Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა დუმს გამოუძიებელ საქმეებზე, სადაც პოლიციელთა ბრალეულობა იკვეთება


პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე დროულ გამოძიებას ითხოვენ ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში.

სამართალდამცველების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის სამ შემთხვევაზე გამოძიება ჭიანურდება, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მტკიცებულებები არსებობს, ამბობს ორგანიზაციის ადვოკატი პაატა დიასამიძე. მისივე თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს პროკურატურას:

„ერთი შემთხვევა გვაქვს ასეთი, რომ თვითონ უთითებს გამოკითხვის ოქმში სახელს, გვარს და იდენტიფიცირება ხდება პირის, თუ ვინ მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად ამისა, არც ამოცნობა ტარდება, არც გამოძიება მიმდინარეობს. როცა მივწერეთ გამოძიებას, რომ გვაცნობონ, თუ რა რეაგირება ხდება, გვწერენ შაბლონურ პასუხს, რომ მიმდინარეობს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება“.

მოქალაქეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროს კი იქ პოლიციის თანამშრომლები იდგნენ და არანაირი რეაგირება არ გააკეთეს ფაქტზე. პირიქით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იმის ნაცვლად, რომ უფლებები დაეცვათ. ამაზეც დაიწყო გამოძიება...
პაატა დიასამიძე

ასეთი საქმეების გამო კი საიამ გასული ორი წლის განმავლობაში პროკურატურას სამჯერ მიმართა. მაგალითად, 2016 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეექვსე განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეს, რომელიც მოგვიანებით დაზარალებულად ცნეს, თუმცა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, ამბობს ადვოკატი პაატა დიასამიძე.

მისივე თქმით, მსგავსი სავარაუდო დანაშაული ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლებმა 2017 წელსაც, ოთხი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს. ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო აჭარის პროკურატურამ, თუმცა არც ერთი მოქალაქე დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად.

ადვოკატი ლაპარაკობს აგრეთვე 2017 წელს ბათუმის ბულვარში ტრანსგენდერი ქალების მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომელშიც, მისივე თქმით, მონაწილეობდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები:

„მოქალაქეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროს კი იქ პოლიციის თანამშრომლები იდგნენ და არანაირი რეაგირება არ გააკეთეს ფაქტზე. პირიქით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იმის ნაცვლად, რომ უფლებები დაეცვათ. ამაზეც დაიწყო გამოძიება. აშკარა იყო, რომ ამ ნიშნის მიხედვით მოხდა მოქალაქეებისა და პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა საქმეს არ ეძლევა შესაბამისი კვალიფიკაცია. აქ არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და არა რაიმე ნიშნით მაკვალიფიცირებელი დამამძიმებელი გამოძიება“.

გამოძიება არც ათი წლის წინ ბათუმში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე დასრულებულა, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავს, უფროს სერჟანტ როინ შავაძეს. ოფიციალური ვერსიით, ნარკოტიკების შენახვის გამო დაკავებული ქართველი სამხედრო გაქცევის მცდელობისას ბადრაგის წევრებმა მოკლეს. როინ შავაძე ცენტრალურ ქუჩაზე დააკავეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ამ ფაქტს 40-ზე მეტი მოწმე ჰყავს. შავაძის ოჯახის ადვოკატის რამინ პაპიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ ჯარისკაცის ქვრივი დაზარალებულად ცნეს, გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა, თუმცა საქმეში მრავალი მოწმის ჩვენება და უტყუარი მტკიცებულებებია:

„როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა, თუმცა არანაირი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ, სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, ივანიშვილის ხელისუფლებასაც არ აინტერესებს დამნაშავე პირების დასჯა და ეს საქმე თაროზეა შემოდებული. მაქვს პერიოდულად კომუნიკაცია საქმის გამომძიებელთან, რომლის განმარტებებით, თითქოსდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა არანაირ მოქმედებებს არ ახორციელებენ. გვპირდებიან ამ საქმის დასრულებას, მაგრამ გავიდა ორი წელი და შედეგი არ დადებულა“.

მხოლოდ სასამართლო პროცესზე შეგიძლია გაიგო, თუ რას საქმიანობს საგამოძიებო ორგანო, რასაც მოვისმენთ ოფიციალური განმარტებიდან...
ჯაბა ანანიძე

კითხვით, თუ რა ეტაპზეა აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება, საქრთველოს პროკურატურის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, საქმეებს გავეცნობით და კითხვებზე დღის 5 საათამდე გიპასუხებთო, მაგრამ დღის ბოლოს საქართველოს პროკურატურიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

საქართველოს პროკურატურისგან პასუხებს ელის ჟურნალისტი ჯაბა ანანიძეც, რომელიც გაზეთ „ბათუმელებისთვის“ წერს ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. მისი შეფასებით, პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურაა მედიისთვის:

„მხოლოდ სასამართლო პროცესზე შეგიძლია გაიგო, თუ რას საქმიანობს საგამოძიებო ორგანო, რასაც მოვისმენთ ოფიციალური განმარტებიდან. სხვა მხრივ, საქმეებზე წვდომა, ან რა ეტაპზეა გამოძიება, ან იყო, მაგალითად, საქმეების განხილვისას აღმოჩნდა, რომ პოლიციელების ჩვენებები სიცრუე იყო და მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ ფაქტებზე განმარტებები, ან მიეცა თუ არა სასამართლოში ტყუილი ჩვენების გამო რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში, ამაზე პროკურატურიდან ინფორმაციას ჩვენ ვერ ვიგებთ“.

ჯაბა ანანიძე ამბობს, რომ ასევე რთულია პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირება და კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციის მიღება. ჟურნალისტმა საჯარო ინფორმაცია წერილობით რამდენჯერმე გამოითხოვა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს.

XS
SM
MD
LG