Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის შემსწავლელი ექსპერტების ვინაობა არ სახელდება - მონასტერი ერთი კვირით დაიკეტა


დღეიდან 30 ივნისამდე გელათის მონასტერში კულტურის სამინისტროს მოწვევით ევროპელი ექსპერტები იმუშავებენ, მონასტერი ერთი კვირით დაკეტილია და იქ შესვლა ეკრძალებათ როგორც მოქალაქეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ექსპერტებმა, რომლებიც საქართველოში იუნესკოს რეკომენდაციით ჩამოვიდნენ ძეგლის შესასწავლად, მედიასთან შეხვედრა არ ისურვეს, ამიტომ არაუფლებამოსილია, მათი ვინაობა და კვალიფიკაცია დაასახელოს.

კახა სიხარულიძე არ ასახელებს სპეციალისტების რაოდენობასაც და დასძენს, რომ "ყველაფერს თავის დროზე გაახმაურებენ".

კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი მონასტრის რეკონსტრუქციისა და გადახურვის პროცესში შექმნილ ხარვეზებზე ექსპერტების დასკვნას საქართველოდან წასვლის შემდეგ გადმოგზავნიან.

„მას შემდეგ, რაც ზუსტი დიაგნოზი დაისმება, ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში“, - განმარტავს კახა სიხარულიძე.

მონასტრის დახურვა სპეციალისტების მუშაობის მოტივით, მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენლის თორნიკე ბარათაშვილისთვის. მისი მოსაზრებით, გამჭვირვალობისთვის აუცილებელია, სახელმწიფო სტრუქტურის გარდა, სამუშაოების წარმოებაზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ მედიას და იმ ორგანიზაციას, რომელიც გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესებზე ერთი წელია აქტიურად საუბრობს.

„ხარაჩოზე ექსპერტების გაყოლას არავინ გეგმავს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, თუნდაც შორი მანძილიდან დავაკვირდეთ მათ საქმიანობას“, - აცხადებს ბარათაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის ასევე მიუღებელია ექსპერტების ვინაობის და კვალიფიკაციის გასაიდუმლოება:

„ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, მოვიძიოთ ინფორმაცია სპეციალისტებზე, ინდივიდუალურად ჩამოვიდნენ თუ რომელიმე ორგანიზაციას წარმოადგენენ, რა საქმიანობას ეწევიან და როგორია მათი კვალიფიკაცია, ეს აუცილებელია მეტი ნდობისთვის და გამჭვირვალობისთვის“, - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის სამონასტრო კომპლექსს კვლავ საფრთხე ემუქრება. უხარისხოდ შესრულებული გადახურვის სამუშაოების გამო წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. მონასტრის ტაძრებში საუკუნოვანი მონუმენტური ფერწერის ნიმუშების დაზიანების გამო 2014 წელს დაიწყო მათი გადახურვა. ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, 2019 წელს ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამის შემდეგ ძეგლის დროებით, თუნუქის სახურავით გადახურეს.

ინფორმაციას, გელათის მხატვრობის დაზიანების შესახებ, სისტემატურად ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მაისში განაცხადა, რომ შესაძლოა გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს.

XS
SM
MD
LG