Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიკეტა გელათი


გელათი
გელათი

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორთათვის მეორედ დაიკეტა, ორივე კარიბჭეს დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაკეტვის მიზეზი UNESCO-ს ექსპერტების მიერ კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგია, ეს მიზეზი კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენელ თორნიკე ბარათაშვილს მონასტერი დაკეტილი დახვდა და ერთ-ერთ კარიბჭესთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის კუთვნილი ავტომანქანა „ნივა“ დააფიქსირა.

თორნიკე ბარათაშვილის თქმით, მონასტრის შესასვლელი მანქანით იყო ჩახერგილი და დაცვის თანამშრომლები აღმოსავლეთ კარიბჭესთან მას შემდეგ დააყენეს, რაც მან ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ამასთან, დისკომფორტი ექმნებათ მომლოცველებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც მონასტერთან მიდიან და კომპლექსის ეზოში შესვლის საშუალებაც კი არ აქვთ.

„მეც შევესწარი რამდენიმე ჯგუფს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ ტური და უკან გამობრუნდნენ. ეს ერთი პრობლემაა. მთავარი კი ისაა, რომ დადასტურდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე 2015-2020 წლებში ჩატარებული რეკონსტრუქცია მას ღირებულებას უკარგავს და, შესაბამისად, ახლა განხორციელებული ყველა სამუშაო, ყოველი ნაბიჯი საზოგადოებისთვის უნდა იყოს წინასწარ ცნობილი. პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს, ამიტომ აუცილებელია კომუნიკაცია სამინისტროს მხრიდან, რასაც საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი და დასძენს, რომ საზოგადოების მხრიდან პროცესების მონიტორინგი აუცილებელია: „თუ ჩვენ სახელმწიფოს იქ მარტო დავტოვებთ ჩაკეტილ კარს მიღმა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამით გელათის სამონასტრო კომპლექსის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მდგომარეობა მომავალშიც ეჭვქვეშ დადგება. არც ერთი მინისტრის მისაღებია პერსონალური გადაწყვეტილებები და არც რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის. გელათი არის გაცილებით მეტი, ვიდრე თანამედროვეობა“.

თორნიკე ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ სამონასტრო კომპლექსის დაკეტვა კედლის მხატვრობის მონიტორინგის მოტივით მიუღებელია, რადგან მონასტრის ეზოში ვიზიტორების გადაადგილება ხელისშემშლელი ვერ იქნება სპეციალისტებისთვის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით კი, სამინისტროს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს რიგით მეორე ვიზიტით ესტუმრა UNESCO-ს ექსპერტი, რომელიც გელათში 23-30 ივნისს იმყოფებოდა. სპეციალისტის ვიზიტის მიზნად სამინისტრო ასახელებს გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგს და ამჟამინდელი ვითარების ივნისში არსებულთან შედარებას.

იტალიელი ექსპერტები: კედლის მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკული

კულტურის სამინისტროს მოწვევით ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში 23-30 ივნისს შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა - კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტებმა მარიო პულიერმა, ვინჩენცო ჩენტანმა და ძეგლის გადახურვის სპეციალისტებმა უგო ტონიეტმა და სარა სტეფანინმა - ადგილზე შეისწავლა გელათში არსებული მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს წარუდგინა დასკვნები, რომლებშიც შეფასებულია გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული.

კედლის მხატვრობის მდგომარეობის ამსახველი დასკვნით, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები წყლითაა გაჯერებული და ტენიანობა მათ ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ივლისში მთავარ ტაძარზე დროებითი მყარი გადახურვის მოწყობამ შეაჩერა წყლის ინფილტრაციის პროცესი, დროებითი გადახურვის მოწყობის დროისთვის, უკვე დიდი რაოდენობით ინფილტრირებული წყლის გამო, კედლის მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. კედლის მხატვრობის კრიტიკულად არასტაბილური მდგომარეობა აღინიშნება არა მხოლოდ დასავლეთ მკლავში, ასევე ჩრდილოეთი მკლავის კამარასა და დასავლეთ კედელზე, სამხრეთი მკლავის კამარაში და ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრებზე“, - ნათქვამია დასკვნაში, რომლის ავტორები არიან კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი.

ძეგლის გადახურვის სპეციალისტების უგო ტონიეტისა და სარა სტეფანინის დასკვნით კი, რომელიც გელათის ტაძრების გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ მდგომარეობას ასახავს, ნათქვამია, რომ მდგომარეობა აქაც კრიტიკულია: „შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ, გელათის კომპლექსში გამოყენებული მიდგომების, ტექნიკებისა და მასალების ნაირსახეობის შედეგად, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება. თითქოს, შემსრულებლები მოქმედებდნენ სახელდახელო, გადაუდებელ ვითარებაში ყველანაირი გეგმის გარეშე და უწევდათ სხვადასხვა გადაწყვეტილების იმპროვიზაცია“.

