Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პუტინი დასრულდა” - რა შეცვალა პრიგოჟინის ამბოხმა?


ვაგნერელი მებრძოლი დონის როსტოვში. 24 ივნისი, 2023 წელი
ვაგნერელი მებრძოლი დონის როსტოვში. 24 ივნისი, 2023 წელი

რუსეთი სისხლისღვრას ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გადაარჩინა. მან დაარწმუნა “ვაგნერის” მეთაური, ევგენი პრიგოჟინი ამბოხი შეეწყვიტა. ეს ოფიციალური ვერსიაა, რომელიც ბევრს არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 23-24 ივნისს რუსეთში.

“პუტინის მზარეულის” მოულოდნელად დაწყებული ამბოხი მოულოდნელადვე დასრულდა. ის ახლა ბელარუსშია. მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, “ვაგნერმა” კი სამხედრო ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს გადასცა.

ევგენი პრიგოჟინი. ზედმეტსახელად “პუტინის მზარეული” 2000-იანების დასაწყისში კრემლისთვის ბანკეტებს აწყობდა.
ევგენი პრიგოჟინი. ზედმეტსახელად “პუტინის მზარეული” 2000-იანების დასაწყისში კრემლისთვის ბანკეტებს აწყობდა.

თითქმის ყველა, ვინც რუსეთის შიდა ამბებს აკვირდება, აღიარებს, რომ გაურკვევლობაშია. რა უნდოდა პრიგოჟინს, და რა იქნება შემდეგ? - ვეცდებით, ამ სტატიაში აგიხსნათ.

რა ხდებოდა ამბოხამდე?

არაერთ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული კერძო ჯარი, “ვაგნერი” უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იბრძვის. ამისთვის პრიგოჟინმა საომრად ათასობით პატიმარი წაიყვანა.

ამ ხნის მანძილზე “პუტინის მზარეული” აკრიტიკებდა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინი ამბობდა, რომ ისინი განგებ უჭიანურებენ ტყვია-წამლისა და ჭურვების მიწოდებას.

ბოლო რამდენიმე კვირა ის აკეთებდა იმას, რაც რუსეთში კანონით ისჯება - ამბობდა, რომ უკრაინასთან ომის დაწყება საჭირო არ იყო და რომ რუსეთი ამ ომში წარუმატებელია. პირველ რიგში, გენერლების არაკომპტენტურობისა და კორუმპირებულობის გამო.

10 ივნისს, სერგეი შოიგუმ უბრძანა “უკრაინაში მებრძოლ ყველა სამხედრო შენაერთს” დაემორჩილონ თავდაცვის სამინისტროს. პრიგოჟინმა უპასუხა, რომ "ვაგნერი" ამას არ გააკეთებს. სამი ამერიკული გამოცემა,( “ნიუ-იორკ ტაიმსი”, “ვაშინგტონ პოსტი” და “სიენენი”) წერს - რამდენიმე დღეში ამერიკულმა დაზვერვამ უკვე იცოდა, რომ ის ამბოხს გეგმავდა.

რა ვიცით ამბოხზე?

23 ივნისს საღამოს, “პუტინის მზარეულმა” თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” ბანაკს დაესხა და ის შურს იძიებს. 24 ივნისს, გამთენიისას, მათ თითქმის უბრძოლველად დაიკავეს ქალაქი დონის როსტოვი, საიდანაც უკრაინაში მებრძოლი რუსული ჯარი მარაგდება.

შემდეგ კოლონა მოსკოვისკენ დაიძრა. გაცხადებული მიზანი ორი მეტოქის, თავდაცვის მინისტრის და გენშტაბის უფროსის დაკავება იყო.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბოხებულებს “მკაცრი სასჯელით” დაემუქრა. ცოტა ხანში გავრცელდა იფორმაცია, რომ მისმა თვითმფრინავმა მოსკოვი დატოვა. კრემლმა კი თქვა, რომ პრეიზდენტი მოსკოვში რჩება.

ამასობაში, დედაქალაქისკენ მიმავალმა “ვაგნერმა” თავდაცვის სამინსიტროს რამდენიმე ვერტმფრენი ჩამოაგდო. დაიღუპა, სულ ცოტა, ათი მფრინავი. მოსკოვის მისადგომებთან ჯარისკაცები თხრიდნენ სანგრებს, გამოცხადდა “კონტრტერორისტული ოოპერაციის რეჟიმი“, ქალაქში შევიდა ჯავშანტექნიკა.

მაგრამ ბრძოლა არ შედგა. საღამოს რვა საათისთვის ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ის პრიგოჟინს შეუთანხმდა - “ვაგნერის” კოლონა უკან გაბრუნდება, ყველას შეიწყალებენ, “პუტინის მზარეული” კი ბელარუსში წავა.

იმავე საღამოს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დონის როსტოვის მოსახლეობა “ვაგნერელებს” ტაშით აცილებს და პრიგოჟინთან ფოტოებს იღებს. პრიგოჟინიც და პუტინიც დაახლოებით 48 საათით გაუჩინარდნენ. სიჩუმე პირველმა პრიგოჟინმა დაარღვია.

რას ამბობს პრიგოჟინი?

26 ივნისს, საკუთარი ტელეგრამ არხით გავრცელებულ აუდიო-მიმართვაში, მან თქვა, რომ “ვაგნერმა” უკან დაიხია, როცა “ცხადი გახდა, რომ ბევრი რუსული სისხლი დაიღვრება”.

რატომ მოაწყო “სამართლიანობის მარში”? იმიტომ, რომ “ინტრიგების შედეგად” ხელისუფლებამ “ვაგნერელებს” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა მოსთხოვა. ეს კი მხოლოდ “1-2%-ს” უნდოდა.

“სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ გამოცდილი მებრძოლები და მეთაურები საზარბაზნე ხორცი გახდებიან” - თქვა მან. “ვაგნერი” დასაშლელად მზად იყო, თუმცა მათ ბანაკზე სარაკეტო დარტყმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა და გეგმები მყისიერად შეიცვალეს.

მაგრამ მათი მიზანი ხელისუფლების ჩამოგდება არ ყოფილა, ეს პროტესტი იყო. ამიტომ პრიგოჟინი ამბობს, რომ კმაყოფილია და რუსულ ჯარს “მასტერ-კლასი უჩვენეს”. მეტიც. ის ამტკიცებს, რომ ხალხი მხარს უჭერდა. “ზოგი იმედგაცრუებული იყო, რომ გავჩერდით”, რადგან “ვაგნერელებს” უყურებდნენ, როგორც მებრძოლებს კორუფციასთან და “რუსეთში არსებულ სხვა დაავადებებთან”.

რას ამბობს პუტინი?

რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე საათში გამოჩნდა. ოღონდ სულ ხუთი წუთით. მანაც ხალხის მხარდაჭერაზე ილაპარაკა და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა “ერთიანობისა და პატრიოტიზმისთვის”.

პუტინმა თქვა, რომ “ყველაფერი გაკეთდა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად” და აჯანყებას “ყველა შემთხვევაში ჩაახშობდნენ”. “ვაგნერელებს” ის კვლავ შეწყალებას დაჰპირდა და შესთავაზა სამი გამოსავალი - ან თავდაცვის სამინსიტროს დაქვემდებარებაში უნდა წავიდნენ, ან ბელარუსში, ანდაც სახლში.

პრიგოჟინის სახელი არ უხსენებია, და მეტი არც არაფერი უთქვამს, იმისდა მიუხედავად, რომ პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მის გამოსვლას წინასწარვე “ისტორიული” უწოდა.

27 ივნისს, პუტინმა მიმართა სამხედროებსაც და მადლობა გადაუხდა იმისთვის, რომ “ქვეყანა სამოქალაქო ომისგან იხსნეს”.

რა არ ვიცით?

ბევრ რამე. მაგალითად, რაზე შეუთანხმდა პრიგოჟინი ლუკაშენკას.

ამერიკელი მკვლევარი ჯონ ლეხნერი, რომელიც ახლა “ვაგნერზე” წიგნს წერს, ვარაუდობს, რომ პრიგოჟინი ბელარუსში კი წავიდა, მაგრამ “პენსიაზე არ გავა”. მისი მთავარი მიზანი შოიგუს მოშორება იყო და ამას შესაძლოა მიაღწიოს კიდეც. ოღონდ არა დღეს, ან ხვალ - თქვა მან “ბიბისის” ეთერში.

ჟურნალისტი იულია ლატინინა ფიქრობს, რომ პრიგოჟინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და ის რუსულმა სპეც. სამსახურებმა წააქეზეს. “ზემოთ ხვდებიან, რომ ომი გასაჩერებელია, პუტინი კი არაადეკვატურია ” - წერს ის გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპისთვის”.

აზრები იყოფა იმაზე, დგას თუ არა ვინმე პრიგოჟინის უკან, რა ბედი ეწევა “ვაგნერს” და აისახება თუ არა არშემდგარი ამბოხი უკრაინაში მიმდინარე ომზე. თუმცა ერთზე მკვლევრები და ანალიტიკოსები კი თანხმდებიან. დროთა განმავლობაში გავიგებთ მეტს, და მათ შორის, ყველაზე მთავარს - დაასუსტებს თუ არა მომხდარი პუტინის ხელისუფლებას.

ლეონ არონი, რომელიც ორგანიზაცია, “ამერიკული მეწარმოების ინსტუტში” რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიაკს იკვლევს, ამბობს, რომ პუტინმა ამბოხს დროულად ვერ უპასუხა და ამით სისუტე აჩვენა. “ავტორიტარულ სახელმძღვანელოში, ერს მიმართავ უკვე იმის შემდეგ, რაც მტერს დაამარცხებ და სასურველია, ვიდეოში მტრის მკვლელობაც აჩვენო”, - თქვა მან.

ამ არადამაჯერებელი რეაქციით, “პუტინი დასრულდა” - ეუბნება “ნოვაია გაზეტა ევროპას“ ეკონომისტი და სოციოლოგი ვლადისლავ ინოზემცევი. იგი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პირველად შეეჯეხა მეტოქეს, რომელიც ძალისხმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა და ეს გამოცდა ვერ ჩააბარა.

“ნეზავისიმაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, კონსტანტინ რემჩუკოვი, “ნიუ-იორკ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინის გარემოცვამ მას შეიძლება 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა გადააფიქრებინოს. “ამბოხის მერე მან საბოლოოდ დაკარგა ელიტების უსაფრთხოების გარანტის როლი”.

თუმცა “დაჭრილი” პუტინი შეიძლება კდიევ უფრო სახიფათო გახდეს - ამბობენ ექსპერტები. ბევრისთვის, 23-24 ივნისის მოვლენები მხოლოდ პირველი რაუნდია. როგორც “ვაშინგტონ პოსტის” ავტორი, დევიდ იგნატიუსი წერს, პრიგოჟინის ამბოხი იყო “დუელი, რომელშიც ორივე მხარემ ჰაერში გაისროლა”.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG