საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ შესაძლოა გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს. ამის შესახებ მინისტრმა ფრესკის სპეციალისტებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისაუბრა.
"ჩემი ფუნქცია არ არის, რომ 2008-2020 წლებში რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომელიც სრულად წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას...
ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის, გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები... დასანანია, მაგრამ რეალობაა, რომ სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი, მაგრამ იქ, სადაც ზიანი არ არის შეუქცევადი, უნდა ვაწარმოოთ საკონსერვაციო სამუშაოები", - განაცხადა წულუკიანმა.
მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის სამონასტრო კომპლექსს კვლავ საფრთხე ემუქრება. უხარისხოდ შესრულებული გადახურვის სამუშაოების გამო წყალი ჩავიდა და ფრესკების ერთი ნაწილი დააზიანა.
გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრებოდა.
2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა. შარშან ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამ დროს გადაწყდა, რომ ძეგლის გადასარჩენად დროებითი, თუნუქის სახურავი უნდა მოეწყოთ.
დროებითი გადახურვის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ძლიერმა ქარმა ტაძრის დასავლეთ მკლავს თუნუქის სახურავის ფრაგმენტი მოაძრო. 19 იანვარს ტაძრის სახურავის ეს მონაკვეთი სპეციალისტებს დათოვლილი დახვდათ.