რას ავალდებულებს UNESCO საქართველოს

კრიტიკულია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაც, რომელიც აგვისტოში გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გელათს რესტავრაციის შეუფერებელი მეთოდების პრაქტიკამ პრობლემები შეუქმნა, კონსერვაციული ღონისძიებები წარუმატებელი აღმოჩნდა. ღვთისმშობლის ტაძარზე დამონტაჟებულმა კრამიტით გადახურულმა სახურავებმა და წმინდა გიორგის ეკლესიის მუდმივმა ტენიანობამ კედლის მხატვრობის სერიოზული დაზიანება გამოიწვია.

UNESCO საჭიროდ მიიჩნევს ღვთისმშობლის ტაძრის იმგვარი გადახურვის მოწყობას, რომელიც ეკლესიას დაიცავს დაზიანებისგან. UNESCO ასევე აუცილებლად თვლის, დაუყოვნებლივ გადაიხუროს წმინდა გიორგის ეკლესია ისე, რომ ნაგებობა დაცული იყოს წვიმისა და თოვლისგან.

საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს მორიგი ანგარიში 2022 წლის პირველ თებერვლამდე უნდა წარუდგინოს, რომ საკითხი განხილული იქნეს მორიგ, 45-ე, სესიაზე.

როგორც ხელოვნების ისტორიკოსი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მონუმენტური სახვითი ხელოვნების სექციის თანამშრომელი მზია ჯანჯალია განმარტავს, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილების ზოგად ნაწილში გელათის რეკონსტრუქცია დასახელებულია სათანადო პროფესიული უნარებისა ან მასალების ვერფლობის გამო შეუსაბამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელ რესტავრაციათა რიგში და კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს იმგვარი დროებითი გადახურვის მოწყობას ორივე სტრუქტურისთვის, რომელიც უწყვეტი საკონსერვაციო სამუშაოების წარმოების საშუალებას შექმნის და ნესტის შეღწევის რისკისგან იქნება დაცული.

მზია ჯანჯალიას განმარტებით, განსაკუთრებულ და საიმედო დროებით გადახურვაზე გასულ წელს საუბარი იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ICOMOS საქართველოს (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) დასკვნაშიც და ორივე ტაძარზე კარვის ტიპის გადახურვის მოწყობის რეკომენდაცია გაიცა და არა ისეთის, რომელიც გასულ ზამთარს დამონტაჟდა ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე. „ლითონის ფურცლები, რომლითაც ტაძარი გადაიხურა, ტენიანობის შემცირებას ხელს არ უწყობს, არამედ პირიქით, ზრდის ნესტს, რაც ფრესკებს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. ტაძრებში ისედაც სველია მხატვრობის ნიმუშები და მათი გამოშრობა არ ხდება“, - აცხადებს მზია ჯანჯალია.

სპეციალისტის განცხადებითვე, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშაოს ძეგლის კონსერვაციის პროგრამა და მონიტორინგის ინდიკატორები, აამოქმედოს ძეგლის მართვის გეგმა და მისი შეფასებისა და განახლების შემდგომ შექმნას ძეგლის მართვის კომიტეტი.

კომიტეტი ასევე მოითხოვს მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზებას, ძეგლის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიანი ღონისძიებების განხორციელებისთვის დახმარების ჩათვლით. დოკუმენტში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ გელათთან დაკავშირებული ყველა მითითებული ღონისძიება უნდა შეთანხმდეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. დადგენილება ეხება 2017-2021 წწ.-ის საანგარიშო პერიოდს და დოკუმენტის შესაბამისი ღონისძიებების ამსახველი ანგარიში განხილული იქნება მომავალ წელს კომიტეტის 45-ე სესიაზე.

როგორ ხვდება ზამთარს გელათი

მზია ჯანჯალიასთვის გაუგებარია სამინისტროს განცხადების ის ნაწილი, რომლის მიხედვით, „იტალიელი სპეციალისტების დასკვნებზე დაყრდნობით და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მუშავდება სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენისთანავე გახდება საჯარო“.

