როგორ მუშაობენ კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და რამდენი მათგანი აკმაყოფილებს წარმოების უმაღლეს სტანდარტს - HACCP-ს? არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაცენტრმა კახეთმა“ სპეციალური კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რა სჭირდებათ მეწარმეებს იმისათვის, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტები მკაცრად დაიცვან. ირკვევა ისიც, რომ რეგიონში მრავლად არიან არარეგისტრირებული მწარმოებლები, რომლებიც პროდუქტს სტანდარტების დაცვის გარეშე აწარმოებენ და შემდეგ მთელ საქართველოში ბრენდირებულ საწარმოზე იაფად ყიდიან. რა როლი აკისრია სახელმწიფოს ამ პრობლემების მოგვარებაში?
ის მეწარმეები, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ, ჩვენთან შედარებით, ვინც ლეგალურად ვართ ბაზრებზე გასულები, დაახლოებით 30 -35 %-ით იაფად ყიდიან თავიანთ დაბალხარისხიან პროდუქტს.მიხეილ მათიაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 79 მცირე და საშუალო ზომის საწარმოა, რომელიც რძეს და რძის პროდუქტებს აწარმოებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, 2020 წლიდან საქართველოში ყველა საწარმოს HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს სისტემა ნიშნავს სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების მკაცრ დაცვას. კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური კვლევა მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედია ცენტრი კახეთი“. კვლევაზე ამ ორგანიზაციიდან ნატალია ცისკარაშვილი მუშაობდა. მისი თქმით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 79 საწარმოდან სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების მკაცრი დაცვით მხოლოდ რვა მუშაობს, ასეთი სისტემა ნაწილობრივ აქვს სამს, ხოლო ახლახან დაიწყო ოთხმა საწარმომ. დანარჩენები კი ამ პროცესისთვის ემზადებიან, თუმცა მწირი ინფორმაცია და ფინანსების ნაკლებობა მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორებია.
„რესპონდენტები ჩვენთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ ამ კუთხით მათი ინფორმირების დონე არის დაბალი და ისინი ამ მიმართულებით აქტიური საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს ეხება რძის გადამამუშავებელ საწარმოებს. მეწარმეების გარკვეულ ჯგუფებს არც კი სმენიათ ჰასპის შესახებ. ამის განმარტება ძალიან ბევრმა მეწარმემ არ იცოდა. აქ უკვე ზედმეტია ლაპარაკი, თუ რას მოითხოვს სისტემის დანერგვა. მეწარმეებს სწორედ ამ კუთხით სჭირდებათ დახმარება“.
ერთ-ერთი პროექტის, „რიპის“, მხარდაჭერით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. მათ მიაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია იმ საწარმოების წარმომადგენლებს, სადაც სავალდებულოა ჰასპის სისტემის დანერგვა.თეა შველიძე
მართალია, ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში რეგისტრირებულია რძის პროდუქტების მწარმოებელი 80-მდე საწარმო, მაგრამ ამას ემატება არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც რძის პროდუქტებს კუსტარულად, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აწარმოებენ, პროდუქტს კი მთელ საქართველოში ყიდიან. მიხეილ მათიაშვილს რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში აქვს. მას HACCP-ის სისტემა 2016 წლიდან აქვს დანერგილი. მათიაშვილი ამბობს, რომ არარეგისტრირებული საწარმო კახეთში მრავლად არის და პრობლემებს ბაზარზე სწორედ ისინი ქმნიან, რადგან ასეთი საწარმოები არც გადასახადს იხდიან, არც სახელმწიფო სტანდარტისა და სხვა რეგულაციების დაცვის ვალდებულება აქვთ. შესაბამისად, წარმოება იაფი უჯდებათ და მზა პროდუქტსაც მთელ ქვეყანაში მათზე ნაკლებ ფასად ყიდიან. მათიაშვილის თქმით, მომხმარებელიც ხშირად იაფ პროდუქტს ირჩევს:
„ის მეწარმეები, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ, ჩვენთან შედარებით, ვინც ლეგალურად ვართ ბაზრებზე გასულები, დაახლოებით 30 -35 %-ით იაფად ყიდიან თავიანთ დაბალხარისხიან პროდუქტს. ამავდროულად, მათ ბაზრის საკმაოდ დიდი წილიც უჭირავთ. საკოლმეურნეო ბაზრებში თუ შევალთ, ბევრგან შევხვდებით არარეგისტრირებული მეწარმის მიერ დამზადებულ პროდუქტს, რომელიც წარმატებით იყიდება“.
როგორ შეუძლია სახელმწიფოს დაეხმაროს საწარმოებს HACCP-ის სისტემის დანერგვაში? - ეს შეკითხვა ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დავუსვით. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა შველიძის თქმით, უწყების წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მეწარმეთა ინფორმირებაზე მუშაობენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც:
ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ჰასპის დანერგვა. ყველა საწარმოს, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ხელშეკრულება, პროფესიონალი კონსულტანტები დავუქირავეთ.ელენე თხლაშიძე
„ჩვენს გარდა ინფორმირებულობის პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც, კონკრეტულად - ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო. ერთ-ერთი პროექტის, „რიპის“, მხარდაჭერით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. მათ მიაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია იმ საწარმოების წარმომადგენლებს, სადაც სავალდებულოა ჰასპის სისტემის დანერგვა. დატალურად განუმარტეს, თუ რა არის ჰასპი და როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სისტემის დანერგვა საწარმოებში“.
ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია, „ჰექს-ეპერი“, კახეთში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობს. ისინი ფერმერებს სხვადასხვა სახით ეხმარებიან, მათ შორის, HACCP-ის სისტემის დანერგვაში. კომპანია „ჰექს-ეპერის“ პროექტის წარმომადგენელი ელენე თხლაშიძე ამბობს, რომ ისინი კახეთში 20-მდე საწარმოს დაეხმარნენ წარმოების უმაღლესი ევროპული სტანდარტების დანერგვაში, თუმცა ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო:
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ჰასპის დანერგვა. ყველა საწარმოს, რომელთანაც ჩვენ გვქონდა ხელშეკრულება, პროფესიონალი კონსულტანტები დავუქირავეთ. დაიწერა თანმიმდევრული გეგმა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. რასაკვირველია, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან სტანდარტებამდე მისვლა მარტივი პროცესი არ არის. ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული“.
მათ, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვერ ისარგებლა, ჰასპის სისტემის დანერგვა 2020 წლამდე საკუთარი ფინანსებით მოუწევთ. მეწარმეები, რომლებიც პროდუქტს მაღალი სტანდარტებით ვერ აწარმოებენ, ინტერვიუზე უარს ამბობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ, თუკი ფინანსური კუთხით მხარდაჭერა არ ექნათ, ბევრ მათგან დახურვა დაემუქრება.