Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აჩვენებს "ხალხის ძალა"? - "ქართული ოცნების" განაყოფი პარტიად გარდაიქმნა


"ხალხის ძალა" პარტიად გარდაიქმნა - პარტიის ყრილობა, 2024 წლის 18 მარტი.
"ხალხის ძალა" პარტიად გარდაიქმნა - პარტიის ყრილობა, 2024 წლის 18 მარტი.

ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი, "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის ავტორი „ხალხის ძალა“, რომელიც მმართველი პარტიის ფრაქციას პარლამენტში 2022 წლის აგვისტოში გამოეყო, არასრული ორი წლის შემდეგ, პარტიად დარეგისტრირდა. "არ ვემიჯნებით" ერთმანეთს, - აცხადებენ "ოცნებაში"

ახალი პარტიაც ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” თანამოაზრედ რჩება - „ხალხის ძალა“ არ აპირებს შეასრულოს ოპოზიციის როლი და "ხალხის სიმართლით შეიარაღების“ დაპირებით, მომავალ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვას გეგმავს.

"ალტ-ინფო" და მისი კონსერვატიული მოძრაობა - რადიკალური, პრორუსული ჯგუფები - ამბობენ, რომ „ხალხის ძალამ“ ჯერ მათი თემები და მესიჯები მიითვისა და წინასაარჩევნოდ მათი ჩანაცვლება დაისახა მიზნად.

ახალი პარტიის შექმნას პოლიტიკური ექსპერტები ხელისუფლების სასარგებლო სვლად განიხილავენ და ამბობენ, რომ „ოცნებას“ "ხალხის ძალა" მომავალ პარლამენტშიც დასჭირდება.

რას აპირებს "ხალხის ძალა?"

არაფერს ისეთს, რაზეც აქამდე არ ულაპარაკიათ.

შექმნის დღიდან, უკვე თითქმის ორი წელია, „ხალხის ძალა“ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს აქტიურად უპირისპირდებოდა, განსაკუთრებით აშშ-ს უტევდა, საქართველოში უცხოეთის, ძირითადად დასავლეთის „აგენტების“ გამოაშკარავებას ითხოვდა. 2024 წლის დასაწყისში კი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დამნაშავეების ქართულ მხარეს ძებნის გეგმაც გაახმაურა.

ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში, „ხალხის ძალა“ რამდენიმე სამომავლო პრიორიტეტს გამოყოფს:

  • „ნაციონალური მოძრაობის“, მათი სატელიტებისა და აგენტურის გასამართლება;
  • აგენტოკრატების გავლენებისგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა;
  • ე.წ. გლობალური ომის პარტიის მხილების გაგრძელება, რათა საქართველო არ ჩაითრიოს ომში;
  • ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლა;
  • გამოძიების დაწყება აგვისტოს ომთან დაკავშირებით და 2024 წლის არჩევნებამდე იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს, [მანამდე თქვეს, რომ გეგმავდნენ არჩევნების შემდეგ];
  • ქართული პოლიტიკიდან იმ პარტიების ჩამოშორება, რომლებიც „მხოლოდ სხვისი ინტერესების გატარებით არიან დაკავებულნი“ - აქ გულისხმობენ „ნაცმოძრაობასა“ და „მასთან ასოცირებულ, ძირითადად დესტრუქციულ პარტიულ დანაყოფებს".

მომავალ პარლამენტში მოხვედრა

„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის ემზადება, 5%-იან ბარიერსაც გადალახავს და ბევრად მეტსაც მიიღებს.

"ოცნებასთან" საარჩევნო ბლოკს ვერ შეკრავს, რადგან მომავალ არჩევნებზე პოლიტიკური ბლოკების შექმნა აკრძალულია.

ვინ დააფინანსებს?

ამ შეკითხვაზე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს, რომ საწყის ეტაპზე, წევრების შემოწირულებებით იარსებებენ, ხოლო შემდეგ - საზოგადოების ფინანსური დახმარების იმედი აქვთ.

ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ განაყოფიც "ოცნების" კმაყოფაზე იქნება.

„ეს პარტია არის ერთჯერადი მოხმარების პროდუქტი - კონკრეტული არჩევნების თარგზე მოჭრილი და არა გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის შეფასებით, „ოცნებამ“ ახალ პარტიას - თავის „უმცროს შვილს“ „სრულიად გაუგებარ, ურაპატრიოტულ, ფსევდორელიგიურ და ფსევდოტრადიციულ სპეკულაციურ პროდუქტზე“ გათვლილი ფუნქციის შესრულება დაავალა, მიზანს კი - ელექტორატის ამ ნაწილის მაქსიმალური მიმხრობა წარმოადგენს და „ეს სეგმენტი არცთუ ისე პატარაა, სამწუხაროდ“.

იქნება ეს "ლგბტ პროპაგანდასთან" ბრძოლის ეგიდით წამოწყებული პროცესები, „აგენტების“ აფიშირების სურვილი თუ დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება - „ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ პოზიციები შინაარსობრივად ხშირად სრულიად იდენტურია. სრულ თანხმობას ბოლო დღეებშიც გაესვა ხაზი.

ერთადერთ განსხვავებად კვლავ - გამოხატვის ფორმები და შესაძლებლობები სახელდება.

„ჩვენ არ ვთვალთმაქცობთ და არ ვემიჯნებით ერთმანეთს“, - განაცხადა 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

„როლები განაწილდება - „ქართული ოცნება“ ივლის ავტორიტარული ტენდენციების ზღვარზე, მაგრამ მაინც ივაჭრებენ ევროკავშირთან, რიტორიკა იქნება უფრო პროდასავლური“, - მოელის გია ხუხაშვილი.

