“რუსეთის ლიდერს პარანოიდალურად ეშინია იმის, რომ ძალაუფლებაში ვინმე შეეცილება” - ამ სიტყვებით იწყება დოკუმენტური ფილმი, რომელიც 9 ივნისს მედიაპლატფორმა “პროექტმა” გამოაქვეყნა.
“შეთქმულება” #1
პირველ “შეთქმულებაში” პუტინმა პრემიერ- მინისტრი, მიხაილ კასიანოვი “ამხილა”. 2004 წლის 24 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 18 დღით ადრე, მან მოულოდნელად გადააყენა პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი. არადა, იმდროინდელი კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლება ისედაც ხელახლა უნდა დაენიშნა.
პუტინს ეჩქარებოდა. ავტორების ვერსიით, იმიტომ, რომ კასიანოვმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ერთი წლით ადრე დაპატიმრებულ ურჩ რუს ოლიგარქს, მიხაილ ხოდორკოვსკის. გარდა ამისა, პუტინს შეატყობინეს, რომ პრემიერი ავსტრიაში შეხვდა ორ ბორისს: ოპოზიციონერ ნემცოვს, და ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენს, ბერეზოვსკის. ამ ყველაფრის გამო პრეზიდენტმა იეჭვა, რომ კასიანოვი მის ადგილს უმიზნებდა.
გადაყენებული კასიანოვი ოპოზიციაში წავიდა. პუტინმა კი ჭკუა ისწავლა - შემდგომში “შეთქმულებს” თავის სიახლოვეს ტოვებდა, ოღონდაც ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობებზე.
“შეთქმულება” #2
ისიც მთავრობის მეთაურის გადაყენებით დასრულდა, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. 2007 წლის 12 სექტემბერს არ გაუმართლა მიხაილ ფრადკოვს, რომელიც პუტინმა საგარეო დაზვერვის უფროსად გადაიყვანა.
მან რაღა დააშავა? რა და საიდუმლოდ ელაპარაკება მოსკოვის მერს, იური ლუჟკოვს, გენერალურ პროკურორს, ვლადიმირ უსტინოვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, იგორ სეჩინს. გამოცემა “პროექტის” მტკიცებით, პუტინმა ფრადკოვშიც მეტოქე დაინახა.
ვერშემდგარი პრეზიდენტის გარდა, პუტინმა გენპროკურორიც “ჩამოალაბორანტა” და იუსტიციის მინისტრად დანიშნა. პროკურატურას კი ჩამოერთვა გამოძიებების წარმოების უფლება.
“შეთქმულება” #3
მის აღსაკვეთად პუტინი 2012 წელს პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნდა. 4 წლით ადრე არჩეული მემკვიდრე, დმიტრი მედვედევი “გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებდა”, დამოუკიდებლობის ეს ხარისხი პუტინისთვის დაუშვებელი იყო.
ფილმის ავტორები ამბობენ, რომ პუტინის დაბრუნებამ მედვედევს “თავზარი დასცა”. პუტინი ჰპირდებოდა, რომ “ექვსი წლის მერე ადგილებს კვლავ გაცვლიან”, მაგრამ ეს აღარ მომხდარა - 2018 წლის არჩევნებში ისევ პუტინმა იყარა კენჭი.
“პუტინის თვალით”
ფილმის ავტორი, გამომძიებელი ჟურნალისტი მიხაილ რუბინი ამბობს, რომ ინფორმაცია ღია წყაროებიდან, ინტერვიუებიდან და ტექსტებიდან შეაგროვეს. მისი ფილმის მიზანია “შეხედოს უკანასკნელი ოცი წლის ისტორიას პუტინის თვალით”.
“ყველა იმას კითხულობს, შეიძლება თუ არა პუტინის ჩამოგდებაო. ამ დროს კი არავის მოუყოლია, რომ პუტინის წარმოსახვაში მსგავსი მცდელობები უკვე იყო. თან ბევრჯერ”, - თქვა რუბინმა მედიასაშულება “პოპულიარნაია პოლიტიკის” ეთერში, რომელსაც მართავენ დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები.
ჟურნალისტი განმარტავს, რომ პუტინი “პარანოიდალურ და შეშლილ სამყაროში” ცხოვრობს, მისი გადაწყვეტილებები კი ხშირად შიშითაა ნაკარნახები. შიშის შედეგია ისიც, რომ “საკუთარ მტრებს შორს არ უშვებს და ხელისუფლებაშივე ტოვებს”.
პუტინის შიშები
“პროექტი” პირველი მედიასაშუალება არაა, რომელიც წერს, რომ პუტინს გადატრიალების ეშინია. მსგავსი ცნობები სულ ჩნდებოდა, თუმცა განსაკუთრებით გახშირდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
2022 წლის ივნისში, გამოცემა “მედუზამ”, “პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სამ წყაროზე” დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინს ახლა განსაკუთრებით გენერლების ეშინია. ამის გამო, კრემლის მედიას ნაბრძანები აქვს, არ შეაქოს სამხედრო ხელმძღვანელობა.
გამოცემის მტკიცებით, პუტინს ეშინია, რომ სამხედრო წარმატების წყალობით, გენერლები შეიძლება ძალაუფლებაში შეეცილონ. “ნაომარ გენერალს ბევრი მოუსმენდა. ეს არავის სჭირდება”, - მოჰყავს “მედუზას” წყაროს სიტყვები.
რუსეთის პრეზიდენტის შიშებზე პერიოდულად წერს საერთაშორისო ორგანიზაცია, “ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც”. გარემოცვის შერჩევისას “კომპეტენციაზე მეტად ერთგულებას აქცევს ყურადღებას” - ნათქვამია თებერვლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ბრიტანელი ისტორიკოსი სიმონ სებაგ მონტეფიორე, რომელსაც რუსეთის ხელმწიფეებზე რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, ვარაუდობს, რომ პუტინი პარანოიკი არ არის და მას ნამდვილად აქვს შიშის საფუძველი. “როდესაც რუსი ლიდერები ეცემიან, ეს მათი უახლოესი გარემოცვის წყალობითაა ხოლმე”, - წერს ის.