Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს, ორბანი - საქართველოს მთავრობის ქებას: რა ხდებოდა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე


ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ სასახლეში, სადაც უინსტონ ჩერჩილი დაიბადა, 2024 წლის 18 ივლისი
ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ სასახლეში, სადაც უინსტონ ჩერჩილი დაიბადა, 2024 წლის 18 ივლისი

ინგლისის ისტორიულ სასახლეში დღეს 50-ზე მეტი ევროპელი ლიდერი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

18 ივლისს ინგლისში, ბლენიმის სასახლეში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის რიგით მეოთხე სამიტი ჩატარდა.

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით ჩამოყალიბდა.

ესაა მსხვილი პოლიტიკური შეკრება, რომელიც თავს უყრის 46 ქვეყნის ლიდერს, ევროკავშირის, ნატოსა და ევროსაბჭოს პირველ პირებთან ერთად. მისი ამოცანა ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების დაახლოებაა - მაკრონმა ამას „სტრატეგიული სიახლოვე“ უწოდა.

სწორედ ამიტომ, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი წელიწადში ორჯერ იმართება - ერთხელ ევროკავშირის წევრ, მეორედ კი - არაწევრ ქვეყანაში.

დღევანდელი სამიტის მასპინძელი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი იყო - მან სტუმრები მე-18 საუკუნეში აშენებულ ბლენიმის სასახლეში მიიღო, სადაც უინსტონ ჩერჩილი დაიბადა.

სამიტის გახსნით ცერემონიაზე პირველი სიტყვა კირ სტარმერსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერგოთ
სამიტის გახსნით ცერემონიაზე პირველი სიტყვა კირ სტარმერსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერგოთ

„ჩვენ [ბრიტანეთს] გვსურს, ყველა თქვენგანთან გადავტვირთოთ ურთიერთობები, ხელახლა ვიპოვოთ საერთო ინტერესები და განვაახლოთ კავშირები და ნდობა“, - მიმართა კირ სტარმერმა ევროპელ ლიდერებს.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება იყო. ინგლისში სხვა ლიდერებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკიცაა ჩასული.

„ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ იმდენ ხანს ვიდგებით თქვენ გვერდით, რამდენ ხანსაც საჭიროა“, - უთხრა სტარმერმა გვერდით მჯდომ ზელენსკის.

შემდეგ კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა უკრაინელი კოლეგის ნათქვამი ნატოს სამიტზე, რომელიც გასულ კვირას ვაშინგტონში ჩატარდა:

„თქვით, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. ამან მართლა თავზარი დამცა. საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნება ხომ სიხარულსა და აღფრთოვანებას უნდა უკავშირდებოდეს...

როგორ შეიძლება, ვინმემ [სკოლა] სამიზნედ განიხილოს? დღეს ჩვენი პირველი ამოცანა იქნება, დავადასტუროთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა კირ სტარმერმა გახსნით სიტყვაში.

უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე ლიდერებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც ილაპარაკა:

„თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის დრო ახლაა, ადგილი კი - უკრაინაა. ამიტომაც, ნატოს მოკავშირეები გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას“, - თქვა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა, რომელსაც სულ მალე ნიდერლანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და საკოორდინაციოდ ახალ უწყებას ჩამოაყალიბებს, რომელიც გერმანიაში განთავსდება, 700 თანამშრომელი ეყოლება და სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას. იქვე იქნება შესაძლებელი უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნაც.

ზელენსკი ორბანს დაუპირისპირდა

დღევანდელი სამიტი იმ ფონზე ტარდება, როცა უკრაინელი ჯარისკაცები აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, განსაკუთრებით კი მდინარე დნეპრის პირას, ქალაქ ხერსონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მტრის შეკავებაში სირთულეებს აწყდებიან.

„რაც უფრო ეფექტური იქნება ჩვენი საჰაერო სისტემა, მით უფრო უმწეო იქნება პუტინი. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვა გვექნება ეფექტური იარაღის გამოყენებაზე, მით უფრო მეტად მოისურვებს რუსეთი მშვიდობას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც კირ სტარმერის შემდეგ ერგო სიტყვა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, განადგურდეს რუსული სამხედრო აეროპორტები და ის ადგილები, საიდანაც რუსები უკრაინას ბომბავენ.

თუმცა ზელენსკის სულისკვეთებას სამიტზე დამსწრე მინიმუმ ერთი ლიდერი არ იზიარებდა.

„ჩემი საქმეა, [ევროპელი ლიდერები] პროსაომარი პოლიტიკიდან პროსამშვიდობო პოლიტიკაზე გადმოვიყვანო“, - თქვა ჟურნალისტებთან სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„ისინი უფრო პროსაომარი ქვეყნები არიან, - განაგრძო მან, - მათ სჯერათ, რომ რუსეთის ჯარის განადგურება შეუძლიათ, მე კი ასე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება“.

სამიტზე ვიქტორ ორბანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ეტყოდა უკრაინელებს. მან მხრები აიჩეჩა და თქვა: "ჩვენ თქვენ გვერდით ვართ".
სამიტზე ვიქტორ ორბანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ეტყოდა უკრაინელებს. მან მხრები აიჩეჩა და თქვა: "ჩვენ თქვენ გვერდით ვართ".

ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უნგრეთის მთავრობის დიდი ხნის გზავნილი - რაც შეიძლება მალე უნდა გაფორმდეს ზავი უკრაინასა და რუსეთს შორის და თავიდან იქნეს არიდებული კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიკვდილი.

ნოემბერში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მომდევნო სამიტს, წესით, სწორედ მან უნდა უმასპინძლოს უნგრეთში, თუმცა დანარჩენი ევროპელი ლიდერები არ მალავენ უკმაყოფილებას ორბანის უკანასკნელი ვოიაჟით - ორბანმა გასულ კვირებში კიევი, მოსკოვი და პეკინი მოიარა, შემდეგ კი დონალდ ტრამპს ეწვია ფლორიდის რეზიდენციაში. თავად ვიქტორ ორბანმა ამას „მშვიდობის მისია“ უწოდა.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის გამოსვლაში არ მოერიდა ორბანისა და მისი „მშვიდობის მისიის“ პირდაპირ კრიტიკას:

„თუ ევროპაში ვინმე ცდილობს, გარკვეული საკითხები სხვების ზურგს უკან ან სულაც სხვის ხარჯზე გადაწყვიტოს, თუ ვინმეს უნდა, ომის დედაქალაქში გაემგზავროს სალაპარაკოდ და შეიძლება, ჩვენი საერთო ინტერესებისა და უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების ხარჯზე პირობების გასაცემად, მაშინ საერთოდ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი ადამიანი?

ევროკავშირმა და ნატომ ამ საკითხებს ამ ერთი ინდივიდის გარეშეც შეიძლება მიხედონ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე აშკარა მითითებით.

საქართველო ძალიან ყოჩაღობს“

ვიქტორ ორბანს დღეს საქებარი სიტყვებიც არ დაუშურებია, ოღონდ ეს უკვე საქართველოს ეხებოდა.

„საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი. ძალიან ყოჩაღობენ. მთავრობა ძალიან დასაფასებელია. ისინი ცდილობენ, ძალიან რთულ გარემოებებში შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

სამწუხაროდ, ევროპაში ბევრ ლიდერს არ ესმის, რამდენად რთულია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის ყველა მიმართულებით შენარჩუნება“, - თქვა უნგრეთის ლიდერმა.

საქართველოდან ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. იქვე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.

ბლენიმის სასახლეში გამართულ სამიტს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ბლენიმის სასახლეში გამართულ სამიტს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე

როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვითაც გამოვიდა სამიტის ფარგლებში ჩატარებულ ერთ-ერთ დახურულ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ენერგეტიკულ კავშირებს ეხებოდა.

