Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ იბრუნებენ საქართველოში დაბადებული სომხები მოქალაქეობას?


ახალქალაქი
ახალქალაქი

ჯავახეთის მოსახლეობას ერთი წელია, რაც ორმაგი მოქალაქეობის აღდგენის შანსი გაუჩნდა, თუმცა ამ უფლებით მხოლოდ ერთეულებმა ისარგებლეს. რა უშლის საქართველოში დაბადებულ სომეხ მოსახლეობას დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა?

ანაიდა სიმონიანმა 6 წლის წინ სკოლა ახალქალაქში დაამთავრა, მაგრამ უმაღლესი განათლების მისაღებად ერევანში წავიდა, რადგან სამუშაოც იქვე იშოვა, სომხეთის მოქალაქეობა ითხოვა და მიიღო კიდეც. ანაიდას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მას საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად დააკარგვინა.

პრობლემა 2013 წელს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებამ გამოიწვია, სადაც ჩაიწერა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ეს სიახლე ჯავახეთის 3000-მდე მოსახლეს შეეხო.

ანაიდა სიმონიანი
ანაიდა სიმონიანი

წლების შემდეგ ანაიდა ახალქალაქში დაბრუნდა და მოქალაქეობის აღდგენაზე დაიწყო ფიქრი.

,,ბევრი პრობლემა შემექმნა - ბავშვები სკოლაში უნდა მიმეყვანა ,,სამედიცინო მომსახურება გვჭირდებოდა, სამუშაოს დაწყება. შევიტანე განაცხადი, მაგრამ უარი მომივიდა“.

მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის შეტანა 250 ლარი ჯდება. მას მერე, რაც ანაიდამ ეს თანხა ერთხელ დაკარგა, მეორედ განაცხადი აღარ შეუტანია.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა ანი მინასიანმა სამჯერ სცადა. ორჯერ დაუსაბუთებელი უარის მიუხედავად, მესამედ მაინც შეიტანა განაცხადი, გასაუბრებაზეც გავიდა და მოქალაქეობაც დაიბრუნა. ამ დროს ის უკვე ახალქალაქის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საინფორმაციო სააგენტო “ჯეინიუსის” კორესპონდენტად მუშაობდა. კომისიის წევრებმა, რომლებსაც მისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ, ძირითადი კითხვები სწორედ სამსახურის შესახებ დაუსვეს. გასაუბრება ქართულად მიმდინარეობდა.

ორმაგი მოქალაქეობა ის თემაა, რომელსაც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არჩევნების წინ ყველა პოლიტიკოსი ეხება და ათასნაირ დაპირებას იძლევა.

ანი მინასიანი
ანი მინასიანი

“ასე იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინაც. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენძელ მკოიანი მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ 1600 მოქალაქის საბუთი სალომე ზურაბიშვილისთვის უკვე გადაცემული ჰქონდა და ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეს ხალხი მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებდა”, - ამბობს სააგენტო ,,ჯეინიუსის“ მენეჯერი ანი მინასიანი.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ჯავახეთის მოსახლეობა ეტაპობრივად ყოველთვის იღებდა, თუმცა 2008 წლის შემდეგ რუსეთმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით გაამარტივა. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის აღსრულება 2013-14 წლებიდან განსაკუთრებით გამკაცრდა. ამ სიახლის შესახებ ჯავახეთის 2 800-ზე მეტმა მოსახლემ მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის დროს გაიგო, სადაც მებაჟეებმა მათი ორმაგი მოქალაქეობა დააფიქსირეს.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, თუმცა ამ ხალხს მოქალაქეობა არ დაბრუნებიათ. აღმოჩნდა, რომ სტატუსის მიღებამდე რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო, მათ შორის ქართული ენისა და ისტორიის ცოდნა.

“მაქვს დიდი სურვილი, რომ თქვენი შვილებით, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები… ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს”, - უთხრა დედაენის დღეზე ჯავახეთში ჩასულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქელებს.

მახარე მაცუკატოვი
მახარე მაცუკატოვი

“მთავარი ის კი არ არის, რატომ ვერ იღებს ეს ხალხი საქართველოს მოქალაქეობას, არამედ ის, თუ რატომ დაკარგა" - ამბობს ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი. "აცხადებენ, რომ საქართველოში 100 ქარხანა ამუშავდა, მაგრამ ამით ახალქალაქში და ზოგადად ჯავახეთში ბევრი არაფერი შეცვლილა“.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის სომეხი ეროვნების მოქალაქეები საქართველოში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ და თავის მომავალს მეზობელ სომხეთსა და რუსეთს უკავშირებენ.

"ეს იყო და არის მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან მათი დიდი ნაწილი გაზაფხულზე ტოვებს ოჯახებს და ძირითადად სომხეთში ან რუსეთში მიდის სამუშაოდ, საიდანაც გვიან შემოდგომით ბრუნდება. ქვეყნიდან და ოჯახიდან წასვლა არავის უნდა, უბრალოდ მათ სხვა გზა არ აქვთ”, - ამბობს სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“.

სამველ პეტროსიანი იხსენებს, რომ პარლამენტარობის პერიოდში, აღნიშნულ საკითხზე ახლა უკვე პრეზიდენტთან და მაშინ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან ერთად მუშაობდა.

სამველ პეტროსიანი
სამველ პეტროსიანი

“სალომე ზურაბიშვილის ინიციატივამ მინიჭებისთვის აუცილებელი პირობების შესრულების შესახებ ცოტა შეაშინა მოსახლეობა. სამუშაოდ ძირითადად 45-50 წელს გადაცილებული ხალხი დადის და მათთვის ამ ასაკში უკვე რთულია ენის შესწავლა. კარგი იქნება ამ ხალხისთვის ამნისტია გამოცხადდეს“, - აცხადებს სამველ პეტროსიანი.

კანონი ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ 2017 წლის 30 სექტემბერს ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეს აღარ ეკრძალება იყოს იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას არ იწვევს.

კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ “სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო” ემიგრაციაში წასულ მოსახლეობას მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.

თუმცა კანონი ორმაგი მოქალაქეობის მაძიებელს ავალდებულებს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნას, ასევე მსურველი ბოლო ხუთი წელი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში ან მეუღლე უნდა ჰყავდეს საქართველოს მოქალაქე.

“პირველ პუნქტად წერია, რომ მსურველმა აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. სწორედ ეს საკითხია ყველაზე პრობლემური. ვისაც მოქალაქეობის დაბრუნება სურს, მინიმუმ 50-55 წლის არის, მათ ამ ასაკში ქართული ენის შესწავლა უჭირთ. არ ვიცი, როგორია სტატისტიკა ან რამდენი ადამიანია საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი, თუმცა ეს პრობლემა თითქმის ყველა სოფელში აწუხებთ“, - ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის საჭირო მოთხოვნები თითქმის სიმბოლურია. გამოცდის ჩასაბარებლად საკმარისია მოქალაქეობის მაძიებელმა სახელმწიფო ენა A1 დონეზე იცოდეს.

სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველებს ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ორი წელია, რაც A1 და A2 დონის სამთვიან კურსებს უფასოდ სთავაზობს. არსებობს ალტერნატივაც: 2003 წლიდან მოყოლებული ნებისმიერს შეუძლია ქართული ენა ახალქალაქში, საჯარო ადმინისტრირების სკოლაში ისწავლოს. ამ შეთავაზებას ყველაზე ნაკლებად სწორედ ის ხალხი იყენებს, ვისაც ორმაგი მოქალაქეობის მიღება სურთ. ეს სეზონურად სამუშაოდ საზღვარგარეთ წასული ხალხია, რომლებსაც კანონის ცვლილების გამო დაკარგული მოქალაქეობის დაბრუნება ავტომატურად, ზედმეტი პროცედურების გავლის გარეშე სურს.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ჯავახეთის მოსახლეობა ეტაპობრივად ყოველთვის იღებდა, თუმცა 2008 წლის შემდეგ რუსეთმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით გაამარტივა. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის აღსრულება 2013-14 წლებიდან განსაკუთრებით გამკაცრდა. აღნიშნული სიახლის შესახებ ჯავახეთის 2 800-ზე მეტმა მოსახლემ მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის დროს გაიგო, სადაც მებაჟეებმა მათი ორმაგი მოქალაქეობა დააფიქსირეს.

XS
SM
MD
LG