Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უთხრა ოჯახს ნიგერიაში დატყვევებულმა ქართველმა მეზღვაურმა


30 აპრილს ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაურიდან ერთ-ერთი ოჯახის წევრებს დღეს დაუკავშირდა. დატყვევებული ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრი გვეუბნება, რომ ეს იყო პირველი სასიხარულო ინფორმაცია გატაცებიდან მეექვსე დღეს. მეზღვაური ტელეფონით კონტაქტზე თავად გამოვიდა.

„ხმა გავიგონეთ. ცოცხალია! რა თქმა უნდა, ბევრი დეტალი ვერ გვითხრა, იმიტომ რომ ის გამტაცებლები იქვე იდგნენ. ხან ინგლისურად გველაპარაკა, ხან ქართულად. რაც მთავარია, გვითხრა, რომ ყველა ცოცხალია და ჯანმრთელად არიან. აგრესიას ადგილი არ აქვს. პირიქით, ძალიან ნორმალურად ეპყრობიან. ნუ, საკვების პრობლემა ისედაცაა მაგათ ქვეყანაში და არც ველოდებით, რომ ფუფუნებაში იქნებიან. გვთხოვეს, რომ მაქსიმალურად ყველას შევატყობინოთ და კომპანიასაც ვთხოვოთ, რომ მაქსიმალური გააკეთონ, რომ მოლაპარაკება არ გაიწელოს. ეს გვითხრა ერთადერთი და, ალბათ, ეს დავალებული ჰქონდა გამტაცებლებისგან, რა ელაპარაკა და რა არა. ძალიან თავისუფლადაც არ იყო, მაგრამ მთავარია, რომ დარეკა“, - გვითხრა ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრმა, რომლის ვინაობასაც, მისი უსაფრთხოებისათვის, არ ვასახელებთ.

გემთმფლობელი პასუხისმგებლიანია. მისი ეკიპაჟის, დაახლოებით, 90 % არიან ქართველი მეზღვაურები. დიდი ხანია, ჩვენთან ბაზარზეა ეს კომპანია. ჩვენ არასდროს არ გვქონია მათთან შემთხვევა, რომ რაიმე სახით შელახულიყო ქართველი მეზღვაურების უფლებები...
თამარ იოსელიანი

30 აპრილის საღამოს ნიგერიაში 10 მეზღვაური გემიდან გაიტაცეს. მათგან 9 საქართველოს, ერთი კი უკრაინის მოქალაქეა. გემზე კიდევ 4 ქართველი მეზღვაური დარჩა, რომლებიც ამ დროისთვის უსაფრთხო პორტში იმყოფებიან, გვითხრეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. უწყებაში ამბობენ, რომ გატაცების შესახებ 1 მაისს მიიღეს შეტყობინება და მეზღვაურების ოჯახის წევრებს ეს ამბავი მალევე აცნობეს. საქმეში ჩაერთო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სახელმწიფო უწყებები გემთმფლობელ კომპანიას დაუკავშირდნენ, რომელმაც გამტაცებლებთან მოლაპარაკება უნდა აწარმოოს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი, ამბობს, გემთფლობელი კომპანია, რომელთანაც მეზღვაურებს შრომითი ხელშეკრულება აქვთ, პასუხისმგებლიანი კომპანიაა:

„მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს ვიკავებთ. გემთმფლობელი პასუხისმგებლიანია. მისი ეკიპაჟის, დაახლოებით, 90 % არიან ქართველი მეზღვაურები. დიდი ხანია, ჩვენთან ბაზარზეა ეს კომპანია. ჩვენ არასდროს არ გვქონია მათთან შემთხვევა, რომ რაიმე სახით შელახულიყო ქართველი მეზღვაურების უფლებები. ასეთ შემთხვევებში და ახლაც ისინი ქირაობენ შესაბამის კომპანიას, რომელიც მართავს კრიზისს და დაზღვევაც მოქმედებს ასეთ შემთხვევაში“.

თამარ იოსელიანი ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველა ბერკეტი აამუშავა, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა. მათი გამოცდილებით კი, მეზღვაურების განთავისუფლებას 30-40 დღე სჭირდება, თუმცა იყო შემთხევვები, როცა დატყვევებული ქართველი მეზღვაურები 16 დღეშიც დაუხსნიათ ტყვეობიდან. ეს დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე გემთმფლობელ კომპანიასა და გამტაცებლებს შორის. თამარ იოსელიანისავე თქმით, ისინი დღეში რამდენჯერმე აწვდიან ინფორმაციას მეზღვაურთა ოჯახის წევრებს, რასაც ადასტურებს ერთ-ერთი მეზღვაურის ნათესავი:

„ყველა უწყების ოპტიმისტური ტონი ჩვენთვის ახლა ყველაზე მეტად დამაიმედებელია. ყველაფერი მიდის იმ პროგრამითა და გეგმით, რითაც უკვე განთავისუფლებული მეზღვაურების შემთხვევაში მოქმედებდნენ. გვეუბნებიან 30-დან 40 დღემდე და ეს არის იქაური კრიზისჯგუფების ვადა, იმიტომ რომ ეს მეკობრეები კვირაში ერთხელ გამოდიან კონტაქტზე. რაც მთავარია, გემთმფლობელთან მჭიდრო კავშირში არიან, რომელიც პასუხისმგებლიან მსხვილ კომპანიას წარმოდგენს. ეს კი ჩვენთვის დამაიმედებელია, რომ უკან არ დაიხევენ“, - ამბობს გატაცებული ქართველი მეზღვაურის ნათესავი.

მსგავსი შემთხვევა დასავლეთ აფრიკის რეგიონში ნოემბერში მოხდა. მანამდე თუ გამტაცებლები უფრო ტვირთზე იყვნენ კონცენტრირებულები, ვიდრე ადამიანებზე, ახლა, სამწუხაროდ, მეზღვაურების გატაცება დაიწყეს, ნადირობა...
თამარ იოსელიანი

21-ე საუკუნის მეკობრეობის სპეციფიკა კარგად იციან საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. აქ ამბობენ, რომ, როგორც წესი, მეკობრეები გატაცების შემდეგ გემთმფლობელ კომპანიებს მეზღვაურების გამოსასყიდ თანხას სთხოვენ. მხარეების მოლაპარაკებებს დრო სჭირდება, საბოლოოდ კი, შეთანხმება დგება. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, გემის მფლობელი პასუხისმგებლიანი კომპანია იყოს. თამარ იოსელიანი ამბობს, რომ თუ წარსულში იყო შემთხვევები, როცა მეკობრეები გემს ტვირთით იტაცებდნენ და მეზღვაურებსაც ატყვევებდნენ, ბოლო ხანებში გემიდან მხოლოდ მეზღვაურები მიჰყავთ:

„მსგავსი შემთხვევა დასავლეთ აფრიკის რეგიონში ნოემბერში მოხდა. მანამდე თუ გამტაცებლები უფრო ტვირთზე იყვნენ კონცენტრირებულები, ვიდრე ადამიანებზე, ახლა, სამწუხაროდ, მეზღვაურების გატაცება დაიწყეს, ნადირობა. გავიარეთ იგივე პროცესი და 40 დღე დაგვჭირდა, რომ ისინი სამშობლოში დაგვებრუნებინა. აქაც კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა, ჰყავდა კრიზისების მართვის ჯგუფი. მეორე შემთხვევა კი თებერვალში დაფიქსირდა და 6 მარტს გამოვიყვანეთ ტყვეობიდან და შემდეგ რამდენიმე დღეში დავაბრუნეთ სამშობლოში“.

სამშობლოში დაბრუნებამდე კი 30 აპრილს დატყვევებული 10 მეზღვაურის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება მკაცრად იზღუდება, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, ეს შესაძლებელია ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს გამტაცებლებთან მოლაპარაკების პროცესში.

XS
SM
MD
LG