დანარჩენი ორი მრგვალი მაგიდა კი მიგრაციისა და დემოკრატიის საფრთხეების საკითხებზე ჩატარდა - ამ უკანასკნელს ერთად გაუძღვნენ ემანუელ მაკრონი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

მოლდოვა ახსენა კირ სტარმერმაც - როგორც გახსნით, ისევე სამიტის დასკვნით სიტყვაში, თანაც იქ, სადაც საქართველოს ხსენებასაც ელიან - რუსეთისგან მომავალი პირდაპირი საფრთხის კონტექსტში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებასაც ემუქრება - „მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთში საფრთხე კიდევ უფრო მწვავეა“, - თქვა სტარმერმა შესავალ სიტყვაში.

„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია ფართო ევროპულ უსაფრთხეობაზე - რუსეთის ჩარევისგან ჩვენი დემოკრატიების დაცვასა და ისეთი ქვეყნების მხარდაჭერაზე, როგორიც მოლდოვაა, რომელსაც პირდაპირ საფრთხესთან უწევს გამკლავება“, - ეს კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სამიტის დასკვნით გამოსვლაში განაცხადა.

ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ ენერგეტიკულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, იგივე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, გვქონდა საუბარი სხვა პროექტებზეც“, - თქვა საღამოს ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული გზავნილი, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „მაქსიმუმ ერთ წელიწადში“ შეიძლება დასრულდეს, რის შემდეგაც „რეგიონში ვითარება დამშვიდდება“, რაც „დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე“.

მრგვალი მაგიდების გარდა, სამიტის მონაწილე ლიდერებს საშუალება ჰქონდათ, ღონისძიებებს შორის ამა თუ იმ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრები გაემართათ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია ცნობა, გამართა თუ არა ირაკლი კობახიძემ ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა რომელიმე კოლეგასთან, თუმცა თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თავისი „გზავნილები გაუზიარა ყველა ლიდერს“, მათ შორის - ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოზეფ ბორელს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებისგან განსხვავებით, შარლ მიშელს ირაკლი კობახიძესთან პირისპირ ოფიციალური შეხვედრა არ გაუმართავს, თუმცა სამიტის მიმდინარეობისას ლიდერებს ერთმანეთთან გამოლაპარაკება შეეძლოთ.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ მაგიდასთან არ დასხდნენ

ჩვენი რეგიონისთვის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ასპექტის გამო - 2023 წელს გამართულ სამიტზე, ემანუელ მაკრონსა და შარლ მიშელთან ერთად, მაგიდას ილჰამ ალიევი და ნიკოლა ფაშინიანიც მიუსხდნენ.

აქედან დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები მოგვიანებით ბრიუსელში გაგრძელდა, თუმცა ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დღევანდელ სამიტზე შარლ მიშელი სომეხ და აზერბაიჯანელ ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდა.

საქართველოს მეზობელი ორი ქვეყნის წარმომადგენლები ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრის შესაძლებლობის ჩავარდნას ერთმანეთს აბრალებდნენ, არადა, დღეს ორივე დაესწრო ინგლისში გამართულ სამიტს.

ჰიკმეტ ჰაჯიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, „როიტერსს“ უთხრა, რომ ბრიტანელების შეთავაზება სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერების შეხვედრის თაობაზე სომხებმა ჩააგდეს.

„ფაშინიანის უარს, ლონდონში შეხვედრა გამართულიყო, მივიჩნევთ მათ განზრახვად, გავიდნენ სამშვიდობო დღის წესრიგიდან“, - თქვა მან.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ ერევანმა ბაქოს შესთავაზა, ბრიტანეთში ორმხრივი შეხვედრა გამართულიყო, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი აზერბაიჯანულმა მხარემ თქვა.

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ბოლოს ბერლინში, თებერვალში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრას მედიაციას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უწევდა.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG