ივანიშვილის დაპირება
ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივისა და მასზე რამდენიმე დღეში კონსულტაციების დაწყებისთვის მზადყოფნის შესახებ:
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.
რა იცვლება?
დღევანდელი კანონმდებლობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით და პროპორციულ ნაწილში პარტიისთვის პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3% იქნებოდა საჭირო.
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის მიხედვით, პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო იქნება არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 1/150 (დაახლოებით, 0, 67%).
წინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობა შეადგენდა 48%-ს - არჩევნებზე მივიდა 1814276. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2197243-მა მოქალაქემ (60,8%). 2008-ში 1825526-მა (53%). თუ ნიმუშად ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მონაცემს ავიღებთ, გამოდის, რომ პარლამენტის წევრის 1 მანდატის მიღებას სჭირდება თითქმის 13000 ხმა.
რატომ დათმო?
ბიძინა ივანიშვილი ერთი მხრივ დღეს მოქმედი შერეული სისტემის სიკეთეზე ლაპარაკობს („დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში“), მეორე მხრივ პროპორციული სისტემისაზე („არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს“).
თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აღიარებს, რომ შერეული სისტემის პირობებში „მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს“.
სრულად პროპორციული და უბარიერო არჩევნების პირობებში, ივანიშვილისავე განცხადებით, „არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში“.
გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს შემდეგს: „ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა“.
კითხვები და მოლოდინები
სწორედ გადაწყვეტილების მიღების მოტივთან და მის სავარაუდო შედეგთან არის დაკავშირებული პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კითხვები. გარდა ამისა, საქართველოს არ აქვს უბარიეროდ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამოცდილება. ყველაზე დაბალი ბარიერი იყო 1992 წელს - 2%.
პირველი კითხვა: ხომ არ გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილი უბარიერობის ფაქტორს სწორედ იმავე მიზნით, რისთვისაც მმართველი ძალა მაჟორიტარების მანდატებს იყენებდა და ამით კვლავაც გაამყარებს „ქართული ოცნების“ პოზიციას პარლამენტში?
მეორე კითხვა: ხომ არ შექმნის ფრაგმენტირებული პარლამენტი ნაყოფიერ ნიადაგს კულუარული გარიგებებისთვის და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებისთვის?
მესამე კითხვა: კიდევ რა ცვლილებებისთვის არის მზად მმართველი ძალა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად (კომისიების შედგენის წესი, საარჩევნო ბლოკების საკითხი და ა.შ.)?
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ინიციატივის დადებით შეფასებებს:
- ოპოზიცია თვლის, რომ ეს არის სწორედ საზოგადოების მიერ გამოხატული პროტესტის შედეგი და ხალხის გამარჯვება;
- უბარიერო პროპორციული სისტემის პირობებში მინიმუმამდე დადის იმ ამომრჩევლის რაოდენობა, ვისი არჩევანიც არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში;
- პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა და მათ მიმართ ამომრჩევლის მხარდაჭერა მაქსიმალურად შეესაბამება ერთმანეთს.