როგორც ხელოვნების ისტორიკოსი განმარტავს, აგვისტოში თავადაც ესწრებოდა კულტურის სამინისტროსთან არსებული გაფართოებული საბჭოს შეხვედრას, რომელზეც ორივე დასკვნა განიხილეს და ქართველმა სპეციალისტებმა საჭიროდ ჩათვალეს ალტერნატიული ექსპერტიზა. მზია ჯანჯალიას განცხადებით, ქართველი სპეციალისტების ერთი ნაწილის მოთხოვნაა, კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული სპეციალისტების ანგარიში რეცენზირებისთვის სპეციალისტების ალტერნატიულ ჯგუფებს გადაეგზავნოს და მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტების კონსილიუმმა შეიმუშაოს შემდგომი მოქმედების გეგმა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია გვქონდეს შეჯერებული დასკვნა და მოიხსნას კითხვის ნიშნები. იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაციებზე ჩვენ გვაქვს კითხვები. ტექნიკურ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ მაგალითისთვის გეტყვით, რომ დასკვნის მიხედვით, საკონსერვაციო მასალა განსაზღვრულია მშრალი კედლისთვის, გელათის ტაძრებში კი კედლები სველია და არ შრება. შემოთავაზებულია გამოშრობის დაჩქარების გზები, რაც ასევე საყურადღებოა. სამუშაოები არ არის ეტაპებად დაყოფილი - მოკლევადიანი, გადაუდებელი, გრძელვადიანი, ანუ მკაფიო ხედვა არ ჩანს. დოკუმენტების მიხედვით ასევე არ ჩანს, რომ სპეციალისტთა ორმა ჯგუფმა საკითხები ერთად განიხილა. ჩვენ არ გვაქვს უფლება კიდევ დავუშვათ შეცდომა, ამიტომ საკითხებს სჭირდება შეჯერება“, - მიიჩნევს ჯანჯალია და დასძენს, რომ „არასერიოზულია სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვით, იტალიელი სპეციალისტი სამი თვის შემდეგ ჩამოდის მონიტორინგისთვის. ძეგლზე მონიტორინგი ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს. მოწვეული სპეციალისტების შეფასებები ერთი-ერთზე დაედარა იმ შეფასებებს, რასაც ქართველი სპეციალისტების მცირე ჯგუფი მანამდეც ვამბობდით, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამას არ აღიარებდნენ და რომ არა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობა, სააგენტო ამ კომპლექსურ პრობლემას მხოლოდ გადახურვის და კრამიტის ხარვეზს უწოდებდა და არც აღიარებდა რეკონსტრუქციის მასშტაბურ პრობლემას“.

ხელოვნების ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ გელათის რეაბილიტაციის პროცესს აკლია საჯაროობა და გამჭვირვალობა და ძეგლის რეკონსტრუქციამ გამოაჩინა დარგის პრობლემები. ჯანჯალიას განცხადებით, დრო უარყოფითად მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. სამინისტროსთან არსებული გაფართოებული საბჭო თვეზე მეტია არ შეკრებილა და ზამთარს საჭირო და გადაუდებელი ღონისძიებების გარეშე დაუცველი ხვდება სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტაძრები.

სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ როგორც სახურავთან, ასევე ფერწერასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, გელათს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ეწვევა, რომელიც პროფესიით კლიმატოლოგია. „მისი მისიაა, სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დაყენებული სენსორების მონაცემების დეტალური შესწავლა და სახურავის არქიტექტორ-რესტავრატორებისათვის პროფესიული ინფორმაციის მიწოდება. ეს ყოველივე კი აუცილებელია იმის შესაფასებლად, ახდენს თუ არა ამჟამინდელი სახურავი, მისი მოწყობის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მავნე ზეგავლენას ტაძარში არსებულ კლიმატზე და, შესაბამისად, კედლის ფერწერაზე“.

ისტორიული ძეგლის რეკონსტრუქციის ისტორია

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2014 წელს დაიწყო და გადაიხურა გუმბათი, 2015-2018 წლებში კი გადაიხურა ტაძრის მკლავები. სამუშაოები აშშ-ის საელჩომ დააფინანსა და ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” ჩაატარა. ტაძრის მკლავების, განსაკუთრებით კი დასავლეთ მკლავის, ტაძრის ამ ნაწილში წყლის ჩასვლის ამსახველი ვიდეოები სოციალურ მედიაში არაერთხელ გავრცელდა.

სამუშაოების მეორე ეტაპი 2018 წელს დაიწყო. ამჟამად პროექტის დამფინანსებელი მსოფლიო ბანკი იყო, მიღებულ თანხას კი მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავდა. სამუშაოები ამ ეტაპზე ითვალისწინებდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეკვდერების გადახურვას, ცოკოლისა და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაზე 800 ათასი აშშ დოლარი და 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუნუქის დროებითი გადახურვის ქვეშაა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებით, ის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში მოხვდა, 2017 წელს კი დასრულდა გელათის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის, ძირითად ნუსხაში დაბრუნების 7-წლიანი პროცესი.

XS
SM
MD
LG