Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის გადაუჭრელი პრობლემები


გელათის ტაძარი
გელათის ტაძარი

სტატიაში შეტანილია შესწორება. შეცვლილია მასალის სათაური და მესამე აბზაცი.

„ფრესკებიდან ჩამოცვენილ ნაწილაკებს, რომლებიც დაგვისას გვხვდება, მონასტრის სხვა ნარჩენებთან ერთად ვყრით და ის იწვება”, - ამბობს გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის მომსახურე პერსონა და დასძენს, რომ ტაძრიდან გატანილი ნარჩენები ნაგავსაყრელზე არ ხვდება, როგორც ამას სოციალურ ქსელში წერენ.

იმას, რასაც სოციალურ ქსელში წერენ, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს გულგრილობასა და არაეფექტიან მოქმედებებში ადანაშაულებს, კულტურის მინისტრი კი ამბობს, რომ უნდა შეწყდეს „თვითნებური ბოდიალი ხარაჩოებზე”. ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც ფრესკების დაზიანებაში იმ აქტივისტებს ადანაშაულებს, რომლებიც გელათის რესტავრაციის პრობლემებზე ლაპარაკობენ.

სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირები მედიასთან საუბრისგან თავს იკავებდნენ.

სასულიერო პირები და გელათის მომსახურე პერსონალი ოფიციალურ კომენტარზე უარს იმის გამოც ამბობენ, რომ მათ „ამის კურთხევა არ აქვთ“, თუმცა არც ფრესკების ჩამოშლას უარყოფენ და კამერისა და დიქტოფონის გარეშე საუბრისას იმასაც დაწვრილებით ჰყვებიან, სად მეტად ცვივა ფრესკების ნაწილები და სად ნაკლებად. საბოლოოდ კი, ყოველი მათგანი გვეუბნება, რომ მათ ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ყველამ ყველაფერი იცის - ხელისუფლებამ, კულტურის სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, სპეციალისტებმა. ამბობენ იმასაც, რომ წლებია, ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, თუმცა უშედეგოდ.

„ეს არის თითქოსდა ალებასტრში არეული ნახერხის მსგავსი და ძაფის ნაწილები. ნესტიან ამინდში მეტად ცვივა, ცვივა ქარშიც. ტაძარში ტენიანობა რომ არ გაიზარდოს, სველი წესით დალაგებას ვერიდებით. ადრე ვრეცხავდით იატაკებს, ახლა მხოლოდ ძლიერად გაწურულ ტილოს ვიყენებთ. უფრო ვგვით, კარებებს ხშირად ვაღებთ, თუმცა ორპირი არ უნდა იყოს“, - ამბობს მონასტრის მომსახურე აზა იდაძე.

„ზოგჯერ წირვისას მრევლსაც დაეყარა ჭერიდან ჩამოცვენილი ნაწილები. ძირითადად აქ, შემოსასვლელში, ცვივა, თუმცა ტაძრის სხვა ადგილებშიც ვნახულობთ. ხის სადგარებსა და ზედაპირებზე, ხატებზე უფრო შეიმჩნევა, იატაკზე კიდევ - ნაკლებად“, - გვეუბნება ქალი, რომელიც ტაძრის მრევლია.

გელათის დროებითი გადახურვა
გელათის დროებითი გადახურვა

გელათის პრობლემები ყურადღების ცენტრში პერიოდულად ექცევა. ტაძარზე მსჯელობის ახალი ტალღა იწყება მაშინ, როცა დაზიანებული სახურავის ან ფრესკების ფოტოები თუ ვიდეოები ვრცელდება ფეისბუკში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრობლემები მრავლად გამოჩნდა, მათი გადაჭრის გზები კი, ჯერჯერობით - არა.

ვინ არის პასუხისმგებელი გელათის პრობლემებზე

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათზე საუბრისას ჯერ ის თქვა, რომ ამ ძეგლის პრობლემები 2008 წლიდან დაიწყო, მერე ის, რომ ამ დარგის სპეციალისტებს ჭკუას არავინ ეკითხებოდა და არ უსმენდა 2021 წლის მარტამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ თვითონ არ გახდა მინისტრი. გელათზე ლაპარაკი საერთოდ იმით დაიწყო, რომ ყველაფერი აქტივისტებსა და მათ „ხარაჩოებზე ბოდიალს” დააბრალა.

მინისტრის განცხადებას წინ უსწრებდა ერთი დღით ადრე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომ მასა, ასახული ვიდეომასალაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ გაავრცელა, „უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის, ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება“.

გელათის ფრესკები ნადგურდება
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

კულტურის მინისტრისა და სააგენტოს პასუხად, თორნიკე ბარათაშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, იხსენებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი აქტიურობით მიღწეულ შედეგს და ამბობს, რომ აქტიურობა მან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სააგენტო მხოლოდ ხარვეზებზე ლაპარაკობდა და არ აღიარებდა იმ ზიანს, რომელიც გელათის მონასტერს სახურავის არასწორი რეკონსტრუქციით მიადგა:

„უკვე მოვედით იქამდე, რომ დროებითი გადახურვა შედგა, თანამდებობიდან წავიდა სააგენტოს ხელმძღვანელი პირი, გადაწყდა, რომ აუცილებელია ჩამოიყვანონ ექსპერტი, თუმცა ვინაობას არავინ ასახელებს, ამის თარიღს არავინ ასახელებს. პრობლემა ბევრია, მაგრამ მოვედით იქამდე, რომ პრობლემა აღიარეს გარკვეულწილად. ამაში ჩვენს როლს ვხედავთ, რადგან ჩვენ ვიყავით პრაქტიკულად ერთადერთი წყარო იმისა, რომ გავრცელებულიყო ობიექტური ინფორმაცია. გასაგებია, რომ ეს არის დისკომფორტი ხელისუფლებისთვის. ამ ეტაპზე ისინი პრობლემის გადაწყვეტას რეპუტაციის შენარჩუნებას ამჯობინებენ. ელემენტარულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებენ და ელემენტარულ აქტივობებს ვერ განსაზღვრავს ხელისუფლება და ამ დროს რას ამბობს? - რომ აქტივისტები, რომლებიც მართლა ენთუზიაზმით ვმუშაობდით ამ საკითხზე და ვცდილობთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას იმისთვის, რომ მაქსიმალური ზეწოლა იყოს ხელისუფლებაზე აქტივობების დაგეგმისთვის და პრობლემის გადასაწყვეტად, მათ სდებენ ბრალს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე ბარათაშვილმა. მისი დაკვირვებით, ამჟამად მონასტერში, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ინფილტრაცია არ ხდება, ანუ წყალი არ ჩადის, ფრესკების დაზიანების პროცესი მაინც შეუქცევადია იმის გამო, რომ კედლები შრება და ხარაჩოებზე „ბოდიალი” აქ არაფერ შუაშია. დროებითმა გადახურვამ ტაძარში ახალი კლიმატი შექმნა.

მინისტრ თეა წულუკიანს ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა კულტურის ყოფილი მინისტრი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ არასწორია იმის მტკიცება, თითქოს გელათის პრობლემები 2008 წლიდან დაიწყო, როცა წინა ხელისუფლებამ მისი რეაბილიტაცია გადაწყვიტა და ძეგლის აღდგენა მისთვის საშიშ ექსპერიმენტად აქცია. ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესში პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, როცა სახურავი მსხვრევადი კრამიტით გადაიხურა, თუნუქის სახურავმა კი წყალი გაატარა და ფრესკები დააზიანა.

„დიახ, გელათის პროექტი 2008 წელს დავიწყეთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო რამ იყო.

„მაშინ“ გაკეთდა გელათის აკადემია, რომელიც მაღალხარისხოვანია და დღემდე დამატებითი „ჟეშტებით დალატკვა“ არ დასჭირვებია.

გაკეთდა გელათის კომპლექსში შემავალი გაბრიელ ქიქოძის შენობების რესტავრაცია და მას შემდეგ მათაც დამატებითი გადახურვები არ დასჭირვებია.

მაშინ გაკეთდა კომპლექსში შემავალი აღმოსავლეთი კარიბჭის რესტავრაცია და მას შემდეგ მასაც დამატებითი სახურავები არ დასჭირვებია.

გაკეთდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კრამიტით გადახურვა და მასაც არც კრამიტის გამოცვლა და არც დამატებითი თუნუქი არ დასჭირვებია.

გავაკეთეთ "დავითის წყაროს" გუმბათის კრამიტი და გადახურვა და მასაც დღემდე არ დასჭირვებია შეცვლა ან დამატებითი ფენილების მოწყობა.

გავაკეთეთ დავით აღმაშენებლის "საფლავსა ზედა კარიბჭე" და მასაც არც სახურავის გამოცვლა დასჭირვებია და არც დამატებითი ფენილები.

მაშინ გავაკეთეთ წმ. გიორგის ეკლესიის ფრესკების კონსერვაცია, რომელიც „თქვენს დროს“ ზიანდება და ცვივა.

დიახ, მაშინ დავიწყეთ ქვის კონსერვაციის პროექტი გელათში, რომელში ჩადებული შრომაც ბოლო წლების ფასადების რეცხვის გამო დიდწილად წყალში გადაიყარა.

ამის შემდეგ 2014-ში განაახლეთ პროექტი და ახალი ხელისუფლების დროს „გააკეთეთ“

წმ. გიორგის ტაძრის კრამიტი და გადახურვა, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.

დიახ, „ახალ დროს" "გაკეთდა" მთავარი ტაძრის გადახურვები, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.

დიახ, "ახალ დროს" ჩაეფინა ისეთი გაუგებარი მასალები ზედა სივრცეებში, რომ ისპობა ძველი მოხატულობა.

ამ პოსტის მერე დაიარეთ "ჩემს დროს" გაკეთებული შენობები და ეგებ სადმე ხვრელი მოძებნოთ სახურავში, სადაც წყალი ჩამოდის და თქვენ არ შეგიკეთებიათ“ , - წერს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ფეისბუკზე.

რა ბედი ელის განადგურების რეჟიმში მყოფ გელათს?

გელათის ტაძარი
გელათის ტაძარი

აქტივისტები დიდი ხანია ითხოვენ, საქმეში ჩაერთონ კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტები. თეა წულუკიანის თქმით, იუნესკოს თანხმობა ამ საკითხზე საქართველოს მიღებული აქვს და ივნისში ერაყიდან ჩამოვა იტალიელი სპეციალისტი, რომელიც გელათის სახურავს შეისწავლის. სპეციალისტის ვინაობა ან ამოცანა, რომელსაც მას საქართველო დაუსახავს, თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიის დროს ამგვარი მოლაპარაკების წარმატებულად დასრულება დიდი მიღწევაა.

„სწორი დიაგნოზის“ დასმამდე გელათის მონუმენტური მხატვრობა ნადგურდება, კედლებიდან ჩამოცვენილ უნიკალური ფრესკების ნაწილებს მონასტრის იატაკიდან გვიან და ნარჩენებთან ერთად წვავენ.

XS
SM
MD
LG