Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას იტყვის ან ვერ იტყვის დეკანოზი მამალაძე?


დეკანოზი გიორგი მამალაძე
დეკანოზი გიორგი მამალაძე

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, ბევრი რამ ჯერ ისევ სათქმელია და რომ არა გაუთქმელობის ვალდებულება, საზოგადოებისთვის ბევრი რამ თავიდანვე გაცილებით უფრო ნათლად აღსაქმელი იქნებოდა. გაუთქმელობის ცალმხრივი ვალდებულების სამართლიანად დარეგულირების აუცილებლობას ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. 14 აგვისტოს სასამართლომ წარმოებაში მიიღო გიორგი მამალაძისა და მისი ორი ადვოკატის სარჩელი, რომლის არსებითი განხილვა, წესით, სექტემბერ-ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ხოლო წლის ბოლოს შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებაც ვიხილოთ. თუკი გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა შეიწყალა და გათავისუფლდა, გაუთქმელობის ჯერ ისევ მოქმედი ვალდებულების გამო, ის ყველაფერზე მაინც ვერ ილაპარაკებს, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი გიორგი ფანცულაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, დეკანოზი მაინც შეძლებს სკანდალურi ფაქტების გასაჯაროებას და ეს უსიამოვნო სიურპრიზი იქნება საპატრიარქოში დომინანტი გარკვეული ჯგუფებისთვის. ფანცულაიას თქმით, მამალაძე თავად მოინდომებს კონკრეტულ ფაქტებზე ლაპარაკს წმინდა სინოდის წინაშე.

„ციანიდის საქმეზე“ ბევრი რამ უთქმელია

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ყველაფერი საჯარო რომ ყოფილიყო, მაგალითად, მეუფე იაკობი ვერ ილაპარაკებდა იმ ტონალობაში, რომელშიც ის ამჟამად ლაპარაკობს, რადგანაც მოწმეთა ჩვენებები მიანიშნებს, რომ ის და გარკვეული პირები ფლობდნენ ინფორმაციას დეკანოზის მიმართ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ. მართალია,საქმეში არსებული ბევრი დეტალი თანდათან მედიამ გამოამჟღავნა, მაგრამ, ფანცულაიას თქმით, საქმის წარმოების პირველ ეტაპზე ადვოკატებსა და ბრალდებულს პრაქტიკულად პირზე კლიტე ჰქონდათ დადებული, მაშინ როცა პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ლაპარაკობდნენ ათასგვარ რამეს. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესულიყო სარჩელი გაუთქმელობის ვალდებულების ამჟამად მოქმედი ნორმების გადახედვის მოთხოვნით.

გიორგი ფანცულაია გაუთქმელობის ვალდებულებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00

საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს შესულ სარჩელს, რომელიც ასევე სასამართლო სხდომების დახურვის ცალმხრივ გადაწყვეტილებასაც შეეხება, ხელს აწერს სამი პირი: მსჯავრდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები: გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სს საპროცესო კოდექსისა და სს კოდექსის შესაბამისი მუხლების შინაარსს არაკონსტიტუციურად ცნობს, იურისტების თქმით, ეს შვება იქნება ბევრი სხვა გახმაურებული საქმის მონაწილე პირებისთვისაც. გაუთქმელობის ვალდებულება ასევე მოქმედებს, მაგალითად, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობისა და ტერორიზმთან კავშირში მყოფი პირების საქმეებზე.

გაუთქმელობის ვალდებულება - ადვოკატების გაჩუმების ბერკეტი?

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ძირითადი ნაწილი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორმა, იურისტმა გიორგი ჩიტიძემ და მისმა სტუდენტებმა მოამზადეს. სარჩელში ცენტრალურ ადგილს იკავებს მოთხოვნა, რომელიც სწორედ გაუთქმელობის ვალდებულების ამჟამად მოქმედი არაკონსტიტუციური ნორმების გადახედვას გულისხმობს, თუმცა აქვე გასაჩივრებულია სასამართლო სხდომების დახურვის პროცედურაც (სს საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი). როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძე სასამართლო სხდომების ღია რეჟიმში წარმართვას მოითხოვდა, თუმცა მისი სურვილი არ იქნა გათვალისწინებული და, პირადი ცხოვრების შემცველი მასალების საბაბით, სასამართლო სხდომები მაინც დაიხურა.

გადმოწერა

სს კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მასალების გახმაურება შესაძლოა პატიმრობითაც დასრულდეს პირისთვის, რომელიც „კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ“. ეს შეიძლება იყოს ადვოკატი, ბრალდებული, მსჯავრდებული ან მოწმე. მათთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება შეუძლიათ პროკურორსა და გამომძიებელს, სს საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ მუხლებს არაკონსტიტუციურად ცნობს, შესაძლოა საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობაც გაჩნდეს.

იურისტ გიორგი ჩიტიძის თქმით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გაუთქმელობის ვალდებულება არ ეკისრებათ თავად პროკურორებსა და გამომძიებლებს, შესაძლებელია, რომ ეს ნორმა ჩაითვალოს პროცესის სხვა მონაწილეების გაჩუმების ეფექტიან იარაღად. ამასთან, ძალიან დიდი პრობლემაა ისიც, რომ გაუთქმელობის ვალდებულებას არა აქვს კონკრეტული ვადები და საზღვრები.

რის თქმას აპირებს დეკანოზი, თუკი პრეზიდენტი შეიწყალებს?

9 აგვისტოს „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის, როგორც უკანონო პატიმრის, შეწყალების თხოვნით. იმავე დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარკვეული აუცილებელი პროცედურების შემდეგ მამალაძის საკითხს კომისია უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ახლა ყველა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

თუკი გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი შეიწყალებს, მას ბევრი რამ ექნება სათქმელი, ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია. მართალია, გაუთქმელობის ვალდებულების გამო, ის ყველაფრის თქმას ვერ შეძლებს, მაგრამ ფანცულაია იმედოვნებს, რომ დეკანოზი მეტს იტყვის ყველა იმ სკანდალურ ფაქტზე, რომელიც მან საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად მუშაობის დროს გამოიკვლია და რის გამოც, მისი რწმენით, ის ციხეში აღმოჩნდა. ჩამონათვალშია კორუფციული სქემები საპატრიარქოს ქონების გადანაწილებისა თუ მითვისებასთან დაკავშირებით და, ფანცულაიას თქმით, შესაძლოა, გამოსაძიებელი გახდეს სამების ტაძრის ხანძრის შემდგომი რესტავრაციის ფაქტიც. ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი მამალაძე ეცდება, გარკვეული სასულიერო პირების დახმარებით, ამ ყველაფერის სათქმელად ის წმინდა სინოდის წინაშეც წარდგეს.

თუმცა, თუკი საპატრიარქოს 13 აგვისტოს განცხადებას გადავხედავთ, სინოდის სხდომაზე მოსახვედრად გიორგი მამალაძეს მაინცდამაინც დიდი ძალისხმევა არ უნდა დასჭირდეს. სხვა საკითხია, რომ რასაც მამალაძე სიმართლედ მიიჩნევს, საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში ცილისწამებად არის მოხსენიებული. „ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს ან მისი სახელით ავრცელებენ“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG