქცეოდნენ საშინლად აგრესიულად, იძახდნენ, რომ იყვნენ ნეონაცისტები. ისროდნენ ხოლმე შუშის ბოთლებს. განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ, როცა უცხოელებს ხედავდნენ. მიზეზიც კი არ სჭირდებოდათ, რომ ეჩხუბათ. გაეკიდებოდნენ და ეჩხუბებოდნენ. ძირითადად სამი ადამიანი ტრიალებდა. ერთ-ერთი, ვინც დღეს არის დაკავებული, იყო მათი ლიდერი. თავად ამბობდნენ სიამაყით, რომ სცემდნენ უსახლკაროებს, რადგან სუსტები უნდა მოკვდნენო. ერთხელ ისიც კი თქვეს, უსახლკარო შემოგვაკვდა ცემაშიო. პოლიციას მათ თვალწინ პირადად ვუთხარი ამის შესახებ, მაგრამ სამართალდამცავებს რეაგირება არ ჰქონიათ. პოლიციელები ამ პრობლემას არ იმჩნევდნენ. მათ წინააღმდეგ არც ერთხელ არ აღძრულა საქმე“.

აგიტ მირზოევი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ოჯახს დაუდასტურეს, რომ საქმეში იკვეთება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები.

შესაძლოა თუ არა, რომ ვიტალი საფაროვის საქმეზე მართლაც გადაკვალიფიცირდეს მუხლი და მიენიჭოს სიძულვილით მოტვირებული დანაშაულის სტატუსი? - ამ კითხვაზე საქართველოს პროკურატურა რადიო თავისუფლებას უპასუხებს, რომ „მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, მუხლი გადაკვალიფიცირდება“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშში მითითებული მონაცემების თანახმად, გასულ, 2017, წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით კი, 2018 წელს ეს რიცხვი გაორმაგდა და სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა გამოკვეთილ იქნა 95 სისხლის სამართლის საქმეში. კერძოდ, 80-მდე პირის მიმართ გამოძიების მიერ გამოიკვეთა დანაშაული, ჩადენილი სქესის/გენდერის ნიშნით, 11 პირის მიმართ - სექსუალური ორიენტაციის/გენდერის იდენტობის ნიშნით და 4 პირის მიმართ - ეთნიკური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნიშნით.

XS
SM
MD
LG