„ხალხის ძალა“ საკუთარ დამსახურებად თვლის „ხისტი სიმართლით მშვიდობის შენარჩუნებას“ და იმ სიმართლის თქმას, რომელიც „არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც კულისებში იმალებოდა“, - ამის შესახებ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარტიის ყრილობაზეც ილაპარაკა და უკვე ახალი პარტიის დაფუძნების მიუხედავად, მადლობა მაინც ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

კვლავ სადავო საგარეო ვექტორი

„ხალხის ძალას“ სასტიკად აღიზიანებს, როცა ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალას უწოდებენ, რადგან საკუთარ "უზარმაზარ წვლილს" საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაშიც ხედავს.

მანამდე, „ხალხის ძალა“ აცხადებდა, რომ:

  • „კანდიდატის [სტატუსის] თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს“, ქვეყნის არევისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით;
  • „[კანდიდატის სტატუსს საქართველოს] არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო, ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“.

„ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ „აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცებას, რომელსაც ხალხმა რუსული კანონი დაარქვა და შარშან გაზაფხულზე, მასშტაბური საპროტესტო აქციებით ჩააგდო.

ამ კანონს დასავლელი პარტნიორები და თავად ევროკავშირიც - ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობად განიხილავდნენ.

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ არჩეულმა სოზარ სუბარმა 19 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ აუცილებელი იყო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის“ [ე.წ. აგენტების შესახებ კანონი] მიღება.

„დარწმუნებული ვარ, ოდესმე დადგება ამის აუცილებლობა, რომ ეს კანონი იქნება მიღებული“, - ამბობს სუბარი და საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროდ „NGO-ების დაფინანსებას [არასამთავრობო ორგანიზაციები] და დონორების ურთიერთობას“ ასახელებს.

„რას ერჩოდით ევროკავშირს? 2 წელი რომ ლანძღვა-გინებაში იყავით?!“ - ეს შეკითხვა 19 მარტს, პარლამენტის სხდომაზე, ევროოპტიმისტების დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს დაუსვა. ახლად შექმნილ პარტიას ის „ქართული ოცნება 2“-ად მოიხსენიებს და თვლის, რომ აგვისტოს ომის გამოძიების ინიციატივით „ხალხის ძალა“ პირდაპირ ეუბნება პუტინს, რომ "ის არ არის ომის დამნაშავე".

„თქვენი ეს ყველა განცხადება არის რუსეთის მხარდაჭერა, რომელსაც გავალებთ ბიძინა ივანიშვილი“, - თქვა გოცირიძემ. მას „ხალხის ძალის“ დეპუტატები - გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ და უთხრეს, რომ პასუხისმგებლობა მასაც დაეკისრება - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს.

„ალტ-ინფო“ კონკურენციის საფრთხეს გრძნობს

რადიკალური, პრორუსული ჯგუფი „ალტ-ინფო“ და მისი კონსერვატიული პარტია გვერდზე გადაწევის მცდელობას ხედავენ.

"ალტ-ინფოს" ტელეარხზე ლიდერები აღნიშნავენ, რომ - „ოცნებამ“ და მისმა განაყოფმა „ხალხის ძალამ“ - მათ მიერ გაკვალული გზით სვლა გადაწყვიტა და იდეებიც მიითვისა; მათ შორის - გეოპოლიტიკური ხედვები, "ლგბტ პროპაგანდასთან" ბრძოლის იდეა, ომის თავიდან არიდების აქცენტები და ახალი პარტიის ლოგოს კონცეფციაც კი.

„აი, ყველაფრის გამეორება დაიწყონ და მოაჯდნენ ამ სეგმენტის ხმებს, ეგ არის [მათი] ამოცანა... საფრთხე არის, რომ ვიღაც შარლატანები [ხალხის ძალა - რ.თ.], რომლებიც ჩვენ გვიტევდნენ ამ გეოპოლიტიკური შეხედულებების გამო და ბნელებად გვაცხადებდნენ, ხალხს მოატყუებენ“, - თქვა საკუთარ სატელევიზიო ეთერში, "ალტ-ინფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ.

„ალტ-ინფო“, სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით - ძალადობრივი აქციების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხრიდან ლოიალური დამოკიდებულებით სარგებლობდა. ამ ჯგუფს ექსპერტები ხშირად ხელისუფლების მოკავშირედ განიხილავდნენ.

„ახლა უნდა მოხდეს რა, იცი?! შენ საერთოდ არ არსებობდი, მე მგონი - რაღაც მარგინალური ჯგუფი იყავი, მე მგონი - საერთოდ კონსერვატორი არ იყავი და აი, ესენი [„ხალხის ძალა“] არიან ნამდვილი კონსერვატორები“, - თქვა „ალტ-ინფოს“ კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ.

რადიკალური, პრორუსული ჯგუფი პირობას დებს, რომ „ხალხის ძალას“ კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩევლებს არ მოატყუებინებს და ვინ ვინ არის, ყველას განუმარტავს, განსაკუთრებით რეგიონებში - ხალხთან შეხვედრის დროს.

„ხალხის ძალის“ პარტიად გარდაქმნა გია ხუხაშვილისთვისაც იმის მანიშნებელია, რომ „ქართულ ოცნებას“ „ალტ-ინფოს“ რესურსი ამოწურულად მიაჩნია და აღარ სჭირდება.

„ჯობია, რომ ყოველთვის შენი შვილი კვებო, ვიდრე სხვის შვილს აჭამო“, - ამბობს ხუხაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG