Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიგებს საქართველო მის ნაკრებში ეთერ თუთბერიძის ქალიშვილის და სიძის გადმოყვანით?    


დიანა დევისი და გლენ სმოლკინი
დიანა დევისი და გლენ სმოლკინი

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ სპორტული ცეკვების დისციპლინის წყვილს, დიანა დევისს და გლებ სმოლკინს, უფლება მისცა საქართველოს გუნდში იასპარეზოს.

თუკი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ელენე ჩაიკოვსკაია კომენტარს დავეყრდნობით, რომელსაც რუსული სპორტული ონლაინ გამოცემა Sports.ru აქვეყნებს, რუსეთის ფედერაციამ მოთხოვნა წყვილის საქართველოს ნაკრებში გადასვლის შესახებ საქართველოს ფედერაციისგან მიიღო.

„დევისისა და სმოლკინის განცხადება გადასვლის შესახებ ჩვენთან არ შემოსულა, თუმცა, 22 მაისს, საქართველოდან მოვიდა თხოვნა, რომ მივცეთ წყვილს გადასვლის შესაძლებლობა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და აღმასრულებელი კომიტეტის ბიურომ, 25 მაისს დაადგინა, რომ მათ მიეცეთ წასვლის საშუალება. წყვილს წელიწადნახევრის განმავლობაში, ოლიმპიადის შემდეგ, არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთ შეჯიბრში, მათზე არ დახარჯულა არანაირი თანხა. არც ჩამოსულან რუსეთში, ამიტომ ისინი გავუშვით“, - აცხადებს ჩაიკოვსკაია.

5 ივნისს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო ინფორმაცია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისგან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დეტალების შესახებ.

საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც მესიჯებს. რადიო თავისუფლებას დაკეტილი დახვდა ფიგურული ციგურაობის ფედერაციის კარიც.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განცხადება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის საქართველოს ნაკრებში გადასვლის შესახებ მხოლოდ გვიან ღამით, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

განცხადება მშრალი და დეტალებისგან დაცლილია. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ 2023-24 წლიდან საქართველოს ნაკრებს დევისი-სმოლკინის წყვილი უერთდება სპორტული ცეკვების დისციპლინაში. რომ დევისი ამერიკის და საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მისი მეუღლე და სპორტული მეწყვილე, სმოლკინი - ისრაელის მოქალაქე:

"[წყვილი] 2019 წლის მაისიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცდილ სპეციალისტებთან გადის წვრთნებს. დევის-სმოლკინის წყვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა 2021-2022 წლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობით. ახალ წყვილს მარია კაზაკოვა და გიორგი რევიასთან ერთად ექნება შესაძლებლობა მომავალი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისა, სადაც საქართველოს ორი წყვილის მონაწილეობის საგზური აქვს მოპოვებული”.

ცნობა საქართველოს ნაკრებში გადასვლის შესახებ გვიან ღამით დაადასტურა გლებ სმოლკინმაც. სამადლობელო გზავნილი ფოტოსთან ერთად, სადაც წყვილს ზურგზე GEORGIA აწერია, სამ ენაზე, რუსულად, ქართულად და ინგლისურად გამოქვეყნდა:

“მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ჩვენ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში, მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე”.

რას ამბობდა გლებ სმოლკინის მამა შვილის საქართველოში გადმოსვლის შესახებ?

ბორის სმოლკინი, ცნობილი რუსი მსახიობი და გლებ სმოლკინის მამა, შვილის საქართველოში გადასვლის შესახებ 5 ივნისს ჟურნალისტებს ეუბნებოდა: „დაახლოებით ვიცი, ვინც წერს ამას. რას უსმენთ?! მორიგი ფეიკია“.

მის ამ კომენტარს მალევე მოჰყვა სპორტულ მედიაში ირონიული რეპლიკები: „მსახიობმა არასდროს არაფერი იცის შვილის შესახებ“.

ჟურნალისტები წერენ, რომ მან მაშინაც არაფერი იცოდა, როცა მისი ვაჟი დიანა დევისზე დაქორწინდა: „არაფერი ვიცი. გაოცებული ვარ. მგონი, რომ გამოგონილი ინფორმაციაა, წუხელაც ველაპარაკე გლებს და არაფერი უთქვამს“, - ეუბნებოდა მსახიობი ჟურნალისტებს გასულ წელს.

ბორის სმოლკინმა თავის დროზე უარყო ინფორმაცია შვილის ისრაელში შესაძლო გადასვლისა და მისი ისრაელის მოქალაქეობის მიღების შესახებაც:

“გლები არ არის ისრაელის მოქალაქე. ის რუსეთის მოქალაქეა. არ ვიცი, თქვენ რას კითხულობთ, ვხვდები, რომ რაღაც ყვითელ პრესას ადევნებთ თვალს და იქაური ცნობებით იკვებებით. რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!”, - უთხრა ჟურნალისტებს გლებ სმოლკინის მამამ, როდესაც 2023 წელს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ დიანა და გლები, შესაძლოა ისრაელის ნაკრებში გადასულიყვნენ.

ამ დრომდე, კომენტარი არ გაუკეთებია მედიასთან ეთერ თუთბერიძეს მისი ქალიშვილისა და სიძის საქართველოს ნაკრებში გადასვლის შესახებ. თუმცა, ცნობილია, რომ ეთერ თუთბერიძე, რომელსაც არაერთხელ უთქვამს სხვადასხვა ინტერვიუში, რომ თავს ქართველად „ალბათ არ გრძნობს“, რამდენიმე თვის წინ საქართველოში იმყოფებოდა.

ვინ არიან დიანა და გლები და რა წარმატებები აქვთ მათ?

დევისისა და სმოლკინის წყვილმა 2022 წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთი წარმოადგინა. დუეტმა ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა.

რუსი მოციგურავეები 2019 წლიდან აშშ-ში ვარჯიშობენ.

ხმები მათი საქართველოს ნაკრებში შესაძლო გადასვლის შესახებ თავდაპირველად გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა, თუმცა, მანამდე, სპორტული მედია, განსაკუთრებით კი ფიგურული ციგურაობით დაინტერესებული ჟურნალისტები თუ ბლოგერები, წყვილის ჯერ აშშ-ისა და შემდეგ ისრაელის ნაკრებებში გადასვლის პერსპექტივაზე წერდნენ.

20 წლის დიანა დევისი ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის ნაკრების ცნობილი მწვრთნელის, არაერთი ჩემპიონის აღმზრდელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. დიანა 2003 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეა. 23 წლის გლებ სმოლკინი კი ცნობილი რუსი მსახიობის, ბორის სმოლკინის ვაჟია.

2022 წლის ზამთის ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე, დიანასა და გლების ნაკლებად ცნობილმა დუეტმა რუსეთის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და წყვილმა ოლიმპიურ ნაკრებში გარანტირებული ადგილიც მოიპოვა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ დარგის სპეციალისტები წყვილს არც კარგი ტექნიკითა და არც ცეკვის გამორჩეული სტილით არ ახასიათებდნენ.

დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რუსეთის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, 26 დეკემბერი, 2021 წელი
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რუსეთის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, 26 დეკემბერი, 2021 წელი

მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ახალგაზრდები რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებში სმოლკინის მამის, ცნობილი მსახიობის და განსაკუთრებით დიანას დედის, აღიარებული მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის დამსახურებით მოხვდნენ.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში, რუსული სპორტული პორტალი sports.ru წერდა, რომ დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა „უჩვეულო“ სეზონი ჩაატარეს. პორტალის ცნობით, მართალია ისინი კვლავ ირიცხებოდნენ რუსეთის ფიგურული ციგურაობის ნაკრებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, წყვილს არცერთ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია. წყვილის სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლის შესახებ ინფორმაცია კი იმაზე ხშირად განიხილებოდა, ვიდრე ფიგურისტების პროგრამა და პერსპექტივები.

რას უყვება რადიო თავისუფლებას ანონიმური წყარო?

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, დიანა დევისს, დედა, ეთერ თუთბერიძე, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ფორმალურად ამზადებდა საქართველოს ნაკრების წევრობისთვის. მისი თქმით, დედას მიაჩნდა, რომ მისი შვილი რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნებოდა:

"დიანას ბავშვობიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ის სმენადაქვეითებულია. ჩაუტარდა ოპერაციები. ნაწილობრივ აღუდგა სმენაც. დიანას დედამ გადაწყვიტა, რომ მისი შვილისთვის საქართველოს ნაკრები უფრო მისაღები იქნებოდა. გოგონას ძალიან უყვარს სრიალი და სპორტისთვის თავის დანებებას არ აპირებდა. თუმცა, დიანას ბებია, ეთერის დედა, სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ მის შვილიშვილს რაიმე კავშირი ჰქონოდა საქართველოსთან და ასე დასრულდა საბოლოოდ ბავშვის საქართველოს ნაკრებისთვის მზადება".

ამავე წყაროს ინფორმაციით, დიანამ საქართველოს მოქალაქეობა, სავარაუდოდ, 2022 წლის აგვისტოში მიიღო. მისივე თქმით, დიანას ამჟამად მხოლოდ ორი ქვეყნის, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს:

"ეთერი საქართველოში შარშან, 3-7 აგვისტოს, შეიძლება ითქვას, ფარულად ჩამოფრინდა. მიუხედავად ქართული წარმომავლობისა, ის საქართველოში აქამდე არასდროს ყოფილა და პირველად 48 წლის ასაკში ჩამოვიდა. მას არასდროს ჰქონია საქართველოსთან ურთიერთობა. მეტიც, დედის მხრიდან აკრძალულიც კი ჰქონდა, მაგალითად, მამის ნათესავებთან კომუნიკაცია. შარშან, საქართველოში ყოფნის პერიოდში, ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგობიანი დაეხმარა ეთერს საჭირო პროცედურების გავლაში, პირადად დაჰყვებოდა სხვადასხვა უწყებაში და ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიიღო ეთერის შვილმა, დიანამ, საქართველოს მოქალაქეობა. დანამდვილებით ვიცი, რომ დიანას ახლა აქვს ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა და ის რუსეთის მოქალაქე არ არის, როგორც მისი მეუღლე, რომელსაც ისრაელის მოქალაქეობა აქვს".

რაც შეეხება წყვილის მომზადებას, რადიო თავისუფლების წყაროს ინორმაციით, ისინი წვრთნას კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობენ, მათი სპოსორი კი დიანას დედა, ეთერ თუთბერიძე იქნება:

"რუსეთის სახელით რომ ვარჯიშობდნენ ამერიკაში, მათი წვრთნის თანხას მაშინაც მხოლოდ ეთერი იხდიდა. ყველაფერს მხოლოდ ეთერი იხდიდა და იხდის. საუკეთესო აკადემია, ყველაზე [კარგი], ძვირადღირებული ქარეოგრაფები ჰყავთ. ძვირადღირებული მწვრთნელი. წელიწადში დაახლოებით 200 ათასი დოლარი უჯდებოდა. ახლაც ასე დაუჯდება. ამ თანხას საქართველოს ფედერაცია ვერ და არ გადაიხდის. აბსოლუტურად ყველაფერს მხოლოდ ეთერი გადაიხდის, ასეთია პირობა".

ანონიმური წყარო, რომელიც რადიო თავისუფლებას ესაუბრება, დარწმუნებულია, რომ წყვილის საქართველოს ნაკრებში გადმოსვლა ნაკრებისთვის "ძალიან კარგი შენაძენია":

"ასეთი ძლიერი წყვილი არ ყოლია საქართველოს. თუ არ ჩავთვლით, გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წარმატებას. დევისი-სმოლკინის წყვილი ძალიან დაიხვეწა, ძალიან პერსპექტიული, ახალგაზრდა წყვილია".

ერთი წლით ადრე...

ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის მაისში, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, პეკინის ოლიმპიადის შემდეგ, შვებულებიდან დაბრუნდნენ და ახალი სეზონისთვის მზადება აშშ-ში დაიწყეს.

ბოსტონში ჩავიდა დიანას დედაც, ეთერ თუთბერიძე, რომელიც ვარჯიშებს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. რუსული სპორტული მედიის ცნობით, სეზონისთვის მზადება სრული სვლით მიმდინარეობდა და წყვილი ზახარ დონუხის, ევგენი პლატოვისა და ოქსანა ზოლოტარევსკის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა.

2022 წლის ივნისში, ამერიკელმა ჟურნალისტმა და ავტორმა ბლოგისა The Skating Lesson, დეივ ლიზმა დაწერა, რომ დიანა დევისის დედას, ეთერ თუთბერიძეს სურდა, რომ პროფესიული საქმიანობა აშშ-ში გაეგრძელებინა, ხოლო მისი ქალიშვილი, დიანა, ამერიკის ნაკრებში გადადიოდა.

ეთერ თუთბერიძემ ამ ინფორმაციას მაშინ „ფეიკი“ (ყალბი) უწოდა. მისმა ქალიშვილმა კი არაფერი უარყო და მხოლოდ ირონიულად აღნიშნა: „რა საინტერესო ამბები გვესმის ჩვენს შესახებ“.

2022 წლის ივნისის დასაწყიში, რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ 2022-23 წლის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ნაკრების წევრებს შორის იყვნენ დევისი და სმოლკინი. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ორმა წამყვანმა წყვილმა, სინიცინა - კანცალაპოვმა და სტეპანოვა - ბუკინმა, დროებითი შესვენება გამოაცხადეს, დევისი - სმოლკინის დუეტი ქვეყნის მთავარ წყვილად იქცა.

2022 წლის ივნისის ბოლოს, სპორტულ მედიაში დევისისა და სმოლკინის შესახებ რამდენიმე ახალი ცნობა გავრცელდა. The Skating Lesson-ის ინფორმაციით, დევისი და სმოლკინი ჯერ კიდევ მარტში, ნევადაში დაქორწინდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, დუეტმა აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ფედერაციიდან მონაწილეობა მიიღო ჩვენებაში მაყურებლის წინაშე, თუმცა, ამავე ინფორმაციით, მათ იციგურავეს არა სპორტული მოქალაქეობის შეცვლის, არამედ ამერიკის შიდა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით.

ამ მოვლენების პარალელურად, დევისი და სმოლკინი სპორტულ ჟურნალისტებს არწმუნებდნენ, რომ ისინი რუსეთის ნაკრების სპორტსმენები არიან და ერთი სული აქვთ დაიწყონ ახალი სეზონი.

2022 წლის სექტემბერში, კვლავ ჟურნალისტ დეივ ლიზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დევისი და სმოლკინი აშშ-ის ნაკრების წევრები გახდნენ. თუმცა, მათ მონაწილეობა არცერთ ტურნირში არ მიუღიათ. საბოლოოდ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

2023 წლის იანვარში, წყვილის შესახებ კიდევ ერთი ახალი ცნობა გავრცელდა - დევისი და სმოლკინი შესაძლოა ისრაელის ნაკრებში გადავიდნენ.

ისრაელის ფედერაციამ ეს ვერსია კატეგორიული ტონით უარყო: „ჩვენი ფედერაცია არ იწვევს სპორტსმენებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი თავად გააკეთებენ განაცხადს. და მოლაპარაკებებს ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ იმ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან, რომლებსაც ისრაელის მოქალაქეობა აქვთ“.

ისრაელში გადასვლის შესახებ ინფორმაცია მალევე განელდა, თუმცა, გაჩნდა ახალი ამბავი. „R სპორტის“-ის წყარო ირწმუნებოდა, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომაზე მუშავდებოდა წყვილის საქართველოში გადასვლის იდეა.

2023 წლის გაზაფხულის სეზონზე დევისსა და სმოლკინს არცერთ გამოსვლა არ ჰქონიათ არც აშშ-ში და არც რუსეთში. ბოლოს მათ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ისრიალეს.

ჟურნალისტი და ბლოგერი დეივ ლიზი, „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ დევისისა და სმოლკინის საქართველოს ნაკრებში გადასვლა საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდური მედლის ბრძოლაში რთავს:

„მათ სჭირდებათ უფრო ძლიერი გამოსვლები როგორც წყვილში, ისე მამაკაცებში. უნდა ველოდოთ უფრო მეტ ტრანსფერს?“

შეჯიბრებებში რუსეთის ფიგურისტების ახალი სტატუსით დაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) უნდა მიიღოს, რომლის სხდომაც 9-11 ივნისსაა დანიშნული.

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრი 2021 წელს გახდა კიდევ ერთი რუსი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა. მან საქართველოს მოქალაქეობა 2020 წელს მიიღო და სხვადასხვა ტურნირებზე საქართველოს სახელით ასპარეზობს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ბევრმა სპორტულმა ასოციაციამ სანქციები დააკისრეს რუსეთსა და ბელარუსს - ამ ქვეყნების სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეუძლიათ, ზოგიერთი კი საერთოდ არ დაიშვება.

იმისთვის, რომ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ, რუსეთის ათობით სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა - მათ შორის არიან ევროპის სამგზის ჩემპიონი ცურვაში ანასტასია კირპიჩნიკოვა, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ კოსტენიუკი, ბევრ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ველომრბოლელი პაველ სივაკოვი.

XS
SM
MD
LG