სასახლეები, ეკლესიები, აბანოები, სახელოსნოები, დიდძალი ქონება... თბილისის ავლა-დიდებიდან ჩვენამდე მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია. ქალაქი მუდმივად იძარცვებოდა და ინგრეოდა. ისტორიამ შემოგვინახა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თბილისი მთლიანად გადაწვეს.
„თბილისის გადაწვის კვალი ძალიან კარგად ჩანს არქეოლოგიურ გათხრებში. როდესაც არქეოლოგები ე.წ. ვერტიკალურ ჭრილს აკეთებენ, იქ ნახანძრალ, დანახშირებულ ფენებს პოულობენ“, - ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა სამუშია.
ბუღა თურქი და ცეცხლმოკიდებული გირჩები
დედაქალაქს პირველი მასშტაბური ტრაგედია 628 წელს დაატყდა თავს. ბიზანტიელებისგან ზურგგამაგრებულმა ხაზარებმა თბილისი აიღეს. ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ბრძოლას შეეწირა. დაინგრა და ცეცხლში დაიწვა შენობების უმრავლესობა.
ის, რაც 853 წლის 5 აგვისტოს მოხდა თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. არაბმა სარდალმა ბუღა-თურქმა თბილისი დაიპყრო და ერთიანად გადაწვა. დაიღუპა 50 000 ათასამდე ადამიანი. არქეოლოგიური გათხრებისას, ადრეული ეპოქის ფენებში დღესაც განირჩევა ქალაქში მძლავრი ხანძრის ნაკვალევი, რომელსაც მეცნიერები ბუღა-თურქის დროინდელი ტრაგედიის დასტურად მიიჩნევენ.
მაშინ თბილისი ძირითადად მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იყო გაშენებული. ხალხი ხის სახლებში ცხოვრობდა. მარცხენა სანაპიროს ისნის ციხე იცავდა. არაბი ისტორიკოსი ქალაქის ამ ნაწილს სოღდებილად მოიხსენიებს. ბუღა თურქმა ქალაქს ყველა მხრიდან შემოარტყა ალყა. სარდლები ზირაქი და აბუ-ლ-აბბასი ქალაქის ორივე მთავარ გასასვლელს კეტავდნენ.
გვიანდელი ცნობით, დღევანდელი ორთაჭალა-თაბორის მისადგომებიდან არაბებმა ცეცხლმოკიდებული ისრები ისროლეს. ამ ამბავს ახსენებს ფრანგი მოგზაური შარდენი: „როცა თბილისმა უარი განუცხადა კარი გაეღო, მან ანთებული ფიჭვის გირჩები დაუშინა ქალაქს, რითაც მასალის ადვილად ანთებადობის გამო გადაწვა ქალაქი.“ ქართველი მემატიანე კი წერს: „...მოვიდა ბუღა თურქი, მონა, ბაღდადით... მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა სააკ. მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოხრნა ყოველნი არენი მისნი“.
ისტორიის ნარჩენები „ბალნეოლოგიურის“ საძირკველში
მე-13 საუკუნეში თბილისი ჯალალედინმა და ხვარაზმელებმა გადაწვეს.
„ორთაჭალაში, დღევანდელი გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა ქალაქის რაბათი - ე.წ. ეკონომიური უბანი, სადაც სახელოსნოები, ქურები ჰქონდათ გამართული. 1948 წლისთვის 300 არაგველის ბაღის მიდამოებში სერიოზული აღმოჩენა მოხდა. დიდი სამრეწველო უბანი იპოვეს“, - ამბობს ჯაბა სამუშია.
ექსპედიციის ხელმძღვანელი, გიორგი ლომთათიძე წერს, რომ აღმოჩენილ მასალაში „უმთავრესად წარმოების ნაშთებთან გვაქვს საქმე ... ქალაქის სამხრეთ – აღმოსავლეთ ზღუდეზე მიშენებული ყოფილა კერამიკული და მინის სახელოსნოები.“
გათხრებმა დაადასტურა, რომ ქალაქის ეს ნაწილი სერიოზულ როლს თამაშობდა თბილისის ცხოვრებაში და ის ხვარაზმელთა და მონღოლთა შემოსევას შეეწირა.
აქ აღმოჩენილია IX-XIII საუკუნეების ფული. მათგან ყველაზე გვიანდელი მეფე რუსუდანის 1027 წლის სპილენძის მონეტაა. ეს თარიღი ხვარაზმელების მიერ თბილისის აღების დროს ემთხვევა.
„ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ იმ ადგილას ცხოვრება შეწყდა“, - ამბობს ჯაბა სამუშია.
რუსუდანის ბრძანება
თბილისმა იწვნია მონღოლების შემოსევაც.
სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკელი აღნიშნავს, რომ მონღოლები კალიებივით მოედვნენ ქვეყანას, ვერც ხეობა, ვერც ტყე, ვერც ციხე-სიმაგრე ადამიანებს ვეღარ იფარავდა. ხოცავდნენ ყველას: ბავშვს, მოხუცს, მებრძოლს, მშვიდობიან მოსახლეს. აუპატიურებდნენ ქალებს, ანგრევდნენ სოფლებსა და ქალაქებს.
მონღოლები პირველად საქართველოში 1220 წელს გამოჩნდნენ, მაგრამ მაშინ თბილისამდე არ მოსულან. ხელმეორედ ისინი უკვე XIII საუკუნის 30-იან წლებში შემოიჭრნენ. აიღეს შამქორი, ლორე და დმანისი.
სამეფო კარი ქუთაისში გაიხიზნა, წასვლამდე მეფე რუსუდანმა ქალაქის დაცვა მუხასძეს დაავალა, თან დაუბარა, თუ მონღოლები დმანისამდე მივიდნენ, თბილისი გადაწვიო. მიზანი იყო, რომ ქალაქი მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.
ისტორიულ წყაროებში დაზუსტებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ მუხასძემ მართლაც გადაწვა თბილისი. ხელუხლებელი დარჩა ისნის ციხე, სადაც ქართული ჯარი იდგა.
ასევე მასშტაბური და ძალიან სასტიკი იყო თემურ ლენგის ლაშქრობა. თემურ ლენგმა არ დაწვა და სამარყანდში წაიღო სამეფო ბიბლიოთეკა. ეს ამბავი განსაკუთრებით კარგად აქვს აღწერილი იოანე ბატონიშვილს: „ეკლესიათა და სხვათა ადგილთაგან განიხვნა მრავალნი საღმრთონი და საერო წიგნები, და გაგზავნა, სამარყანდს, და დაკრძალა მუნ“.
„კალმასობის“ ავტორი იმასაც წერს, რომ: „ესე წიგნები აწყვია მას აქეთ სამარყანდის მეჩითსა შინა, რომელსა აქუს რკინისა ფანჯარანი, და კარიცა, და კარი იგი არს დაკეტილი და დაბეჭდილი, და ზედან აწერია წყევა, რომელ არავინ განიღოს მუნიდგან წერილნი, და ამის გამო მრავალი წიგნი დაეკარგათ ქართველთა რომელიც არღარა აქუთ“.
დღემდე ცდილობენ ქართველი მეცნიერები ამ ბიბლიოთეკის ნაკვალევის მიგნებასო, ამბობს ჯაბა სამუშია.
შემდეგში იყო ოსმალთა და ყიზილბაშთა შემოსევები. ამ მოვლენებმაც დიდი ნგრევა-განადგურება მოუტანა თბილისს.
აღა-მაჰმად ხანი
თბილისი ბოლო აოხრება და გადაწვა აღა-მაჰმად ხანის სახელს უკავშირდება. 1795 წლის 10-11 სექტემბერს სპარსეთის ჯარსა ქართლ-კახეთის ჯარს შორის კრწანისში დიდი შეტაკებები მოხდა.
ერეკლე მეორე იძულებული გახდა უკან დაეხია და ქალაქი მიეტოვებინა. აღა-მაჰმად-ხანმა „უბრძანა მხედრობასა თვისსა განძარცვად ყოველთა ნივთთა და საუნჯეთა მეფისათა და შემდგომად მისსა უბრძანა, რათა ეკლესიანიცა ტფილისისანი ყოველნივე განსძარცვენ და ყოველნივე სადგურნი და პალატნი მეფისა წევრთა, თავადთა, აზნაურთა და მოქალაქეთანი დაწვად...“
ჯაბა სამუშია ჰყვება, რომ შაჰმა 12 სექტემბერს მოინახულა სამეფო სასახლე. გზად, ქალაქის კარიბჭესთან, მას მოქალაქეთა დელეგაცია შეხვედრია და უთხოვიათ, თბილისი არ აეოხრებინა. აღა-მაჰმად ხანმა მათი ეს თხოვნა არ შეიწყნარა. ერეკლეს სასახლეში მისულმა შაჰმა ჯერ გაძარცვა სამეფო პალატები, ხოლო შემდეგ ბრძანა, გადაეწვათ ის. ხანძარმა იმსხვერპლა მდიდარი წიგნსაცავიც.
აღა-მაჰმად ხანის შემოსევამ თითქმის სრულიად გაანადგურა „ციხის ბაღიც“, რომელიც წავკისის ხევში იყო გაშენებული და რომელსაც მოგვიანებით ბოტანიკური ბაღი დაერქვა. მაშინ მთელი ბაღიდან გადარჩა მხოლოდ კავკასიური აკაკის, თუთის და ვაზის რამდენიმე ძირი.
ფორუმი