Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ემზადება ბათუმელების ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის


ბათუმელების ნაწილი ელოდება ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის, პასუხს წერილზე, რომლითაც 5 თებერვალს მიმართეს მას. წერილს ხელს აწერს 200-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც მოითხოვენ, ქალაქის მერმა არ გასცეს ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ნებართვა, ვიდრე არ მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

ბათუმელების ნაწილი ფიქრობს, რომ კარაბამიდის გადასაზიდი ტერმინალი ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ბათუმს, რადგან მისი მშენებლობა იგეგმება ქალაქის დასახლებულ პუნქტთან ახლოს. ამიტომ ისინი საჯარო დისკუსიას და პროცესში მოქალაქეების, გარემოსდაცვითი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვენ.

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ აპირებს საჯარო შეხვედრის გამართვას. მისივე თქმით, იგი გარემოსდაცვის სამინისტროსგან ელოდება დამატებით განმარტებებს, რის შემდეგაც პირადად შეხვდება ან ფეისბუკის ოფიციალური გვერდის საშუალებით უპასუხებს წერილის ავტორებს:

„გარემოს დაცვის სამინისტროსგან მივიღეთ დასკვნა, რატომ არ არის გზშ-ს საჭიროება. ველოდებით სამინისტროდან დადასტურებას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკმარისია, ამიტომ ვიკავებ თავს ამ ჯგუფთან შემდგომი ურთიერთობისაგან, რომ ჯერ ყველა მასალა მქონდეს ხელთ. ფართო საჯარო განხილვა კი უკვე იყო საკრებულოში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება. ამის ვიდეოჩანაწერიც არის, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, რომ იქ გაცემული პასუხები საკმარისი იქნება მათთვის, ვინც ვერ დაესწრო, ან ვერ ნახა. ვურჩევ ყველას, რომ გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერს. საბუთებზე მუშაობა როცა დასრულდება და დამატებითი ინფორმაცია გვექნება, ფეისბუკის გვერდით იქნება თუ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრით, ამის შესახებ გაცნობებთ“.

„მათ არ ესმით ხალხის ხმა. პრობლემა არ ესმით და არც უნდათ გაიგონ. რაღაცას ასწრებენ და რატომ ჩქარობენ, არ ვიცი. ჩვენ გვსურდა ქალაქის მერთან და თვითმმართველობასთან გასაუბრება და მათი პოზიციის გაგება, ასევე მსჯელობა მეცნიერებთან, ქიმიკოსებთან.

წევრები საინიციატივო ჯგუფისა „დაიცავი ძველი ბულვარი“ და მოქალაქეების ნაწილი კი მერისათვის მიწერილ წერილში სწორედ იმას აღნიშნავდნენ, რომ მათ არ აქვთ უსაფრთხოების სრული გარანტია; სამაგიეროდ, აქვთ პასუხგაუცემელი კითხვები იმის გამო, რომ, როგორც წერილში წერია, ბათუმის საკრებულოში გამართულ ტერმინალის მშენებლობის პრეზენტაციაზე ყველა დაინტერესებული მხარე არ მონაწილეობდა.

„გთხოვთ, კიდევ ერთხელ უზრუნველყოთ უფრო ფართო სპექტრით შეხვედრის ორგანიზება, დაინტერესებული მოქალაქეების გარდა მოიწვიოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, ტერმინალის მშენებელი კომპანიის, „ბათუმის ნავსადგურის“, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივისა“ და სხვა გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა დისკუსია უფრო ინფორმაციული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, წერია წერილში.

ბათუმის მერის დუმილი კი ამ წერილის ხელმომწერთა უკმაყოფილებას იწვევს და, როგორც რადიო თავისუფლებასთან აცხადებენ, ისინი საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადებიან:

„ჩვენ გაბრაზებულები და აღშფოთებულები ვართ. მერი, მგონი, ბუტაფორიაა, საერთოდ. საერთოდ, წყვეტს რამეს? გვატყუებს მხოლოდ. ბათუმელი ხომაა? სულ მერი ხომ არ იქნება? ჩვენ ვითხოვთ პასუხს და ვიქნებით კატეგორიულები. ელოდეთ ჩვენგან მარშს! ორი-სამი კაცის გადასაწყვეტი არაა ეს. თუ სახელმწიფოს სჭირდება, გააკეთონ, მაგრამ არა ტურისტულ ზონაში. ვიმსჯელოთ ამაზე“, გვეუბნება გიორგი კაიკაციშვილი

საკითხის საჯარო განხილვასა და მსჯელობას ითხოვს ზეინაბ დიასამიძე, ერთ-ერთი წევრი საინიციატივო ჯგუფისა „დაიცავი ძველი ბულვარი“. იგი ამბობს, რომ თუ ბათუმის მერი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საინიციტივო ჯგუფი საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდება:

მათ არ ესმით ხალხის ხმა. პრობლემა არ ესმით და არც უნდათ გაიგონ. რაღაცას ასწრებენ და რატომ ჩქარობენ, არ ვიცი. ჩვენ გვსურდა ქალაქის მერთან და თვითმმართველობასთან გასაუბრება და მათი პოზიციის გაგება, ასევე მსჯელობა მეცნიერებთან, ქიმიკოსებთან. არ გაიგონეს? მაშინ გადავწყვიტავთ მხოლოდ ხალხის ერთად დგომით. მე ახლა ქუჩაში გავიარე და ვიცი, როგორი შემართებით არიან ბათუმი და ბათუმელები“.

ბათუმელების ნაწილის პროტესტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ამბობს, რომ გარემოსდაცვით მოთხოვნებს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა და არა ადამიანების კონკრეტული ჯგუფი. მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ არაერთი საჯარო შეხვედრა ჩატარდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში კარაბამიდის გადამტვირთავი ტერმინალის მშენებლობის საკითხზე, თუმცა ასეთი შეხვედრა, სადაც საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებსაც ჰქონდათ, მხოლოდ ერთხელ, 19 იანვარს, ჩატარდა ბათუმის საკრებულოში:

„ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც ჰქონდა სურვილი და ჯანსაღი მიზანი, რომ მონაწილეობა მიეღო ნებისმიერ კონსულტაციაში და დამატებითი ინფორმაცია მიეღო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რამდენჯერმე გვქონდა, მათ შორის მთავრობის ხელშეწყობით და ინიციატივით, შეხვედროდა კომპანიას და დაესვა ის კითხვები, რომელიც მათ გააჩნიათ. რაც შეეხება გზშ-ს, სკრინინგს და სხვა გარემოსდაცვით მოთხოვნებს, ამას აწესებს კანონმდებლობა და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ჯგუფი ადამიანების“.

საქართველოს კანონმდებლობით კი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებლობას ქვეყნის გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადგენს. უწყებამ ბათუმის პორტში კარაბამიდის გადამტვირთავი ტერმინალის მშენებლობა ასეთი შეფასების გარეშე დაუშვა, გადაწყვეტილება კი იმით დაასაბუთა, რომ სკრინინგის კვლევამ გზშ-ს ანგარიშის აუცილებლობა არ აჩვენა.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“, სადაც მიიჩნევენ, რომ უწყებამ დაარღვია როგორც იურიდიული, ასევე გარემოსდაცვითი პროცედურები.

XS
SM
MD
LG